ლალი აფციაური: “შრომა არ მეზარება, მწვანილი, ხილი, ბოსტნეული - ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს მოყვანილი” - გზაპრესი

ლალი აფციაური: “შრომა არ მეზარება, მწვანილი, ხილი, ბოსტნეული - ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს მოყვანილი”

ის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალბატონ ლალის თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე ვესაუბრეთ:

- ჩვენს საზოგადოებაში ბევრს კამათობენ იმაზე, რომ ევროპამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა, რამდენად ცუდი მოვლენაა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

- თავისთავად ცხადია, რომ ეს ძალიან ცუდი მოვლენაა. ქართველმა ხალხმა დიდი ხანია აირჩია ევროპული კურსი და ამ სტატუსის მონიჭება ყველას გვინდოდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა - როგორ, რის საფუძველზე მივიღეთ ასეთი უარყოფითი შედეგი? - ჩემი შეხედულებით, ეს ქართული ოპოზიციის “დამსახურებაა”. ისინი 24-საათიან რეჟიმში იმეორებდნენ, რომ საქართველო ამ სტატუსს არ იმსახურებს. ევროპაშიც ათასნაირი დეზინფორმაცია ჩადიოდა. ოპოზიციის წარმომადგენლებს, ახლა რომ გაიძახიან, - დავიღუპეთ, ეს რა დაგვემართაო, - თავის დროზე, ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო, თვალი უნდა დაეხუჭათ ყველაფერზე და ქვეყნიდან უარყოფითი ინფორმაცია არ გაეტანათ.

- ოპოზიცია ამტკიცებს: სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭეს, რომ ხელისუფლება ევროპარლამენტარებს ლანძღავდა, აკრიტიკებდა და ამბობდა, - დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა სურსო...

- ამას მტკიცება რად უნდა? უკრაინას და მოლდოვას რა დამსახურების გამო მისცეს ეს სტატუსი? იქნებ მოლდოვას იმიტომ მიანიჭეს, რომ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა? ძალიან ადვილია იმის დადგენა, რომ კორუფციის დონით ეს ქვეყნები საქართველოს უსწრებენ. სოციალური ქსელების მეშვეობითაც რომ დასვათ ეს შეკითხვა, ყველაფერი უცბად დადასტურდება: საქართველო გაცილებით წინ არის ამ ქვეყნებზე კორუფციის მაჩვენებლით, სასამართლოს, მედიის და ნებისმიერი ინსტიტუციის თავისუფლებით, რაც დაგვიწუნეს. ჩვენი ქვეყანა თითქმის ყველა კონვენციას შეუერთდა. გეკითხებით - ამდენი ოპოზიციური მედია სად არის? თუ სააკაშვილის და გვარამიას საქმე გახდა გადამწყვეტი ევროკავშირის სტატუსის მოსანიჭებლად, მაშინ დაღუპულა ევროკავშირი და ეგ არის! სააკაშვილი დამნაშავე რომ არის იმ რეჟიმის გამო, რომელიც 2008 წლამდე დაამკვიდრა, ამაზე ორი აზრი არსებობს?

- თუმცა, ყოფილი “ნაციონალები” შესანიშნავად გრძნობენ თავს “ოცნების” რიგებში და კარგ თანამდებობებზეც არიან.

- ეს კოაბიტაციის შედეგია, მაგრამ მოსახლეობამ ხომ იცის, რაც ხდებოდა? უმრავლესობას ოჯახში ერთი პატიმარი მაინც ჰყავდა. იმ სისტემას მხოლოდ ის ხალხი თუ გაამართლებს, ვისაც მასთან შეხება არ ჰქონია. მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ნაწამები, ძვლებში დამტვრეული ადამიანები! პატიმრები ადვოკატებს რომ ხვდებოდნენ, თავდახრილები ისხდნენ და გამარჯობასაც ვერ ამბობდნენ იმის შიშით, რომ საკანში დაბრუნებულებს, სპეცრაზმი შეუვარდებოდათ, ამის შიშით ექიმს და სამედიცინო დახმარებასაც ვერ ითხოვდნენ. ვერც ერთი ადვოკატი, ვინც იმ პერიოდში საქმიანობდა, ვერ იტყვის, რომ ეს სიმართლე არ არის.

- “ნულოვანი ტოლერანტობა” მართლა საშინელება იყო, მაგრამ ახლა კრიმინალი რომ გაძლიერდა და ხალხს ქუჩებში ხოცავენ?

- დანაშაული ყოველთვის იყო და იქნება. თავში ვის რა მოუვა, ვინ მეუღლეს მოკლავს, ვინ - ახლობელს ან ქუჩაში გამოვარდება და რაღაც ბოროტებას ჩაიდენს, ამის კონტროლი ვის შეუძლია? წინა ხელისუფლების დროს დანაშაული თუ არ ხდებოდა, აბა, 300 ათასი პატიმარი საიდან გვყავდა?

- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრეს, კოლექტიური მურუსიძით და ჩინჩალაძით სავსე ქართული სასამართლოა. ამ საკითხზე რას გვეტყვით?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პორტირებული ადამიანები ისე ემსახურებიან ახლანდელ მთავრობას, როგორც წინას ემსახურებოდნენ და მომავალსაც ასევე “ერთგულად” მოემსახურებიან. შეიძლება ამ მთავრობის წევრებიც მათი ხელით გასამართლდნენ, რადგან აქ უკვე ყველანაირი ზღვარი დაკარგულია. როგორ შეიძლება მომწონდეს ის, რაც ჩვენს სასამართლოში ხდება, მაგრამ ენა არ მომიტრიალდება, რომ 2012 წლამდე სასამართლო დღევანდელს შევადარო. ჩემი კოლეგებისგან ყოველდღე მესმის გამამართლებელი განაჩენის შესახებ, იცით, 2012 წლამდე რამდენი იყო გამამართლებელი განაჩენი? - 0,2%, ხოლო 1937 წელს - 0,9%. ქართულ სასამართლოში ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ წინა პერიოდთან შედარება აბსოლუტურად არაადეკვატურია. მარტივი ჭეშმარიტებაა: სასამართლო დამოუკიდებელი თუ არ იქნება, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი თუ არ იქნება, ვერც ერთი ქვეყანა ვერ აშენდება, მაგრამ ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ პრობლემები მხოლოდ ქართულ სასამართლოშია. რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში ქართველები დააკავეს. პროცესზე მეც მიმიწვიეს. თარჯიმნობას ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მიწევდა. მივედით ლილის სასამართლოში, რომელიც ოქროთია მოვარაყებული და პროცესი დაიწყო... საქმეს რომ გავეცანი, ჩემი სიტყვა ასე დავიწყე - ჩემი ქვეყნის მოსამართლეებიც კი, რომლებიც თავიანთი უსამართლობით არიან ცნობილი, ასეთ საქმეს პროკურორს თავზე დაახევდნენ-მეთქი. ეს ამბავი “ნაციონალების” დროს მოხდა და ამას გიორგი ფოფხაძეც დაადასტურებს. იდეალური არსად არაფერია და მეც პირდაპირ გეუბნებით, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, ძალიან უსამართლო იყო.

- იანვრამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. გაქვთ იმედი, რომ საქართველო დაკისრებული 12 პუნქტის შესრულებას შეძლებს?

- ჩემი აზრით, ამ პუნქტებიდან სააკაშვილ-გვარამიას გარეთ გამოშვება არ და ვერ შესრულდება, რადგან როგორც კი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ძალიან ბევრი ადამიანი გააპროტესტებს და მათ შორის მეც ვიქნები. მართალია, “ნაციონალების” დროს ჩემთვის ბუზიც არავის აუფრენია, თვით ბაჩო ახალაიას, რომელსაც ცოცხლად ვჭამდი, “ქალბატონ ლალის” გარდა სიტყვა არ უკადრებია, მაგრამ რა გაუკეთეს სხვებს, ვინც “ქალბატონი ლალი” არ იყო? დღეს ეს ადამიანები სხვებს “რუსეთუმეებს” ეძახიან. ის ხალხი, რომელიც ფულს რუსეთიდან იღებს, ვისაც პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ჰყავდა, რომელსაც გულის ჯიბეში საბჭოთა პასპორტი უდევს, ასეთი ხალხი აბრალებს სხვებს რუსეთთან კავშირს?!

- როგორია თქვენი შეხედულება ვადამდელ არჩევნებზე და “დროებითი მთავრობის” შექმნაზე?

- ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რომელ კანონში წერია, რომ ახლა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს ან უცხოელები ჩვენი ქვეყნის საქმეებში რატომ ერევიან? უკრაინას რომ აქებენ, რა გააკეთეს უკრაინისთვის? - ბევრი იარაღი მიაწოდეს, ერთმანეთი დახოცეთო? 2008 წელს ჩვენმა ქვეყანამ რა საშიში დღეები გამოიარა, მაგრამ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს, როცა ეს ქვეყანა წყალს მიაქვს. არჩევნები თავის დროზე ჩატარდება და ჩვენმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ, თავიანთი რეალური შედეგები აჩვენონ. ამათ ჭკუაზე რატომ უნდა ვიაროთ? როგორ - ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი გვაქვს? სად ნახეთ მათი დაწყებული საქმე ბოლომდე მიყვანილი?! ახლა რაც შეეხება “დროებით მთავრობას” - ზოგჯერ მგონია, ეს ხალხი სახლობანას თამაშობს. კი მაგრამ, ვინ უნდა შევიდეს ამ დროებით თუ ტექნიკურ მთავრობაში? ერთი წევრი მაინც დამისახელეთ, ვისაც ქვეყნის მართვას ანდობთ! 2022 წელია და ეროვნული მოძრაობიდან დღემდე სულ ამ სახეებს ვუყურებ, ყველა მთავრობის დროს იყვნენ - ან მთავრობაში, ან - ოპოზიციაში. მოკლედ, ნამდვილი კარუსელი აქვთ გამართული. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, საქართველოში ე.წ. მესამე ძალა რომ იყოს. პოლიტიკაში ახალ სახეებს მივესალმები და არა იმ ხალხს, ვისაც უკვე 30 წელია ვუყურებთ. იმდენად გაბოროტებულები არიან, თავიანთი ადგილების გადაცემა შვილებისთვისაც არ სურთ. ხომ შეიძლება ახალ თაობაში ყველაფერი ჩადონ და პოლიტიკისთვის მოამზადონ, მაგრამ არა - წინა პლანზე ისევ თვითონ არიან. როცა ხალხი 30 წელია გიყურებს, მეცხრე თუ მეათე წრეზე მიდიხარ და ამ ქვეყნისთვის არაფერი გაგიკეთებია, ხომ შეიძლება ასპარეზი სხვებს დაუთმო? საქართველოში “მესამე ძალა” რომ იყოს, არჩევნებზე მე ვერავინ გამასწრებს, მაგრამ ეს უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული, წესიერი ხალხი, რომელიც ქვეყანას არაფერზე გაყიდის. მე ამას ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ იქნებ დადგეს დრო, როცა ჩვენი სამშობლოს სათავეში ასეთი ხალხი იქნება.

- ნუთუ, ვერ ხედავთ ძალას, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებს?

- ძალა მაშინ ხარ, როცა ხალხს შემოიკრებ, როცა ხალხს უყვარხარ. ახლა 500 თითოკაციანი პარტია რომ შეიკრიბება, ეს არის ძალა? მერე ამ პარტიებს შორის მხოლოდ ქიშპი, შუღლი და დაპირისპირება უნდა იყოს. ეს ალბათ ქართველების დაავადებაა. აუცილებლად უნდა ვახსენო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გული მწყდება: ჩვენს რაიონებს თუ არ მივხედავთ, ქვეყანას არაფერი ეშველება. სოფლები დაცარიელდა, ყველა თბილისში გადმოვიდა, მამაპაპური სახლები და მიწები მიტოვებული აქვთ და აქ ჩამოდიან. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ხელისუფლებას, რომელიც იტყვის, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში სოფლებს უნდა მიხედოს. გლეხებს უნდა მისცენ საწვავი, სახნავ-სათესი და 5 წლის შემდეგ ეს ხალხი სახელმწიფოს თავად შეინახავს. დღევანდელი ფასები კატასტროფაა. იშვიათია ოჯახი, სადაც გაჭირვება არ არის. მამაკაცების 99 პროცენტი რეგიონებში გალოთებულია. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ცუდი ხდება, სოციალური ფონიდან მოდის, ამიტომ, გლეხს უნდა ვადროვოთ, დავეხმაროთ, რომ მერე მან მთელი სახელმწიფო შეინახოს.

14440786-1143109209061240-8572046020731586864-n-copy-1657909169.jpg

- სამწუხაროდ, ამჟამად რეგიონებიდან ძალიან ბევრი ხალხი მიდის ემიგრაციაში...

- ეს მე ძალიან მაწუხებს და მაკვირვებს: მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია თვითმფრინავში ჩავჯდე და წავიდე, ამას არ და ვერ ვაკეთებ. უკვე წლებია არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და პატიმართა უფლებების დამცველი ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყანა არ დამიტოვებია, ჩემს შვილებსაც არ მივეცი უფლება, რომ წასულიყვნენ და აქაურობა დაეტოვებინათ. მე დღესვე შემიძლია თუნდაც ბევრისთვის საოცნებო ამერიკაში გადავფრინდე და იქ საცხოვრებლად დავრჩე - ამის გაკეთება 1995 წლიდან შემიძლია, მაგრამ არ ვაკეთებ. რაც საზღვრები გაიხსნა, ემიგრაციაში ქართველები იმ დროიდან მიდიან, ეს პროცესი მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს არ დაწყებულა. სააკაშვილის დროსაც მიდიოდნენ და შევარდნაძის დროსაც. ქართველი ემიგრანტები უცხოეთში იმდენს შრომობენ, ეს შრომა საკუთარ სახლში რომ გაეწიათ, ალბათ ძალიან კარგად იცხოვრებდნენ. მე ვცდილობ სწორედ ასე მოვიქცე და როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

- თქვენს პროფესიას გულისხმობთ?

- დამიჯერებთ, რომ პარასკევიდან ორშაბათამდე ჩემს დედულეთში - მანგლისში გავრბივარ და ვმუშაობ? იქ 800 ძირი კაკალი მაქვს დარგული და ჩემი ხელები რომ ნახოთ, სულ დაკაწრული მაქვს, რადგან ერთი გოჯი მიწა არ მაქვს დაუმუშავებელი. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, ჩემი მეგობრებიც მეხმარებიან და ეზოში ყველაფერი მაქვს დარგული. ინტერნეტით ვისწავლე როგორ მოვუარო კაკალს და ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. მწვანილი, ხილი, ბოსტნეული - ჩემს ეზოში ყველაფერია, არადა, ვაკეში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ფიზიკური შრომა არც მეზარება და არც მეთაკილება.

ხათუნა ჩიგოგიძე