რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები? - გზაპრესი

რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები?

რა პროფესიებია პოპულარული დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. - ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მანანა, რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ძირითადად ჩვენი აბიტურიენტები?

- იურიდიული, ბიზნესადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები - ძირითადი არჩევანი ესენია.

- გადაწყვეტილებას თავად იღებენ თუ ოჯახური (მშობლების) რჩევებიდან გამომდინარე?

- აბსოლუტურად გაუაზრებლად ხდება. რაც ჩვენთან საერთაშორისო ურთიერთობის დისციპლინაზე ადგილებია, ამდენი სპეციალისტი ჩინეთის სახელმწიფოს არ სჭირდება. აშშ-ს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთს - დიდ სახელმწიფოებს ერთად აღებულს არ სჭირდებათ ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. იქ ყველაფერი დაგეგმილია. ჩვენში კი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში ამოუწურავი ადგილებია; ანგარიშმიუცემლად ყველა იქ აბარებს და დიპლომატობა სურს.

ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება - ბოლო 25 წელია, “ისტერიულად” აღნიშნულ ფაკულტეტებს ირჩევენ. რასაკვირველია, ეს ხალხი ვერ საქმდება, ნახსენები ჯაჭვი კი მაინც არ წყდება. ნორმალურ ქვეყნებში სპეციალობების რაოდენობა გეგმაზომიერად დგინდება, რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენში არავინ არაფერს გეგმავს. არასწორი პოლიტიკით ხალხს ატყუებენ.

- ასეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს რითი ხსნით?

- პირდაპირი პასუხის გაცემა არ მსურს. ერთი დიდი სისულელეა - სხვა რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს?! პატარა ქვეყანაში ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი რაში გვჭირდება, როცა დიპლომატიაში დაახლოებით სამასი კაცია დასაქმებული.

- თვითონ აბიტურიენტებს რატომ არ შეუძლიათ, უფრო გამართლებული არჩევანის გაკეთება?

- მთავარია, სახელმწიფომ არ დაუშვას ადგილები, რომლებზეც მოთხოვნა არ არსებობს; რამდენიც საჭიროა, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში იმდენივე ადგილი უნდა იყოს განთავსებული. 25 წელია, ოჯახები ამ მცდარ არჩევანს აკეთებენ ბავშვებთან ერთად, ვერ საქმდებიან, მაინც იმეორებენ. სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ეს პროცესი. ტყუილად იხარჯება ფული, დრო. ამ სპეციალობებზე გრანტის ნაწილიც ხომ არის, როცა საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს, სახელმწიფო თავის ადგილზე რომ იდგეს და არასწორი, სიცრუეზე აგებული საგანმანათლებლო პოლიტიკა არ ჰქონდეს.

- რომელ სპეციალობებზეა დღეს მოთხოვნა, სადაც დასაქმების პერსპექტივაც უფრო რეალურია?

- საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები, რა პრიორიტეტებიც სახელმწიფოს სწორად აქვს განსაზღვრული. სხვათა შორის, ეს პრიორიტეტი ცოტა მოგვიანებით, “ნაციონალებმა” განსაზღვრეს და დღესაც ძალაშია დატოვებული. ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებზე, საინჟინრო მიმართულებაზე დეფიციტია. საბუნებისმეტყველოში აგრარული მიმართულებაც შედის.

- ამ მიმართულებით თუ აძლევს უმაღლესი სკოლა სათანადო ცოდნას?

- რაც ჩამოვთვალე, იმ ფაკულტეტებზე ათჯერ და ასჯერ მეტ ცოდნას აძლევს. ჯერჯერობით ამ დარგებში გვყავს სპეციალისტები, მაგრამ “უკანასკნელი მოჰიკანები” არიან. ეს თაობა წავა და მერე უკვე სპეციალისტებიც აღარ გვეყოლებიან - კვალიფიციური აკადემიური დოქტორები ფიზიკა-ქიმიის და ბიოლოგიის. ასე თუ გაგრძელდა, ცნობილი ქართული მათემატიკური სკოლაც პოზიციებს დათმობს.

კვალიფიციური აგრონომების, ვეტერინარების, საინჟინრო მიმართულების სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში ნორმალური ინჟინერი არ გვჭირდება?

- ბაზარზე მოთხოვნის მქონე სპეციალობებზე აბიტურიენტები რატომ არ მიდიან?

- ეს უკვე ოჯახებსა და აბიტურიენტებს უნდა ჰკითხოთ. ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგები წლების განმავლობაში ყოველდღიურ მძიმე შრომას მოითხოვს. ამ მიმართულებით ბავშვმა 12 წელი უნდა იშრომოს, მაგრამ ვინ სწავლობს სკოლაში?.. ყველა ადვილ რაღაცას ეძებს. ფიზიკა-ქიმია-მათემატიკის სწავლა ძალიან რთულია. ამით არც მშობლები და არც ბავშვები თავს არ იწუხებენ, არც სახელმწიფო. შვილს დაარბენინებენ არაპროფესიონალებთან, ბაზარი გაჯერებულია: ქვა რომ ააგდო, ყველა ინგლისურში ამზადებს, მაგრამ 99% სულაც არ არის დარგის სპეციალისტი. ასევე ხდება მათემატიკაში. მშობელი ძირითადად არაპროფესიონალს ქირაობს, იხდის “კაპიკებს” და გული ვითომ დამშვიდებული აქვს. ამ დროს, არც ინგლისური იციან და მათემატიკა ხომ საერთოდ... ამიტომ ფაკულტეტების უმეტესობაზე ისტორიის ჩაბარება დაუშვეს. ასე ხდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზეც, და აქედან რა ინჟინერი დადგება?!.

- სკოლა ახსენეთ და იქ რა მდგომარეობა გვაქვს?

- კატასტროფაა, ამიტომ ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. ეს გამოცდები აღარაფერია, გინდ ჩატარებულა, გინდ - არა. ორი ძირითადი საგანია. ქართულ ენა-ლიტერატურაში მინიმალური ზღვარი 15 ქულაა და წელს ტესტები კიდევ გაამარტივეს. 15-ქულიან ბარიერს ის აბიტურიენტი ლახავს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, თავის გვარსა და სახელს რომ წერს და მაინც ეშლება. მათემატიკაში მინიმალური ბარიერი 11 ქულაა!.. მოკლედ, “გააფარჩაკეს” ერთიანი ეროვნული გამოცდები.

erovnuli-gamocdebi-copy-1657909319.jpg

- როგორც ექსპერტი აბიტურიენტებს, მშობლებს რა რჩევებს მისცემდით სამომავლოდ?

- აქ არანაირი რჩევა არ გაჭრის, როცა საქართველო იურისტებით, ბიზნესადმინისტრირებით, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტებითაა “გადავსებული”. მთელ ნათესავებს, მეზობლებს ეს ფაკულტეტები აქვთ დამთავრებული და ვერსად ვერ მუშაობენ. გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაა: ჯერ ერთი, ადგილები უნდა შემცირდეს. თუ ბავშვი 12 წელი სკოლაში არ სწავლობს, საუნივერსიტეტო კარი მისთვის ჩაკეტილი უნდა იყოს. რაში სჭირდება საქართველოს 68 თუ 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი? ან კერძო რაში სჭირდება ამდენი? რატომ აძლევს სახელმწიფო მათ ავტორიზაციას და აკრედიტაციას?.. კომუნისტების დროს ხუთ მილიონზე მეტი ვიყავით და 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა, ახლა სამი მილიონი ვართ დარჩენილი და ამდენი უმაღლესი რაში გვჭირდება - 45 ათასი აკრედიტებული ადგილით, როცა აბიტურიენტთა რაოდენობა 35-37 ათასის ფარგლებშია?!

სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა სიცრუეზე, ხალხის მოტყუებაზეა აგებული. ხალხი კიდევ თავს რატომ იტყუებს, არ ვიცი. არ ჯობია, შვილს პროფტექნიკური სასწავლებელი დაამთავრებინო?! შევხვდი სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ექსპერტს, რომელიც მთავრობას პროფესიული სასწავლებლების ქსელის შექმნაში ეხმარება. თქვა, რომ გაოგნებულია, აქ არაფერი გამოვაო: ოჯახის, მშობლის მენტალიტეტია, რომ მისმა შვილმა არა პროფესიულში, არამედ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს. თან, უამრავი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს, რომლებსაც სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არა აქვთ და ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებენ. ვისაც ბაზა აქვს, მხოლოდ ასეთი სახელმწიფო და კერძო უმაღლესები უნდა დატოვო, ასეთი კი სულ რამდენიმეა. საბოლოოდ, სპეციალისტების საჭიროების მიხედვით უნდა იყოს კონკურსი. ეს არის სწორი პოლიტიკა.

მეთორმეტე წელს რომ იწყებს მოზარდი მომზადებას და ამის შედეგად ხვდება უმაღლესში მინიმალური ქულებით, ეს აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში სად წავა?.. პროფესიულ სასწავლებელში. ოღონდ, უცოდინარი იქაც არ უნდა მიიღო: თანამედროვე ხელოსანს ინჟინერიის ელემენტარული საფუძვლები უნდა ესმოდეს. სანტექნიკა, ელექტრობა თუ იატაკის დაგება თუ მღებავი - თანამედროვე ტენდენციებში თუ ვერ ერკვევა, არაფერი გამოვა. გერმანია-საფრანგეთში უსწავლელი ე.წ. პროფშიც ვერ მოხვდება. გამოცდები იქაც უნდა დაახვედრო და ჩააბაროს.

გელა მამულაშვილი