მეთაურები თავიანთ რაზმებში ქართველ ბიჭებს ითხოვენ - გზაპრესი

მეთაურები თავიანთ რაზმებში ქართველ ბიჭებს ითხოვენ

ლაშა შერგელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხი ქართველიდან, რომლებმაც თერთმეტ უკრაინელ მებრძოლთან ერთად, უკრაინას კუნძული ზმეინი დაუბრუნა. შეგახსენებთ, რომ ეს კუნძული სულ ახლახან დაიბრუნა უკრაინის ცენტრალური დაზვერვის დანაყოფმა "ზგარდიმ", რომელიც ყოფილი სპეცრაზმელებისგან არის დაკომპლექტებული. რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეს - ლაშამ 20 წელი საქართველოს შს სისტემაში, სპეციალური დანიშნულების რაზმში იმსახურა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ახლა კი ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს უკრაინაში ებრძვის. ის 2019 წლის 20 ივნისის ღამის შემდეგ ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთი საგულისხმო მომენტის შემდეგ მოექცა: ხელი აუკრა იარაღზე კოლეგა სპეცრაზმელ მეთოფეს, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა.

20 ივლისის ღამეზე, უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და ქართველი და უკრაინელი მებრძოლების ურთიერთობებზე სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა შერგელაშვილი ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება.

- სპეცდანიშნულების რაზმში ვმსახურობდი. 20-წლიანი მუშაობის შემდგომ პენსიაზე გავედი. ამჟამად უკრაინაში ვიბრძვი საქართველოს ინტერესებისთვის. მწამს, რომ ახლა აქ წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. რაც შეეხება "გავრილოვის ღამეს": რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს ჩვენც ტელეეკრანიდან ვადევნებდით თვალს და ძალიან არ მოგვეწონა ეს ამბავი. როდესაც ვამბობ, ჩვენ-მეთქი, დანარჩენ სპეცრაზმელებსაც ვგულისხმობ. იმ აქციაზე ჩვენი ოჯახის წევრები, შვილები და მეგობრებიც იდგნენ. როდესაც აქციაზე მივედით, სხვა რაზმის წევრებიც დაგვხვდნენ. ჩვენს დანაყოფს ხმარებიდან ამოღებული ჰქონდა ის ტყვიები, რომლებიც აქციაზე გამოიყენეს და რომლის გამოც ხალხი დაზარალდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ვაზნები, რომლებიც თურქეთიდან ჩამოიტანეს, შეიარაღებული დამნაშავის აყვანისთვის იყო გათვალისწინებული, ვინაიდან შეუძლია, ადამიანს ხელი ან ფეხი მოსტეხოს. ის არ იყო გამიზნული მიტინგებისა და აქციების დასაშლელად. ამერიკელები ამ ტიპის ვაზნებს მხოლოდ ციხეებში იყენებენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ დანაყოფები, რომლებსაც ეს ტყვიები ჰქონიათ შემორჩენილი. არ ვიცი, რატომ გამოიყენეს აქციაზე - ან ინფორმაცია არ ჰქონდათ ტყვიების ლეტალურობის შესახებ, ან კომუნიკაციის დროს მოხდა რაიმე შეცდომა.

- რას განიცდიდით, როდესაც აქციის დასარბევად მიდიოდით, სადაც ოჯახის წევრები და ახლობლებიც გეგულებოდათ?

- აქციის დარბევის მიზნით არ წავსულვართ, ჩვენ იქ წესრიგის დასაცავად მივედით. მერე მოხდა რაღაც ისეთი, რაც ზედა ფენების არაპროფესიონალიზმისა და დაბნეულობის შედეგი იყო. აქციაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების ბრძანება მივიღეთ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ბიჭების ჯაჭვიდან გატაცება და განიარაღება დაიწყეს. დაახლოებით შვიდი ჯარისკაცი რომ გაიყვანეს, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მივიღეთ, რაც ბევრმა ჩვენგანმა გააპროტესტა: ვფიქრობდით, რომ ეს აქციის მონაწილეებს უფრო გააბრაზებდა და სიტუაციას დაძაბავდა. ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ტყვიების გამოყენებას, აქციის მონაწილეების ჯაჭვში ნელ-ნელა შემოყვანა და განეიტრალება სჯობდა. ასეთ შემთხვევაში სიტუაცია ადვილად განიმუხტებოდა. სამწუხაროდ, ჩემი და კიდევ სხვა რამდენიმე სპეცრაზმელის რჩევა არ გაითვალისწინეს. რისი მოლოდინიც გვქონდა, ის მოხდა - აქციის მონაწილეები უფრო აგრესიულები გახდნენ, წყლის ბოთლები და სხვადასხვა ნივთი დაგვიშინეს. ცოტა ხანში რადიოსადგურში გაისმა ხმა, სროლა შეაჩერეთო, მაგრამ - ამაოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთს, სამ-ოთხ სპეცრაზმელს, ეს ხმა არ ესმოდა და სროლას განაგრძობდა. სავარაუდოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. ბოლოს დადგა შედეგი, რომელმაც მთელი ერი აღაშფოთა.

- იმ მომენტის შესახებ გვიამბეთ, როდესაც თქვენს კოლეგას იარაღზე ხელი აუკარით.

- ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მე ზემოთ ვიდექი, ის ამოვიდა თუ არა, ვუთხარი, არ ისროლო-მეთქი. მის ზურგს უკან დეპარტამენტის დირექტორი იდგა. სავარაუდოდ, ბრძანება მან მისცა. როდესაც მომიტინგეს დაუმიზნა, სპონტანურად ავუკარი ხელი. შემდეგ ვკითხე კიდეც, - რატომ ესროდი დამიზნებით-მეთქი? - არ ვაპირებდი სროლას, ვაშინებდიო.

- უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მოტივი რა გახდა?

- ჩემი ოჯახი და სამშობლო. როგორც კი ომი დაიწყო, მეორე დღესვე მივედი საელჩოში და წასვლის სურვილი გამოვთქვი. მეც მათ შორის ვიყავი, ვინც აეროპორტში ამაოდ ელოდა თვითმფრინავს... შემოვლითი გზებით ჩავედი უკრაინაში.

- ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა. რამდენად ხართ ახლა ამისთვის მზად და საერთოდ, როგორია ამჟამად ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება?

- ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, მაგრამ ახლა კონკრეტული თარიღები გაიწერა და მიზნები დაისახა. პირველ რიგში, რუსეთს ლოჯისტიკური მომარაგების საშუალება უნდა მოვუსპოთ. ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის საარტილერიო დუელი მიმდინარეობს. ორივე მხარე ბომბავს ერთმანეთს. რაც შეეხება ცოცხალი ძალის შეტაკებებს, უკრაინა ძირითადად პარტიზანული ბრძოლებითა და ჩასაფრებებით ახორციელებს რუსებზე თავდასხმებს. რუსეთის ჯარი შეტევაზე აღარ გადმოდის. დიდი ალბათობით, ამ დღეებში ყირიმის ხიდი აფეთქდება, რუსებს ყირიმიდან ლოჯისტიკა შეუჩერდებათ და შეტევაზე გადავალთ.

- მეხუთე თვეა ომი მიმდინარეობს. როგორია ახლა თქვენი, მებრძოლების განწყობა და მოლოდინი?

- ვითარება აქ ყოველდღიურად იცვლება. უპირატესობა ჩვენ მხარესაა. დიდი ხანია, ცენტრალურ ქალაქებში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ მსმენია, რომ ხალხი იქ ბრუნდება და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. უკრაინელმა ხალხმა შიში დაძლია. რამდენიმე დღის წინ დონეცკის ოლქის ე.წ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც "ფეესბეს" აგენტია, განცხადება გააკეთა, რომ უკრაინამ მათ ყველა საწყობი გაუნადგურა, სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა. ჩვენს განწყობას ისიც ამაღლებს, რომ ამაზე უკვე ისინიც ღიად საუბრობენ, ამბობენ, რომ ბრძოლის მოტივაცია არა აქვთ.

- გარდატეხას როდისთვის უნდა ველოდეთ?

- ძალიან მალე, დაახლოებით ათ დღეში. ძირითადი შეიარაღება უკვე მიღებული გვაქვს, სექტემბრისთვის იმ შორსმსროლელ იარაღსაც ველოდებით, რომელიც რუსეთის ტერიტორიასაც კი მისწვდება. უკრაინელების წარმატების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კუნძულ ზმეინის დაბრუნებაც.

zgard-1658216407.jpg

- 15 მებრძოლიდან, რომელმაც კუნძული ზმეინი გაათავისუფლა, ერთ-ერთი თქვენ იყავით?

- მოდი, ასე ვიტყვი: კუნძული ზმეინი იმ დანაყოფმა გაათავისუფლა, სადაც მეც ვარ.

- ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელდა ვერსია, რომ უკრაინის დროშასთან ერთად, ქართველებმა ქართული დროშაც აიტანეს, მაგრამ უკრაინელებმა მისი აღმართვის უფლება არ მისცესო. ეს მართალია?

- ეს ჭორია. ჩვენ დროშა ნამდვილად ავიტანეთ, მაგრამ მერე რა?! ჩვენ ყველგან ჩვენი დროშით დავდივართ. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კუნძულ ზმეინის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახლა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, თავად ქართველებმა არ ჩავთვალეთ საჭიროდ უხერხულობის შექმნა. მნიშვნელოვანი იყო თვით ის ფაქტი, რომ ამ კუნძულის გათავისუფლებაში ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ისტორიაში ამ ოპერაციაში მონაწილე ოთხივე ქართველის სახელი ჩაიწერება... კუნძული სისტემატურად იბომბებოდა; მასზე რომ გადავედით, მაშინაც გვბომბავდნენ და რომ გადმოვდიოდით - მაშინაც. რუსული "ტელეგრამარხები" წერდნენ, თითქოს ზმეინის გათავისუფლების დროს უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი დაიღუპა. სინამდვილეში იქიდან ზუსტად იმდენი კაცი გამოვედით, რამდენიც შევედით. კუნძულის ყოველი გოჯი დანაღმული იყო. მართლა ძალიან გაჭირდა შესვლა, მაგრამ გამნაღმველებმა კარგად იმუშავეს და ოპერაცია წარმატებით შევასრულეთ.

- რატომ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კუნძულ ზმეინის გათავისუფლებაში ქართველების მონაწილეობა?

- იმიტომ, რომ იქ შესვლა ყველას უნდოდა. საბოლოოდ, მთავარსარდალმა გადაწყვიტა, ვინ უნდა შესულიყო. ის ფაქტი, რომ უკრაინელებთან ერთად იქ მხოლოდ ქართველები შევიდნენ, არის ყველა ჩვენი თანამემამულის დამსახურება, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ და დღემდე საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ საერთო საქმისთვის. კუნძულზე სულ 15-კაციანი ჯგუფი შევიდა. იმ 15 კაციდან 4 ქართველი იყო. უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კუნძულის მისადგომებთან სხვა დანაყოფებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ კუნძულზე მხოლოდ 15 კაცი გადავიდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მან აღნიშნა, რომ ყოველთვის დადგება ქართველების მხარდასაჭერად.

- ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში თავად უკრაინელების შემდეგ, სხვა ერის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტნი ქართველები იბრძვიან.

- უკრაინელების გარდა, ყველა სხვა ერის წარმომადგენლობა ერთად რომ შეკრიბო, ქართველები მათზე მეტნი ვართ.

- ამას როგორ ახსნით?

- უკრაინელებსა და ქართველებს საერთო მტერი გვყავს. შემიძლია გითხრათ, პირადად მე რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება: მერჩივნა, ომი ჩემი ოჯახიდან, შვილებისგან შორს ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება. ომით თუ ომის გარეშე, ანუ რბილი ძალით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება, წართმეულ 20%-ს დანარჩენი საქართველოც შეუერთოს. ხელს რა შეუშლის?! ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

- ამისთვის მზად ხართ?

- რა თქმა უნდა და - არა მარტო ჩვენ. უკრაინელი ძმები გვპირდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვერდით უპირობოდ დადგებიან. აღფრთოვანებული არიან უკრაინაში ქართველების თავგანწირული ბრძოლითა და გმირობით. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, ყველას უკვირს. უკრაინელებსაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ეს მაგარი ბიჭები ქართველების განსაკუთრებულობაზე ლაპარაკობენ. როდესაც უკრაინელები იგებენ, რომ მათ რაზმში ქართველები მონაწილეობენ, უფრო მოტივირებულები ხდებიან. შესაბამისად, ყველა მეთაური ითხოვს, რომ მის რაზმში ქართველები იყვნენ. უკრაინელებისთვის ძალიან ძვირფასები ვართ და გვიფრთხილდებიან კიდეც, სამაგიეროდ, რუსები არიან ჩვენზე ძალიან გამწარებული, ბრძანებაც კი აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ... ტყვედ ჩავარდნას არც ჩვენ ვაპირებთ. ვიცით, რაც გველის მათ ხელში - აუცილებლად დაგვამცირებენ, გვაწამებენ და ბოლოს დაგვხოცავენ, ამიტომ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აქ ყველა ფიქრობს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში დაამარცხებენ, საქართველო ომსაც თავიდან აირიდებს და დამოუკიდებლობასაც შეინარჩუნებს. მე 2008 წლის ომის ვეტერანი ვარ, დაჭრილიც ვიყავი. მახსოვს უკრაინის პრეზიდენტის თანადგომა. ისიც ვიცი, რამდენი ქართველი გადაარჩინეს უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ახლაც გვპირდებიან, რომ ჩვენ გვერდით დადგებიან, თუ ამის საჭიროება დადგება, ერთი და ორი კაცი კი არა - შეიარაღებული რაზმები წამოვლენ!..

gavrilovi2-metope-1658216393.jpg

- გული არ გწყდებათ, რომ დროდადრო უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ?

- პირადად მე, თანამებრძოლებმა მკითხეს, თქვენს ხელისუფლებას რა სჭირს, რუსეთის აგენტები ხომ არ არიანო?.. ძალიან შემრცხვა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო გემია, შენ კი ეკიპაჟს წარმოადგენ. ამ დროს ვიღაც გეუბნება, შენი კაპიტანი მტერთანაა შეკრული და მთელ ეკიპაჟს ზღვაში ჩაძირვას გიპირებთო... ყველანაირად შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთის ეშინია და ამიტომაც იქცევა ფრთხილად, მაგრამ ეს მათთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა. მინდა, რაიმე ისეთი მოხდეს, რომ ჩვენი მოძმეების ეჭვი გაქარწყლდეს. უკრაინაში იმდენი ქართველია და იმდენ კარგ საქმეს აკეთებენ არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ სხვაგან, რომ უკრაინელი ხალხის უპირობო სიყვარული უკვე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად ვუყვარვართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. არაერთხელ გვაქვს პირობა მიღებული, რომ რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, ისინი ყოველთვის დადგებიან საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით. ამაყობენ კიდეც ჩვენით, რაც დიდი სტიმულია.

- ჩვენც ვამაყობთ თქვენით. სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ!

- გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის! იცოდეთ, თითოეული თქვენი კეთილი სურვილი, გამხნევება, მხარდამჭერი პოსტის დაწერა ჩვენს ძალას, შემართებასა და მოტივაციას გვაძლევს...

ხათუნა ბახტურიძე