“იცოდე, ჩააბარე, თორემ სანათესავოს ყბიდან ვერასდროს ამოვალთო” - გზაპრესი

“იცოდე, ჩააბარე, თორემ სანათესავოს ყბიდან ვერასდროს ამოვალთო”

დაახლოებით ორი კვირაა, რაც ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო, რასაც თან ახლავს აბიტურიენტების და მათი ახლობლების ძალიან დიდი ემოცია, ნერვიულობა და წარმატების მოლოდინი.

თიკო შავლაძე, აბიტურიენტი:

- გამოცდების დაწყებამდე არ ვიცოდი, რა ერქვა ამ განცდასა და შეგრძნებას - ნერვიულობა, ფორიაქი, შფოთვა, მოუსვენრობა თუ ყველაფერი ერთად აღებული, ახლა ვიცი, ამას ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება ჰქვია. სკოლაში საკონტროლოს წერისას განცდილ ნერვიულობასაც წააგავს, თან უფრო ძლიერს, თან არა... წინა დღეებში, როდესაც მეკითხებოდნენ, ვნერვიულობდი თუ არა, არც ვიცოდი, რა მეპასუხა. როდესაც იმ შენობამდე მივედი, სადაც ეროვნული გამოცდები ტარდებოდა, ცოტა შემეშინდა, რადგან ყველაფერი უფრო რეალურად აღვიქვი, ანუ მთელი წლის განმავლობაში ვიცოდი, რომ გამოცდები მელოდა და ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ ეს წინასწარ გააზრებული და კარგად ნამეცადინები, თავში შეგონებასავით ჩადებული სიტყვები - არ უნდა ვინერვიულო, ერთბაშად ხელში შემომეფშვნა. რაც უნდა კარგად მომზადებული, ნამეცადინები იყო, ემოციები თავისით მოდის. მართლა არ ვიცი, თუ არსებობს ისეთი აბიტურიენტი, ვინც ასეთ დროს არ ნერვიულობს...

- ამ ემოციურ ფონზე, გამოცდების დაწყებამდე გასავლელი პროცედურები დამაბნეველია?

- არა, პირიქით, ცოტა ხნით ყურადღება გადაგაქვს, იმ პროცედურებზე კონცენტრირდები და მღელვარება თითქოს ოდნავ მცირდება. თითქოს სიტუაციას ეჩვევი. საგამოცდო ოთახში დამკვირვებლები დაგვხვდნენ, რომლებიც ჩვენს გამხნევებას ცდილობდნენ. გვამშვიდებდნენ, გვესაუბრებოდნენ, გვეუბნებოდნენ - ახლა მაქსიმალურად გამოცდაზე, თემაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული, რამე რომ არ გამოგრჩეთო.

tiko-1658734815.jpg

- პირველი გამოცდა ქართულში იყო, არა?

- დიახ, გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” და “ვეფხისტყაოსანი” შემხვდა. რუსთაველმა ცოტათი შემაშინა, რადგან თემა რთული მომეჩვენა: ტარიელი ბრძოლიდან რომ ბრუნდება, ის ეპიზოდი იყო, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში. ჯერ მეორე თემაზე დავიწყე მუშაობა. სათაური ასეთი იყო: მოძალადის აღზევებას ხშირად თავად საზოგადოება უწყობს ხელსო და მაშინვე დავიწყე პარალელების გავლება, კითხვებიც დამეხმარა გააზრებაში. ეს თემა ისე აღვიქვი, რომ ზოგჯერ საზოგადოებას, დამნაშავეც და გმირიც ერთ დონეზე აჰყავს. ყველანაირი სტრესი მომეხსნა და ისე დავალაგე აზრი, რომ ადგილი არ მეყო, თორემ უფრო მეტს დავწერდი... მერე მივუბრუნდი “ვეფხისტყაოსანს” და საბოლოოდ, ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მომდევნო გამოცდა იყო ინგლისურში. სხვა აბიტურიენტები ამბობდნენ, რომ მოსმენის პრობლემა იყო, რაღაცები ვერ გავიგეთო, მაგრამ მე არ გამჭირვებია, ყველანაირი ემოცია დავბლოკე და მუშაობას შევუდექი...

იცით, რაც უნდა ნერვიულობდეს, ზოგს მაინც აქვს ხუმრობის განწყობა, რაც ძალიან დიდი ნიჭი მგონია. ნერვიულობენ, მაგრამ მაინც ხუმრობენ. აი, ზოგიერთი კი მართლა ცუდად ხდება: ქართულის გამოცდაზე ერთი გოგონა ისე ნერვიულობდა, სახეზე ფერი არ ედო და რამდენჯერმე გარეთ გასვლა ითხოვა, ნერვიულობისგან გული ერეოდა, დანარჩენები უხერხული ღიმილით და “ნეტა რა თემა შემხვდება სახეებით” ვისხედით.

- როგორი განცდაა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა?

- ძალზე საინტერესო. ზღვა ემოციების და ნერვიულობის ფონზე, მაინც სასიამოვნო განცდაა. ზოგადად, სიახლეების მეშინია, მაგრამ ახლა ინტერესი მკლავს. მინდა, რაც შეიძლება მალე მოვიდეს აგვისტო და გავიგო, რა შევძელი ამ ერთი წლისა და ამ რამდენიმე ძალიან დაძაბული დღის განმავლობაში, რომელიც ჩემი ცხოვრების მომავალს განსაზღვრავს. თითქოს ბავშვობის დროინდელ ოცნებებს ვუახლოვდები, პროფესიული კუთხით და შესაბამისად, ძალიან დიდი შემართებით ვარ. ვიცი, ცხოვრების ყველა ეტაპი საინტერესოა, მთავარია, სწორად, პროდუქტიულად გამოიყენო. ბავშვობა და აბიტურიენტობის ხანა, ნერვიულობა და მეცადინეობაში გათენებული ღამეები მთავრდება, ახლა კი სტუდენტობის ბედნიერი, თუმცა ასევე რთული წლები დაიწყება...

დათო ვეკუა, აბიტურიენტი:

- მე და ჩემი მეგობარი, რომელიც შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, ერთად წავედით გამოცდაზე. მოსალოდნელი თემის, საუკუნის, მეფის თუ მნიშვნელოვანი თარიღის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი, ის კი დაუსრულებლად იმ ბიჭზე მელაპარაკებოდა. ბავშვობის მეგობრები ვართ და ყველაფერი ვიცი მასზე ისევე, როგორც მან ჩემზე. ვეხვეწებოდი, ამ დილაუთენია რა ილო აგიტყდა, ფიქრი მაცალე-მეთქი. გადაიკისკისა, - ახლა შეყვარებული რომ გყავდეს და მასთან ნაჩხუბარი იყო, ეს ძალიან დაგეხმარება, ორ სანერვიულო თემას შორის ბალანსს დაიცავდიო... სტანდარტული პროცედურების დაწყებამდე, ხან ერთი გოგოსკენ მიმითითებდა, ხან მეორისკენ, ასე ყურადღებას გადაიტან და უფრო კონცენტრირებული იქნებიო. გოგონების თვალიერება კი არა, ჩემი სქესიც დამავიწყდა. ისიც გავიფიქრე, - ხომ არ ჯობია, მომავალ წელს ჩავაბარო-მეთქი, მაგრამ ამ ჩემს კისკისა მეგობარს დავენაძლევე, ვინ უფრო მაღალ ქულებს მიიღებდა და მის დასაცინად ვერ გავიხდიდი თავს. არადა, ჩემი გვარ-სახელი რომ ამოიკითხეს, სანამ ამან მუჯლუგუნი არ მკრა, გაშტერებული ვიდექი. ამ ბოროტმაც შანსი არ გაუშვა ხელიდან, - რა სუსტები ხართ კაცები, ძლიერი სქესი არა, ისო... ხომ ასე ამბობდა და ხელში ფურცელი რომ ეჭირა, შევამჩნიე, თითები ერთიანად უცახცახებდა. ვერასდროს მივხვდები, როგორ შეეძლო იმავდროულად ასეთი ენამოსწრებული ყოფილიყო ან როგორ მოახერხა ემოციის შეფუთვა. მეც საკმაოდ მხიარული ვარ, მაგრამ მაშინ ბორძიკით მივედი მაგიდამდე და სახეზე ისეთი ფერი მედო, დამკვირვებელმა რამდენჯერმე მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო? სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე და გაკრეჭილმა ვუთხარი: - კი, სტუდენტის სტატუსი და მაღალი დაფინანსება მჭირდება-მეთქი. ამისთვის ისტერიკა კი არა, საქმეზე კონცენტრირებაა საჭიროო, - მითხრა. ძველ საქართველოში წყლის ენერგიას სანავიგაციოდ რომ იყენებდნენ, ეს ეპიზოდი მახსოვს და შემდეგ, რომ დავფიქრდი, მგონი კარგად გავართვი თავი საქმეს.

- თქვენმა მხიარულმა მეგობარმა რა ქნა?

- არ ვიცი, სად უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ გაფითრებული გამოვიდა და გული რომ არ წასვლოდა, ჩემი წყლის ბოთლს ეცა და გამოცალა... ჩუმად გადავუღე ფოტო, დაფიქრებული რომ მიდი-მოდიოდა, შენს შეყვარებულს უნდა გავუგზავნო-მეთქი და სრულიად უემოციოდ შემომხედა, - სულ ერთია, გაუგზავნე, ეგ უკვე აღარ მიყვარსო... ანუ ემოციებისგან გამოიფიტა, თორემ ასე სწრაფად ვერ დაივიწყებდა... როდესაც სხვა მეგობრებს ველოდებოდით, მაშინ დავაკვირდი მშობლებს და გულშემატკივრებს, იმდენად აგიჟებენ ამ ისედაც შეშლილ ბავშვებს, მათი ემოციური ფონის პროვოცირებას ისე ახდენენ, უფლება რომ მქონდეს საერთოდ ავუკრძალავდი იქ მოსვლას...

- რაო, რას ამბობდნენ?

- “ვაიმე, წნევა მაქვს 200... შენს გამოსვლამდე ვერც მივაღწევ!..” “ჩემზე იფიქრე, დე, შენ თუ ჩაიჭერი, მამაშენი თავს მომაჭრის, ამდენი წელი ტყუილად გზავნა ფული ემიგრაციიდან?..” “ვინმეს დამამშვიდებელი არ გაქვთ? მარცხენა ხელს ვერ ვგრძნობ...” “დედიკო, იცოდე ჩააბარე, თორემ სანათესავოს ყბიდან ვერასდროს ამოვალთ, ესეც შენი “კომაროველიო...” უამრავ ასეთ მარგალიტს ისმენდნენ ეს საწყალი ბავშვები. ამიტომ, ვინც ვერ ჩააბარებს, მშობლებს მოსთხოვოს პასუხი, მათი დასტრესისთვის.

ანა ქირთბაია, აბიტურიენტი:

- მთელი წელი გადატვირთული იყო, ძალიან ვნერვიულობდი, ღამეებს ვათენებდი, რადგან ისეთ პროფესიას ვირჩევ, რომელსაც ძალზე მყარი საფუძველი სჭირდება, ამიტომ ბევრი წვალება, შრომა და დიდი ენერგია ჩავდე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შრომა და ცოდნა ყოველთვის ფასდება... ძალიან ვნერვიულობდი, ღამეები თითქმის არ მეძინა. რაც უნდა კარგად მომზადებული იყო, ძნელია მღელვარებას მოერიო... ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით. ასეთ დროს მორალური მხარდაჭერა ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულში “დავითიანი” შემხვდა. ისეთი ნაწარმოებია, რომ ასე მგონია, ნებისმიერი აბიტურიენტი მასზე თავისუფლად იმსჯელებს.

ლალი პაპასკირი