ერთადერთი აგრონომი, ვინც კავკასიის ტერიტორიაზე ყველა სამკურნალწამლო მცენარე შეისწავლა - გზაპრესი

ერთადერთი აგრონომი, ვინც კავკასიის ტერიტორიაზე ყველა სამკურნალწამლო მცენარე შეისწავლა

აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ იოსებიძე უნიკალური სამკურნალწამლო მცენარეების შესწავლის მიზნით 20 წელი კავკასიის ტერიტორიას იკვლევდა. ახლახან ათეულობით წიგნის ავტორის უნიკალური ახალი ნაშრომი, “საქართველოში გავრცელებული ველური და კულტურული სამკურნალწამლო მცენარეები” გამოიცა. მასში საქართველოს ბუნებაში არსებული 127 სამკურნალწამლო მცენარე და მათი ძირითადი მახასიათებლებია აღწერილი. ავტორს, რომელიც ასევე 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფიტოთერაპევტი და ლირიკული, საბავშვო და სატირული ლექსების ავტორიცაა, შესწავლილი აქვს ამიერ-იმიერ კავკასიის სამკურნალწამლო მცენარეთა გავრცელების პუნქტები, გამრავლების ადგილები, ვიზუალური მარაგები და ყველა ძირითადი მახასიათებელი მათ შესახებ. ბატონი ნიკოლოზი პირველია, ვისი ავტორობითაც საქართველოში მეურნის ენციკლოპედია და მეურნის კალენდარი გამოიცა. არის ასევე, მხატვარი და სკულპტორი.

- 1963 წლიდან ბილიკ-ბილიკ შემოვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის კუთხე-კუნჭული და ჩემი თვალით ნანახი რა სიმდიდრის პატრონები ვიყავით ბაღ-ვენახების, ბოსტან-ბაღჩების, ტარო-შეხორხლილი სიმინდისა და თავთავდამძიმებული პურის ყანების მხრივ. კავკასიის ტერიტორიაზე რაც კი რამ ადგილი არსებობს, ჩავდიოდი და ყველგან მცენარეებს ვაგროვებდი. ამას დაუმატეთ ჩვენი ტყე-ბუჩქნარის, მინდორ-ველის ბარაქა და სრული წარმოდგენა შეგექმნებათ აწ უკვე თითქმის განადგურებულ სოფლის მეურნეობაზე. განა ამ სიმდიდრის ხელყოფა და უპატრონოდ მიტოვება შეიძლებოდა?! ეს ხომ თვითმკვლელობაა?!

- როგორია დღეს საქართველოში სამკურნალწამლო მცენარეების ბუნებრივი მარაგი?

- საქართველოს მადლიანი, მართლაც ღვთივკურთხეული ბუნება ყოველთვის მდიდარი იყო როგორც ველურად მზარდი ხილ-კენკრით, უმად და მოხარშულ-შეკაზმულად საკვები ბალახებით, ისე სამკურნალწამლო მცენარეთა მრავალფეროვნებითა და სიუხვით. უძველესი ქართული მედიცინისთვის ცნობილი იყო და რა თქმა უნდა, სამკურნალოდ გამოიყენებოდა 200-ზე მეტი როგორც ველურად მზარდი, ისე კულტივირებული სამკურნალო მცენარე. მაგრამ დროთა განმავლობაში ბუნების რესურსების განუკითხავმა ხელყოფამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენი სამკურნალწამლო მცენარეების ბუნებრივი მარაგი. მე-19 საუკუნეში ქართველებმა უდიდესი დანაშაული ჩაიდინეს, როცა ვიღაც გერმანელს ტყე მიჰყიდეს ატენის ხეობაში. ახალმა პატრონმა ხეები და ბუჩქები მიწიანად ამოთხარა და თავისი ქვეყანა ხე-ტყით გაამდიდრა. ამასთან, ძვირფასი ტყის ნიადაგიც თან გაიყოლა. მას შემდეგ იმ ადგილებში ერთი ღერი ბალახიც კი აღარ ამოდის.

- დასანანია, რომ თქვენს ამ უნიკალურ და მასშტაბურ ცოდნას სხვა მეცნიერებს, კოლეგებს, მოსწავლეებს არ გადასცემთ...

- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სკოლაში რომ ვმუშაობდი. სკოლის დატოვების შემდეგ დიდხანს ვცდილობდი დავსაქმებულიყავი როგორც აგრონომი. ამ მიზნით რაიონებიც მოვიარე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ, მთელი ჩემი დრო მეცნიერებას დავუთმე და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. მართალია, ეს უშუალო კონტაქტით არ ხდება, მაგრამ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ადამიანებს წიგნებისა და კალენდრის მეშვეობით გადავცემ.

- თქვენი ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაკის ტერიტორიაზე დასახლდა...

- დიდი ოჯახი გვქონდა. 5 დედმამიშვილი ვიყავით, ორი და და ორი ძმა მყავდა. ჩვენი სახლი ერთ-ერთი პირველი იყო იმ რამდენიმე სახლიდან, რომელიც ვაკის ტერიტორიაზე 1927 წელს გაჩნდა. ჩვენი სახლის გვერდით აქა-იქ თითო-ოროლა ქოხი იდგა. ნელ-ნელა ირგვლივ რუსები, თათრები და სომხები დასახლდნენ. ცხვარი მთაში რომ მიჰყავდათ, მოედანზე აჩერებდნენ ხოლმე. ჩვენ ცხვარიც გვყავდა, ღორიც, ვირიც, ძროხაც. ცხვრის რძე “კაპიკები” ღირდა და დედა მისგან დამზადებულ რძის ნაწარმს არ გვაკლებდა. ნაჭრისგან გაკეთებული ბურთით ვთამაშობდით, ნამდვილ ბურთზე მხოლოდ ვოცნებობდით. მეზობლები ნათესავებს გვერჩივნა, ერთმანეთს მუდამ გვერდში ვედექით. მამა ამ ხეობის თავზე, ვაკის პარკის მოპირდაპირედ საგანგებოდ დასახლდა, ხეობაში ბაღი რომ გაეშენებინა. მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვერეს ხეობაში ბაღის მოვლასა და მოსავლის მოწევაში გაიარა. მშობლების გვერდით ვმუშაობდით მე და ჩემი ოთხი და-ძმა. ორი ტონა პომიდორი, ნიორი, ხახვი, თითქმის ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავდა. გვქონდა უამრავი კენკროვანი და ხილი. ტომრებით ვინახავდით მოწეულ კაკალს. ვერის პირზე ბაღი გვქონდა. მოგვიანებით, ტერასებზე საკუთარი ხელით გავაშენე ვენახი. მახსოვს, ერთხელ, მამამ ხიზილალა უზარმაზარი თასით მოიტანა. ბავშვებმა თეფშებზე დიდ ულუფებად გავინაწილეთ. დედამ დაშლა დააპირა, მაგრამ მამამ შეაჩერა, თავი დაანებე, ასე დაამახსოვრდებათო. აი, დამამახსოვრდა და ვიხსენებ კიდეც... მაგრამ როცა მოგვიანებით, დუხჭირ წლებში გასაყიდი აღარაფერი გვქონდა, სახლის ნახევარი დავთმეთ...

- თქვენი ერთ-ერთი საქმიანობა ფიტოთერაპიაა...

- დიახ, როგორც მოგახსენეთ, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფარმაკობოტანიკოსად ანუ სამკურნალო მცენარეების სპეციალისტად ვიმუშავე. თავდაპირველად, წამლებს ახლობლებისთვის ვამზადებდი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მადლიერმა პაციენტმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და მას შემდეგ პაციენტების რაოდენობამაც იმატა. დედამიწაზე არსებული 500 000 სახეობის მცენარიდან 12 000-ზე მეტს სამკურნალწამლო თვისებები გააჩნია. სამკურნალწამლო მცენარეთა შემგროვებელი აუცილებლად ამ საქმეში დახელოვნებული პრაქტიკოსი უნდა იყოს, რომელსაც მისთვის საინტერესო სახეობის შესახებ ყველაფერი ეცოდინება. უნდა იცოდეს, როდის რომელი ნაწილი და როგორ შეკრიბოს, რა ძირითადი წესები დაიცვას მცენარეებთან ურთიერთობისას. იცით, რომ მცენარე ერთსა და იმავე ადგილზე სამჯერ რომ მოჭრა, მეოთხედ იქ აღარ ამოვა? არათუ მოთხარო, არამედ - მოჭრა. უფრო მეტიც - ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას მცენარის შეგროვებაც დაუშვებელია. ხელმეორედ იმავე მიდამოში მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება მცენარეებით სარგებლობა, ამ დროის მანძილზე რომ მოღონიერდეს, თესლი დაყაროს და ადამიანის მიერ მიყენებული ზარალი აღიდგინოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნიდან მასობრივად გააქვთ სამკურნალწამლო საშუალებები, ამ მცენარეებს ფესვებიანად თხრიან და შესაბამისად, მისი გამრავლების შანსს სპობენ. დაუშვებელია სამანქანო გზის პირებში ნებისმიერი სახის მცენარის შეგროვება. ასეთი მცენარეები დაფარულია მტვრით, გაჟღენთილია გამონაბოლქვი აირებით და მათი გამოყენება, სარგებლობის ნაცვლად, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. მათ არასწორ გამოყენებას, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

* * *

ქართველს ზარმაცად იხსენიებს ვიღაც ზარმაცი,

ვითომ, ზარმაცმა ააშენა მცხეთა-არმაზი?!

პატრონზე გრემის, ქვათახევის, გელათის, ზარზმის,

თუ შეიძლება იყოს კაცი ასეთი აზრის?

P.S. ინტერვიუს ავტორი და ჟურნალი “გზა” ულოცავს ბატონ ნიკოლოზს 85 წლის იუბილეს. უსურვებს კიდევ უფრო მეტ ენერგიას, შრომის უნარს, დღეგრძელ და ჯანმრთელ სიცოცხლეს.

შორენა ლაბაძე