სულიკო ჟღენტი და მისი სცენარების ავტობიოგრაფიული დეტალები - გზაპრესი

სულიკო ჟღენტი და მისი სცენარების ავტობიოგრაფიული დეტალები

ქართულ კინოსამყაროში მან უაღრესად დიდი კვალი დატოვა. კინოდრამატურგი თავის სცენარებში პერიოდულად საკუთარი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდს “ათავსებდა”. ასე მოხდა: “ჯარისკაცის მამის”, “ღიმილის ბიჭების”, “ნერგების”, “ფესვების” და სხვა არაერთი სცენარის შექმნისას. ალბათ სწორედ ამ რეალური ისტორიების წყალობით, მისი შემოქმედება არა მხოლოდ თანამემამულეებისთვის ხდებოდა გამორჩეულად სათუთი, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებლისთვისაც...

20-ზე მეტი ფილმისა და 4 წიგნის ავტორს, სულიკო ჟღენტს, 22 ივნისს 97 წელი შეუსრულდებოდა.

ოლიკო ჟღენტი, სულიკო ჟღენტის შვილი, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი:

- მამას დაბადების დღის პომპეზურად აღნიშვნა არ უყვარდა, ძირითადად ეს რამდენიმე მეგობრის წრეში ხდებოდა. დედა უფრო იყო მამას დაბადების დღის აღნიშვნის ინიციატორი. ვინაიდან მამა ომის მონაწილე გახლდათ, ჩვენს ოჯახში მის 2-3 მეგობართან ერთად 9 მაისის აღნიშვნის ტრადიცია გვქონდა. საერთო ჯამში, ის ომში ოთხჯერ დაიჭრა და შინ მძიმე კონტუზიით დაბრუნდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, 9 მაისი ერთგვარად მისი ხსენების დღედ დავამკვიდრეთ და ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ: რეზო ჩხეიძე, რეზო ჭეიშვილი, ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა...

4-1658737120.jpg

სულიკო ჟღენტი 17 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ ისე წავიდა, ოჯახს არაფერი უთხრა. გიორგი მახარაშვილის პროტოტიპს ბრძოლის ველზე შეხვდა. მტერთან მორიგი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. დაჭრილი შვილის მოსანახულებლად სულიკოს დედა დიდი გაჭირვებით ჩავიდა ვლადიკავკაზში, მაგრამ ბიჭი ჰოსპიტლიდან რამდენიმე დღის გაწერილი დახვდა. შვილისთვის წაღებული მცირე ძღვენი იქვე პალატაში დაჭრილებს დაურიგა. მეორედ დაჭრისას კი ორივე მშობელმა მახინჯაურიდან სოჭის ჰოსპიტალში ჩააკითხა. 1942 წლით დათარიღებულ ფოტოზე სულიკო გადახვეული ყელით არის გამოსახული. იმ დროს მას სხეულში 3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პატარა ბიჭია, მასზე ვერავინ იტყვის, რომ უკვე ჯარისკაცია.

როცა ომიდან დაბრუნდა, დედამისი ხალხური მეთოდით, სხვადასხვა მცენარეული მალამოთი მკურნალობდა. ნელ-ნელა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. უმაღლესი განათლება მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში მიიღო. გამუდმებით წერდა, თან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მეუღლე ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ მისთვის სამუშაო პირობები შეექმნა. და მაინც, მის სახელთან დაკავშირებულ არაერთ ნამუშევარს შორის, “ჯარისკაცის მამის” სცენარი ყველაზე გახმაურებულია. დეტალურად არ აღვწერ, თუ რა ქარცეცხლში მოუწია გავლამ როგორც სცენარს, ისე ფილმს, 1964 წელს ეკრანებზე გამოსვლამდე. საბედნიეროდ, არაერთი პერიპეტიის შემდეგ, მხატვრულმა ფილმმა დღის სინათლე მაინც იხილა და “ჯარისკაცის მამას” დღემდე არც აქტუალობა დაუკარგავს, არც მხატვრული ზემოქმედების ძალა და არც ტრაგიკულ სიუჟეტს დაუტოვებია ვინმე გულგრილი.

რეზო ჩხეიძე სულიკო ჟღენტს მოსკოვიდან იცნობდა, როცა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდნენ. სულიკო 2 კურსით წინ იყო, რეზო სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა, სულიკო - სასცენაროზე. მერე ორივე საქართველოში დაბრუნდა...

იმ დღეს, როცა სულიკო ჟღენტმა თავისი ახალი სცენარი რეზო ჩხეიძეს დაუტოვა, თავად ბათუმში გაემგზავრა. კინოსტუდიიდან გამოსული რეჟისორი ტრამვაიში ჩაჯდა და მეგობრის დატოვებული ფურცლები გადაათვალიერა. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო, სათაურით “ჯარისკაცის მამა”.

“პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო - ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ბრწყინვალე მასალა იყო. იმ საღამოსვე ბათუმში დავრეკე და სულიკო შევაქე. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, ამ სცენარზე ფილმი შემექმნა...” - იგონებდა მოგვიანებით რეჟისორი.

რეზო ჩხეიძე “ზღვის ბილიკში” მთავარ როლში სერგო ზაქარიაძეს იღებდა. ერთ დილას მსახიობს გრიმს უკეთებდნენ, როცა მასთან რეჟისორი მივიდა და გამოელაპარაკა. მერე სულიკო ჟღენტის სცენარის თხრობა დაიწყო. ცოტა ხანში მსახიობს აღტაცებით უთქვამს: “ბიჭო, რა კარგი რამეა!” - და ატირებულა. მის ამგვარ რეაქციაზე რეჟისორიც ატირებულა და იქვე გადაწყვეტილა, უახლოეს მომავალში ფილმი უნდა გადაეღოთ.

0-oliko-da-suliko-1658737134.jpg

- ქალბატონო ოლიკო, რომელ რეჟისორთან თანამშრომლობა იყო მისთვის ყველაზე კომფორტული, თუ შეიძლება ასე ითქვას და მისი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმებიდან რომელი მოსწონდა ყველაზე მეტად?

- ფილმი საბოლოოდ რეჟისორს ეკუთვნის, შესაბამისად, იშვიათია სცენარისტი, რომელიც ბოლომდე კმაყოფილია რეჟისორის გადაწყვეტილებით. სცენარისტის ჩანაფიქრის დიდი ნაწილი ეკრანზე გადატანისას მაინც იკარგება. მაგალითად, განსაკუთრებით “ფესვების” გამო სტკიოდა გული, რომლის სცენარიდან კინემატოგრაფიულად საინტერესო არაერთი ეპიზოდი ფილმში არ გადავიდა... ალბათ მაინც რეზო ჩხეიძე იყო ის რეჟისორი, რომელიც მამასთან ტანდემში ახდენდა სცენარის უმთავრესი მომენტების ფილმში გადატანას და ამგვარად, ავტორისეული კონცეფციის დაცვას... თუმცა შემოქმედებითი დიალოგი არც კამათს, აზრთა სხვადასხვაობას და ზოგჯერ განსხვავებულ პოზიციებსაც არ გამორიცხავდა. საერთოდ, მას როგორც სცენარისტს იმ პერიოდში, 1950-იანი წლების ბოლოს, რთულ პირობებში მოუხდა საკუთარი თავის დამკვიდრება. პროფესიონალი სცენარისტი იყო, რომელსაც საბჭოთა კინოს აღიარებული დრამატურგები ჰყავდა პედაგოგებად. როცა საქართველოში ჩამოვიდა, კულტურის სამინისტროსგან რეკომენდაცია ჰქონდა, რომ კინოსტუდიაში სამუშაოდ მიეღოთ - იმხანად პროფესიონალი კინოსცენარისტების დეფიციტიც იყო, მაგრამ ძალიან გაურთულეს ეს პროცესი - დაბრკოლებები შეუქმნეს და მისთვის კინოსტუდიის კარი დროებით დახურული აღმოჩნდა. მაშინ რეზო ჩხეიძე ამოუდგა მხარში. შემდგომშიც ერთად ბევრი იბრძოლეს როგორც “ჯარისკაცის მამის” სცენარისთვის, ისე ფილმის ეკრანებზე გამოსაშვებად... იმ დროს საბჭოთა კინოს პრაქტიკაში იშვიათობა იყო, სცენარი სპეციალურად მსახიობისთვის დაეწერათ, თუმცა ჰოლივუდში ეს უკვე დამკვიდრებული მეთოდი იყო. მამამ კი “ჯარისკაცის მამა” უშუალოდ სერგო ზაქარიაძისთვის დაწერა, ისევე როგორც დოდო აბაშიძისთვის - “ფესვები”, “ჭიაკოკონა” და “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”...

- ის სულ აქტიურად წერდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მის რეჟიმში რამე ხომ არ შეიცვალა?

- კინოს დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა - სცენარის დაწერა მისთვის მძიმე და დაძაბული შრომა იყო, რაც უამრავ თეთრად გათენებულ, უძილო ღამეს უკავშირდებოდა. ერთხანს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, მაგრამ არ დათანხმდა. მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს კინოდრამატურგიის ჯგუფთან, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ძალიან უხაროდა, როცა ლექციების ჩასატარებლად თავის მშობლიურ ბათუმში ჩადიოდა. მანამდე საქართველოს ტელევიზიის მთავარ რედაქტორობას სთავაზობდნენ, რაც საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობად ითვლებოდა, მაგრამ საამისოდ პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო. ის არც მაშინ და არც შემდეგ პარტიის წევრი არ გამხდარა. მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ გასვლა არ გასჭირვებია, უცხოეთში ბევრს მოგზაურობდა როგორც მივლინებით, ისე ტურისტად. გასაკვირია, რომ პარტიული არ ყოფილა და ამას მაინც ახერხებდა. რაც შეეხება რეჟიმს, როცა პოსტსაბჭოთა პერიოდში კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ფილმების წარმოება შეწყდა და გადაღება შეფერხდა, იმ დროს მას რამდენიმე საინტერესო სცენარი ჰქონდა შექმნილი. უცხოელი სპონსორებიც გამოჩნდნენ, უნდა ყოფილიყო ქართულ-ესპანური ერთობლივი ნამუშევარი, მაგრამ 90-იანი წლები, აფხაზეთის ომი და არამდგრადი პოლიტიკური თუ სოციალური ვითარება ხელის შემშლელი აღმოჩნდა. იყო კიდევ ერთი, სათავგადასავლო ჟანრის მასშტაბური პროექტი, რომლითაც ამერიკელი პროდიუსერი და ჰოლივუდის რეჟისორი დაინტერესდნენ, მაგრამ არც ეს გამოვიდა.

მამა ემზადებოდა რომანის დასაწერად. მან თავისი შემოქმედებითი გზა ხომ მწერლობით დაიწყო, ბეჭდავდა ნოველებსა და მოთხრობებს, გამოსცა კიდეც კრებული “შავი ზღვისპირეთის საღამოები”, მაგრამ შემდეგ, როგორც თავად ამბობდა, გადაწყვიტა, რომ სათქმელი ყველაზე სახიერად სცენარებით გადმოეცა. კინო ბავშვობიდან უყვარდა, კინოთეატრის “აბეზარი” სტუმარი იყო და საბოლოოდ შემოქმედებითი რეალიზებაც ამ სფეროში მოახდინა. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით სურდა, თავად გადაეღო ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას ასახავდა, თავად უნდა ყოფილიყო რეჟისორი და დაწყებულიც ჰქონდა მასზე მუშაობა, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო. ამიტომ 24 საათი იჯდა, წერდა ან სანთლის შუქზე კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის ტომეულს.

- რატომ ჯავახიშვილს?

- ისტორიული ჟანრი ძალიან იტაცებდა. ისტორიული რომანის დასაწერად ემზადებოდა. სანამ კინოში ფეხს აქტიურად მოიკიდებდა, 60-იანი წლების დასაწყისში მამამ ისტორიული ჟანრის მოთხრობები გამოსცა, მათ შორისაა “კიდევაც დაიზრდებიან”, რომელშიც ერეკლე მეფის ეპოქასა და ასპინძის ომთან დაკავშირებულ ბატალიებს აღწერდა... მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა მამას ჩანაწერები შევკრიბე და წიგნად გამოვეცით, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი საქართველოს წარსულსა და მომავალზე. ძალიან აღელვებდა ჩვენი ქვეყნის ბედი. უაღრესად განიცდიდა აფხაზეთის ომს, კრიტიკულად აფასებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. სულ ამბობდა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩვენი ყველა ნაბიჯი არასწორი, სტრატეგია კი - წარუმატებელი იყო. სამოქალაქო დაპირისპირება და განხეთქილება ძალიან მძიმედ აღიქვა, გადარჩენის ერთადერთ გზას ეროვნულ გაერთიანებაში ხედავდა.

- როგორ გაიცნო დედ-მამამ ერთმანეთი? დედმამიშვილი გყავთ?

- ერთი და მყავს. მამას რომ ჰკითხავდნენ, ბიჭი არ გყავსო, მე ვარო - ხუმრობით პასუხობდა. დედაჩემს, ლეილა ჟღენტს სამედიცინო განათლება ჰქონდა, სოხუმში სწავლობდა, მაგრამ მათ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს. მამა ფრიდონ ხალვაშთან მეგობრობდა. ბათუმში ფრიდონის მეზობლად დედა თავისი გამზრდელის, ცნობილ ექიმ-პედიატრ ვახტანგ დიასამიძის ოჯახში ცხოვრობდა. ეტყობა, მამამ შენიშნა და მოეწონა. ფრიდონის შვილი მაშინ პატარა იყო, მაგრამ ჩემი მომავალი მშობლების დაქორწინებაში მასაც მიუძღვის პატარა წვლილი - ერთ დღეს მამასთან მისულა და უთქვამს: სულიკო უცოლოა და მოდი, ლეილა გავაცნოთო... მერე ჰყვებოდნენ, ქორწილში ზაზა სიძე-პატარძლის გვერდით მჯდარა და მთელი საღამო არ მოშორებიაო. მამაჩემის მეჯვარე ფრიდონ ხალვაში იყო და ის ამით ყოველთვის ამაყობდა. მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს, დედას არ უმუშავია, მთელი ცხოვრება მამას ხელს უწყობდა, რომელსაც გაზეთით, სიგარეტითა და ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფდა, რაც მუშაობის პროცესში სჭირდებოდა.

- როგორი იყო თქვენი და მამათქვენის ურთიერთობა?

- მამა ჩემს ცხოვრებაში არ ერეოდა. ჩვენი საერთო ინტერესი ფილმების ყურება იყო. როცა ტელევიზიით რაიმე საინტერესო ფილმი გადიოდა, დავსხდებოდით და ერთად ვუყურებდით. რამეზე რომ ვეტყოდი, ეს ნანახი მაქვს-მეთქი, სულ უკვირდა, ყველაფერი ნანახი როგორ გაქვსო?! თბილისის კინოს სახლში წელიწადში ერთხელ რუსეთის კინოარქივის “ოქროს ფონდიდან” ფილმები ჩამოჰქონდათ, მათ შორის - კლასიკა ან ბოლო პერიოდის კინოშედევრები - ფრანგული, იტალიური, ამერიკული, და ჩვენება კინემატოგრაფისტთა წრეში ეწყობოდა. მახსოვს, მთელი თბილისი გვირეკავდა და მოსაწვევს გვთხოვდა, მაგრამ მოსაწვევები მხოლოდ კინოკავშირის წევრებზე რიგდებოდა. მაშინ მოზარდი ვიყავი, საბედნიეროდ, მქონდა პრივილეგია, კინოსეანსებს მამასთან ერთად დავსწრებოდი და ჩემთვის ყოველთვის დღესასწაული იყო ის დღეები.

მას ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და უნდოდა, მეც მესწავლა. კინოსტუდიაში მუშაობის პარალელურად, ხშირად ჭადრაკს თავის კოლეგებს ეთამაშებოდა; რამდენიმე გაკვეთილი მეც ჩამიტარა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ თამაშს ალღო ვერ ავუღე, ნიჭი არ მქონდა, და ამ ფაქტს რატომღაც ძალიან განიცდიდა (იღიმის).

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მონასტერში წასვლა უნდოდა. ამბობდა, საწოლშიც არ დავწვები, ცივ იატაკზე დავიძინებო... ბოლოს, როცა ავადმყოფობდა და თითქმის საწოლს იყო მიჯაჭვული, ლექსი დაწერა, სადაც დედა შვილს უხმობს. დედის მიმართ მიძღვნილი ლექსის შინაარსიც ძალზე მისტიკურია. გარდაცვალებამდე მღვდელი მოვუყვანეთ. ეზიარა, აღსარებაც ჩააბარა და, როგორც ნამდვილი ქრისტიანი, ისე წავიდა იმ ქვეყნად. მერე მოძღვარმა მითხრა, იმდენად ღრმა და გულწრფელი სინანულით წავიდა, პირდაპირ სასუფეველში მოხვდებაო...

დაბოლოს გეტყვით, რომ მალე ბათუმს სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი შეემატება. სტატიას კი სულიკო ჟღენტის მოგონებებიდან ერთი ამონარიდით დავასრულებ: “ახალგაზრდა ბიძაშვილი მყავდა, მამამისი 1937 წელს დახვრიტეს, ის იყო ჩემი მფარველი, ბავშვობაში თუ რაიმე გამიჭირდებოდა, ამირანს ვუხმობდი ხოლმე, ომის დაწყებამდე გარდაიცვალა, მოულოდნელად გული გაუჩერდა...

პირველად რომ დავიჭერი, სამედიცინო ნაწილში გავრბოდი, რომ მიმესწრო. ამ დროს გერმანელებმა საარტილერიო მომზადება დაიწყეს - ერთი საათის განმავლობაში ცა და მიწა ირყეოდა, იმდენად ახლოს სკდებოდა ყუმბარები, რომ ჰაერის ტალღა აქეთ-იქით მისროდა, მერე რომ ვიხსენებდი, ანგარიშმიუცემლად გავყვიროდი ხმამაღლა: “ამირან, მიშველე! ამირან, გადამარჩინე!..” იქიდან ცოცხლად გამოსვლა წარმოუდგენელი იყო, დარწმუნებული ვარ, მან გადამარჩინა...

რომ ამბობენ: “მე ჩემი ვალი პირნათლად მოვიხადეო!” არავის მოუხდია თავისი ვალი პირნათლად. ეს ყალბი გამოთქმაა. ვალს რა მოიხდის? თუნდაც ის, რომ ღმერთმა გაგაჩინა და ერთი მზიანი ან წვიმიანი დღე გაჩუქა. გადაუხდელი და ენით აღუწერელი ვალია, სიცოცხლით სავსე ერთი დღე...!”

ანა კალანდაძე