ბროწეულა - კინემატოგრაფისტთა “სამოთხე” უდაბნოში - გზაპრესი

ბროწეულა - კინემატოგრაფისტთა “სამოთხე” უდაბნოში

თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინთან მდებარეობს უნიკალური სოფელი ბროწეულა, რომელიც ქართული კინოს სახელოვანმა მოღვაწეებმა დააფუძნეს. ამ სოფელში ქუჩებს ცნობილი მსახიობების, რეჟისორებისა და ქართული კულტურის მოამაგეთა სახელები ჰქვია. აქ ნახავთ ნატო ვაჩნაძის, ლია ელიავას, იპოლიტე ხვიჩიას, ზურაბ ქაფიანიძისა და სხვათა ქუჩებს. ჟურნალ “გზის” რედაქციას დაუკავშირდა კინოოპერატორი გივი ყურელი, რომელსაც ამ მყუდრო ლამაზი დასახლების მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და სოფელ ბროწეულაზე გვიამბო.

- ჩვენი სოფელი ბროწეულა ე.წ. ამხანაგობის საფუძველზე დაარსდა. ბევრს ახსოვს, რომ საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა სფეროს მუშაკები ქმნიდნენ ასეთ “ამხანაგობებს” და მერე ერთად აშენებდნენ სახლებს, კორპუსებს და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, კინოსოფელი აგვეშენებინა. ბროწეულა თავდაპირველად მხოლოდ კინემატოგრაფისტთა დასახლება იყო, მაგრამ მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ, აქ სახლები ლტოლვილებმაც შეიძინეს და ახლა 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. “21-ე საუკუნის სოფელი” - ასე უწოდა ბროწეულას პატრიარქმა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სოფელი თანდათან 21-ე საუკუნის ლამაზ დასახლებას ემსგავსება.

- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- როდესაც ბროწეულაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენო კინოსტუდია “ქართული ფილმი”, რომელსაც 1958 წლიდან ვემსახურები. ახლაც ტკბილად მახსენდება, როგორ მოვხვდი ამ ჯადოსნურ სამყაროში: მშობლებმა ბავშვობაში ფოტოაპარატი მიყიდეს და იმ დროიდან დაიწყო ჩემი გატაცება - ყველაფერს ვიღებდი, რაც მომეწონებოდა: საინტერესო კადრებს, პეიზაჟებს, ადამიანებს... იმ პერიოდში რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს - “მაია წყნეთელი”. ჩემი ფოტოაპარატით მივედი და ფილმის ყველა მონაწილე გადავიღე. რეზო მაშინ ახალგაზრდა იყო, შენიშნა, ამ ჩემს აპარატს როგორი გატაცებით ვაჩხაკუნებდი და მთხოვა, - იქნებ ფილმის გადაღებაშიც დაგვეხმაროო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. “მაია წყნეთელს” ჯვრის მონასტერთან იღებდნენ და გადაღება ოთხი თვე გაგრძელდა. ასე შედგა ჩემი დებიუტი და ასე “მოვიწამლე” კინემატოგრაფით. თითქმის ყველა ცნობილ რეჟისორთან მიმუშავია: თენგიზ აბულაძესთან, მიხეილ ჭიაურელთან, ოთარ იოსელიანთან და სხვებთან... იმ პერიოდში ქართული კინოს მუშაკებს მიწის ნაკვეთებს ურიგებდნენ და ეს ადგილი, მარტყოფთან ახლოს, 1967 წელს გამოგვიყვეს.

- ალბათ მძიმე შრომა დასჭირდა, სოფელი რომ აშენებულიყო.

- დიახ, რადგან აქ ტრიალი მინდორი, უფრო სწორად, უდაბნო იყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ყველანი მისი ნანგრევების ქვეშ მოვყევით, ქართული კინოს მუშაკებს ძალიან გაუჭირდათ და ზოგი უცხოეთში წავიდა სამუშაოს საძებნელად, ზოგმა პროფესია შეიცვალა და თავის გადასარჩენად ახალი გზა აირჩია. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ამ უკაცრიელ, ხრიოკ ადგილას საკუთარი მეურნეობები გაგვეშენებინა და ოჯახებს დავხმარებოდით. ამ საქმეში კინოსტუდიის მუშაკები აქტიურად ჩაერთვნენ და ბრძოლა დავიწყეთ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.

broweuloba-1658737310.jpg

- თანხა როგორ მოიძიეთ?

- ჩვენი ჩანაფიქრი რეზო ჩხეიძეს გავანდვე და ფინანსური დახმარება ვთხოვე. 1990-იან წლებში კინოსტუდიას უკვე უჭირდა, მაგრამ საქმეში თენგიზ აბულაძე ჩაერია. ის გმირთა მოედანზე, ე.წ. 11-სართულიან სახლში ცხოვრობდა. ერთხელ თავისთან დამპატიჟა. ბატონ თენგიზს ერთ ოთახში სულ ბიბლიოთეკა ჰქონდა. ერთ კარადასთან მივიდა, ბიბლია გადმოიღო, სანთელი დაანთო და პირჯვარი გადაიწერა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, წავიდეთო და ჩემი ძველი “ჟიგულით” რეზო ჩხეიძეს მივადექით დიღმის სტუდიაში. ახლაც მახსოვს, რა გულით სთხოვა თენგიზ აბულაძემ რეზო ჩხეიძეს: დაეხმარე გივის, თითქოს ფილმს იღებდეს, მაგრამ ფილმის ნაცვლად, ეს სოფელი ააშენოსო. ასე დაიძრა ყინული და დავიწყეთ ბროწეულას მშენებლობა. მძიმე შრომა გვიწევდა. თავდაპირველად გველებით სავსე ბუჩქები გავკაფეთ და ქვა-ღორღი გავიტანეთ. პაპანაქება სიცხეს დღის 1-2 საათამდე ვუძლებდით და მერე მივდიოდით, რადგან არც წყალი იყო და არც არაფერი. ზოგჯერ უიმედობა შემიპყრობდა და გულში ვფიქრობდი, ამ ხრიოკ ადგილზე ერთი ხეც ვერ გაიხარებს-მეთქი, მაგრამ ხეები მაინც დავრგეთ. ნერგები თბილისიდან მოგვქონდა, ხოლო სარწყავ წყალს ვედროებით ვეზიდებოდით მდინარე ლოჭინიდან და კოვზადან, რომელიც იქვე ახლოს ჩამოედინება. რამდენიმე წელიწადში ნერგებმა, რომლებსაც თვალისჩინივით ვუვლიდით, გაიხარა და ეს ნაცრისფერი უდაბნო თანდათან გამწვანდა. მერე ჩვენ-ჩვენი ეზოები შემოვღობეთ და სახლების მშენებლობაც დავიწყეთ. დღეს უკვე ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩვენი ლამაზი ბროწეულა დიდი ენთუზიაზმის წყალობით აშენდა. თავდაპირველად, ლოჭინის ხევთან ახლოს, ძალიან პატარა დასახლება აშენდა, მერე კი თანდათან გაჩნდა ქუჩები, რომლებსაც გამოჩენილ კინოხელოვანთა სახელები დავარქვით.

- ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა კინოსოფლის მშენებლობაში?

- დიახ, ასეა. აუცილებლად უნდა ვახსენო ყველასათვის საყვარელი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია, რომელმაც ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა: იმ დროს კახეთისკენ ტრასა არ გადიოდა, მხოლოდ მატარებელი მოძრაობდა და სწორედ იპოლიტეს დამსახურებაა, ბროწეულაში მატარებლის ბაქანი რომ გაკეთდა. აქ არაერთ სასიქადულო მსახიობს ჰქონდა ნაკვეთი და ჩვენს ქუჩებსაც ამ ადამიანების სახელები დავარქვით. მაგონდება, როგორი გაბრწყინებული სახით გვიყვებოდა კინოდოკუმენტალისტი გიორგი ასათიანი, თავის ბაღში 50 ცალი ატამი რომ მოკრიფა; რა ლამაზად იყო გაწმენდილი რეჟისორ დავით რონდელის ნაკვეთი, ეროსი მანჯგალაძე კი ხშირად იმეორებდა: აქ დიდი ვაშლის ბაღი უნდა გავაშენოო, რადგან ვაშლი ძალიან უყვარდა. თავის ნაკვეთში მომუშავე იპოლიტე ხვიჩიას დანახვისას, კახეთისკენ მიმავალმა მგზავრებმა აქაურ რკინიგზის ბაქანს “ხვიჩიას ბაქანი” დაარქვეს. მაგონდება, როგორ გვარიგებდა კოტე დაუშვილი: მხოლოდ შრომითა და მოთმინებით გაიმარჯვებთ, ნახავთ, აქაურობა როგორ დამშვენდებაო!.. რეზო თაბუკაშვილს, იმედა კახიანს, ზურაბ ქაფიანიძეს, თენგიზ არჩვაძეს - თითოეულს თავისი წვლილი აქვს შეტანილი, უდაბნოს ნაცვლად, აქ მშვენიერი სოფელი რომ ყოფილიყო. სხვათა შორის, ჩვენი სოფლის გალამაზებაში თავისი წვლილი შეიტანა ძალიან კარგმა ადამიანმა და ჟურნალისტმა - გიორგი გოგიჩაიშვილმა - გოგიჩამ. ის ნერგების დარგვაშიც კი გვეხმარებოდა. მისი სიმამრის ოჯახი აქ ცხოვრობს. მართალია, ზოგიერთმა ძველმა მცხოვრებმა აქაურობა დატოვა, მაგრამ ვინც შემოვრჩით, ვირჯებით ჩვენი დასახლების ასაყვავებლად.

- ბროწეულას ტრანსპორტი თუ ემსახურება?

- დიახ, კინოსოფელი თბილისთან ახლოს მდებარეობს - ლილოს ბაზრობიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ავტობუსი დაენიშნათ, კახა კალაძესაც მივმართე თხოვნით და დღეს ჩვენს კინოსოფელში თბილისის ავტობუსი დადის. წყლის პრობლემაც გვაქვს, მაგრამ გვპირდებიან, რომ მარტყოფისა და ნორიოს შემდეგ, აქაც მოაგვარებენ. მიხარია, რომ ბროწეულა თანდათან იზრდება და ლამაზდება. გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებისა, ჩვენთან სხვა ერების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. მოკლედ, კინოსოფლის მხოლოდ სახელიღა შემოგვრჩა, მაგრამ მთავარია, დასახლებაში ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომელიც მის კეთილმოწყობაზე ზრუნავს: გაკეთდა ქარსაცავი ზოლი, ბუნებრივი აირიც შემოიყვანეს, ხალხს პირუტყვი ჰყავს და ნაკვეთებს ამუშავებს. სხვათა შორის, პანდემიამ და სოციალურმა სიდუხჭირემ ბროწეულას მოსახლეობა კიდევ უფრო გაზარდა, რადგან ბევრ ოჯახს ქალაქში ცხოვრება გაუჭირდა და სოფელში ყოფნა არჩია.

ezooo-1658737299.jpg

- დასახლებას “ბროწეულა” რატომ დაარქვით?

- ჩვენს სოფელს, ისტორიულ სოფელ მარტყოფამდე ესაზღვრება ადგილები, რომელსაც ბროწეულას ეძახდნენ. როგორც ჩანს, აქ ერთ დროს ბროწეულის კარგი მოსავალი მოჰყავდათ. თანაც ლამაზი სახელია და ჩვენს დასახლებას ძალიან მოუხდა. ბროწეულის ნერგებიც სპეციალურად დავრგე, რომ ჩვენს სოფელში ეს გემრიელი და სასარგებლო მცენარე ბლომად იყოს. გაზაფხულზე აყვავებული ბროწეულის ნახვას რა სჯობს?!. აქვე დავრგე 90 კვიპაროსი. ნაწილმა კარგად გაიხარა და გარემო გაალამაზა. სასიხარულოა, რომ ამ ერთ დროს უდაბნოდ ქცეულ მიწაზე ყველაფერი მოდის და ხალხს ხილი და ბოსტნეული ზამთარშიც სამყოფად აქვს. ყოველ 6 ოქტომბერს აქ ტრადიციული დღესასწაული - ბროწეულობა იმართება და კინოსოფელში სახელოვანი ადამიანები ჩამოდიან. ეს ხომ ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული ადგილებია, სადაც ერთ დროს ხეც კი არ ხარობდა, ახლა კი ხალხი ცხოვრობს და სიცოცხლე ჩქეფს!

ხათუნა ჩიგოგიძე