“საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ისეთი ძვირი არ არის, როგორიც უცხოეთშია” - გზაპრესი

“საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ისეთი ძვირი არ არის, როგორიც უცხოეთშია”

თამარ დიასამიძეზე, როგორც დიზაინერზე, პირველად სოციალური ქსელების მეშვეობით შევიტყვე. თვალს მოგჭრით მისი შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები. საკმაოდ რთულია თქვა ახალი სიტყვა მოდის ინდუსტრიაში, შექმნა განსხვავებული, ორიგინალური ნამუშევრები, რომლებიც ყურადღებას მიიქცევს და აღიარებასაც მოგიტანს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გზავნის ნამუშევრებს და როგორც თავად გვეუბნება, უკმაყოფილო მომხმარებელი არ ჰყავს.

- თავდაპირველად ცოტა რამ გვიამბეთ თქვენზე. როდის დაიწყეთ სამკაულების კეთება?

- ორი შვილის დედა ვარ. სამკაულებზე მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე. ჯერ ჩემი შვილისა და მეგობრებისთვის ვაკეთებდი სამაჯურებს, ყელსაბამებს... რადგან მათ ძალიან მოეწონათ, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ამ საქმეს შემოსავლის წყაროდ თუ ვაქცევდი.

- შესაძლებელია, დღეს ადამიანმა საქართველოში ასეთი ბიზნესით ირჩინოს თავი?

- შემოსავლის წყაროდ კი იქცა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამით შემიძლია ოჯახის რჩენა. თუ მთელ დროსა და რესურსს მხოლოდ ამ საქმეში ჩადებ, მაშინ შეიძლება მოახერხო.

საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ისეთი ძვირი არ არის, როგორიც უცხოეთში და წარმოიდგინეთ, ნივთს რომ მიიღებენ, მადლობასაც შემოგითვლიან ხოლმე...

289760944-1776986909317481-3260667003934369385-n-1658737470.jpg

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც დიზაინერისთვის კმაყოფილი მომხმარებელი და ითვალისწინებთ თუ არა დამკვეთის აზრს?

- ძალზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ვაკეთებ. ამიტომ უმჯობესი იქნება, ამ ეტაპზე საკუთარ თავს დამწყებ დიზაინერს თუ ვუწოდებ. ეს არის მოწოდება, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს და ასევე შესაძლებლობაა, გამოვხატო საკუთარი თავი. ენერგიას არ ვიშურებ, რომ მათთვის შექმნილი სამკაული ისეთი იყოს, როგორსაც ელოდებიან. სანამ შეკვეთას გავუგზავნი, მანამდე ბევრჯერ ვანახვებ ფოტოების მეშვეობით და მზადების პროცესში მათ აზრსაც ვითვალისწინებ.

- რამდენად დაგეხმარათ სოციალური ქსელები თავის რეალიზებაში?

- ძირითადი მომხმარებლები სოციალური ქსელების მეშვეობით მოვიზიდე. არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელშიც მსგავსი პროფესიის ადამიანები ვართ გაწევრებული, ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს და სხვადასხვა საკითხში ვეხმარებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- სამუშაოდ რა მასალას ირჩევთ?

- უპირატესობას ბუნებრივ ქვებს ვანიჭებ, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებიც სამკაულის აწყობას პლასტმასის ბისერებით ამჯობინებენ, ანუ ეს დამკვეთზეა დამოკიდებული.

291457293-5188519624564543-901490643048791947-n-1658737460.jpg

- გამოფენა გქონიათ?

- პერსონალური - არა, თუმცა ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა ბევრჯერ მიმიღია.

- რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

- წარმატებამდე ჩემმა შრომამ მიმიყვანა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მინდა ჩემი პატარა საწარმო გავხსნა, სადაც რამდენიმე გოგოს დავასაქმებ და ბიზნესს გავაფართოებ.

ფიქრია რობაქიძე

“გზის” სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან