“მინდა, მოქანდაკე გავხდე და სამშობლო ვასახელო” - გზაპრესი

“მინდა, მოქანდაკე გავხდე და სამშობლო ვასახელო”

“11 წლის მარიამ დარბაიძის გამოძერწილი “ჯარისკაცის მამა”, - ამ წარწერით გავრცელდა სოციალურ ქსელში ფოტო, რომელმაც ათასობით მოწონება და ზოგიერთის აღშფოთება გამოიწვია: ვიღაცები ფიქრობენ, რომ 11 წლის ბავშვი პრინცესებს, ყვავილებს უნდა ძერწავდეს და არა ომის თემას... 11 წლის მარიამს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ...

- დავიბადე და ვცხოვრობ თბილისში. მყავს დიდი ოჯახი - დედა, მამა, ბებო, ჩემი ძამიკო და ორი დაიკო. მამა საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯარისკაცია, დედა - დიასახლისი. ვარ მეოთხე კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს სწავლა, განსაკუთრებით ქართული ლიტერატურის გაკვეთილები მომწონს... მყავს ბევრი მეგობარი და მათთან ყოფნა, გართობა მიყვარს.

293259626-403032545144801-7626853400684869564-n-1659340360.jpg

- საოცარი ნამუშევრები გაქვს...

- ხატვა და ძერწვა პატარა ასაკიდან მიყვარს. თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ჩემი შემოქმედების დასახვეწად ერთი წელია, რაც სოლიკო ვირსალაძის სახელობის ნომერ პირველ სამხატვრო სკოლაში ვსწავლობ... კარგი სასწავლო მოსწრებიდან და ჩემი ნამუშევრებიდან გამომდინარე, ხელოვნების სკოლამ მერიის სტიპენდიატად წარმადგინა. მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის ქალბატონ ქეთევან ბარნაბიშვილს და ყველა პედაგოგს. ასევე ვსწავლობ ფორტეპიანოს - ჩიმაკაძის ნომერ მესამე ხელოვნების სკოლაში.

290153218-3028349110715075-4776043173190338125-n-1659340385.jpg

- რა ასაკში დაიწყე ძერწვა და პირველად რა გამოძერწე?

- როგორც დედა ამბობს, მე და საძერწი მასალა ორი წლიდან ვმეგობრობთ. ვძერწავდი ყვავილებს, წიწილებს, ბაჭიებს და სხვადასხვა სახალისო ფიგურას. პირველი ნამუშევარი, რომელმაც საბავშვო ბაღში დიდი ყურადღება მიიქცია, მგელი იყო “წითელქუდადან”.

შემდეგ დავიწყე ფერიების და სხვადასხვა ზღაპრის გმირის ძერწვა. მიყვარდა კონკიას ძერწვა და ხშირად სხვადასხვა ფერის კაბით ვძერწავდი... სკოლაში შესვლის შემდეგ უკვე მწერლების, სხვადასხვა მოთხრობის გმირების ძერწვა დავიწყე. მათ ბიოგრაფიას ახლოს ვეცნობოდი და ვძერწავდი... მეორე კლასში ვიყავი, სკოლაში ძერწვის კონკურსი რომ ჩატარდა. მე ფიროსმანის “მეთევზე” გამოვძერწე და პირველი ადგილი დავიკავე. შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის წევრი გავხდი და გამოფენებში ვმონაწილეობდი. მადლობა ამისთვის ქალბატონ ბელა კავთელიშვილს. მისი ძალისხმევით ბევრმა ადამიანმა ნახა ჩემი ნამუშევრები... ვძერწავდი ქართველ მწერლებს, “ვეფხისტყაოსნის” გმირებსა და ჩემთვის საყვარელ სხვა პერსონაჟებს.

289779957-556274489483834-1345354718925487855-n-1659340373.jpg

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს ნამუშევარს “ჯარისკაცის მამა”... რატომ დაინტერესდი ამ თემით?

- ერთხელ ინტერნეტში წავაწყდი “ჯარისკაცის მამიდან” ფრაგმენტს, ვაზის ეპიზოდს ვგულისხმობ. მაშინვე გამოძერწვის სურვილი გამიჩნდა და გადავწყვიტე, ჯერ ფილმი მენახა, ხასიათს რომ ჩავწვდომოდი... ფინალურმა სცენამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და არ შემეძლო, არ გამომეძერწა. ეს ფილმი თავისი შინაარსითა და ბევრი ლამაზი ეპიზოდით ძალიან მომეწონა.

ყვავილებს და პრინცესებს პატარა ასაკში ვძერწავდი, ახლა სირთულეების დაძლევა უფრო მაინტერესებს. როცა რთულ თემაზე ვმუშაობ და შედეგი ისეთია, როგორიც მინდა, ძალიან ბედნიერი ვარ! ვიცი, ჯერ ბევრი უნდა ვისწავლო, სრულყოფილ შედეგს რომ მივაღწიო, ამისთვის ბევრს ვშრომობ. ჩემი სურვილია მოქანდაკე გამოვიდე და სამშობლო ვასახელო!

მანანა გაბრიჭიძე