დამღუპველი არქიტექტურა
ალბათ, ყველასთვის ცნობილია ფრთიანი გამონათქვამი: “ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა!” - ანუ ის ადგილია, სადაც თავს დაცულად, კომფორტულად და თავისუფლად უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ დამეთანხმებით, ყველასთვის ასე არ არის... ალბათ ისიც ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი პირადი სივრცე აქვს, რომლის დარღვევაც სხვებს კატეგორიულად უნდა ეკრძალებოდეთ.
ერთი მხრივ, სხვათა საზღვრების დარღვევა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა, რაზეც იმდროინდელი განაშენიანებაც თვალნათლივ მეტყველებს. ამჯერად ე.წ. ხრუშჩოვკებზე გვინდა ვიმსჯელოთ, სადაც პიროვნების დაცულობაზე ნამდვილად არავის უფიქრია. ამგვარ მჭიდრო სივრცეებში ხომ ადამიანებს დღესაც არ ტოვებს განცდა, რომ ისინი ისევ საბჭოთა კავშირის “კუთვნილება” არიან. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წარსული თავს არ განებებს - მიილტვი ევროპული ფასეულობებისკენ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, მაგრამ ფეხებით ისევ კომუნისტური მმართველობის ჭაობში დგახარ. გამოდის, არქიტექტურა პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მენტალურ მდგომარეობასთან. მხოლოდ იურიდიული დამოუკიდებლობა კი არ ნიშნავს, იყო ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, რადგან ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემა განსაზღვრავს ჩვენივე თავისუფლების ხარისხს.
სიტყვა “ხრუშჩოვკა”, რომლის ხსენებაზეც ყოველ მოწიფულ ადამიანს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიიდან ტანში უსიამო ჟრუანტელი უვლის, თითები მუშტად ეკვრება და თვალებში მრისხანების ნაპერწკლები უჩნდება, სტალინური პერიოდის დასრულებისას გაჩნდა.
როგორ მოვედით აქამდე - მოკლე ისტორიული ექსკურსი
ეს ტერმინი 1954 წლიდან, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მშენებელთა საკავშირო ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის მერე დამკვიდრდა. მან სასტიკად გააკრიტიკა სტალინური არქიტექტურა; მაშინდელ არქიტექტორებს უყაირათობასა და “ზედმეტობებით” გატაცებაში დასდო ბრალი; მშენებლებს კი კომპლექსური ინდუსტრიალიზაციისკენ მოუწოდა. 1955 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, სტალინურ ნეოკლასიციზმს წერტილი დაესვა.
ობიექტურობის დასაცავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ადამიანი, რომელსაც ამგვარი სახლების მშენებლობის იდეა დაებადა, გამოჩენილი ფრანგი არქიტექტორი ლე კორბიუზიე (1887-1965) გახლდათ. 1940-იანი წლებიდან, როცა ომის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50%-ზე მეტი საცხოვრებელი ფონდი განადგურდა, ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართობის პრობლემაც გამწვავდა. მშენებელთა წინაშე დადგა საკითხი - შეექმნათ მაქსიმალურად იაფი შენობები. რაც შეეხება არქიტექტორ კორბიუზიეს, მისი აზრით, სახლი - ეს არის მანქანა სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად: აქეთ - ოფისი, იქით - ძილი, იქ - კვება... ერთი სიტყვით, კონკრეტული სივრცე, ზედმეტობების გარეშე, მხოლოდ აღნიშნულ ფუნქციებს უნდა დაქვემდებარებოდა. კოლექტიური საცხოვრებელი ერთეულის მისეული ექსპერიმენტული იდეა ერთგვარი კომუნის ტიპის საცხოვრისის შექმნა იყო. პირველი განხორციელებული ვარიანტი 1947 წელს ე.წ. მარსელური ბლოკის სახით დასრულდა.
ფრანგებმა კი გამოიგონეს, მაგრამ საბჭოელებმა კომპანია ჩამუს-ისგან წარმოების სქემა იყიდეს, რომელიც შემდეგ საბჭოთა არქიტექტორებმა თავისებურად გადაამუშავეს. მთავარი პერსონაჟი, ვინც ფრანგული პროექტის გადაკეთებას მიჰყო ხელი, იყო ლაზარ ჩერეკოვერი. მასვე ეკუთვნის “საარსებო მინიმუმის” თეორიაც.
წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღე უკან დაგყვებათ ვიღაც, ვინც თავისთვის ბლოკნოტში ინიშნავს თქვენთან დაკავშირებულ ციფრებს: მაგალითად, რამხელა ფართობი გჭირდებათ დასაბანად, რამხელა - ტანის გასამშრალებლად, რამხელა ადგილს იკავებთ სამზარეულოში საკვების მომზადებისას და ა.შ. მისი გათვლებით, ადამიანს დასაბანად სჭირდება მხოლოდ 40-50 სმ; პირსახოცით გასამშრალებლად - 110 სმ; მჯდომარე მდგომარეობაში - 90 სმ; სივრცე ფეხსაცმელების გამოსაცვლელად მამაკაცისთვის - 75 სმ-ია საჭირო, ხოლო ქალისთვის - 85 სმ. პალტოს გასახდელად იკმარებს - 95 სმ. ტუალეტში განთავსებისთვის - 100 სმ. ჭერი - 2,48 მ. (იშვიათად, 2,60 მ.); სამზარეულოს სტანდარტი - 4,90 კვმ.; სანიტარიული კვანძი - 2,9-3,2 კვმ. ტიპური სასტუმრო ოთახის ზომა მერყეობს 16-18 კვმ-ს ფარგლებში, ხოლო საძინებლის - 10-13 კვმ-ს არ აღემატება.
ამაზე ხუმრობაც კი იყო გავრცელებული: ხრუშჩოვმა სააბაზანო ტუალეტთან გააერთიანა, მაგრამ იატაკის ჭერთან გაერთიანება ვეღარ მოასწროო.
გარდა ამისა, დათვლილი იყო, რამდენი ტანისამოსი სჭირდება ადამიანს ჯანსაღი ცხოვრებისთვის (საცვალი, წინდა, ბიუსტჰალტერი და სხვ.).
საბჭოთა კავშირში საცხოვრებელი ფართობის ყოველი მეათე კვმ. “ხრუშჩოვკაა”. რატომ არის 5 სართული (თავდაპირველად იყო 3-4, შემდეგ - 5.)? სამედიცინო ნორმების მიხედვით, ულიფტო სახლის მაქსიმუმი 5 სართულია. - “დაე, ფეხით იარონ!” - ასე “ზრუნავდნენ” საბჭოთა მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე.
ამგვარი ტიპის სახლები ჯერ კიდევ 1948 წელს მოსკოვში, “სოკოლინაია გორას” რაიონსა და “ხოროშევსკის შოსეზე” აშენებულა. მშენებლობის წლები ჩვენთანაც და კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც - 1956-1973 წლების პერიოდზე მოდის.
“ხრუშჩოვკების” შემდეგ დაიწყეს ე.წ. ბრეჟნევკების შენება. აქ უკვე დაემატა სართულები, ლიფტი და ნაგვის ბუნკერები, გათვლები კი თითქმის იგივე დარჩა. თუმცა, წინა პროექტთან შედარებით, უკეთეს ვარიანტად იყო მიჩნეული.
დადებითი მხარეები
თუკი ასეთი არსებობს, მხოლოდ ის არის, რომ მიკრორაიონული ტიპის განაშენიანებას ერთვოდა: გამწვანება, საბავშვო მოედნები, სკოლები, სავაჭრო და სამედიცინო ობიექტები. არც ტრანსპორტზე იყო რაიმე გართულება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც ამგვარ სახლებში გასაყიდი ბინები დღესაც მაღალ ფასს ინარჩუნებს. როგორც წესი, ამგვარი კვარტალები, უმეტეს შემთხვევაში, ცენტრთან ახლოს მდებარეობს.
ხუთსართულიან სახლებში მცხოვრებთა ფსიქოლოგიური პორტრეტი ანუ - რატომ არის “ხრუშჩოვკებში” ცხოვრება დამთრგუნველი?
ფსიქოლოგებმა ამგვარი სახლების ბინადართა ფსიქოლოგიური პორტრეტები ჩამოაყალიბეს და დაასკვნეს, რომ დაბალი ჭერი, ვიწრო დერეფანი, პატარა ოთახები და მეზობლების მჭიდრო, საერთო სივრცეში მიმოქცევა განაპირობებს მათ ქცევებს. თუ ადამიანები ასეთ ბინებში ცხოვრობენ, ე.ი. მათ არ გააჩნიათ პრივატულობა - ანუ განმარტოების შესაძლებლობა; პრივატულობის უქონლობას შეუძლია აგრესიულობის გაზრდა, თანაც, თუ სახლში არის მაღალი სმენადობის პრობლემა და ადამიანებს მუდმივად ესმით მეზობლების ხმაური, ამ დროს მათი აგრესია შესაძლოა გამოიხატოს როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე მეზობლების მიმართაც. ამგვარად, ჩიტის სახლებივით ასეთი უამრავი ნაგებობა არაფრით უწყობდა ხელს მცხოვრებთა შორის მეგობრულ ურთიერთობებს.
“ხრუშჩოვკები” ხომ სწორედ იმ აზრით აშენდა, რომ ადამიანთა თავებიდან გამოდევნილიყო ინდივიდუალური აზროვნება: თქვენ უნდა ყოფილიყავით ისეთი, როგორიც ყველა იყო და მორჩა!
თუ გავითვალისწინებთ, რომ “ხრუშჩოვკებში” ადამიანთა არაერთი თაობა გაიზარდა, შეიძლება, ამგვარი საუბარი შენობებზე ვინმეს გადამეტებულიც მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, არქიტექტურასა და ინტერიერს ადამიანთა პროგრამირება მართლაც შეუძლია.
ყველასთვის ცნობილია, თუ რატომ გაჩნდა პირველი “ხრუშჩოვკები”: გლობალური ურბანიზაცია, “ბარაკებში” ცხოვრების აუტანლობა, ახალგაზრდობის ქალაქში ცხოვრების სურვილი, მუშახელის დაბინავება და სხვ. ამ დროს საჭირო იყო საცხოვრებელი საკითხის გადაწყვეტა. უნდა აშენებულიყო ისეთი ნაგებობები, სადაც რაც შეიძლება მეტი ადამიანის განთავსება მოხერხდებოდა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად კი მინიშნებაც არ ყოფილა ინდივიდუალურ მიდგომაზე ან ესთეტიკურ ფასეულობაზე. ასე გაჩნდა რაიონები ერთნაირი პანელური ნაგებობებით და ამას არ შეეძლო არ ემოქმედა მათში მცხოვრებ ადამიანებზე.
ნაგებობის უარყოფითი მხარეები და გამოსავალი
“ხრუშჩოვკა” პანელური ნაგებობაა. ის არაენერგოეფექტურია და მასში ცუდი ხმოვანი იზოლაციაა. გაყვანილობასა და როზეტებს ასეთ სახლებში საერთო არხით აკეთებდნენ და ამიტომაც, რეალურად, ყველა ბინას შორის უამრავი ნახვრეტი და ცარიელი სივრცეა. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი მხოლოდ ხმოვანი იზოლაციით არ გვარდება. მით უმეტეს, თუ ადამიანებს შორის ჩვენს დროში არსებულ ხშირად შეუწყნარებელ დამოკიდებულებასაც გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ დაცული არავინაა...
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ამგვარ კორპუსებს თავისი ექსპლუატაციის დადგენილი ვადაც ჰქონდა. “ხრუშჩოვკების” შემთხვევაში ეს მხოლოდ 25-50 წლის ფარგლებში მერყეობს.
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ასეთი ნაგებობები არ ექვემდებარება. პანელურ სახლებში არ შეიძლება კედლების აღება. არადა, რეალობა გვიჩვენებს, რომ ჩვენში მანსარდების, ლოჯიებისა და აივნების მასობრივი მიშენება-დაშენება ხდებოდა და ხდება.
ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მიღებული დადგენილება არსებობს, რომლის მე-20 მუხლი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება-მიშენებას და მანსარდის მოწყობას არეგულირებს: “სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 2,70 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნია ლიფტი და რომელთა ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 50 წლამდეა განსაზღვრული”.
ან ჩვენში კანონებს არად დაგიდევენ, ან...
ერთი სიტყვით, ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. დაძველების პროცესით გათვალისწინებული ჩანაცვლების პროგრამა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ამუშავდა.
საბოლოო დასკვნის სახით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამგვარი სახლებისგან შემდგარი კვარტალები ქალაქის სიმახინჯეა, აზიანებს მომავალი თაობების მენტალიტეტს და მათ ისევ წარსულის ჩარჩოებში აქცევს.
მაშ, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამგვარ სახლებში გაზრდილი საზოგადოება ისევ საბჭოთა წარსულს მისტირის?..
დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია.
ირინა ჯანდიერი