რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმ "ქურდის" ჩვენებას რუსეთში, რომელიც აფხაზეთის თემას ეხება - გზაპრესი

რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმ "ქურდის" ჩვენებას რუსეთში, რომელიც აფხაზეთის თემას ეხება

მამა ქართველი ჰყავდა, დედა - უკრაინელი, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა... მისი ნოველები, მინიატიურები და მოთხრობები არაერთ ჟურნალსა და გაზეთში დაიბეჭდა. წერს ქართულად და რუსულად. საზღვარგარეთაც იცნობენ, იქ, სადაც მისი ხელნაწერები გავრცელდა, ინგლისურადაც ითარგმნა. ლტოლვილობის პერიოდში, წლების წინ, აფხაზეთის მთავრობაში პრესცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, დღეს უმუშევარია... ჟურნალისტი მაია წულაია ამბობს, რომ აფხაზეთი მინი უკრაინაა. წუხს იმაზე, რომ ახლა აფხაზეთს ნაკლებად ახსენებენ.

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან

- როცა აფხაზეთში ვცხოვრობდი, ჟურნალისტად ვმუშაობდი, ვიყავი რადიოშიც. 17 წლისა სიუჟეტებს ვამზადებდი ფაბრიკა-ქარხნების მუშაობის შესახებ. აფხაზეთში პირველ პირებად ყველა სტრუქტურაში აფხაზებს ნიშნავდნენ, რომლებსაც საქმისა არაფერი გაეგებოდათ. გამგზავნეს ავეჯის ფაბრიკის დირექტორთან. სამუშაო სპეციფიკა შევისწავლე, კითხვები და პასუხები წინასწარ დავწერე. მთელი სიუჟეტი მზად მქონდა. მოკლედ, რადიოსთვის უნდა ჩამეწერა ის კაცი. ძალიან გამაწვალა, ხან ტექსტს ვერ კითხულობდა, ხან რაღაც არ მოსწონდა... როგორც იქნა, გავედით ბოლოში. ინტერვიუ დავამონტაჟე და სრულყოფილი სახე მივეცი. ფაბრიკის დირექტორი მირეკავს: ფულს როდის გადამიხდიო? არ გეკუთვნით-მეთქი და მართლაო? - გაუკვირდა.

ომის დროს, სოხუმიდან "სვოდკები" რაც იყო, ყველაფერს მე ვწერდი. მახსოვს, საშა ბერულავასთან (მერე აფხაზებმა მოკლეს) მივედი მუშაობის დასაწყებად. ის თვლიდა, რომ ჟურნალისტიკა არაა ქალის პროფესია, მით უმეტეს, როცა დაძაბულია სიტუაცია. მე ვკითხე: შპალების დაწყობა ქალის პროფესიაა-მეთქი? კარგი, ხვალ მოდი სამსახურშიო.

სოხუმის უნივერსიტეტში ვაბარებდი და გამოცდების წინ შეხვედრაზე მივედი, სადაც დეკანი ხაჯიმბა აბიტურიენტებს ხვდებოდა. მაცვია შავი ქვედაბოლო, თეთრი ზედა და კომკავშირის ნიშანიც მიკეთია. რა თქმა უნდა, არავის ვიცნობ, ჩემთვის ვზივარ. ხაჯიმბამ შემომხედა და, "ვოტ მალადეც", - თქვა ჩემზე... კაციშვილს არ სჯეროდა, რომ მას არ ვიცნობდი. ჩათვალეს, ჩემი ნათესავია და ამიტომ ჩალიჩის (ანუ ფულის) გარეშე მოვხვდი უნივერსიტეტში.

ფილმების შესახებ

- ჩემი ორი მოთხრობის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღო ზაზა მერაბიშვილმა. მას არ ვიცნობდი, წაიკითხა ჩემი ნაწარმოებები და მოეწონა. ახალბედა რეჟისორმა და მე, ხარჯები ერთად გავიღეთ. ერთ ფილმს "შური" ჰქვია, სადაც დოდო ჭიჭინაძე მონაწილეობს. ფილმმა იტალიაში პრიზი მიიღო; მეორეა "ქურდი", რომელიც აფხაზეთის თემას ეხება. ფილმი რომ გამოვიდა, მითხრეს, - შენი მოთხრობები აუცილებლად წიგნად უნდა დაიბეჭდოსო... რუსულად გამოვეცი პატარა კრებული - "ცხოვრების ასი გაელვება". ერთი მომენტი მახსოვს, ქალაქ შუშადან აზერბაიჯანელი კაცი სპეციალურად ჩამოვიდა. არ ვიცი, როგორ და სად წაიკითხა ჩემი წიგნი, გამიცნო და მითხრა: როცა ვკითხულობდი, მეგონა ჩემზე იყო დაწერილი. შენ ზუსტად აღწერე ის, რაც მე გადავიტანეო (ყარაბაღის ამბებს გულისხმობდა). დადგა საკითხი, რომელ ფესტივალზე გაგვეგზავნა ფილმი "ქურდი". ზაზას ვუთხარი, რომ უკრაინა ან პოლონეთი სჯობდა, რადგან იქ ეს თემა აქტუალურია, მაგრამ რეჟისორმა ფესტივალი "ზალატოი ვიტიაზ" აირჩია. მართლაც, მიიწვიეს რუსეთში და წავიდა. ფილმი რამდენჯერმე აჩვენეს, პრესკონფერენციაც გაიმართა მის შესახებ, თუმცა ზაზა გაბრაზებული დაბრუნდა, შეკითხვებით გამწურესო...

თემა ასეთია: ომგამოვლილი მამუკა აღარავის სჭირდება, ის თავის ადგილს ვერ პოულობს და ჯიბის ქურდი ხდება, საფულეებს იპარავს მეტროში. ერთ დღესაც მოპარულ საფულეში ნახავს სურათს, სადაც ერთად არიან თვითონ და სხვა მეომრები, რომლებიც ამ ფოტოს გადაღების მერე საბრძოლო პოზიციაზე წავიდნენ. ერთ თვეში მამუკას ერთ-ერთი მეგობარი არსენა მის თვალწინ დაიღუპა და ამან დაასაფლავა. საფულეში იდო წერილიც - არსენა სწერს მშობლებს, რომ სახლში მალე დაბრუნდება და მეგობრებიდან ყველაზე მეტად აქებს სწორედ ქურდს. ე.ი. ძმაკაცის მამა გაძარცვა. ქურდი ამ ყველაფერს იხსენებს. ამბობს, რომ ეს უკვე წარსულია, ფოტოს და წერილს ხევს და ყრის. ფესტივალზე რეჟისორს ჰკითხეს: ფილმის გმირი, ასე რატომ მოიქცაო?.. სხვათა შორის, ჩვენთან, მწერალთა კავშირში წიგნის განხილვის დროსაც, ეს მკითხეს და თქვეს, - ჩვენი ახალგაზრდები მამას მოძებნიდნენო... რატომღაც, ყველაზე მეტად, ეს მომენტი აინტერესებთ, დაბოლოება არ მოსწონთ.

ავტორი ვერ დაადგინეს...

- მოთხრობებს სოფელში ვწერდი. ჩემი დედამთილი თბილისში ცხოვრობდა, მისი მეზობელი მსახიობი რამაზ გიორგობიანი იყო, ჩემს ქმართან მეგობრობდა (რამაზიც და ჩემი ქმარიც გარდაიცვალნენ). ერთხელაც, როცა ჩამოვედი, რამდენიმე მოთხრობა რამაზს ვუჩვენე, თქვენი აზრი მაინტერესებს-მეთქი. ეჭვის თვალით შემომხედა... ვუთხარი, რომ დაბეჭდვაზე არ ვფიქრობდი. როცა წაიკითხა, მითხრა: აუცილებლად უნდა დაბეჭდოო და მირჩია, ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიაში" მიმეტანა. მე ისევ სოფელში წავედი. გავიდა ხანი. ჩემი ქმარი თბილისში მიდიოდა, იმას გავატანე ხელნაწერები რედაქციაში მისატანად. რაღაც დროის შემდეგ ვკითხე, - ნამდვილად მიიტანე-მეთქი? ვიფიქრე, ხომ არ მატყუებდა. ჩავაბარეო, მითხრა. ხელნაწერების ბედის გასარკვევად, მაინც მივედი რედაქციაში... ეს თქვენ ხართო? - გაკვირვებით შემხვდნენ. თურმე სახელი და გვარი არ ეწერა და ამიტომ ვერ დაბეჭდეს. გვახსოვდა, რომ კაცმა მოიტანა, მაგრამ აშკარად ქალის დაწერილიაო. ჟურნალისტებმა მითხრეს, - გეძებდითო... მერე კი დაბეჭდეს ჩემი მინიატიურები.

ონკანი, ლეღვი, სახლის გასაღები...

- ჩემმა ძმამ აფხაზეთის მთელი ომი საოპერაციოში გაატარა. ის ქირურგია, მე და ჩემს რძალს საავადმყოფოში მიგვქონდა მასთან საჭმელი და სხვა საჭირო ნივთები. დედაჩემი სთხოვდა, - სამზარეულოში ონკანი შეაკეთეო, მაგრამ ვერ მოიცალა, ქალაქი ყოველდღე იბომბებოდა. ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას მშობლები ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ომის დროს ასე იყო, დილით "გამარჯობას" ეტყოდი მეზობელს ან ვიღაცას და საღამოს, პანაშვიდზე მიდიოდი...

მე, დედა, ძმისშვილები და ჩემი შვილი ლეღვმა გადაგვარჩინა! როცა ინტენსიური დაბომბვები დაიწყო, ჩვენ სამტრედიაში, ბაბუას სახლში წავედით. ჩემი ძმა სამტრედიაში ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა სურსათი და ისევ უკან ბრუნდებოდა. ერთხელაც თქვა, წავიდეთ ახლა სოხუმშიო. ის პერიოდია, როცა სექტემბერში ხელი მოაწერეს ე.წ. პირიმირიას და ხალხი სახლებში დაბრუნდა, სკოლისთვის ემზადებოდნენ... როგორ შეიძლებოდა მათი ნდობა? დედაჩემმა თქვა: ერთი კვირა არც იქით, არც აქეთ, აგერ ლეღვი უნდა შემოვიდეს, ბავშვებს ვაჭამოთ და მერეო. ჩემი ძმა დაეთანხმა და წავიდა. ერთ კვირაში ცხენისწყალი გადაიკეტა, დიდი ბრძოლა ატყდა. ძმაზე არაფერი ვიცოდით. ხმები მოდიოდა, რომ ჩვენი სახლი ჯერ გაძარცვეს, მერე კი დაწვეს - ქალაქის ცენტრში ძველი, სტალინის დროინდელი, ორსართულიანი შენობა იყო გერმანელების აშენებული. როგორც ამბობდნენ, ბინა ვერ გაიყვეს ჩეჩნებმა და აფხაზებმა. ორი თვის მერე ჩემი ძმა და მისი მეუღლე დაბრუნდნენ ყველაფრის გარეშე - არც ტანსაცმელი, არც საბუთები, არც სურათები. მანქანა გზაში წაართვეს და ფეხით ჩამოვიდნენ. ზის დაღლილი ჩემი ძმა და დედას მიმართავს: აი გასაღები, სახლი დავკეტე (მან არ იცის, რომ ბინა დაწვეს) და ის ონკანი კიდევ, მაინც არ შევაკეთე იმათთვის...

14231831-10202075456125576-7938928546822061165-o-1660036519.jpg

"ყველა მოხუცი დახოცეს"

- ჩვენს სახლში მცხოვრები, მგონი, 12 ხანში შესული ადამიანი ომის დროს იქვე დარჩა. იმ ხალხისთვის, ვისაც მთელი ცხოვრება რაღაც დოვლათი შეუქმნია, ძალიან ძნელია, თავისი სახლიდან სხვაგან წავიდეს. ყველა მოხუცი დახოცეს, ვინც დარჩა, არც დაუსაფლავებიათ. ბინაში შედიოდნენ და არაფერს ეკითხებოდნენ, ისე ესროდნენ. რაღაც დროის მერე მიცვალებულების სუნი დადგა და სახლი დაწვეს. ერთი კაცია, გვარად გოგავა, რომელიც შემთხვევით გადარჩა. თავად მომიყვა, რომ ცოლის გვამის ქვეშ იწვა, თავი მოიმკვდარუნა და მერე როგორღაც გამოაღწია. წლების მერე, ჩვენი სახლი გაარემონტეს და ახლა იქ კულტურული ცენტრი "აბაზაა".

აფხაზი მოხალისე უკრაინისთვის ომში დაიღუპა

- უკრაინაში ცხოვრობს ჩემი სოხუმელი მეგობარი ნატალია იშჩენკო, რომელსაც ჩემი სცენარების სინოფსისები გავუგზავნე, ფილმების გადაღება უნდოდა. ომი დაიწყო და ტრაგედია მოხდა, ნატალიას შვილი მოუკლეს... აბსურდული სიტუაციაა, მისი შვილი აფხაზია, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა, მოხალისედ წავიდა. ამ ბიჭს საბუთებიც კი არ ჰქონდა წესრიგში. დედამისმა დაწერა - ჩემს შვილს სიკვდილის მერე მიანიჭეს უკრაინის მოქალაქეობაო. ბიჭის ყველა ნათესავი მამის მხრიდან სოხუმში ცხოვრობს. ყველა მათგანი სეპარატისტი და ქართველთმოძულე იყო. ნატალია ქმარს გაშორდა და აფხაზეთიდან წამოვიდა. შვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მისცა, რადგან ბიჭს აფხაზეთში აღარ შეუშვებდნენ, არც უკრაინის მოქალაქე იყო...

ეს ომი მარტო ახლა კი არ კლავს ხალხს, ის კლავს მომავალს და ყველაფერს! თუმცა რუსეთი ამას ომს არ ეძახის. უკრაინაში არის სპეცოპერაცია, 2008 წელს საქართველოში ერქვა - "პრინუჟდენიე კ მირუ", ხოლო 1993 წელს - "კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის". ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პირდაპირ სასაცილოა. იცით, რუსეთში როგორი პროპაგანდა მიდიოდა 2008 წელს? ვისაც საქართველო თვალითაც არ უნახავს და არაფერი იცის ჩვენზე, სჯეროდათ, რომ 30 მილიონი კბილებამდე შეიარაღებული მუსლიმი ვართ და გვინდა რუსეთი გადავყლაპოთ. მსგავსი პროპაგანდაა ახლაც, უკრაინის მისამართით.

მე არ ვფიქრობ, რომ აფხაზი სეპარატისტები ჩვენი ძმები არიან... ქართველები მოგვინელეს და გამოგვყარეს, ჩეჩნები გამოიყენეს და გამოყარეს, თურქებს ჯერ რაღაცები ააშენებინეს და მერე გამოყარეს... აფხაზი სეპარატისტები არავის ახარებენ.

ნანული ზოტიკიშვილი