"ქართული ანბანი უკვდავყვეს მინანქარში..." - გზაპრესი

"ქართული ანბანი უკვდავყვეს მინანქარში..."

სიმპოზიუმის ხელმძღვანელი გახლდათ საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ტიხრული მინანქრის, ლითონსა და ხეზე კვეთის ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს "ჩუქურთმა" პედაგოგი მიხეილ ცალქალამანიძე. ბატონი მიხეილი 66 წელია ასწავლის ჭედურობისა და ოქრომჭედლობის ხელოვნებას, ტიხრულ მინანქარს, ხეზე კვეთას. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

294764150-5645398822171500-2915279947728586618-n-1660036715.jpg

- სიმპოზიუმი პირველად შარშან, მერიისა და სასახლის დირექციის დახმარებით გაიმართა, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული მუშაობა, ფოტოგადაღება, ბოლო დღეს კი - ნამუშევრების გამოფენა; შესრულებული ნამუშევრების კატალოგიც დაიბეჭდა. სიმპოზიუმის მიზანი, ახალგაზრდებში მინანქრის, ამ უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაცია და მისი ისტორიისა და მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა იყო. თითოეულმა მონაწილემ 2 ნამუშევარი ტიხრული მინანქრის ტექნიკაში შეასრულა. ზოგი ნამუშევარი ტიხრული იყო, ზოგი - ფერწერული, ზოგიც - შერეული ტექნიკით შესრულებული.

284020765-586404979365087-4126484763767074219-n-1660036728.jpg

- ნებისმიერ მსურველს შეუძლია სიმპოზიუმში მონაწილეობა?

- მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვისაც მინანქრის ტექნიკა აინტერესებს. შარშანდელ სიმპოზიუმში ძირთადად, ჩემი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, წელს კი მოწვეული უფრო მეტი იყო, მათ შორის ბევრი ისეთი, ვისაც პირველად ჰქონდა შეხება მინანქართან. მიუხედავად ამისა, პირველსავე ცდაზე შეძლეს და შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები, რასაკვირველია - ჩვენი დახმარებით. ბოლო პერიოდში ბევრი ქმნის საიუველირო ნამუშევრებს, ასე ვთქვათ, სარფიან საქმედ იქცა, რაც არ ნიშნავს მინანქრის აღორძინებას. ამ პროცესს სჭირდება გამოფენები, კრიტიკა, რათა ახალგაზრდა მხატვრებმა სწორი მიმართულება აირჩიონ, იცოდნენ, რას და რისთვის ქმნიან. თუ გახსოვთ, წინა საუკუნის 60-იან წლებშიც ასე მოხდა - მოქანდაკე ირაკლი ოჩიაურმა და კობა გურულმა, ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ეს პროფესია რომ გააცოცხლეს, ყველა კუთხე-კუნჭულში აკაკუნდა ჩაქუჩი. იმ პერიოდში სახელმწიფოც ხელს უწყობდა ხალხური რეწვის სხვადასხვა მიმართულების აღორძინებას. ეს არის საშუალება, რომ ბავშვი ქუჩასა და კომპიუტერს მოვწყვიტოთ, რაღაც მისთვის სასარგებლო ვასწავლოთ. დაახლოებით 1 500-მა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში, მათ შორის იყო ჩემი შვილიც. მთავარია, თავიდანვე გაუღვიძო საქმის სიყვარული და ბავშვი მოგყვება.

- როდის ან რატომ დაინტერესდით ტიხრული მინანქრით?

- ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ, მაგრამ ორივე კარგად ხატავდა. პიონერთა სასახლე რომ გაიხსნა, მეორე დღესვე მიმიყვანა ბიძამ. სასახლეში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა. იმ პერიოდში ბალტიის ქვეყნების პიონერთა სასახლეების დირექციასთან დავმეგობრდით, ტარდებოდა გამოფენები, საქართველოშიც გვსტუმრობდნენ. ეს ძალიან სასარგებლო იყო მოსწავლეების განვითარებისთვის. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ურთიერთობაც შეწყდა, იქ საერთოდ დაიხურა პიონერთა სასახლეები, ჩვენთან კი, საბედნიეროდ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე შენარჩუნდა.

295572004-1184732862310857-4943247698575348837-n-1660036757.jpg

რუსუდან ცალქალამანიძე:

- ბავშვობიდან იმდენად შემიყვარდა ეს საქმე, რომ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემმა დამ თქვა, ოჯახში ამდენი მხატვარი საჭირო არ არისო და უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა, მე მამის პროფესიას გავყევი და აკადემიაში ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა, რასაც ახლა სამკაულის დიზაინი ჰქვია. დამთავრებისთანავე სასახლეში დავიწყე მუშაობა პედაგოგად. პარალელურად, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი კუთხითაც ვმუშაობდი - ვაკეთებდი პანოებს, გობელენს (დედას დამთავრებული აქვს ქსოვილების ფაკულტეტი და მიზიარებდა თავის ცოდნას). გარდა ამისა, ილუსტრირებული მაქვს 2 წიგნი.

განსაკუთრებით სამკაულების კეთება მომწონს, თავიდან ბოლომდე ყველაფერს თვითონ ვამზადებ, მზა ფორმებს არ ვიყენებ. გარდა იმისა, რომ ეს არის საშუალება გამოხატო საკუთარი სურვილები და შეგრძნებები, ჩემთვის ეს უდიდესი რელაქსაციაა. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ თავზეც რომ დამათენდეს, ბოლომდე მაინც მიმყავს საქმე. ნამუშევრები ისე მიყვარდება, რომ მიჭირს მათთან განშორება. ყოველთვის მინდა, უკეთესი გავაკეთო, მჯობნის მჯობი... პანდემიამდე საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში მიმიწვიეს გამოფენაზე. სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მინანქარს აწარმოებენ და ერთ-ერთი ქარხანა სწორედ ამ ქალაქშია. ვერ მოვახერხე გამგზავრება და ჩემს მეგობარს გავატანე ნამუშევრები. ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ ჩავედი.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები და რა მისცა ახალგაზრდებს ამ სიმპოზიუმმა?

- ამ 2 კვირის განმავლობაში სიმპოზიუმში მონაწილე ახალგაზრდებმა თანამედროვე მიღწევები შეისწავლეს ტიხრულ მინანქარში, გაიუმჯობესეს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, სხვადასხვა ფერს ვურევდით ერთმანეთში, სხვადასხვა ტექნოლოგია ვცადეთ და მართლაც საინტერესო ნამუშევრები გამოვიდა. მოსწავლეებმა შექმნეს პანოები, რომლებზეც ძველი ქართული ანბანის ასოები გამოსახეს - ქართული ანბანი უკვდავყვეს მინანქარში. ეს ორიგინალური ნამუშევრები სასახლის მუზეუმში დარჩება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი ნახვა.

ნინო ჯავახიშვილი