ქობულეთის მუზეუმის დედაბრული ხელით შექმნილი გრაგნილი და ზენითის ქვის უძველესი საწნახელი - გზაპრესი

ქობულეთის მუზეუმის დედაბრული ხელით შექმნილი გრაგნილი და ზენითის ქვის უძველესი საწნახელი

ზღვისპირეთის ქალაქები ხშირად დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება, თუმცა არის საათები და ზოგჯერ დღეებიც, როცა პარალელურ რეჟიმში წიგნის კითხვასაც ახერხებ, ადგილობრივი ისტორიული ადგილის მონახულებასაც და შემეცნებითი ხასიათის ტურსაც აწყობ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი მუზეუმია, სადაც ვიზიტი ქვეყნის თუ კონკრეტული ადგილის ისტორიისა და კულტურის გასაცნობად საუკეთესო გზაა.

ქობულეთის მუზეუმი დავით აღმაშენებლის გამზირის 100 ნომერში მდებარეობს და საკმაოდ მდიდარი კოლექციის მფლობელია. აქ წარმოდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალა, რომელიც ადამიანის განვითარების ყველა ეტაპს მოიცავს - ქვის ხანიდან მოყოლებული, შუა საუკუნეების ჩათვლით. იარაღი, კერამიკა, მონეტები, უძველესი ხელნაწერები, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა სამსართულიანი შენობის სხვადასხვა სივრცეშია გადანაწილებული.

10 წლის წინ გახსნილი მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რევაზ ტაკიძეა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა, მანამდე და შემდეგაც ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი სხვადასხვა სოფლის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესა და კულტურის სახლებში, თუმცა, მუზეუმი ქობულეთში, თავისი კლასიკური გაგებით, მხოლოდ 2012 წლის 2 ნოემბერს დაფუძნდა.

რევაზ ტაკიძე თავის მეგობრებთან ერთად მუზეუმის გახსნის ინიციატორიც გახლავთ. მრავალპროფილური დატვირთვის მქონე მუზეუმში ისტორიკოსი ცდილობს, ექსპოზიციის გამოფენასთან ერთად, სხვადასხვა შინაარსის პროგრამებისა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებით მუზეუმის პოპულარიზაცია მოახდინოს. შენობაში კინოდოკუმენტალისტიკისა და საკონფერენციო დარბაზიცაა, რომელიც მსგავსი აქტივობების დროს გამოიყენება. დავინტერესდი, რამდენად აქვს წვდომა ახალ თაობას მუზეუმთან და როგორც გაირკვა, მოქმედებს სააბონენტო სისტემა, რომლის მიხედვით სკოლებს საშუალება ეძლევა, სხვადასხვა კლასის მოზარდებმა ისტორიაში "იმოგზაურონ".

1rezo-1660036929.jpg

ტურისტულ სეზონზე მუზეუმი სრული დატვირთვით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღიაა, როგორც სამუშაო, ისე დასვენების დღეებში, დილის 10-დან 20 საათამდე. როგორც ბატონმა რეზომ აღნიშნა, გეგმაშია ეთნოკაფის მოწყობაც, რომლის გახსნის შემდეგ ტურისტს საშუალება ექნება, სამუზეუმო სივრცით საღამოს საათებშიც ისარგებლოს.

- სამომავლოდ ეთნოკაფე გვინდა გავაკეთოთ და ახლა ტესტირების რეჟიმში ვართ. ეს იქნება სოციალური პროექტი, სადაც წარვადგენთ ქობულეთის არამატერიალურ მემკვიდრეობას.

ამ ეტაპზე ქობულეთში ვერ ნახავთ რესტორანს ან კაფეს, სადაც ქობულეთური კერძებია და ტურისტმა რომ მოიკითხოს, შეიძლება ხინკალი, ქაბაბი და მწვადი შესთავაზონ, რაც შეიძლება მიირთვა როგორც ქუთაისში, ისე ოზურგეთში და სხვა ადგილას. ჩვენ კი ქობულეთური კერძების პოპულარიზაცია გვინდა.

როგორც იცით, საქართველოში 525 ქართული ვაზის ჯიშია, მათ შორის 80-მდე გურიაშია დაცული, დაახლოებით 30-40 - აჭარაში. 5 მაისს, ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეს, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში სიმბოლურად დავრგეთ ადგილობრივი ვაზის ნიმუში. გვინდა ქობულეთური ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთის გაკეთება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვსურს შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივი ვაზისა და ღვინის კულტურას. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში 2400 წლის საწნახელია, რომელიც ამოკვეთილია ერთ მთლიან ქვის ლოდში. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ქობულეთში ვაზის კულტურა მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ვინაიდან მუზეუმი სიძველეთა შენახვის სივრცეა, სხვა სტრუქტურებთან ერთად ადგილობრივი ვაზის პოპულარიზაციის მიზნით, უნდა მოვაწყოთ საჩვენებელი და სადეგუსტაციო სივრცეები, ვიზიტორებმა რომ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებაც შეძლონ.

მუზეუმის ერთ-ერთი ღონისძიების დაგეგმვისას, მუზეუმის თანამშრომლებმა აქცენტი გააკეთეს ადგილზე არსებულ უძველეს ხელნაწერებზე და როცა ბატონ რეზოს ვთხოვე, ქობულეთის მუზეუმის ექსპონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში, ასე ვთქვათ, "სავიზიტო ბარათი" გამოეყო, მან ეს მომითხრო:

3sacnaxeli-1660036941.jpg

- ჩვენს მუზეუმში დაცულია ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი გრაგნილი, რომელიც დაახლოებით 6-ნახევარი მეტრია. წარწერა სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ქაღალდზე რამდენიმე მელნით, ორივე მხარესაა შესრულებული. ამ ლოცვებისა და შელოცვების ხელნაწერ წიგნს, როგორც ჩანს, სხვადასხვა გადამწერი ჰყავდა. ტექსტი თანამიმდევრულია და აზრი გრძელდება. საინტერესოა, რომ დიდმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ, რომელიც ჩვენს ენასა და ისტორიას იკვლევდა, აჭარაში სხვადასხვა ხელნაწერის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ეს ხელნაწერები განსხვავდებოდა როგორც თანამედროვე ქართული მხედრულისგან, ისე ნუსხურ-ხუცურიდან და არც ასომთავრულ-მრგვლოვანს ჰგავდა. ამიტომ მან გადაწყვიტა ეწოდებინა "დედაბრული". აკაკი შანიძემ მეცნიერებს მისცა საფუძველი კვლევისა და ძიებისთვის, მეოთხე ანბანი რომ ეღიარებინა. დედაბრულია მხედრული დამწერლობა, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და დავიწყებას მიეცა. საინტერესოა ისიც, თუ საიდან "მიიღო" სიტყვა "დედაბრული" დიდმა მეცნიერმა. ქობულეთში ეს სიტყვა შემდეგი შემთხვევის სინონიმად გვხვდება: თუ ადამიანს დაბალი, სუსტი მხედველობა აქვს, ნემსში ძაფი უნდა გაუყაროს და ამას ვერ ახერხებს, ეტყვიან ხოლმე, დედაბერი ხომ არ ხარო?! ან ვთქვათ, აღმართზე სამი ადამიანი მიდის, ერთი ჩამორჩა, მასაც იმავენაირად ეტყვიან, რადგან ჯანმრთელსა და ახალგაზრდას მუხლი არ უმტყუნებს. სკოლაში ვისაც ლამაზი კალიგრაფია არ აქვს, ზოგიერთი მასწავლებელი არეულსა და არათანამიმდევრულ ნაწერს, ბატიფეხურს უწოდებს. ხშირად ასაკოვანი ადამიანიც ვერ ავლებს სწორ ხაზს და დაკლაკნილად წერს. ამიტომ იყო აკაკი შანიძე გენიალური, გრაგნილზე არსებული კალიგრაფიის ნიმუშს "დედაბრული" რომ უწოდა. სინამდვილეში, ის ტექსტი მოხუცების მიერ არ არის ნაწერი, მაგრამ ქობულეთში ოსმალური მმართველობის დროს, აიკრძალა საეკლესიო მსახურება, ეკლესიასთან არსებული სკოლების ფუნქციონირება, დავიწყებას მიეცა ქართული და ფაქტობრივად, ესაა დავიწყებას მიცემული ანბანი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქობულეთში ასაკოვანი ადამიანი სიტყვას "დამავიწყდა" კი არ ამბობს, არამედ ასე - "გადამიქართულდა". ე.ი. ოსმალურ პერიოდში ქართული დავიწყებულ ცნობიერებად იქცა...

ასე რომ, ქობულეთის მუზეუმის სავიზიტო ბარათი უძველესი ხელნაწერი წიგნია, რომელიც "დედაბრული ხელით" არის შექმნილი. მას დასავლეთ საქართველოს მუზეუმებში ანალოგი არ მოეპოვება. მხოლოდ მსგავსი ტექსტი, როგორც ქობულეთური კარაბადინი, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ის წიგნივით იფურცლება, ქობულეთის მუზეუმში კი გვაქვს გრაგნილი და თავის ხასიათით, ის საქართველოში ერთადერთია.

ანა კალანდაძე