ხიჭაურიდან ახალდაბამდე - გზაპრესი

ხიჭაურიდან ახალდაბამდე

სოფელ ხიჭაურშია წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც მთიანი აჭარის ახალგაზრდებისთვის უფასო განათლების კერაა, თუმცა, სოფელს სხვა ღირსშესანიშნაობანიც აქვს...

მაღალმთიან აჭარაში, ახალდაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ხიჭაურელ მალო მასწავლებელს ბევრი იცნობს. ხიჭაურში 90-იანებში რუსული სამხედრო ბაზა იყო და მათი წასვლის შემდეგ იქ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ჩამოსახლდა. როგორია თავად ხიჭაური, ხიჭაურელები და მაღალმთიანი აჭარის მასწავლებლის ცხოვრება, ამაზე მალო მასწავლებლის მონათხრობი ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის.

xichauris-universiteti-1-1660037120.jpg

მალო (მალვინა) ზოიძე:

- ხიჭაურში შემოსასვლელად პირველი, რასაც შეხვდებით, ქედისა და ხიჭაურის საზღვართან დანდალოს თაღოვანი ხიდია, რომელსაც თამარ მეფის ხიდსაც ეძახიან, რადგან მე-12 საუკუნეში აიგო. აჭარლების უამრავი ისტორიული, ტკივილიანი ფაქტი ახსოვს ამ თაღოვან ხიდს. ასეთი ლეგენდაც არსებობს: თურქები აჭარლებს აიძულებდნენ სარწმუნოების შეცვლას, სანაცვლოდ ამ თაღოვან ხიდს სიცოცხლეშენარჩუნებულნი გაივლიდნენ, ხოლო სარწმუნოებას თუ არ შეიცვლიდნენ, თავს ჰკვეთდნენ და მდინარეში ყრიდნენ. სისხლისფრად შეღებილა მდინარე, ათასობით ადგილობრივმა მსხვერპლად შესწირა თავი მართლმადიდებლობასა და ეროვნულობას.

აჭარისწყალის მარცხენა სანაპიროს მაღლობლად ამაყად დგას კავიანის ციხე, რომელიც XII-XIII საუკუნეებში აგებულა. კავიანის ციხე პირდაპირ შეჰყურებს დანდალოს ტაკიძეების ციხესა და ტაკიძეების (ჭვანის) ოთოლთას ციხეს. თურმე, მაშინ, კავიანის ციხე აქტიურ როლს თამაშობდა ხეობაში გამავალ საქარავნე-სავაჭრო გზების გაკონტროლებაში. ასევე, აქ ჩვენს თამარ დედოფალს რამდენიმე ღამე გაუთევია, რაც საამაყოა ჩვენთვის. ოთოლთას ციხეც XII-XIII საუკუნეებშია აგებული. სოფელში ძვ.წ.აღ. მე-5 და მე-4 საუკუნეების არტეფაქტებიც ფიქსირდება. ცნობილია ოთოლთას ციხეზე გიორგი სააკაძის გათეული ღამის შესახებაც - ეს ამბავი ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ მოხდა, როცა გიორგი სააკაძე ოსმალეთს მიდიოდა. ეს უკანასკნელი ღამე იყო მისთვის, ქართულ მიწასთან უკანასკნელი შეხება, რადგან მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. აშკარაა, რომ ამ ციხეებს დიდი როლი ჰქონიათ საქართველოს ისტორიული ცხოვრების ტკბილ-მწარე დინების დროს.

ახალდაბაში მოსახლეობა მე-16 საუკუნიდან დასახლებულა. ოსმალების მიერ ხარკის დაწესების დროს, როდესაც მოსახლეობა აღწერეს, ახალდაბაში მხოლოდ ერთი ოჯახი დაფიქსირებულა, ახლანდელ "საცნაურის უბანში". ხალხის სიმცირე იმან განაპირობა, რომ ოსმალების ბატონობას გაჰრიდებია ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა კუთხეში გახიზნულა ან შესწირვია მტერთან ბრძოლას. მოგვიანებით აქ მოსახლეობა ძირითადად დაბაძველიდან გადმოსახლებულა და ამიტომაც, ახალმოსახლე სოფელს "ახალდაბა" დაერქვა.

როგორია ჩემი ერთი სამუშაო დღე? აი, დაირეკა ზარიც, შევდივარ მე-10 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. იქ მხვდება კლასის სრული კონტინგენტი - სამი მოსწავლე. დავით გურამიშვილის როლის გათავისება უნდა გავითამაშოთ "ცხელ სკამზე". ზურიკო "ვახტანგ მეექვსეა", ლიზიმ დავით გურამიშვილის როლი მოირგო და ცოტა ჩამოვსევდიანდით, ლიკუნამ (ასე ვეძახი ხშირად) კი შეაფასა ეს ყოველივე. ბოლოს, როგორც ყველა, მეც წამოვედი ხიჭაურისკენ. მიყვარს, როცა სკოლიდან ფეხით დავეშვები ხოლმე, სხეულით ჩამოღლილი და სულით ამაღლებული. ამაღლებული სულით იმიტომ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე. დღევანდელმა დღემ სხვა დღეებივით გამარჯვების კიდევ ერთი სურვილი გააჩინა ჩემს სულში. მიყვარს საქმის ბრწყინვალედ დაგვირგვინება, ბავშვების სუფთა თვალების ბედნიერებით ბრწყინვა.

უკანა გზაზე ამაღლებული გრძნობით სავსემ გამოვიარე ქუმა წყალი და მზია ბიცოლას სახლს მივუახლოვდი. ის აივნიდან მეგებება, მეპატიჟება...

- შენ დაღლილი ხარ ახლა, მაინც ფეხით ხარ, მშიერი იქნები, შემოდი. მეც მარტო ვარ და ერთად მივირთვათ სადილი!

- არა, მზია ბიცო! მირჩევნია, წავიდე!

- გოგო, რომ გელაპარაკები შემოდი ახლავე! - ტონს აუწია და მეც შევყევი მისაღებ ოთახში. მზია ბიცოლა ქოთქოთებს, ცოტა ხორცსავსე ქალია და უხდება ეს ქოთქოთიც. ხან რა მოაქვს სამზარეულოდან და ხან - რა. მომერიდა დედისტოლა ქალის მომსახურება, ავდექი, შევყევი სამზარეულოში და ვალაგებთ სუფრაზე სინორს, ბორანოს, აჩმას, სალათს, ქათმის ჩახოხბილს (განსაკუთრებულად გემრიელია მზია ბიცოლას მომზადებული საჭმელები). მას ყოველდღე მზად აქვს ბევრნაირი საჭმელი, ამვლელ-ჩამვლელი მისი სტუმარია. მეუბნება:

- მალვინა, გაიგე, ჩვენს მეზობელ დათოს ქეთევანი უპირებია თურმე. გაგონილა, მეზობლები, ერთ ეზოში გაზრდილი ბაღნები რა დასაპირებია? სირცხვილ-ნამუსი აღარ არის, ტრადიციას გადააბიჯეს.

- მერე, მზია ბიცო, მერე, გოგომ რაო?

- გოგოს ვერ შებედეს თქმა და მამამისთან მიუგზავნია მაჭანკლები, შენი გოგო მინდაო.

- ქეთოს მამამ რაო, რა უთხრა?

- წადი, ძმაო და კარგად გამოიძინეო. მეზობლები ვართ, ერთი ოჯახის წევრები და მაგდაგვარი რამე დაუშვებელიაო. რას ეტყოდა?..

- მზია ბიცო, ის როგორ იყო, შენი დედამთილ-მამამთილი რომ გადაასახლეს შუა აზიაში? ეგ ამბავი მომიყე...

- ეგ როგორ იყო და, თურმე რეპრესიების დროს, 1951-53 წლებში შუა აზიაში გადაასახლეს ჩემი მამამთილი ახმედ ზოიძე, მისი ძმა სულეიმან ძია, ჩემი დედამთილი შაღზენები. მისი მული, ჩემი ქმრის მამიდა მერიემი შეუწყალებიათ, რადგან მისი მეუღლე ომერ მუკუტაძე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულა. როცა ისინი გადაასახლეს (მათი გადასახლების მიზეზი თურმე, მათი მამა ზაბით ზოიძე იყო, რადგან ის ზეირალ დავითაძესთან ერთად რუსულ რეპრესიებს გაჰქცევია თურქეთში). რადგან ჰქონიათ ბევრი ოქრო, რამდენიმე კილო და შეშინებიათ, რუსებმა არ წაგვართვანო... ჩემი ქმრის მამიდა ჩვენს სახლში ჩამოსულა საცხოვრებლად. ქმარი ომში რომ დაეღუპა, მას შემდეგ წამოსულა მამისეულ სახლში და არავის ჰქონდა უფლება, ქვრივ-ობოლ ქალს დახმარებოდა. ერთადერთი ბაბუაშენი დურსუნ ზოიძე ყოფილა, რომელსაც არ შეშინებია რუსული რეჟიმის, დადიოდა მერიემ ბიბიასთან (მამიდას ასე ეძახდნენ ჩვენთან): საჭმელს, ტანსაცმელს, შეშას უზიდავდა და 2-3 წელი ეხმარებოდა, სანამ ისინი დაბრუნდნენ შუა აზიიდან. აქ საინტერესო კიდევ ის არის, რომ რეპრესირებულ ჩემს დედამთილს ასიე ხანუმი (მულს ასე ეძახდნენ ჩვენთან) გასჩენია და რომ დაბრუნებულან, 1 წლისა ყოფილა მაშინ. ახლაც ცოცხალია.

დაასრულა საუბარი მზია ბიცომ და ვუთხარი, რომ უკვე დროა ჩემი წასვლისა.

გზაში თუკი მარტო ვარ და არავინ დამემგზავრა, ლოცვებს ვკითხულობ და ყოველთვის ვცდილობ წამიერად მაინც ვიგრძნო უფლის სიახლოვე... ვესაუბრები ბევრს, ძალიან ბევრს და ასე გადის დრო. ისე ჩამოვდივარ ხიჭაურამდე, ვერც კი ვგრძნობ...

და აი, გამოჩნდა ჭვანისწყლის თავზე ჩემს მოპირდაპირედ ოთოლთას ციხეც, რომელიც სოფელ ხიჭაურს მარჯვენა მხარეს აკრავს. ამ ციხის დანახვაზე ყოველთვის მახსენდება სოფელ ახალდაბის მკვიდრ პოეტ ზურაბ ზოიძის ლექსიდან ამონარიდი, ოთოლთას ციხისთვის მიძღვნილი: "ღრმა ხევში წყალი ბორგავდა/ და შრიალ იყო ფოთოლთა,/ მაღლა ფერდობზე ლომივით,/ გარინდულიყო ოთოლთა..."

როლანდ ხოჯანაშვილი