"ბევრს მიწა ჰქონდა გათხრილი და თავზე ფიჩხები ეფინათ" - გზაპრესი

"ბევრს მიწა ჰქონდა გათხრილი და თავზე ფიჩხები ეფინათ"

გიორგი ხუციშვილი 14 წლიდან ქუჩაში უკრავს. ამბობს, რომ უყვარს ადამიანებზე დაკვირვება და აქედან გამომდინარე კარგად იცნობს მათ ფსიქოლოგიას. შრომა არ ეზარება, ბევრ ადგილზე უმუშავია და ამ ყველაფერმა მას სხვადასხვა უნარი განუვითარა. ამ ეტაპზე მუდმივი სამსახური არ აქვს, მაგრამ გამოსავალი იპოვა და საზოგადოებას ძაღლების გასეირნების სერვისი შესთავაზა, რასაც საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. ინტერვიუდან შეიტყობთ, რა წინადადებებს იღებს, როგორია ქუჩის მუსიკოსის თვალით დანახული საზოგადოება და რა არის მისი მთავარი ოცნება?

- 25 წლის ვარ. თეატრალური აკადემია დავამთავრე, ვიყავი თეატრალური დასის "სხვენი" მსახიობი, პარალელურად - ამიკო ჩოხარაძესთან "ფარული კამერის" მსახიობი. გადაცემის "შორენას ეფექტი" პირველი მამაკაცი სტუმარი გახლდით. ქუჩის მუსიკოსი ვარ, ხალხთან ურთიერთობა კარგად გამომდის. წლების განმავლობაში 19 პროფესია მაქვს გამოცვლილი.

- ეს როგორ?

- თავდაპირველად "მალიარი" ვიყავი, შემდეგ ავტომანქანების სამრეცხაოში გადავედი, მერე ჯარში წავედი, წარმატებულად ვიმსახურე, სერჟანტის წოდება მივიღე. ვმუშაობდი დაცვის სამსახურში, კაფეში... შემდეგ იყო თეატრი. ქუჩაში ხალხისთვის ახლაც ვმღერი, ძირითადად ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს (ჰამლეტ გონაშვილის, ჯანსუღ კახიძის, გოგი ცაბაძის) ვასრულებ. მსახიობობა და სიმღერა - ეს ის საქმეა, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებ. სიმღერის დროს თამაშია საჭირო. უნდა იცოდე, საზოგადოებას რა მომენტში როგორი სიმღერა მოსწონს, რის ხასიათზეა.

- შენი და ჟურნალისტ ნინო ჭელიძის შეხვედრამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია...

- ახლა უმუშევარი ვარ და გადავწყვიტე, თუნდაც ძაღლების გასეირნებით, შემოსავალი გამეჩინა და ჩემი მთავარი ოცნება ამეხდინა. ნინო ჭელიძემ რომ მომწერა, გამასეირნეო, თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ეს სერვისი არსებობს. ნინოს მივწერე, რა კარგად ხუმრობ-მეთქი. - არა, არ ვხუმრობო. მოკლედ, დავთანხმდი და მართლაც, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ცუდი მხარეც.

- რას გულისხმობ?

- ბიჭები უფრო ხშირად მწერენ, გამასეირნეო, ვიდრე - გოგონები.

- ამ შემთხვევაში სქესს რა მნიშვნელობა აქვს?

- სამწუხაროდ, მხოლოდ გასეირნებას არ მთხოვენ. ჰგონიათ, ბიჭები მომწონს. მსგავსი წინადადება გოგოსგანაც რომ მივიღო, მაინც უარზე ვიქნები. ეს ჩემი სამსახურია და არ მინდა, ვინმემ ცუდად გამოიყენოს. მსგავსი შემოთავაზებები ძალიან მაღიზიანებს.

- იმავე შინაარსის შემოთავაზებები გოგონებისგანაც არის?

- რა თქმა უნდა, მწერენ, გასეირნების შემდეგ ცოტა დავლიოთ და სექსი გვქონდესო.

- ამ შემოთავაზებას რა ასაკის გოგონებისგან იღებ?

- 30-40 წლის შუალედში, ზოგიერთი დაოჯახებულიც არის და განტვირთვა უნდა, ზოგიერთი ყალბი გვერდიდან მწერს, ზოგი დიდ თანხასაც მთავაზობს, მაგრამ ადამიანობას და ჩემს პრინციპებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ ვერ გადავაბიჯებ. მყავს საყვარელი ადამიანი, სხვა არავინ მაინტერესებს. რამდენიმე დღის წინ ერთმა ქალბატონმა მომწერა: შენთან ერთად გავისეირნებ, ოღონდ ჩუმად იყავი, ხმა არ ამოიღოო.

- შესაძლოა, ვინმემ ცუდი განზრახვისთვის გამოგიყენოს, დაფიქრებულხარ?

- რა თქმა უნდა, დავფიქრებულვარ და ვიცი, დაზღვეული არაფრისგან ვარ.

- ინტერვიუს დასაწყისში "მთავარი ოცნება" ახსენე. რაზე ოცნებობ?

- ძალიან მინდა ბაიკი ვიყიდო, ვიმოგზაურო და ხალხს დავეხმარო, მინდა სხვა ბაიკერებიც ავიყოლიო, ვიშრომო, რომ სიკეთე ვაკეთო. სიკეთის კეთება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია. მინდა ადამიანებისთვის პატარა "ანგელოზივით" ვიყო. თავად გაჭირვება გამოვლილი მაქვს და ამ გამოცდილებით, მაქვს უნარი, ადამიანების გასაჭირი გულთან მივიტანო.

- ქუჩის მუსიკოსობიდან აკადემიურ სცენაზე გადასვლა არ გინდა?

- ამას დიდი თანხა სჭირდება, რაც არ მაქვს.

- ბედი მუსიკალურ პროექტებში რომ გეცადა?

- ვცადე, მაგრამ... მითხრეს, კარგი ხმა გაქვს, მაგრამ ვერ გადაგიყვანთო. ტელევიზორს ხალხი იმიტომ უყურებს, რომ შოუები იდგმება და მე იმ ეტაპამდეც არ გადამიყვანეს, რომ ხალხს ჩემი სიმღერა მოესმინა. სამაგიეროდ, ისეთი ადამიანები გადაიყვანეს, ვისაც ხალხი დასცინებდა, ვისკენაც ხელს გაიშვერდა, ეს ყველაფერი სჭირდებოდათ.

294917778-454823876214260-8532375758206774921-n-1660038239.jpg

- წარმოშობით გორიდან ხარ, არა?

- შინდისიდან ვარ. აგვისტოს ომის დროს ჩვენი გმირები რომ ჩახოცეს, იქ ვიყავი. ჩემზე პატარა ბავშვებს ომის საშინელება რომ არ ეგრძნოთ, ვართობდი, მაშინ 14 წლის ვიყავი. ძალიან დაძაბული გარემო იყო. რკინიგზის სადგურთან, ლიანდაგებზე, დიდხანს იყო ჩვენი ჯარისკაცების გვამები. სანამ საპატრიარქო შემოვიდოდა, იქ ასვლას ვერავინ რისკავდა. ჩემს სოფელში მიტოვებული ტექნიკა იდგა, ოფიცრებმა უწვერო ჯარისკაცები მიატოვეს. რუსულმა ტანკმა ქართული დროშა დაიმაგრა და ქართველ ჯარისკაცებს მიადგა. მათ ჩვენები ეგონათ, რუსებმა კი ლულა მიუშვირეს და გადაცხრილეს. უშუალოდ იმ ცნობილი შეტაკების დროს, შინდისში სახლებში უკვე აღარავინ იყო, ყველა სადღაც გახლდათ გადამალული, ბევრს მიწა ჰქონდა გათხრილი და თავზე ფიჩხები ეფინათ.

- თქვენი ოჯახი ამ დროს სად იყო?

- სოფელში ვიყავით, მაგრამ ბოლო წუთს წამოვედით და მანქანა, რომელიც ჩვენ შემდეგ მოდიოდა, აფეთქდა. ჩვენ თბილისში დავრჩით, ერთოთახიანი ბინა გვქონდა, ბებო და პაპაც ჩვენთან იყვნენ, ერთ ოთახში 6 ადამიანი ვცხოვრობდით.

- ქუჩის მუსიკოსის თვალით დანახული საზოგადოების სახე როგორია?

- 14 წლიდან ქუჩაში ვუკრავ, თვითნასწავლი ვარ. ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო ძალიან მაინტერესებს, დაკვირვება მიყვარს. თეატრალურში სხეულის ენას გვასწავლიდნენ, დაცვის, სამხედრო სამსახურიდან და კაფეში მუშაობიდან ადამიანის ფსიქოლოგია კარგად ვიცი. დღეს საზოგადოება ძალიან დაძაბულია. ქუჩაში უსიამოვნო შემთხვევებიც ხშირია. გითხარით, უმეტესად ჰამლეტ გონაშვილის რეპერტუარს, ჯანსუღ კახიძის, ცაბაძის სიმღერებს ვმღერი. ვიღაც გამოივლის და მეტყვის, - რა არის, ეს რანაირ სიმღერას მღერი? ეს ჩემს განწყობაზე, ხმაზეც, ფსიქოლოგიაზეც ძალიან მოქმედებს. მინდა ახალგაზრდებმა იზრუნონ განვითარებაზე და ყველა ის ე.წ. კომუნისტური გადმონაშთი დაივიწყონ, რაც განვითარებაში ხელს უშლით. ყველა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და სხვას ნუ მოუსმენს. "საყურე არ გაიკეთო" და "ტატუ არ დაიხატო", ეს არც ერთი მეზობლის და ვითომ "მოკეთის" საქმე არ არის.

თამუნა კვინიკაძე