ლეგენდად ქცეული ამბავი... - გზაპრესი

ლეგენდად ქცეული ამბავი...

რუსეთ-საქართველოს უთანასწორი ომის დროს უამრავი გმირის ისტორია დაიწერა, მაგრამ შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია. “შინდისის გმირების” ამბავი სამუდამოდ დარჩა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოჩენილი გმირობის, არამედ გამორჩეული მეგობრობის, ერთმანეთისთვის თავგანწირვის, ერთიანი სულისკვეთების განსაკუთრებულ მოვლენად.

...11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან გამართულ შეტაკებაში 22 ქართველი სამხედროდან 5: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, გიგა მურვანიძე, ოთარ კალმახელიძე და თენგიზ ცანავა გადარჩნენ...

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით სამხედრო საქმის სპეციალისტებს ახლაც უამრავი კითხვა აქვთ, მაგრამ ბიჭებმა ლეგენდა უკვე შექმნეს, დანარჩენი კი ანალიზის თემაა...

ერთ-ერთი ვერსიით, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ: სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ასე ჩაუკეტავთ გასასვლელები. 20-მა მებრძოლმა რუსების ერთ ასეულს გაუწია წინააღმდეგობა. 17 მებრძოლი მტერს ცოცხლად არ ჩაჰბარდა და ადგილზე დაიღუპა. 3 დაჭრილი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს...

2018 წელს, ომში მიღებული ჭრილობების გართულების შედეგად, შინდისის ჩასაფრების მონაწილე, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი ოთარ კალმახელიძე გულის შეტევით გარდაიცვალა... იმ საბედისწერო დღეს ოთარი შინდისის მკვიდრი ბადრი ხუციშვილის, მეტსახელად “ახმეტას” წყალობით გადარჩა: როდესაც ადგილზე რუსები პატრულირებდნენ, მოხუცი სოფელში დარჩენილ მეზობლებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველზე იპარებოდა და დაჭრილი ბიჭები გამოჰყავდა, შინ მალავდა და უვლიდა (ბადრი ხუციშვილს პრეზიდენტისგან სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადაეცა).

იმ მძიმე დღეებზე საუბრისას კაპრალი ოთარ კალმახელიძე იგონებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის ეს ეპიზოდი მაშინვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამბის უშუალო მონაწილეებს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ რატომღაც, დუმილი უბრძანა, შინდისის ტრაგედიის გარშემო კი ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია...

otar-kalmaxelize-1660547703.jpg

ოთარ კალმახელიძის მოგონებიდან:

“შინდისთან ახლოს, სოფელ ტყედქცეულში ვიყავით, როდესაც გასვლის შესახებ ბრძანება გაიცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა, რადგან რუსეთის არმია უკვე ავიაიერიშებს ახორციელებდა... იქიდან გამოსვლისას, ჩვენი კოლონა ორად გაიყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სისწრაფეში ორი სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და გარკვეული პრობლემები შექმნა. ჩვენი მიმართულებით დიდი რაოდენობით რუსი სამხედრო მოდიოდა, რამაც ჩვენს კოლონაში არეულობა შემოიტანა. ქართველების კოლონა შინდისის მიმართულებით წავიდა. შეიძლებოდა უკან წავსულიყავით, მაგრამ პირდაპირ ცხინვალისკენ წავედით და რუსების არმიას შევეჯახეთ. ტანკებმა ცხვირწინ ჩაგვიარა, ჩვენს პირველ მანქანას მსხვილკალიბრიანიდან ესროლეს და შემდეგ უკვე ყველაფერი ერთმანეთში აირია... ჩვენი მიმართულებით მოწინააღმდეგემ მასირებული ცეცხლი გახსნა. ყოველ ნახევარ წუთში ვიღაც კვდებოდა. შედარებით უკეთესი ადგილი უნდა შეგვერჩია და თავი შევაფარეთ შინდისის რკინიგზის სადგურის შენობას... ჩვენთან ერთად სხვა სამხედრო ნაწილებიდანაც იყვნენ ბიჭები, ძირითადად - კავშირგაბმულობის, საინჟინრო და უზრუნველყოფის ბატალიონის ჯარისკაცები”.

აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, ერთ-ერთ გადარჩენილს - თენგიზ ცანავას დავუკავშირდით და იმ მძიმე დღეების გახსენება ვთხოვეთ:

- ყოველ წუთს იმ კოშმარზე ვფიქრობ... 11 აგვისტოს, უკან დახევის ბრძანება მივიღეთ. სახლში ვბრუნდებოდით, ოჯახებში დარეკილიც გვქონდა, მაგრამ შინდისთან რუსების ალყაში მოვყევით... რკინიგზის სადგურის მიღმა რუსები მდგარან და უეცრად ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩვენ საინჟინრო ბრიგადა ვიყავით და მათთან პირდაპირი ბრძოლა არ მოგვიხდა, ცხინვალშიც არ შევსულვართ... ასეულების ბიჭები ვიყავით და სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან გავჩერდით. იმ 22 ბიჭიდან უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობდით და ტყვედ ჩაბარებაზე წამითაც არ გვიფიქრია. რაღაცნაირად, ერთხმად გადავწყვიტეთ, არ ჩავბარდებოდით და საპასუხო ცეცხლი გავხსენით. პასუხმა არ დააყოვნა, მსხვილკალიბრიანიდან გვესროლეს...

ახლა ვფიქრობ, რატომ და როგორ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ასე ერთსულოვნად?.. ეს ალბათ ქართველი კაცის მებრძოლმა სულმა, ერის წარსულმა განაპირობა. როდესაც ხელში იარაღი გიჭირავს, გებრძვიან და მეგობრებს, თანამებრძოლებს გიხოცავენ, სადამდეც შეგიძლია, უნდა იბრძოლო... ისეთი ბიჭები ვიყავით, ისეთი შეკრული, გამორიცხული იყო ტყვედ ჩაბარება...

მერე რა მოხდა და როგორ, თანამიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს - ტყვიები რომ გამოგველია, დაღუპულ ბიჭებს ავართვით და იმას ვისროდით. არადა, დაჭრილი ვიყავი. მე და ოთარ კალმახელიძე ერთად დავიჭერით, ერთი გასროლით... სისხლისგან ვიცლებოდით, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას ვუწევდით... შემდეგ, როდესაც სამშვიდობოს გამოგვიყვანეს, დაითვალეს და 80-მდე ჭრილობა მქონდა სახესა და მკლავებზე, მკერდის ჭრილობებისგან ჯავშანჟილეტმა დამიცვა...

- საათზე მეტხანს უწევდით წინააღმდეგობას, არა?

- დიახ, შესაძლოა, ორიც კი იყო... როდესაც ტყვიები დაგვიმთავრდა და ისინი თანდათან ჩვენკენ მოიწევდნენ, რუსული საუბარი გვესმოდა... სადგურის შენობაში საშინელება ტრიალებდა. ისეთი ბუღი იდგა, საგნებს ძლივს ვარჩევდით, მაგრამ დახოცილი ბიჭებიდან რამდენიმე ვიცანი. ჩვენთან ახლოს იყო ალეკო ონიანიც, რომელსაც ზოიძე ჰყავდა ჩახუტებული. ბიჭებო, მცივაო, გვითხრა... სიკვდილს თვალებში უყურებ, მაგრამ მაინც არ გჯერა, რომ ვინმეს წაგართმევს... გადარჩენის ინსტინქტი ძლიერია. ბიჭებისკენ გავიხედე, შმაგი კუპატაძეს პირიდან სისხლი სდიოდა. ოთარ კალმახელიძე, რომელიც თავადაც დაჭრილი იყო, მასთან მივიდა და შეეცადა, მიწაზე დაეწვინა. თითქმის უსიცოცხლო, კედელზე იყო მიყრდნობილი... როდესაც ყველაფერი დასრულდა და იმ ადგილას სასულიერო პირები მივიდნენ, მათ სხვებიც ახლდნენ და იმ ადგილას ფოტოები გადაუღეს. მათი დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ კუპატაძე ზუსტად ისე იჯდა, როგორც ოთარმა დატოვა... პირველ დარტყმას, შმაგისთან ერთად, ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია და ლევან მელქაძე შეეწირნენ.

- მტერს ცეცხლი არც ამის შემდეგ შეუწყვეტია, არა?

- დიახ, ისინი ინტენსიური ცეცხლით, საფუძვლიანად “ამუშავებდნენ” იქაურობას... ცოტა ხანში ალექსანდრე ონიანმა დაიძახა, - ბიჭებო, თუ ვინმე ცოცხალი ხართ, აქ მოდითო. ოთარმა ტელეფონი მოისროლა, - ყველაფერი დასრულდა და არ მინდა, ჩემი ოჯახის წევრის, თუნდაც დედაჩემის ზარზე, რომელიმე რუსმა სამხედრომ ცინიკურად უპასუხოს, - თქვენი შვილი რომელია, არ ვიცი, მაგრამ აქ ცოცხალი არავინ არისო... ცეცხლი არ წყდებოდა. მე და ოთარმა ერთმანეთის დახმარებით, ფორთხვით მივაღწიეთ იქამდე, საიდანაც ალექსანდრე ონიანმა დაგვიძახა... ჭრილობა ძალიან მაწუხებდა, ტყვიას ფილტვში გაევლო. ოთარიც მთლიანად სველი იყო ძლიერი სისხლდენისგან. ადგილზე რომ მივფორთხდით, ასეთი სურათი დაგვხვდა: შენობის კედლის კუთხეში ალეკო იჯდა, მუხლებზე რომან ზოიძის თავი ედო... ყველანაირი ემოციისგან დაცლილი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ ეს სურათი ხშირად მიდგას თვალწინ, ძილში თუ ცხადში... იქვე, კიდევ ერთი ჯარისკაცი დაჩოქილი შეხვედროდა სიკვდილს... რუსები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ, მათი ხმებიც გვესმოდა... წყალი გვწყუროდა. ერთი ჭიქა წყლისთვის ალბათ, სიცოცხლის ნახევარს დავთმობდი. ჩვენი მეგობარი რომან ზოიძე უკვე ძალიან ცუდად იყო, გარდაცვლილებს ახსენებდა. ვგრძნობდით, გონებას კარგავდა, მაგრამ ვერ ვშველოდით. ფეხში იყო დაჭრილი. მისთვის ტყვიას არტერია გადაეჭრა... ალეკო ონიანმა გარდაცვლილი ბიჭების წყლის მათარები შეამოწმა, ზოგი ცარიელი იყო, ზოგი ტყვიისგან დახვრეტილი... როდესაც იმ მომენტებს ვიხსენებ, ტკივილთან, სტრესთან, ბრაზთან ერთად აუტანელი წყურვილი მახსენდება, ლამის სიგიჟემდე რომ მივყავდით. ალეკო რაღაცნაირად ისევ მაგრად იდგა, ჩვენს გასამხნევებლად საკუთარ თავში ძალას პოულობდა: ლოცვა წავიკითხოთო, - თქვა... “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდით, როდესაც 50 მეტრში, ჩვენკენ მომავალი ტანკი შევნიშნეთ. იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ზედ შემომსხდარი რუსი ჯარისკაცების სახეებიც კი დავინახე...

მალე მოგვადგნენ, მისი ტყვედ აყვანა უნდოდათ, მაგრამ ალეკომ ხელყუმბარის დამცავი ამოაძვრინა... მხოლოდ იმის დაყვირება მოვასწარით, - რას შვრები, ბიჭოო!.. ოთარი მასთან უფრო ახლოს იწვა და აფეთქების წნევისგან გონება დაკარგა... მეც ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა გავიგე, რომ ტყვიები “გადაგვატარეს”, ოღონდ - შორიდან. გადავრჩით. ეტყობა, თვითონაც ეშინოდათ შენობაში შემოსვლის.

ტკივილისა და სისხლდენისგან ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც შევნიშნე, როგორ ნელა შემოტრიალდა ჩვენკენ ტანკი და ლულა მოგვიშვირა. ძლიერი აფეთქების ხმამ კიდევ ერთხელ შეგვარყია. თვალები დავხუჭე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. როდესაც გამოვერკვიე, შევნიშნე, რომ ალეკო ჩემგან ნახევარ მეტრში იწვა... ოთარიც მოვიდა გონს. ცოცხალი ხარ-მეთქი?.. - ვკითხე. გარშემო არც ტანკები იყო და აღარც ჯავშანტექნიკა. აფეთქებას რამდენიმე ბიჭი ნაკუწებად ექცია. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავრჩით მე და ოთარი. გული მეწვის, რომ იმ უბედურებას გადაურჩა, მაგრამ ომის ნაჭრილობევებით, ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა...

- როდესაც გონს მოხვედით, რუსი სამხედროები წასულები იყვნენ?

- არა, ლიანდაგებს მიღმა იდგნენ, ჩვენს მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. მათი აფეთქების ხმა იქაურობას აზანზარებდა... ოთარი ფეხზე წამოდგა და გადაგდებული ტელეფონის ძებნა დააპირა. შემეშინდა, ძლივს გადავრჩით, ახლა აქ არ ჩაგვცხრილონ-მეთქი და დავუყვირე, - რას შვრები, ბიჭო, არ წახვიდე, მოგკლავენ-მეთქი. მართლაც, ესროლეს და ტყვიამ მკლავში გაუარა. ისევ დაწვა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექით ასე, ერთმანეთის გვერდიგვერდ და წვიმის მოსვლას ვნატრობდით, რომ წყლის წვეთებით პირი გაგვესველებინა. შემდეგ ტკივილისგან ისევ დავკარგეთ გონი.

tengo-canava-1-1660547718.jpg

- როგორ გამოაღწიეთ?

- გვიან ღამით. რუსების ხმა გვესმოდა. სავარაუდოდ, მკვდრები ვეგონეთ, მაგრამ მაინც ვერ ბედავდნენ შემოსვლას... დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, ოთარის ვუთხარი, - შენ მაინც უშველე თავს ან მოსახლეობას მაინც გააგებინე, რომ აქ დაჭრილები ვართ, იქნებ დაგვეხმარონ-მეთქი. - ვერ შევძლებ, სისხლისგან ვიცლებიო... ძალისძალად, ხოხვა-ხოხვით წავედი დასახლებისკენ. გზად საკმაოდ ღრმა თხრილი იყო და იქ ჩავცურდი. ამ დროს რუსების მძიმე ტექნიკის ხმა გავიგონე. შემეშინდა, არ დამინახონ-მეთქი, ტანჯვით ამოვძვერი და გზის მეორე მხარეს გადავფოფხდი...

ადვილად კი ვყვები, მაგრამ იმ შენობიდან გამოსვლის შემდეგ იმდენ ხანს მომიწია ფორთხვამ, რუსების კოლონა რომ დავინახე, უკვე თენდებოდა, ასე, დილის 5-6 საათი იყო... ლობიოს ნათესში ჩავწექი, თავის წამოწევისაც მეშინოდა.

უკვე 12 აგვისტო იდგა.

ძალაგამოცლილი, მიგდებული ვიყავი. ვიღაცების ხმა შემომესმა. თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე, - ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვათ. მაინც ვკვდებოდი და დავუძახე, ქართველები ხართ-მეთქი?.. შვილო, თქვენ გეძებდითო, - შვებით თქვეს და ჩემკენ გამოიქცნენ... ეს იყო ჩვენი გადამრჩენელი ბადრი, იგივე ახმეტ ხუციშვილი და მისი ახლობელი, კიდევ ერთი ადგილობრივი... ვერ აღგიწერთ იმ ემოციას, იმ სიხარულს - როგორც ჩემსას, ისე მათსას...

მალე ოთარიც იპოვეს. ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და სადმე ახლომახლო იქნებოდა. სურსათის მაღაზია უპოვია, შიგნით გაჭირვებით შესულა და წყლის ძებნაში, რვა ბოთლი გაზიანი სასმელი დაულევია. ცოტა ძალის მისაცემად, შოკოლადიც მიურთმევია, იქვე მუყაოს ყუთში ჩაკუჭული სამოქალაქო პირის ტანსაცმელიც უპოვია, თავისი სისხლიანი ფორმა გაუხდია და ის ჩაუცვამს. ამასობაში, ახმეტამ და მისმა ახლობლებმა იპოვეს. შემდეგ ხუმრობდა, იმ მაღაზიის პატრონი უნდა ვიპოვო, კომპენსაცია ეკუთვნისო...

პირველი, რაც გავაკეთე, ახმეტას ტელეფონიდან შინ დავრეკე და მეუღლეს ვუთხარი, ცოცხალი ვარ-მეთქი... ჩემი ტელეფონი იმ ორმხრივი სროლის შემდეგ თავად დავამტვრიე. ოთარის არ იყოს, არც მე მინდოდა, ჩემებისთვის ვიღაც რუსს ეთქვა, - აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო...

ახმეტამ და მისმა მეუღლემ, ცხონებულმა ხატიამ, ჭრილობები გამისუფთავეს... მერე - ახლაც არ ვიცი, როგორ - სოფელ შინდისში ჩემი ახლობელი შემოვიდა. სოფლის აფთიაქები ისედაც გატეხილი იყო, ზოგი ამათ გააღეს და იქიდან მედიკამენტები წამოიღეს... ახმეტას გული არ უთმენდა და მაინც იპარებოდა იქაურობის სანახავად, - ბიჭები უნდა დავასაფლავოთო. ასე იპოვეს კიდევ სამი მებრძოლი: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია და გიგა მურვანიძე. ყველანი დაცლილ, უკვე დაკეტილ სახლებში გადაგვანაწილეს. მე, ოთარი და ჩიტიძე ერთ სახლში ვიყავით, დანარჩენი ორი - სხვაგან, მაგრამ ყველას ახმეტა გვივლიდა. შეძლებისდაგვარად, ჭრილობებს გვიმუშავებდა, თავისი ხელით გვაჭმევდა...

როდესაც შინდისში ცხედრების გამოსაყვანად სასულიერო პირები შემოვიდნენ, მაშინ გამოგვიყვანეს. ერთ კოლონაში ვიყავით, ოღონდ ჩვენ რეანიმობილებში გადაგვიყვანეს. გორამდე ერთხელ გაგვაჩერეს. მთვრალი რუსი კაპიტანი იყო, - სად დაიჭერიო? - მკითხა, კარი წიხლით შემოგვიხურა, მაგრამ გაგვიშვა...

- ახმეტასთან ურთიერთობა კვლავაც გაქვთ, არა?

- ახმეტა ჩვენი ოჯახის წევრია, ყველა ჩვენგანის. როგორ შეიძლება, მასთან ურთიერთობა არ გვქონდეს?! ოთარის დაკარგვა ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცადა, ისევე, როგორც ჩვენ, დანარჩენებმა... წუთი არ გავა, არ ვიფიქრო, როგორ გადავრჩით მაშინ, უფრო სწორად, როგორ გადაგვარჩინა ახმეტამ...

ცხოვრება გრძელდება. სამკურნალო შვებულებაში ვარ. პერიოდულად გორის სამხედრო ჰოსპიტალში დავდივარ. ასაკის მატებასთან ერთად, ტკივილები უფრო და უფრო მაწუხებს, ჯერ კიდევ მაქვს სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევები, რადგან ყველას ამოღება არ შეიძლება, ისეთ ადგილებშია... მეუღლე და ორი შვილი მყავს - ბიჭი სტუდენტია, გოგო ჯერ პატარაა... ასე გრძელდება ცხოვრება. ხანდახან შეგვახსენებს თავს ომის ფიზიკური და სულიერი ჭრილობები, მაგრამ ვუძლებთ. არის რაღაც ძალიან ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში, რისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს, ეს - სამშობლოა. ჩვენ კი, მე და ჩემმა მეგობრებმა, მგონი, ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის.

ლალი პაპასკირი