მონატრებული სამაჩაბლო და იტალიაში ჩატანილი “ამბავი საქართველოზე” - გზაპრესი

მონატრებული სამაჩაბლო და იტალიაში ჩატანილი “ამბავი საქართველოზე”

ხელმარჯვე ქალბატონი, ფატი კახნიაშვილი პროფესიით იურისტია. იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, როცა მოუსვენრობამ შეიპყრო და უცნაური გრძნობა გაუჩნდა: თითქოს ხელები ეფხანებოდა, უნდოდა “თითებით რაღაც ეკეთებინა” და რა - ამას ვერ ხვდებოდა. ერთხელაც ბისერებისგან სამკაულების გაკეთება სცადა და გამოუვიდა, თუმცა ამანაც ვერ დაამშვიდა. ერთ საღამოს, საყვარელ ადამიანზე ფიქრისას მიხვდა, სინამდვილეში რისი გაკეთება უნდოდა და დილით, სამუშაო მაგიდასთან მისულმა, ვაზის მტევანი ააწყო, ამის შემდეგ კი თითქოს შვებითაც ამოისუნთქა...

მომდევნო ნაბიჯი სამსახურზე უარის თქმა იყო და მისმა რისკმა გაამართლა: ბევრი ადამიანის გასაკვირად, ხელსაქმემ დიდ წარმატებამდე მიიყვანა თვითნასწავლი ხელოვანი... ფატის იმ ადამიანის გახსენება ვთხოვეთ, ვისზე ფიქრმაც შთააგონა ვაზის მტევნებზე ემუშავა...

დევნილობის სიმწარე და მიტოვებული მამის საფლავი

- ამას წინათ წავიკითხე აფხაზეთიდან დევნილი დემნა გვასალიას ერთ-ერთი პოსტი, სადაც წერდა, ჩემი ტკივილი და განცდები ხელოვნებაში ავსახეო. მისი ტკივილი ჩემთვისაც ნაცნობია, რადგან სამაჩაბლოდან ვარ. ვიცი, ძნელია, როცა სახლში მისვლას გიკრძალავენ და არც ის იცი, როდის შეძლებ მშობლიური ადგილების მონახულებას. ულამაზესია ჩემი სამაჩაბლო თავისი ბუნებით. es is ადგილიa, სადაც ყველაზე საუკეთესო და მნიშვნელოვანი პერიოდი, ბავშვობა გავატარე და იმ დროს ცრემლების გარეშე ვერასდროს ვიხსენებ.

2008 წელი ძალიან რთული იყო ჩვენთვის. გარდაცვლილი მამის საფლავი დავტოვეთ სამაჩაბლოში და ყველანი აქეთ გადმოვიხვეწეთ. მას მერე სიზმარში ხშირად ვხედავ ჩემს სახლს და მამას, რომელიც ვაზს უვლის. როცა პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, ვაზმა როგორ უნდა აგატიროს, მუხლზე დაჩოქილი როგორ უნდა დაუდგე, არადა, მამისგან ამას სულ ვხედავდი. ის ემოციური ადამიანი იყო.

pirveli-samkauli-1660548463.jpg

ვენახთან დაჩოქილი მამა...

- 17 წელი პეტერბურგში იცხოვრა სოფელში გაზრდილმა და ინტელიგენტად ჩამოყალიბებულმა ადამიანმა. ჰყავდა რუსი მეუღლე, რომელთანაც შვილი არ ეყოლა. მერე დაშორდნენ, ჩამოვიდა საქართველოში და წლების შემდეგ, აქ დედაჩემზე დაქორწინდა. სხვათა შორის, ჩემს სახელსაც თავისი ისტორია აქვს: პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში უნახავს ფილმი “ფატიმა” და უთქვამს, - ოდესმე გოგონა თუ მეყოლება, აუცილებლად ამ სახელს დავარქმევო. თავიდან მწყინდა, რანაირი სახელი მაქვს-მეთქი?! მართალია, ჩვენს მხარეში ეს სახელი მიღებულია, დედა ოსი მყავს და ყველას ეგონა, რომ მან დამარქვა, მაგრამ ასე არ იყო...

მამამ უზომო მოფერება იცოდა. 2 ძმა მყავს, გიჟდებოდა ჩვენზე. მე ოქტომბერში დავიბადე, ანუ იმ პერიოდში, როცა ვენახში ყურძენი იკრიფება და მამა სულ ვენახთან დაჩოქილი მახსოვს. კრეფისას მარცვალი არ უნდა ჩამოვარდნილიყო ძირს და თუ მაინც დავარდებოდა, შანსი არ იყო, ისინი სათითაოდ უნდა აეკრიფა. ბავშვობაში ამაზე მეცინებოდა. მე მიყვარდა, ზედ მტევანს რომ მოვაცლიდი მარცვალს და ასე მივირთმევდი, მამას კი ესეც აღიზიანებდა: შეხედე, რა ლამაზი მტევანი იყო და როგორ დაუკარგე ლაზათი. მოკრიფე და ისე ჭამე, მთლიანადო. ახლა რომ დავინახავ შეფერილ მტევანს და მარცვლისკენ წავიღებ ხელს, უნებურად ვჩერდები, მამის სიტყვები მახსენდება...

მამისგან დატოვებული რჩევა ცხოვრების კრედოდ იქცა

- მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და რაც უფრო მემატება ასაკი, მით მეტად ვაფასებ. მასთან ჭკუის საკითხავად მოდიოდა მისი სამეგობრო. ძალიან ხელგაშლილი გახლდათ და ჩვენს სახლში სულ სტუმრიანობა იყო და მერე ვხუმრობდი, ჭურჭლის რეცხვა მძულს, რადგან მთელი ბავშვობა თეფშებს და ჭიქებს ვრეცხავდი-მეთქი. დედას ძალიან კარგი სამსახური ჰქონდა, სარესტორნო სივრცეში ბუღალტერი იყო და სულ დატვირთული მოდიოდა სახლში, ეს კი აძლევდა საშუალებას, თამამად მიეღო სტუმრები. მამა მაგიდასთან მარტო არ დაჯდებოდა, აუცილებლად ვიღაცას დაუძახებდა, - მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო. იმდენად კეთილშობილი გახლდათ, მისგან ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია... დღეს ვამბობ, - ალბათ, ყველა ის პრობლემა, რომელიც უკვე ზრდასრულს შემექმნა, გადამატანინა იმან, რომ ძალიან ტკბილი ბავშვობა მქონდა-მეთქი. ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ადამიანი ვიყავი, მამას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ჩემ მიმართ ისიც გამორჩეულად თბილი იყო, მოფერებით ფრატიფრუტის მეძახდა. ამ სახელს რომ დამიძახებდა, გულში სითბო მეღვრებოდა. ძალიან უყვარდა ჩემ მიერ მომზადებული სალათები, - მათ განსაკუთრებული გემო აქვსო. ამით სტიმულს მაძლევდა, შექებით მანებივრებდა. ჩემთვის აკრძალული არასდროს არაფერი იყო.

296780751-587127312988064-3123897522482893418-n-1660548478.jpg

განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს მამასთან, ამას ყოველთვის ვგრძნობ. ეს სიტყვებით გამოუთქმელი რამეა. თვალებში რომ შემომხედავდა, უკვე ვიცოდი, რა უნდოდა, რა ესიამოვნებოდა. უსიტყვო კავშირი გვქონდა. ასეთი ურთიერთობა დიდ პასუხისმგებლობასაც გიჩენს, რომ მშობლების სახელი არასდროს შებღალო. მშობელი გაყენებს რომელიღაც საფეხურზე და დაბლა არაფრით არ უნდა ჩამოხვიდე, პირიქით, სულ მაღლა ასვლას უნდა ეცადო, რომ ისიც ბედნიერი იყოს და შენც.

მამა ყველაზე დინჯი ჩანდა ნებისმიერ საზოგადოებაში. რაღაცნაირი, დალაგებული საუბარი იცოდა. არასდროს ბევრს არ ილაპარაკებდა და რასაც იტყოდა, გააზრებული იყო.

ბავშვობაში შევესწარი ერთ სცენას: სამეგობრო რომ ქეიფობდა, ერთ-ერთი მეგობარი რაღაცაზე წაეკამათა, მერე ხმასაც აუწია და, ცოტა დავიძაბე, როგორ უბედავს მამას ამდენს-მეთქი. გავხედე და, მამა მაინც ძალიან დინჯად ესაუბრებოდა. იმან, უკვე კარგად შეზარხოშებულმა და გაღიზიანებულმა იმით, რომ ჩხუბში ვერ აიყოლია, სუფრა მიატოვა... მეორე დღეს, დილაუთენია ჩამოიარა იმ კაცმა და რაღაც ისე ითხოვა, ვითომც წინადღეს არაფერი მომხდარა. მამა ჩვეულებრივად დაელაპარაკა და ნივთიც გაატანა. გაკვირვებულმა ვკითხე: კი მაგრამ, გახსოვს, გუშინ ამ კაცმა რა გააკეთა? შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ხმამაღლა რომ დაგელაპარაკა-მეთქი. - შვილო, მე რომ მისნაირად მოვქcეულიყავი, განსხვავება მასსა და ჩემ შორის არ იქნებოდა. იფიქრე, მეც რომ ყვირილი დამეწყო, რა მოხდებოდა? ან დღეს რომ მოვიდა და ზურგი შემექცია, სახლში შევსულიყავი, რა გამოვიდოდა? ის წავიდოდა და უფრო ცუდს იტყოდა ჩემზე; იმასაც იტყოდა, გუშინ ღირსი იყო, ასე რომ მოვექეციო. ახლა კი, თხოვნაზე უარი რომ არ ვუთხარი და დაველაპარაკე, ვფიქრობ, კარგი საქმით შევანანებ გუშინდელ მის ცუდ საქციელსო. ეს სიტყვები არასდროს მავიწყდება, ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო. არასდროს, რაც უნდა გავბრაზდე, ადამიანს ცუდს არ გავუკეთებ და შვილებსაც სულ იმას ვასწავლიდი: ვინმე რომ გაწყენინებთ, არასდროს იფიქროთ სამაგიეროს გადახდაზე-მეთქი და მადლიერი ვარ, ჩემი შვილებიც ამ შეგონებით რომ გავზარდე, ისინი კარგი კაცები და ადამიანები არიან...

ახლა მამის ფენომენზე ვისაუბრე უფრო მეტად, მაგრამ არაჩვეულებრივი დედა მყავს. ეს ორი ადამიანი ერთად, სრული იდილია იყო. მე მათ საუკეთესო წლები მაჩუქეს და ბედნიერი ვარ, რომ მათი შვილი მქვია.

ახალი ცხოვრება

- ერთი პერიოდი ემოციურად დაძაბული ვიყავი. ერთ დღესაც, გარდაცვლილ მამას (ჩემი აზრით, მასთან სულიერი კავშირი მაქვს და ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, მხედავს, რაღაც მინიშნებას მაძლევს) შევჩივლე, - ახლა რამე მიშველე, თორემ ცუდად არის ჩემი საქმე-მეთქი. იმ ღამით დაძინებამდე ჩემს ბავშვობაზე, მამაზე მეფიქრებოდა და დილით ქვებისგან ყურძნის მტევანი ავაწყვე. ამას ყველასთან არ ვყვები, ასე მგონია, ადამიანები ვერ გამიგებენ... შენახული მაქვს ის პირველი სამკაული, სადაც მტევანი გამოვიყენე და ამის მერე მივხვდი, რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- ანუ ამაზე სიზმარში მამამ მიგანიშნათ?

- არა, უფრო ძილის წინ, მონატრება, ნოსტალგია შემომაწვა და დავფიქრდი, რით შემევსო ეს სიცარიელე, მამის მონატრება... მამაზე ფიქრისას კი შეუძლებელია, ვაზს ავუარო გვერდი...

295924140-3333919013600284-7577071213494429988-n-1660548489.jpg

წარმატება და... “ამბავი საქართველოზე”

- ნელ-ნელა ჩემმა საქმემ დაუჯერებელი წარმატება მომიტანა. ახლა ვფიქრობ, როცა ადამიანი რაღაცას ძალიან მოინდომებ, სამყაროც შეგიწყობს ხელს. ამ გზაზე შემდგარი საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდებოდი, უცნობი ადამიანები მეხმარებოდნენ. 2018 წლის აგვისტოში წამოვედი სამსახურიდან და ოქტომბერში უკვე მოდის კვირეულზე გავიტანე ნამუშევრები, მერე ხშირად მიწევდა გამოფენებში მონაწილეობაც. 2019 წელს იტალიაში მოვხვდი, სადაც ჩემმა ნამუშევარმა - ერთი სამკაულით გადმოცემულმა ისტორიამ “ამბავი საქართველოზე” ყველას ყურადღება მიიპყრო და ეს უზარმაზარი წარმატება გახლდათ. ეს სამკაული ჩემს სამაჩაბლოს მივუძღვენი... მას მერე ხშირად მიწვევენ საზღვარგარეთ, გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.

დაბოლოს...

- სამაჩაბლოში ძალიან გაწონასწორებული, თავისი მიწა-წყლის მოყვარული ხალხი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, 2008 წლის ომმა მშობლიურ კერას მოგვწყვიტა და მას მერე მამის საფლავიც არ მინახავს...

რა მენატრება? ჩემს სოფელში გატარებული აღდგომის დღესასწაული. სახლთან ახლოს იყო პატარა, ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ასევე გვქონდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ყოველ აღდგომას, მთელი სოფელი ჯერ ერთ ტაძართან მივდიოდით, მერე გავივლიდით კეხვის ციხეს და საბოლოოდ დედაღვთისაში ვიყრიდით თავს - ეს სამეული ყველას უნდა მოელოცა და დაეთვალიერებინა იმ დღეს. იმდენად ლამაზი და გემრიელი ტრადიცია გვქონდა, რომ ეს პროცესი ძალიან მენატრება.

დღეს ჩემს სოფელში ადგილობრივი არავინ ცხოვრობს და ცხადია, არც მამის საფლავს უვლის ვინმე. საერთოდაც, ჩვენი ნასახლარიც აღარ არის. განადგურებულია ძველი ყველაფერი და როგორც ამბობენ, იქაურობას ვეღარ იცნობ, ახალი ინფრასტრუქტურა გაუკეთებიათ. იმედია, ოდესმე მაინც დავბრუნდები ჩემს სოფელში და მჯერა, მაინც ყველა მონატრებულ ადგილს მივაგნებ, როგორც უნდა შეეცვალათ იქაურობა...

ლიკა ქაჯაია