სოფელი მეტეხი და შინდის ხეებქვეშ შექმნილი პატარა სამყარო - გზაპრესი

სოფელი მეტეხი და შინდის ხეებქვეშ შექმნილი პატარა სამყარო

შინდის ტოტებზე სხვადასხვა ზომის ჩიტის სახლებში, ფრინველები ბუდობენ და თოკებით დაკიდულ ქოთნებში, ყვავილები ხარობს. ხეების ჩრდილქვეშ ქვის ბილიკის გარდიგარდმო მწვანე ბალახში ქვევრი, დოქები, ურმის თვლები აწყვია. მაგიდისა და სკამების ფუნქციას ხის გადაჭრილი მორები ასრულებს. ალბათ ვერ იტყვი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სუფთა, მოვლილი და ორიგინალურად მოწყობილი ეზო ბევრიაო, თუმცა, არც ცოტაა და ასეთ ადგილას მოხვედრა, ყოველთვის სიმშვიდისა და სიამოვნების მომგვრელია.

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, თავის ეზოში პატარა “ოაზისი” ლაშა ზუბიაშვილმა მოაწყო. ფოტოგრაფიით გატაცებული არა მხოლოდ თავის ეზო-კარს უღებს ფოტოებს, არამედ ისტორიული ადგილების აღბეჭდვითაცაა გატაცებული.

ლაშა ზუბიაშვილი:

- მერვე წელია ფოტოებს ვიღებ. ფოტოაპარატის შეძენამდე მობილური ტელეფონით კასპში ძველ ტაძრებს, ისტორიულ ადგილებს ვიღებდი და სოციალურ ქსელში ვათავსებდი. ეს საქმე ნელ-ნელა უფრო და უფრო შემიყვარდა, პერსონალური გამოფენებიც მქონდა როგორც თბილისში, ისე კასპში და მათზე ყველა კუთხის ტაძარი, პეიზაჟი მქონდა აღბეჭდილი. საერთოდ, ხშირად ვათავსებ ფოტოებს სოციალურ სივრცეში, ჩემი გვერდიც მქონდა, 36 ათასი გამომწერით, მაგრამ გამიტეხეს და მასზე წვდომა დავკარგე, კვლავ შევქმენი ახალი გვერდი, მაგრამ ისეთი აქტიურობა არ შეინიშნება, როგორიც წინაზე, თუმცა იმ ადგილებისადმი ინტერესი, რომლის ფოტოებსაც ყოველდღიურად ჩემს გვერდზე ვათავსებ, დიდია.

- მეტეხში ოჯახთან ერთად, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობ, რომლის ეზოც შენ მოაწყვე...

- დიახ, ასეა. ეზოში შინდის ხეები 45 წლის წინ პაპამ დარგო. ყველანაირი ხილი გვაქვს, კაკალი, ვაზიც: ჩინებული და ალადასტური. ყოველთვის მომწონდა შინდის ხეების გარემო და ერთხელაც მის ძირში მეზობლის ნაჩუქარი ქვევრი მოვათავსე, გამიჩნდა იდეა, იქაურობა მეტად გამეფორმებინა და ნელ-ნელა დავამატე დოქები, თიხის სხვა ჭურჭელი, ურმის თვლები, ხის მორები. შემდეგ ამ ადგილის გასაფერადებლად ხეებზე ჩიტის სახლები, ყვავილები და ჰამაკებიც დავკიდე. დღეს ხეებზე 25 ქოთნის ყვავილი ხარობს, უმთავრესად კალანხოე და ბალბები, რადგან ჩრდილში სხვა მცენარეების გახარება ჭირს. უამრავ რამეს ვთესავ, მაგრამ ყვავილობამდეც ვერ მიდის. აქ დაახლოებით 50-მეტრიან კვადრატზე ისეთი ჩრდილია, მზე ტოტებქვეშაც თითქმის არ აღწევს.

- როგორც ვიცი, ერთი და იმავე რაკურსით, ეზოს ფოტო ოთხივე სეზონზე გაქვს გადაღებული...

- დიახ, მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად ზამთარი მომწონს: დათოვლილი შინდის ხეები, ჰამაკები და ჩიტის სახლები ძალიან ლამაზია. სამსახურის შემდეგ, ჩემს ეზოში დიდ დროს ვატარებ, ხან ყვავილებს ვუვლი, ხან ჰამაკში ვწევარ. ზაფხულში საღამოობით 50-მდე ჩიტი სხვადასხვა ხმაზე ჭიკჭიკებს. წელს ერთმა წყვილმა ორჯერ დაჩეკა ბარტყები. მათი ფოტოები სხვებს რომ ვანახე, მითხრეს, ბულბულიაო, მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა, არ ვიცი.

- ბევრი ჩივის, რომ საქართველოს სოფლები დაცლილია. თქვენთან არიან ადგილობრივი ახალგაზრდები?

- ჩვენს სოფელში არიან ახალგაზრდები. ჩვენთან ყველანაირი ხილი მოდის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმე სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, ზოგი ახალგაზრდა კასპში მუშაობს და ზოგიც თბილისში. მეც კასპში ვმუშაობ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, ფოტოგრაფად. ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ამის პარალელურად ტაძრების გადაღებასაც ახერხებ. კასპში საამისოდ ბევრი მასალა, შიდა ქართლი საკმაოდ მდიდარია ისტორიული მემკვიდრეობით. რომელი საუკუნის არქიტექტურაა შენთვის ყველაზე მიმზიდველი?

- XII-XIII საუკუნეები. მეტეხი, ერთაწმინდა, ქვათახევი, სამთავისი - ყველა იმ პერიოდშია აშენებული და ვთვლი, რომ ულამაზესი არქიტექტურული ტაძრებია... გადასაღებად ძირითადად საღამოს დავდივარ და მივდივარ ყველგან, თუკი სადმე ძველი ტაძარი, ციხე, კოშკია. რაც უფრო ძველია ადგილი, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის. უმეტესად მარტო დავდივარ, ასე მირჩევნია, რადგან ნაგებობას ყველა კუთხიდან მშვიდად, აუჩქარებლად ვიღებ. სოფელ ჭყოპიანში არის დრისის ციხე. ჩემთვის კასპში ეს ყველაზე გამორჩეული ძეგლია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შიდა ქართლში მართლაც ბევრი ისტორიული ადგილია, მაგრამ სამწუხაროდ, ტურიზმი იქ განვითარებული არ არის, რისი მიზეზიც ალბათ ინფრასტრუქტურაა. რკონში წასვლაც ძალიან მინდა, 4 წელია იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯოჯოხეთური გზის გამო ამას ვერ ვახერხებ. სოფლებში თითქმის ყველგან მოასფალტებული გზაა, მაგრამ ისტორიულ ადგილებთან მისასვლელ ტერიტორიებზე იმავეს ვერ იტყვი. სანახაობა კი მართლაც ბევრია, მაგალითად, სოფელ ცხავერში ჯერ მხოლოდ 500 მეტრის რადიუსში 12 ჩანჩქერი და ულამაზესი ბუნებაა. ასეთი რამ სხვაგან არსად მინახავს, მაგრამ ქალი, ბავშვი და ასაკოვანი ადამიანი იქ ვერ მივა. ასეთ ადგილებში სპეციალური ბილიკების გაკეთებაა საჭირო.

sopeli-picesis-bavshvebi-1660548629.jpg

- შენი რეგიონის გარდა, კიდევ რომელი კუთხეა შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და რისი მონახულება გინდა სამომავლოდ?

- სამცხე-ჯავახეთი სასწაულია და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები. გამოვარჩევდი სოფელ დიდვაკეს, სადაც წელს მეორედ მომიწია ჩასვლამ და დაცლილი, ძველი ხის სახლების გადაღებამ. რაც შეეხება გეგმებს, თუშეთის ნახვა მინდა. ცოტა არ იყოს, სიმაღლის შიში მაქვს და ამიტომ ვერ ვრისკავ. თუმცა, ალბათ ამასაც დავძლევ და თუშეთს ვნახავ.

- პეიზაჟები თუ პორტრეტები?..

- მოხუცებისა და ბავშვების გადაღება განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ პეიზაჟები მაინც ყველაზე მეტად მხიბლავს.

- დაბოლოს, დავასახელოთ შენ მიერ გადაღებული ის ფოტოებიც, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა...

- ერთხელ ჩემს გვერდზე ქვათახევის მონასტერის ფოტო დავდე და 1 დღეში 18 ათასი მოწონება ჰქონდა... სოფელ ლეღვაში, საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის ოდა დგას და იქ ცოლ-ქმარი ესაძეები ცხოვრობენ. მათი კარმ-მიდამოსა და ბებია-ბაბუის ფოტოებს უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა... გორში არის სოფელი ფიცესი, სადაც ზამთარში, თოვლში ბავშვების პორტრეტები გადავიღე. მათ ფოტოებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად.

ანა კალანდაძე