“გვინდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ზედმეტნი არ ვართ” - გზაპრესი

“გვინდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ზედმეტნი არ ვართ”

დიპლომატური წარმომადგენლობა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში დაარსებული მუდმივი საზღვარგარეთული ორგანოა, რომლის ამოცანა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცება და თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვაა. მისი ამოცანაა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცება, თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ესპანეთში მყოფ ემიგრანტებს ნამდვილად გაუმართლათ ამ საკითხში. საქართველოს საელჩო და საკონსულო ქალაქ ბარსელონაში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. ახალდანიშნული კონსული, ბატონი ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე-კონსული, ქალბატონი ლიკა ახალბედაშვილი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს. არაერთხელ გაუწოდეს მათ დახმარების ხელი თანამოქალაქეებს, თუმცა არიან უკმაყოფილო ადამიანებიც. როგორც ამბობენ, კვირები ან უარეს შემთხვევაში, თვეებიც კი უწევთ ლოდინი საკონსულოში ვიზის ასაღებად. საზოგადოების ნაწილი ამ პრობლემას გაგებით ეკიდება. იციან, რომ შეუძლებელია, ათასობით მოქალაქეს რამდენიმე ადამიანი ერთ დღეში მოემსახუროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

ქალბატონი ლიკა წლების განმავლობაში საქართველოსა და ესპანეთში მცხოვრები ქართველების სამსახურშია, ყოველთვის მზად არის მათ ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის პერიოდში ემიგრანტებს პირადად აწვდიდა პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებს, ასევე, სამშობლოში დაბრუნებაშიც ეხმარებოდა.

ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ემიგრანტს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოს საკონსულოს არსებობა.

ირმა სიხარულიძე:

- ბარსელონაში საკონსულოს არსებობა ქართველებისთვის მართლაც დიდი შვებაა. ორმაგად მნიშვნელოვანია, რამდენად პროფესიონალი ხალხი მუშაობს აქ. სწორედ ასეთი ადამიანია ლიკა ახალბედაშვილი, თავისი საქმის კარგი მცოდნე და დაუღალავი. ყურადღებას იჩენს ბარსელონის ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის აღსაზრდელების მიმართ, ესწრება მათ ღონისძიებებს და ამაყობს მათით. არ შემიძლია, მასთან ერთად ჩვენი ახალი კონსული, ბატონი ალექსანდრე ჭკუასელიც არ ვახსენო, ერთად არაჩვეულებრივ გუნდს ქმნიან.

ლალი ხურცია:

- საკონსულოს არსებობა ემიგრანტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახალი კონსულის, ბატონი ალექსანდრე ჭკუასელის დანიშვნის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, ქალბატონი ლიკაც საქმის სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ ეს ქალბატონი ბარსელონაში გამოგვიგზავნა! რა სჭირდება სამშობლოსგან შორს მყოფ ემიგრანტს?.. ბევრს არაფერს ვითხოვთ მთავრობისგან, გვინდა ვიგრძნოთ დაფასება და ის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ზედმეტნი არ ვართ. სწორედ ამას გაგრძნობინებს ეს ქალბატონი. საწყენია, როდესაც მათ მიმართ უარყოფით კომენტარებს ვკითხულობ. ბევრ ადამიანს უჭირს იმის გააზრება, რომ მხოლოდ ის არ არის ემიგრანტი და ძალიან ბევრს სჭირდება დახმარება. ზოგი მათგანი ბევრს ითხოვს: რატომ საცხოვრებელი არ გამოუყო საკონსულომ, რატომ დატოვა ვიღაც ქუჩაში, რატომ სხვა ქვეყანაში გადასვლაში არ დაეხმარნენ და ასე შემდეგ. რაც მათ მოვალეობაში არ შედის და შესაძლებლობებსაც აღემატება, როგორ უნდა მოსთხოვოთ?

297406997-1473991326355268-100422623802848007-n-1660549914.jpg

ნინო ჟღენტი:

- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ იმას, რაც პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის - ეს დროში გაწელილი ვიზიტებია, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება თვეობით გვიწევდეს რიგში დგომა, ზოგჯერ ერთი დღეც კი გადამწყვეტია ჩვენთვის. რაც შეეხება კონსულსა და ვიცე-კონსულს, ნამდვილად კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ყოველთვის ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მინდა, ბევრი ასეთი ქართველი გვყავდეს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება, მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ და ხმამაღლა ვუთხრა: თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის.

ფიქრია რობაქიძე

“გზის” სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან