დეკორატიული სანთლები ფერებისა და არომატის მიხედვით - გზაპრესი

დეკორატიული სანთლები ფერებისა და არომატის მიხედვით

არაერთი ადამიანი ცდილობს, სხვადასხვა ღონისძიება დეკორატიული სანთლებით გააფორმოს ანდა ისინი განსაკუთრებული დღისთვის შემოინახოს, მანამდე კი ამ ნივთის ვიზუალითა და სურნელით დატკბეს. მაშო დათაშვილმა დეკორატიული სანთლების დამზადება არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს მიმართულება თავისი მცირეწლოვანი შვილის ტიტეს გამო აირჩია და პროდუქციის დასახელებაც მას უკავშირდება. უსაფრთხოების მიზნით, საბავშვო სანთლებს არ ამზადებს, თუმცა ახალ ხაზზე მუშაობს - დეკორატიულ თიხის ნივთებზე პატარებისთვის.

- ქორეოგრაფი ვარ და, აქედან გამომდინარე, ხელოვნების სფერო ჩემთვის ახლოა. მიწევდა კოსტიუმებთან, სხვადასხვა დეკორთან მუშაობა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემი შვილი რომ გაჩნდებოდა, შინაურ პირობებში მქონოდა ისეთი საქმე, რომელსაც ბავშვის აღზრდას შევუთავსებდი. არ მინდოდა მას დრო და ყურადღება მოჰკლდებოდა. ახლა ტიტე 2 წლისაა და ის რომ გაჩნდა, შინ სანთლების წარმოება დავიწყე. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ბაზარზე გამოვჩნდით, სანთლებს რამდენიმე მაღაზიაში ვაბარებ და ასევე ონლაინ ვყიდი.

2-1660550061.jpg

- როგორ აითვისეთ ტექნიკა? როგორი იყო საწყისი ეტაპი და როგორ განსაზღვრეთ არომატები, ფორმები?

- ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიე ინფორმაცია და გავიარე სანთლის დამზადების ტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ონლაინტრენინგი. ვინაიდან საქართველოში მსგავსი პროდუქცია ცოტაა, უცხო ენაზე დამჭირდა სწავლა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ამას გავაკეთებდი, ვცდილობდი, სანთლები ჩემით დამემზადებინა, მაგრამ - უშედეგოდ. დეტალური ახსნისა და პრაქტიკის შემდეგ, სანთლებმა ნელ-ნელა სასურველი ტექსტურა და ფორმა მიიღო, შევურჩიე შესაბამისი გრადუსი და 4 თვე მხოლოდ სანთლის ჩამოსხმაზე ვმუშაობდი. ჩვენი პროდუქცია არა პარაფინისგან, არამედ მცენარეული ცვილით მზადდება, წვისას მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, იწვის სუფთად და ხანგრძლივად. ანთების გარეშეც საოცარ არომატს აფრქვევს. საამისოდ მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა ყველაზე მეტად მოთხოვნადია: ვანილი, ალუბალი და იასამანი. სეზონებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გაზაფხულზე იასამნის სურნელი და ფერი იყო მოთხოვნადი, ზაფხულში მწვანე სანთლის ბუმია - ვაშლის არომატით, შემოდგომაზე ყვითელი და ნარინჯისფერი სანთლებია წამყვანი - საფერავის სურნელით, ხოლო ზამთარში, სააღდგომოდ და საახალწლოდ - წითელი და მწვანე სანთლები - ალუბლის არომატით. რაც შეეხება ფორმებს, ჩემი ხელით ვაკეთებ ყალიბებსაც. აღდგომის დღესასწაული ახლოვდებოდა და ამ დღისთვის მინდოდა, საოჯახო სუფრა სანთლებით გამეწყო, მაგრამ შესაფერისი დეკორი ვერ ვიშოვე და გადავწყვიტე, თავად დამემზადებინა. გამოვიწერე სხვადასხვა ყალიბი, დავამზადე სანთლები, მოვრთე და შემდეგ მომხმარებელსაც შევთავაზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთოდ, ბევრი და განსხვავებული დიზაინის სანთლები გვაქვს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მაღალი სუფრის სეტები, რომლითაც დიზაინერები სხვადასხვა ღონისძიებასა და ქორწილებს აფორმებენ.

4-1660550049.jpg

- თქვენს საქმეზე მრავლობით რიცხვში საუბრობთ და ვინმესთან ერთად მუშაობთ?

- ჩემს პატარა ბიჭს ვგულისხმობ: ტიტე ყველაფერში მეხმარება (იღიმის). დანარჩენს ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, სოციალურ სივრცეში კომუნიკაციაა საჭირო ამა თუ იმ დეტალის მოსაგვარებლად. მეუღლე ძალიან მიდგას მხარში, მის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. სხვათა შორის, როცა ეს საქმე წამოვიწყე, არ მეგონა, თუ გაამართლებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანთლები ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ნივთია და მას თაყვანისმცემელთა დიდი აუდიტორია ჰყავს.

ანა კალანდაძე