სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება - გზაპრესი

სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება

ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა, მაგრამ წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები უკრაინელების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდიან. 2 აგვისტოდან დაიწყო ბინის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეების აღრიცხვა საგანგებო ანკეტის მეშვეობით. ანკეტაში რეგისტრირებულთა უზრუნველსაყოფად, “ღია საზოგადოების ფონდის” სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც შეწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ანგარიში ლარში:

GE51TB7324636080100018;

დოლარში:

GE63TB7324636180100012. მიმღები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.

პროცესის მხარდასაჭერად, ფონდი 150.000 ლარს გამოყოფს, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

“იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ”, - აცხადებენ ინიციატივის წევრები.

ketixucishvili-1660550207.jpg

ქეთი ხუციშვილი, “ღია საზოგადოების ფონდის” დირექტორი:

“მართლაც ჩვენი ომია, როგორც ამას ბევრი ქართველი თვლის. ჩვენ ალბათ ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელების, რადგან რამდენჯერმე გამოვიარეთ და ყველაზე კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გვერდით რომ დავუდგეთ ამ უკრაინელებს და მივცეთ დროებითი თავშესაფარი”.

ნინო ქათამაძე:

“ისინი ცხოვრობენ ტერიტორიებზე, საიდანაც პრინციპში, დაბრუნება შეუძლებელია... დარწმუნებული ვარ, სადაც აქამდე შევძელით გაერთიანება ამ უდიდესი ტკივილის წინაშე, ახლაც შევძლებთ”.

უკრაინიდან დევნილი დმიტრი კორენი:

“უკრაინიდან ვარ! უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მოხალისეს, აქტივისტს და საქართველოს რიგით მოქალაქეს. ამ უდიდეს მხარდაჭერასა და მზრუნველობას გრძნობს ყველა უკრაინელი, რომელიც ამჟამად საქართველოშია.

მოხდა ისე, რომ საქართველოში ლტოლვილთა ურთულესი კატეგორია მოხვდა. ესენი არიან მარიუპოლიდან, ხერსონიდან, თითქმის მთელი ზაპოროჟიედან. ამ უკრაინელებს, რომელთა სახლები და ცხოვრება დანგრეულია, დასაბრუნებელი არსად აქვთ.

უკრაინიდან ლტოლვილთა დაახლოებით 77 პროცენტს საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს ადამიანები საქართველოში ინტეგრაციას ცდილობენ.

ჩვენი გუნდი აგროვებს და ამუშავებს დახმარების მაძიებელი უკრაინელების მონაცემებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. 2022 წლის 2 აგვისტოს, მონაცემების შეგროვების პირველივე დღეს, 100-მდე განაცხადი შემოვიდა. ორ დღეში 345 მიმართვა გვაქვს, რომელთაგან: 81% ბავშვიანი ქალია, ოჯახების 16%-ს აქვს დამატებითი სპეციალური საჭიროებები. დიდ მადლობას ვუხდით ფონდს და მზრუნველ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარნენ დროებითი თავშესაფრის მიცემაში ყველაზე მეტად გაჭირვებული უკრაინელებისთვის.

დიდი მადლობა, საქართველო!”

უკრაინელი ლტოლვილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ერთ-ერთ ასპექტს ნათელს ფენს თბილისის მერიის განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

“გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება”

გელა მამულაშვილი