გარდატეხის მოლოდინირუსეთ-უკრაინის ფრონტზე
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუს სამხედროებს უკრაინის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ტექნიკური ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ: დაივიწყეთ უკრაინა, გაიხადეთ ფორმა და წადით. ვერც ოკუპირებულ ყირიმსა და ვერც ოკუპირებულ ბელარუსში თავს დაცულად ვერ იგრძნობთ. კარმა სადმე მაინც მოგძებნით”, - წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში “ვაგნერის” ბაზა დაბომბეს. მანამდე ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი გაანადგურეს. უფრო ადრე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე “საკის” სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქებები სამხედრო ბაზებზე საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გამოცემა შკყ Nეწს-ი ირწმუნება, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან ნამდვილად დგას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები. ამასთან, მედიის ინფორმაციით, გომელის რაიონში მდებარე “ზიაბროვკას” სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა თავდასხმა. რუსეთის თავდაცვის მსგავსად, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომაც “ინციდენტის” მიზეზად “ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის” აალება დაასახელა. ნამდვილად დაუდევრობის შედეგად იწვის საბრძოლო მასალები რუსეთისა და ბელორუსიის სამხედრო ბაზებზე თუ აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა, რა ვითარებაა დღეს ფრონტის ხაზზე? - ამის შესახებ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება.
- შემთხვევით არაფერი ხდება, არც სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქება იყო ტექნიკური შეცდომის შედეგი. ლოკალური აფეთქება ასეთ დიდ ტერიტორიას ვერ მოიცავდა. დაიწვა საკმაოდ ბევრი თვითმფრინავი და ბომბდამშენი, რომელიც ყირიმის აეროპორტიდან ბომბავდა უკრაინას. დიახ, ეს აფეთქებები რუსებმა გაფრთხილებად უნდა აღიქვან, რომ ყველა სამხედრო აეროპორტი მიზანშია ამოღებული. მოსკოვი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს, არ სურთ რუსული არმიის სისუსტე თვალსაჩინო იყოს. თუმცა ფაქტია, მათი არმია ნამდვილად სუსტია, არაპროფესიონალური. მას შემდეგ, რაც უკრაინამ თანამედროვე სისტემები აამუშავა, რუსულმა არმიამ საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა, როგორც ტექნიკური, ასევე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია და ფიქრობს, როგორ დატოვოს უკრაინა.
- ასე არ ფიქრობს სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი, პირიქით, ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, დასავლეთი მალე დაიღლება ამ ომით, შემდეგ კი უკრაინას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ომის დასრულება მისთვის არასასურველი შედეგით. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 3 ათასი ჯარისკაცი დათანხმდა. ამასთან, რუსეთი მოხალისე მებრძოლების მობილიზებას ახორციელებს სირიიდან, მალიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. თქვენ რისთვის ხართ მზად?
- 8 წელია უკვე, რაც ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებით და აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ. აქამდე რაც არ გვქონდა ნანახი - ავიადარტყმები და სარაკეტო იერიშები, ისიც ვნახეთ. რუსეთი ვეღარ გაგვაკვირვებს. რაც შეეხება იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ ძალების მობილიზებას, ეს ძალები არ არიან პროფესიონალები და შესაბამის წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ უკრაინულ ჯარს.
კი ბატონო, რუსებმა შეიძლება გამოიყენონ ბელარუსიის ჯარი, უკრაინის საზღვართან კიდევ ერთი შეტევის განხორციელებისთვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბელარუსიის არმია კიდევ უფრო მოუმზადებელია, ვიდრე რუსეთის. შეგახსენებთ, რუსეთის არმიამ უკვე დაკარგა 45 000 ცოცხალი ძალა, რამდენიმე ათასი ტანკი და ჯავშანტექნიკა. ასე რომ, ამ ომში ბელარუსების ჩართვა, რუსებისთვის სასურველ შედეგს მაინც ვერ მოიტანს. სამწუხარო ის არის, რომ ამას კიდევ ემსხვერპლება უკრაინელების და მათთან ერთად “ქართული ლეგიონის” დანაყოფის ბიჭების სიცოცხლეც. ყველაზე მძიმედ კი ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე აისახება.
- რამდენად ახერხებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და რას ფიქრობთ ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?
- სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს, რომ ლოიალურები არიან რუსეთის ხელისუფლების და სპეცსამსახურების მიმართ. უკონტროლოდ უშვებენ ასიათასობით რუს “ტურისტს”. დიახ, სიტყვა “ტურისტი” ჩასვით ბრჭყალებში, რადგან საქართველოში შემოსული რუსების ნახევარზე მეტი კრემლის აგენტია, რომელთა მიზანი ჩვენს ქვეყანაში პრორუსული განწყობის შექმნაა. მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა საქართველოში. ქართველი მებრძოლის პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს გადასცა და ეს ძალიან ცუდი ამბავია! სამხედროს პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახება და მასზე წვდომა, მაღალი რანგის ოფიცრების გარდა, არავის აქვს.
- თუ უკრაინაში მებრძოლი ქართველის - მიხეილ ქამხაძის საქმეზე საუბრობთ, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი საქმე თავდაცვის არქივიდან არავის გადაუცია რუსეთისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. უწყება ამბობს, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში.
- რა მნიშვნელობა აქვს, საქმე კომისარიატიდან გაიტანეს თუ თავდაცვის სხვა სტრუქტურიდან? სხვათა შორის, ქამხაძე არ არის ერთადერთი ქართველი მებრძოლი, ვისი პირადი მონაცემებიც რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა, ამას მასობრივი ხასიათი აქვს. უბრალოდ, ეს ამბავი ფართო საზოგადოებამ შეიტყო იმიტომ, რომ რუსულმა მხარემ პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ აჩვენებენ ჟურნალისტს ქართველი სამხედროების პირად მონაცემებს. თავდაცვის სამინისტრო ტყუილად ნუ იმართლებს თავს, სამხედროს თავადაც კი არ აქვს წვდომა თავდაცვის არქივში მოთავსებულ საკუთარ პირად საქმესთან. რუსებს ქართველი მებრძოლების შესახებ ძალიან ბევრი, მათ შორის საკმაოდ სენსიტიური ინფორმაციებიც აქვთ.
- როგორც მახსოვს, თქვენი პირადი საქმეც მოხვდა რუსული სპეცსამსახურის ხელში.
- არა მარტო ჩემი, “ქართული ლეგიონიდან” 7 ქართველის პირადი საქმე მოხვდა რუსული სპეცსამსახურის ხელში. თავდაცვის სამინისტროდან სამხედროს პირადი საქმის გამოტანა სისხლის სამართლის დანაშაულია, მით უფრო, თუ საქმე მტერი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება. აშკარაა, საქართველოს დღეს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს სახელით ვებრძვით ოკუპანტებს, ჩვენი ოჯახები ჩვენსავე სამშობლოში უსაფრთხოდ არ არიან. იმის ნაცვლად, რომ სუსი რუსეთის აგენტების გამოვლენაზე მუშაობდეს, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, პარლამენტარებს და ოპონენტ პოლიტიკოსებს დასდევს. ამ ათი წლის მანძილზე რუსეთის ერთი აგენტი არ არის გამოვლენილი.
- არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში, სადაც საკმაოდ გამჭრიახი, ფხიზელი საზოგადოებაა და კარგად ხვდებიან, რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ქართველების უმეტესობას პროდასავლური, დემოკრატიული ღირებულებები აქვს არჩეული. ჩვენმა ერმა კარგად იცის, რა გზას უნდა დაადგეს, უბრალოდ, ყველაფერი დროის ფაქტორია... იმედი მაქვს, არჩევნებზე ეს ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყნის სათავეში ეროვნული მთავრობა მოვა. ასევე ღრმად მწამს, რომ რუსეთი უკრაინაში ისე დამარცხდება, საქართველოსთვის დიდხანს ვეღარ მოიცლის.
- უკრაინაში მებრძოლ ქართველებს შორის “ოცნების” მხარდამჭერებიც თუ არიან?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენს მებრძოლებს შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არავინ მინახავს, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც ჯაშუშობისთვის არის შემოგზავნილი. “ოცნებას” “ქართული ლეგიონის” წინააღმდეგ დივერსიის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი აგენტურა ჰყავს მოგზავნილი, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ უკვე გვაქვს ინფორმაცია და ფრთხილად ვართ. ადამიანი, რომელიც ჩვენ იდეოლოგიურად გვეთანხმება, მათი მხარდამჭერი ვერ იქნება... ზოგადად, ჩვენ აქ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბურად ვუყურებთ საკითხს და ვფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ მონობას.
- რას ფიქრობთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ თუ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად მიიჩნევს, უკრაინის მსგავსად უნდა დაიცვას თავისი ქვეყანაო.
- მე არ ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ვერც პოლიტიკოსების განცხადებებს შევაფასებ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, უკრაინელებს არ უნდათ საქართველოში ომის დაწყება, მათ უნდათ, სჭირდებათ ქართველების მხარში დგომა. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. ამ ხალხმა არაერთხელ დაგვიმტკიცა მეგობრობაც და პარტნიორობაც. მე ვიცი, რომ უკრაინა ებრძვის ჩემი ქვეყნის დაუძინებელ მტერს - რუსეთს და მე ვიბრძვი უკრაინელი ხალხის გვერდით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, პირველ რიგში, საქართველოსთვის. უკრაინელები და ქართველები ერთად დავამარცხებთ ოკუპანტ რუსეთს! ჩემს თანამემამულეებს ძალიან გთხოვთ, ნუ აჰყვებით რუსულ ნარატივს.
- გაჭიანურებული ომი და დროდადრო დასავლელი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების პესიმისტური განცხადებები მებრძოლების მოტივაციაზე როგორ აისახება?
- ბოლო დროს მედია ისე აქტიურად აღარ არის დაინტერესებული ამ ომით, მაგრამ ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას.
- როდის ელოდებით გარდატეხას ფრონტის ხაზზე?
- სექტემბრიდან. რუსებმა იციან, რომ უახლეს დღეებში უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყება და პანიკაში არიან. დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან დიდი რაოდენობით ტურისტების გადინება მიმდინარეობს. არ ელოდნენ ოკუპანტები, რომ უკრაინა შეძლებდა მათი საავიაციო ბაზების დაბომბვას. შემოდგომიდან, როგორც კი უკრაინა დასავლეთისგან დაპირებულ შეიარაღებას მიიღებს, ფრონტის ხაზზე უპირატესობას მოვიპოვებთ.
ხათუნა ბახტურიძე