რუსეთი რომ თავს დაგვესხას, ვართ თუ არა მზად თავდაცვითი ომისთვის? - გზაპრესი

რუსეთი რომ თავს დაგვესხას, ვართ თუ არა მზად თავდაცვითი ომისთვის?

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბუნებრივი კითხვა იბადება - რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არიან შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი “ომი გინდათ?” - ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებენ, ჩვენი თავდაცვის ძალები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაშია, მაგრამ ჩემი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, რომ განემარტათ, რამხელა მტრის შეკავება შეუძლიათ და რა დროით, პასუხი ექვსთვე-ნახევრის განმავლობაში ვერ მივიღე. ამიტომ დღევანდელ შეიარაღებულ ძალებს სათანადოდ ვერ შევაფასებ. იქიდან დიდი ხანია, წამოსული ვარ და არც მარაგებზე, რიცხოვნობაზე და ა.შ. არ მაქვს წვდომა. ეს უნდა ჰკითხოთ დევი ჭანკოტაძეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნდობის ჯგუფის წევრს, ასევე - თეონა აქუბარდიას. ღია წერილით მათაც არაერთხელ მივმართე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ოპოზიციის წარმომადგენლებზე მოგახსენებთ, თორემ ხელისუფლებიდან ყველა გეტყვით, რომ ყველაფერი წესრიგშია და კარგადაა.

ტრიბუნა არა მაქვს, რომ ხელისუფლებას კითხვები დავუსვა. ტელევიზიით რომ ვეკითხები, არ მპასუხობენ. მითხარით, ამის შემდეგ რა გავაკეთო? კონკრეტული ინდიკატორები რომ მქონდეს, შევაფასებდი კიდეც. ხელისუფლება ამ ინდიკატორებს არ იძლევა, არც სადმე წერია. მაგალითისთვის, ქაღალდზე შეიარაღებული ძალები 36 ათასი კაცი უნდა იყოს, რეალურად რამხელაა? არის ეს 36 ათასი თუ არა? ღია წყაროებით ეს ვერ დგინდება.

- ნახევარი წლის განმავლობაში დასმულ კითხვებზე პასუხები რატომ ვერ მიიღეთ?

- წესით და რიგით, ეს დახურული ინფორმაცია არ არის, მაგრამ უბრალოდ, არ საუბრობენ. გამოდის პრემიერ-მინისტრი და გაიძახის, ომი გინდათო? - აი, ასე მპასუხობენ მეც. რეალურად კი ვეკითხები, რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ-მეთქი? მპასუხობენ, - არა, ქვეყანას არ დავანგრევინებთო...

- თქვენი ვარაუდით, რეალურად თუ არიან მზად, საფრთხეებს რომ გაუმკლავდნენ?

- ისევ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ დავეყრდნოთ - დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნაზე “გვაწვება” და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, - ე.ი. ქართულ შეიარაღებულ ძალებს იმის თავი აქვთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებს შეუტიონ, უბრალოდ, ხელისუფლებას ამის ნება არა აქვს... ისევ მათივე განცხადებებიდან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს - არ უთქვამთ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებს არ ძალუძთ აღნიშნული ამოცანის შესრულება.

- არის თუ არა დასავლეთიდან მსგავსი სიგნალები, რომ მთავრობამ ასეთი ნაბიჯები გადადგას?

- თითიდან გამოწოვილი სისულელეა. როდის იყო, დასავლეთი ვინმეზე მსგავს ზეწოლას ახორციელებდა?! ეს რუსული აზროვნება და მოდელია, დასავლეთი მსგავს ნაბიჯებს არასდროს მიმართავს.

- მაშინ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად “ომი გინდათზე” აპელირება რას ნიშნავს?

- ეს არის რუსული ხელისუფლება და სწორედ მათ პროპაგანდას ემსახურებიან.

- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

- მანამდე, სანამ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას არ განახორციელებს.

- პროცესები ამ სცენარისკენ მიემართება?

- მე ვამბობ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, მათი ლაპარაკი ერთი ერთში ემთხვევა რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს - სიმონიანის, სოლოვიოვისა და მათ მსგავსთა აგიტაცია-პროპაგანდას ერთი ერთში იმეორებს... ისინი გაიძახიან, რომ საქართველოს თუ ვინმე თავს დაესხა, არ დაიცავენ და ქვეყანას არ დაანგრევინებენ და მეორე მხრივ, დასავლეთს, სტრატეგიულ პარტნიორებს ეომებიან. საინფორმაციო ომია გამოცხადებული ამერიკის, ევროკავშირის ელჩზე (აქედან წასვლისას ელჩი ცალკე გამოლანძღეს), ამ რეჟიმში არიან უკრაინის ხელისუფლებასთანაც და ა.შ. რეალურად, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი უკუღმართობებითაა დაკავებული. ამ ფონზე ვერ ვხედავ, მაგალითად, თავდაცვის ძალების რიცხოვნობის გაზრდას, შეიარაღების შეძენას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების შესყიდვას და ა.შ.

- დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ეს აუცილებელი ნაბიჯებია?

- მთელი მსოფლიო, ნატოს ქვეყნებიც კი თავიანთ სამხედრო ბიუჯეტს აორმაგებენ და ჩვენი ქვეყანა კიდევ, რუსი მოსახლეობით გაივსო - ადამიანებით, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიად არ აღიარებენ; რომლებსაც აქვთ პრეტენზიები ქართველებთან. აგერ, მედვედევი გამოდის და გაიძახის, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის გუბერნიად წარმოუდგენია; რაღაც არარსებულ გენოციდებს გვაბრალებენ და ა.შ. ასევე, კობახიძე გამოდის და რუსოფობიაში გვადანაშაულებს. ეს ყველაფერი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მაგალითად, დღეს საქართველოში არ ამბობენ, რომ რუსეთი მტერია, ოკუპანტია, ხელისუფლება ამაზე ღიად არ საუბრობს, - აბა, თქვენ მიპასუხეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?..

- უკრაინის ომის ფონზე, რამდენად უნდა გადაედგა ხელისუფლებას ნაბიჯები ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით?

- ვიმეორებ, ეს სისულელეა და ჩვენგან არავის მოუთხოვია. ეს არც ვალდებულებაა, მაგრამ ამ ფონზე რომ გაზარდო შენი თავდაცვის ძალები და თავდაცვა გააძლიერო, ეს აუცილებელია. მაგალითად: ყაზახეთი უკრაინას არ ეხმარება, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდი დოლარით გაზარდა. თურქული “ბაირაქტარების” წარმოებას იწყებს, ყაზახური არმია მთლიანად დასავლურ ყაიდაზე გადაჰყავს. ანუ რეალურად, ყაზახეთი ამბობს, რომ რუსეთიდან საფრთხე მომდინარეობს. ნატოს წევრმა პოლონეთმა გაწვევა გააძლიერა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა და ჯარების შესაძლებლობები ხარისხობრივად გაზარდა. უფრო მეტი იარაღი შეიძინა, კორეული ტანკებით დაწყებული, ზალპური სისტემებით, თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავებით გაგრძელებული. ამგვარად, ნატოს წევრი პოლონეთი ემზადება და თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. ფინეთი, შვედეთი შეწუხდნენ და ნატოში შევიდნენ, რუსეთისგან რეალური საფრთხე იგრძნეს. ბალტიის ქვეყნებმა ასევე გააძლიერეს ყველაფერი. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელიც საკუთარი თავდაცვის ძალების შესაძლებლობას არ ზრდის. მეტსაც გეტყვით, საქართველო რუსეთის უზრუნველყოფაში ერთვება. აგერ, ბორანი დანიშნეს უკვე. ამით სანქციებს გვერდს უვლიან. სტრატეგიული პარტნიორებისგან ეჭვია, რომ აქ რაღაც სქემები არსებობს. იმის მაგივრად, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე პასუხი გასცეს, კიდევ უფრო საეჭვოდ იქცევა და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაპირისპირებაში შედის, ამით კიდევ უფრო ახლოვდება რუსეთთან.

- უკრაინის საომარ ფრონტზე პროცესები საით მიდის?

- უკრაინა იმარჯვებს და თანაც - სერიოზულად. კიევი ყოველდღე ძლიერდება, რუსეთი სუსტდება. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმშიც დაუცველია - უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკვე ყველგან მოწყვლადია. უკრაინელები ყველგან სწვდებიან როგორც ავიადარტყმებით, ასევე პარტიზანული შენაერთებით და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება და უკრაინა გაძლიერდება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო პოტენციალის განადგურებით დამთავრდება. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთიდან უკვე 25 მილიონი ლტოლვილი სხვაგან გარბის, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთში საქმე კარგად არ არის.

akia-1661151121.jpg

- ამ ფონზე საქართველოს ადგილი და როლი რაში მდგომარეობს?

- ამ ყველაფერში ჩვენ რუსეთის ბოლო მოკავშირე ვიქნებით. ბელარუსი უფრო ადრე მიხვდება და გვერდზე გახტება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. ესენი ჩაჰყვებიან პუტინს საფლავში და ამ ქვეყანასაც მას ჩააყოლებენ.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- რიგგარეშე არჩევნებსა და ამ ხელისუფლების შეცვლაში, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

- ამის რესურსი თუ არსებობს?

- რა თქმა უნდა, არსებობს - რეფერენდუმის კონსტიტუციური გზა და ხალხის - როგორც ძალაუფლების წყაროს ნება. თუ მოითხოვს რეფერენდუმს, ნება იქნება გამოხატული, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდება კენჭისყრა და ხალხის ნება დაამარცხებს ამ ხელისუფლებას, რომელიც გაკოტრებულია და მხარდაჭერა არა აქვს.

გიორგი მეფარიძე