ზაალ კასრელიშვილი: “ამ ხალხის ბუნებაა, რომ ყველას რუსულად ესაუბრონ” - გზაპრესი

ზაალ კასრელიშვილი: “ამ ხალხის ბუნებაა, რომ ყველას რუსულად ესაუბრონ”

“საქართველოს შეუძლია ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში... ბოლო 100 წლის განმავლობაში ასეთი შანსი ჯერ არ გვქონია”, - ამბობს “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი.

- დღეს ჩვენი ქვეყანა ურთულესი პრობლემების წინაშე დგას. რატომ ვერ შევძელით ქართველებმა თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოს აშენება?

- ვითარება ნამდვილად რთულია და როგორც ყველას, მეც მიფიქრია, რა არის ამის მიზეზი. საერთოდ, წარუმატებელი ადამიანები თავიანთ მდგომარეობას სხვებს აბრალებენ, ჭკვიანები კი ე.წ. უიღბლობის მიზეზს საკუთარ თავში ეძებენ. გავიხსენოთ 1992 წლის სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ჯერ ბანდიტური ხელისუფლება მოჰყვა, ხოლო შემდეგ - არნახული კორუფცია, მერე 2003 წელი და ხელისუფლების შეცვლა ისევ რევოლუციური გზით, შემდეგ იყო ავტოკრატია და 2008 წლის ომი. ბოლო წლებში ამას დაემატა პანდემია და უკრაინის ომი, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებს უშუალოდ გვეხება. ამ სამწუხარო მოცემულობით მოვედით დღევანდლამდე. ამ და სხვა მიზეზების გამო, საქართველომ ცივილიზებულ სამყაროს ვერ აჩვენა თავი, როგორც ინტელექტუალურმა მოთამაშემ. სწორედ ამის ბრალია, რომ რუსეთი ამდენს გვიბედავს და ქვეყნის შიგნითაც რთული ვითარება გვაქვს.

- რით აიხსნება რუსეთის მომხრეების უჩვეულო სიმრავლე საქართველოში?

- ცხადია, ყველას უჩნდება შეკითხვა - საიდან გაჩნდა ამდენი პრორუსული ორიენტაციის ადამიანი? - ისინი ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ შენიღბულები იყვნენ. თავს დავდებ, პრორუსულად მოაზროვნე ახალგაზრდების მამები და პაპები აუცილებლად იქნებოდნენ შეკრული რუსულ სპეცსამსახურებთან, ისინი ან პარტიული ფუნქციონერები იქნებოდნენ, ან “წითელი ინტელიგენციის” წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოთა კავშირში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში. ეს ხალხი დღემდე 35-მანეთიან ბილეთებს და საბჭოთა “სამოთხეს” მისტირის. მათი უჩვეულო გააქტიურება კი პუტინის აგრესიამ და უკრაინაში დაწყებულმა ომმა განაპირობა.

- რატომ?

- უბრალოდ, ვერ გათვალეს, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებდა. ყველა პრორუს “მოაზროვნეს” ეგონა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს 4-5 დღეში მოიგებდა. დიახ, მათ ვერ გათვალეს, რომ 40-მილიონიან ქვეყანას, სადაც 1953 წლამდე გრძელდებოდა პარტიზანული ომი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასე იოლად - “ბლიც-კრიგით” ვერ აიღებდნენ. მოკლედ, ამ ადამიანებმა იჩქარეს და ნიღბები დროზე ადრე მოიხსნეს. თანაც, ფსონი იმათზე დადეს, ვისაც ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ამ ხალხს აიმედებენ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, ისინი ხელისუფლებაში მოვლენ და ყველა პრობლემას მოუგვარებენ. მანამდე კი, ხელფასებს უხდიან რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი თანხით და საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისკენ აქეზებენ. რუსოფილები ცდილობენ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და აქ რუსეთის “ნამესტნიკები” გახდნენ ისე, როგორც კადიროვი გახდა ჩვენს მეზობელ ჩეჩნეთში. საბედნიეროდ, რუსეთმა საქართველოში ვერ მოახერხა სერიოზული ინტელექტუალური ძალის და საყრდენის პოვნა, მაგრამ შეძლო ისეთი მედიასაშუალებების დაარსება, რომელსაც თავისი ინტერესებისთვის იყენებს. სწორედ ამით აიხსნება პრორუსული ძალების აქტიურობა საქართველოში. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ როგორც რუსული, ასევე პროდასავლური ვექტორის მომხრეებს შორის ისეთი ხალხი ჭარბობს, რომელიც თავის კარიერასა და პირად კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საქართველოზე.

- სერიოზული კამათის საგანია რუსი ტურისტების მომრავლება, რადგან ზოგიერთმა მათგანმა აქ უძრავი ქონება შეიძინა. როგორ ფიქრობთ, ისინი მართლა საფრთხეს უქმნიან საქართველოს?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვართ ახლა: ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ბუნებრივია, ადამიანები ფრთხილობენ, რადგან შიშს დიდი თვალები აქვს. რეალურად, რუს ტურისტებს შორის არიან ნამდვილი ტურისტები და ის ხალხიც, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცა. ამავე დროს, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოგზავნეს სიტუაციის შესასწავლად, კავშირების გასაბმელად და ინფორმაციის მოსაპოვებლად.ასე რომ, სავსებით ლოგიკურია მოსაზრება, რუსეთიდან ჩამოსულებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს. ცხადია, თითს ვერავის დავადებთ და ვერ ვიტყვით, ვინ სპეცსამსახურის თანამშრომელია და ვინ - დამსვენებელი, მაგრამ ამის გარკვევა სახელმწიფოს ევალება. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ დანამდვილებით: რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, ყოველთვის იქნება რუსული სპეცსამსახურების პოტენციური სამიზნე, რადგან მისი მართვა ადვილი იქნება.

- არის თუ არა გამოსავალი სავიზო რეჟიმი?

- ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს დავუპირისპირდეთ: თუ სავიზო რეჟიმი კონტროლს გაამარტივებს და სახელმწიფოს დაეხმარება, წესიერი და საეჭვო ტურისტი ერთმანეთისგან გაარჩიოს, მაშინ შემოვიღოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ნაკადს მარტო სავიზო რეჟიმი ვერ შეაჩერებს; რაღაც სხვაც უნდა მოვიფიქროთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დავეკითხოთ: ევროპასა და ამერიკაში დიდი გამოცდილება აქვთ მიგრანტთა უკონტროლო ნაკადის მართვასა და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში. ასე რომ, თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციას გავივლით, სამართლებრივი ნომრების გამკაცრება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. მიგრაციის კონტროლს სხვაგვარად ვერ შევძლებთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსი ტურისტები ყველას რუსულად ესაუბრებიან, ეს ამ ხალხის ბუნებაა. საქართველოში დაბადებული და ჩემთან ერთად გაზრდილები მელაპარაკებოდნენ რუსულად და ტურისტებისგან რა გვიკვირს?..

politik-politika-726x400-1661151650.jpg

- ანალიტიკოსთა აზრით, ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა დაკარგა, რატომ?

- 2012 წელს, როცა სათავეში “ოცნება” მოვიდა, მოსახლეობას უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდა. მით უმეტეს, რომ ხალხს ბევრი ფანტასტიკური დაპირება მისცეს. მოსახლეობა ფიქრობდა: ადამიანი, რომელიც ამ დაპირებებს გვაძლევს, ხელისუფლებაში მოსვლამდე აშენებდა სოფლებს, გზებსა და ეკლესიებს, სტატუსი რომ ექნება, უფრო მეტად დაგვეხმარებაო. მოლოდინის რეჟიმმა და შეუსრულებელმა დაპირებებმა უკურეაქცია გამოიწვია. ხალხში გაჩნდა განხიბვლა, უიმედობა, იმედგაცრუება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს გვახასიათებს: ჯერ ვიღაც პოლიტიკოსი შეგვიყვარდება, ვაქებთ, ვაღმერთებთ, მერე კი - გადაგვიყვარდება და მიწაში ვდებთ. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ 1992 წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში მედროვე ხალხი მოდის, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, მოსახლეობა როგორ გაძარცვოს და ბიუჯეტის ფული როგორ მოიპაროს! ცოტა ხნით წავლენ, დაისვენებენ და მერე ისევ ბრუნდებიან. ამის ბრალია, პოლიტიკურ ასპარეზზე ერთსა და იმავე სახეებს რომ ვხედავთ.

- თუ ხედავთ პერსპექტივას, რომ ამ სიტუაციაში “ოცნება” ხელისუფლებას შეინარჩუნებს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედავს?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დაპირებების შესრულებას დაიწყებენ - ასე შეძლებენ დაკარგული ნდობის ნაწილობრივ აღდგენას, რადგან ქართველებს სამართლიანობის მოჭარბებული გრძნობა გვაქვს და გვწყინს, როცა დაპირებულს არ გვისრულებენ. ვითარების გამოსწორება ადვილია, თუ მოინდომებენ: მთავარია, ჩვენი საზოგადოებიდან ამოარჩიონ ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც გასვრილები არ არიან.

- დღეს ქართულ ოპოზიციასაც ბევრი აკრიტიკებს...

- წლები გადის და ოპოზიციაც ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ის ძალა აჯობებს, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს და მზად არის, თავი გაწიროს ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის. ახლანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას საქართველოს სიყვარულის გამო კი არ ებრძვის, არამედ - სიძულვილის გამო. 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციამ ვერ შექმნა პოლიტიკური დღის რეჟიმი: ისინი პროცესების უკან მიჩაქჩაქებენ და ჩასაფრებულნი არიან, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვას. ასე არ უნდა ხდებოდეს. ხალხს ახალი მოვლენები, ახალი იდეები უნდა მიაწოდო, რომ ის გამოგყვეს. ძველი სახეები და მობეზრებული რიტორიკა ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას რეალურ შედეგს ვერ მოუტანს. 1992 წელს ეროვნულ მოძრაობას მთელმა საქართველომ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ქართული სახელმწიფოს იდეა შემოგვთავაზეს. სამწუხაროდ, არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ მოუტანია ჩვენამდე ისეთი იდეა, რომლის გარშემოც მთელი ერი გაერთიანდებოდა. ამიტომ, დღევანდელ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არა აქვს, ვფიქრობ, მან თავისი რესურსი უკვე ამოწურა.

- დაბოლოს, რამდენად განმუხტავს ამ სიტუაციას ვადამდელი, ელექტრონული არჩევნების ჩატარება?

- ეს ოპოზიციის აქტიურობაზე და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევაზეა დამოკიდებული, მაგრამ დავუშვათ, ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამ ვითარებაში ისევ “ოცნება” გაიმარჯვებს, ოპოზიციის გამარჯვება გამორიცხულია! კარგია, რომ ემიგრაციაც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ამის მოგვარება ასე იოლი ხომ არ არის? ახლა მთავარია, ქართულ სახელმწიფოს თავისი იდეოლოგია, თავისი მიზანი ჰქონდეს. ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ - პატარა მიწურს, რომელსაც ხან საიდან მიადგამენ საკუჭნაოს და ხან საიდან თუ წინასწარ დაგეგმილ ლამაზ სასახლეს, რომელშიც ყველაფერი ადამიანის კეთილდღეობაზე იქნება მორგებული? ცივილიზებული, გამართული სახელმწიფოს აშენებას ერთგული და გონიერი ხალხი სჭირდება, ამის პოტენციალი საქართველოში როგორ არ არის, უბრალოდ, მექანიზმია ისეთი, რომ წესიერ ხალხს პოლიტიკურ ასპარეზზე არ უშვებენ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი გადაწყდება და ეს გახდება სერიოზული იმპულსი, რომელიც მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ბევრ რამეს შეცვლის. იქნებ, ჩვენი ქვეყნის სათავეშიც ვიხილოთ ხალხი, რომელიც ამ ქვეყანაზე მართლა იზრუნებს. ახლა ჩვენს რეგიონში ძალიან ხელსაყრელი სიტუაცია იქმნება: საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სივრცე ხდება მთელ კავკასიაში. ასეთი შანსი ბოლო 100 წლის განმავლობაში არ გვქონია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე