“დავდივართ ამერიკის მიწაზე და გულით სამშობლო დაგვაქვს...” - გზაპრესი

“დავდივართ ამერიკის მიწაზე და გულით სამშობლო დაგვაქვს...”

ნიუ-იორკში, იქ, სადაც დღეს მსოფლიო ხელოვნების ცენტრია, 25 წელია, რაც ვიქტორ სირელსონის მიერ დაარსებული ქართული კულტურის ცენტრი არსებობს და ამ ხნის მანძილზე უამრავი ღონისძიება აქვთ ჩატარებული; თავდაპირველად მაყურებელი მხოლოდ ამერიკელი იყო, მიზანი კი - საქართველოსა და მისი კულტურის პოპულარიზაცია. შემდგომში ქართული ემიგრაციის რაოდენობის გაზრდამ გადააწყვეტინათ შეექმნათ საკვირაო სკოლა ამერიკაში დაბადებული ბავშვებისთვის.

ქართული კულტურის ცენტრის დირექტორი, ნიუ-იორკში ქართული თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი, ბავშვთა მუსიკალური თეატრის დამაარსებელი ვიქტორ სირელსონის ქართველი მეუღლე - ლიკა ბახტურიძე-სირელსონია... ამავდროულად ის 12 პიესის ავტორი გახლავთ, რომელთაგან ერთმა ამერიკული გრანტი მიიღო.

- ჩემი მეუღლის საქართველოსადმი სიყვარულმა და ქართული კულტურისადმი დიდმა ინტერესმა დაგვაკავშირა. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩვენი დილა, ხშირად ქართული ხალხური სიმღერით იწყება, - ამბობს ლიკა...

თავის დროზე, ქვეყნებს შორის სტუდენტური ჯგუფის გაცვლითი პროგრამით, ვიქტორ სირელსონმა პირველად საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში იმოგზაურა... ქალაქ ვარშავიდან კრაკოვისკენ მატარებლით მიმავალ ამერიკელ სტუდენტებს მეზობელი კუპიდან მრავალხმოვანი სიმღერა შემოესმათ. კუპის კართან მდგარი, სიმღერით მოხიბლული ვიქტორი ქართველებმა შეამჩნიეს და სუფრასთან მიიპატიჟეს, მან კი მოსმენილი სიმღერის სახელი - “ჩაკრულო”, უბის წიგნაკში ჩაიწერა... ვიქტორის დიდი ხნის ოცნების ახდენა, რომ ამერიკელებისთვის გაეცნო საქართველო და მისი ხელოვნება, შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1996 წელს, როდესაც მან “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე - მერაბ წერეთელი გაიცნო, რომელიც ანსამბლ Dancing Crane-ის პირველი ქორეოგრაფი იყო...

ვიქტორ სირელსონი ყველა იმ ღონისძიებას, სადაც საქართველოსა და მის კულტურაზე უყვებოდა მაყურებელს, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ხსნიდა; კონცერტის დამთავრების შემდეგ კი ამერიკელების შეკითხვებს პასუხობდა.

პირველად მაყურებლის წინაშე თეატრი 2008 წელს წარდგა ოტია იოსელიანის პიესით “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”... აგვისტოს მოვლენების გამო დარბაზში ქართული დროშები ჭარბობდა და თვალზე ცრემლმომდგარი მსახიობების მიერ სცენაზე წაკითხული პატრიოტული ლექსები ისმოდა...

ვიქტორ სირელსონის სახლი იყო თავშესაფარი, პატარა საქართველო. იქ ნახავდით ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს, წიგნებს, ქართული სიმღერების ფირფიტებს, ჩოხა-ახალუხებს და ა.შ. რეპეტიციის მერე ყოველთვის ქართული სუფრა იშლებოდა და ჩვენებური ცეკვა-სიმღერის ხმა მოედებოდა ხოლმე სახლს, ეზოს, უბანს, - ასე ეფერებოდნენ სამშობლოს...

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი:

“დავდივართ ამერიკის მიწაზე და გულით სამშობლო დაგვაქვს. აქ რამდენი ქართველიცაა, იმდენი პატარა საქართველოა. უშიშრად დავაბიჯებთ ქუჩებში გულში შემონახული იმედით, საკუთარ თავთან დადებული საიდუმლო შეთანხმებით - მე დავბრუნდები!.. სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს...

“იმ სიყვარულს გაუმარჯოს, გვირგვინად რომ ადგას ყველა ჭეშმარიტი ქართველის სიცოცხლეს, ვაჟკაცობისა და სულის სისპეტაკის განმსაზღვრელი რომაა... არარაობა რომ ხარ მის გარეშე... იმ მრავალჯერ გათელილ, მაგრამ გაუტეხავი ქვეყნის სიყვარულს გაუმარჯოს, საქართველო რომ ჰქვია - ეს სიტყვები ჩემი პიესიდანაა - “სარკე”, რომელიც ნიუ-იორკის ქართულ თეატრში დაიდგა”.

292507289-431283318885450-6765466957635550975-n-1661152888.jpg

ლიკა სირელსონის მიერ 2012 წელს ნიუ-იორკში ქართული მუსიკალური თეატრი განსაკუთრებული ტალანტის მქონე ბავშვებისთვის ჩამოყალიბდა: “საოცარი ბავშვები არიან: უნიჭიერესები, უთბილესები, ულამაზესები.. სულ რვა მიუზიკლი გვაქვს ნათამაშები; მალე ახალ მიუზიკლზე დავიწყებთ მუშაობას, რომელსაც პირობითად “ჭუჭრუტანა” ჰქვია...”

ნიუ-იორკის ქართული თეატრის ახალგაზრდულმა დასმა მაყურებელს წარუდგინა “შერეკილები - მიუზიკლი არაფერზე”, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ბოლო დროს ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს შეემატა ქალბატონი გვანცა ზაკალაშვილი, რომელმაც სპექტაკლისთვის ულამაზესი კოსტიუმები შექმნა. მიუზიკლი მიწვეული იყო გასტროლზე მალტაში, სადაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა გვანცას შექმნილმა ორიგინალურმა, ისტორიულმა მხატვრულმა კოსტიუმებმა.

275502717-2332019360281953-1876514591122099263-n-1661152899.jpeg

გვანცა ზაკალაშვილი:

- ლიკა სირელსონის “შერეკილები - მიუზიკლი არაფერზე” აგებულია ემოციებზე, სადაც თავი მოუყრიათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც მენტალურ პრობლემებს განიცდიან. ეს ადამიანები ცხოვრობენ საკუთარ მიკროსამყაროში, სადაც “ჰაერიც კი სურნელოვანია”. ისინი ცდილობენ ყველაფრისგან მიიღონ სიამოვნება და ცხოვრება გახადონ უფრო მეტად მშვენიერი, ვიდრე მათ ყოფაში არის. დიალოგში განიხილავენ ფერების დატვირთვას ფსიქოლოგიურ ჭრილში, თუ რა ემოციას იწვევს ეს მათში... მიუხედავად იმ სიმარტოვისა, რასაც ჩაკეტილ სივრცეში პერსონაჟები განიცდიან, ისინი სამყაროს მძაფრად მკვეთრ ფერებში აღიქვამენ, რომელიც მათ შინაგან სამყაროს სიყვარულის სტიმულს აძლევს.

მრავალწლიანი ხე მიწაში მყარად ძლიერი ფესვებით რომ დგას, გგონია, ის არასდროს დაეცემა, მაგრამ მივა ადამიანი, ამოუძირკვავს ფესვებს, მიწაზე დაანარცხებს, დაჭრის ნაწილებად და მაგიდას გააკეთებს, რომელსაც შემოუსხდებიან ადამიანები და ძლიერი ფესვების სადღეგრძელოს შესვამენ. ეს ტრაგედიაა. ამ მდუმარე ხესაც აქვს ხმა. რომ ზოგჯერ დუმილი დანაშაულია... - ასეთი ღრმა შინაარსის მქონე ტექსტებს მოისმენს ამ მიუზიკლის მაყურებელი. ქალბატონ ლიკას შესანიშნავად აქვს პიესაში გადმოცემული ადამიანის განწყობის ფსიქოლოგია, რომ ჩვენი გონება მართავს სამყაროს და პირიქით, ეს უკუქცევითი პროცესია... იუმორშერეული დიალოგები გადმოსცემს იმ რეალობას, რომელიც ხშირად არ მოგვწონს...

მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ბატონი ვიქტორის მიმართ - ერთადერთი უცხოელი ადამიანია ჩემთვის, რომელსაც ასე ძლიერად უყვარს, რომელიც ასე აფასებს ქართულ კულტურას და ტრადიციებს. განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის ეს ფაქტი და გავიხსენებ ერთ პატარა დეტალს, თუ როგორ აქვს გათავისებული თუნდაც ქართული სუფრის ტრადიციები, რომ პირველი უფლის სადიდებელი სადღეგრძელო ისმება ფეხზე ადგომით, პატივის მიგების მიზნით. დიდი მადლობა მას, რომ ასე შეიყვარა ქართული კულტურა.

მანანა გაბრიჭიძე