“მუდმივად რაღაცის შიშით, ბარემ სიცოცხლეზე ვთქვათ უარი...” - გზაპრესი

“მუდმივად რაღაცის შიშით, ბარემ სიცოცხლეზე ვთქვათ უარი...”

პოეტი რატი ამაღლობელი ერთ-ერთია მათგან, ვინც ქვეყანაში (და მის ფარგლებს გარეთაც) მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალყურს და მიაჩნია, რომ ცვლილებები აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში, საქართველო ცივილიზებულ სამყაროს მოსწყდება და თუ უახლოეს ხანში, შემოდგომაზე მაინც არაფერი შეიცვალა, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე დაემუქრება...

- ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ნამდვილად არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს. მხოლოდ ხელისუფლება რომ მიდიოდეს ანტიდასავლური გზით, კიდევ არაფერი, მაგრამ სავალალო ის არის, რომ ქვეყანა მიჰყავთ ამ გზით, მოქალაქეების სურვილის საწინააღმდეგოდ. ის, რაც ახლა ხდება, ევროპისგან ნაბიჯ-ნაბიჯ დაშორება, ჩვენი ანტიდასავლური ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომელსაც უკვე აშკარად მიჰყვებიან. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მათი მიზნები და ზრახვები კიდევ უფრო აშკარა გახდა. ზოგადად, ევროპის შუაგულში მიმდინარე ომმა ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში და ასევე ძალიან ბევრი რამ დაგვანახვა ქვეყნის შიგნით. მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყო და იმის ნაცვლად, რომ საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს და დაიმკვიდროს, ამ ხელისუფლების დამსახურებით, ევროპულ კურსს სრულიად გადავუხვიეთ. თან ჰყოფნით თავხედობა, ეს ოპოზიციას დააბრალონ და ყველაფერთან ერთად, თვალებში ნაცარს გვაყრიან, თითქოს საზოგადოებამ არ იცის, რომ ქვეყანაში მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სახის პრობლემებზე მმართველი გუნდი აგებს პასუხს.

- ევროპულ ოჯახთან უფრო სწრაფად დაახლოების პერსპექტივა გვქონდა, მაგრამ 2023 წლის ბოლომდე გადავადდა. გაქვთ იმედი, რომ მოცემულ ვადაში ჩვენთვის მოცემულ შანსს გამოვიყენებთ?

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ არ მახსოვს, ბოლო წლებში ასეთი იმედგაცრუება კიდევ როდის მქონდა. ის შანსი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ომის ფონზე შექმნილმა შესაძლებლობამ მოგვცა, ხელისუფლების სათავეში მყოფი მართლაც უნიათო და მავნებლური გუნდის გამო დავკარგეთ. მოლდავეთმა და უკრაინამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველო კი, რომელიც ამ რიგში, რუსეთ-უკრაინის ფონზე მართლაც პირველი უნდა ყოფილიყო, ხელისუფლების, კერძოდ კი პრემიერის სამარცხვინო განცხადებების ფონზე დაიჩაგრა. დავინახეთ, რომ რუსეთისგან წამოსული რისკებისა და საფრთხეების პირისპირ დარჩენილ საქართველოს, ევროპული თანამეგობრობა მოკავშირედ და თანამშრომლად არ განიხილავს. ეს ახლა, ამ უმძიმეს რეალობაში, როდესაც საქართველოც და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეც რუსეთის სამიზნედ არის ქცეული, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ქმედებებით, საქართველო მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს მოსწყვიტა.

- საზოგადოების ნაწილი ამბობდა, ჩვენ რომ შემდგარი ქვეყანა ვიყოთ, იმ პოლიტიკურ სპექტრს, ვისაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წევრობის მონიჭების ჩაშლაში წვლილი მიუძღვის, პასუხი უნდა ეგოო... თუმცა, საზოგადოების კონსოლიდაცია ამა თუ იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გარშემო ვერ მოხერხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- იმიტომ, რომ ჯერჯერობით, რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფოებრივად, მოქალაქეობრივად, საზოგადოებრივად კარგ ფორმაში არ ვართ. არადა, ძალიან ბევრი ქვეყნის მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება ასეთ ხელისუფლებას მართლაც გაისტუმრებდა პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც იმიტომ, რომ კონსტიტუციური ვალდებულებები ვერ გაამართლეს. ცუდად მოქცევაზე, იმედგაცრუებაზე არც კი ვსაუბრობ, თავიანთი არასწორი მუშაობით ფუნდამენტური ვალდებულებები ჩაშალეს და ამ გზით სიარულს არც ახლა წყვეტენ. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის და ის 12-პუნქტიანი გეგმა არის ძალზე კონკრეტული რუკა ევროპულ ოჯახში გასაწევრებლად. დავანებოთ თავი ხელისუფლებას, მათი იმედი არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ და ამას ემსახურებოდა მათი განცხადებები, რომლითაც ხალხს მიმართავდნენ, - ჩვენ ვხედავთ თქვენს ევროპულ მომავალს და მის პერსპექტივას, ამიტომ როგორმე შეეცადეთ დ ის 12-პუნქტიანი გეგმა მომავალი წლის ბოლომდე შეასრულეთო.

ეს 12-ვე პუნქტი არის ამდენივე პრობლემა და ლოდი, რომელიც ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისკენ სავალ გზაზე დააგროვა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები კი, რუკას გვაძლევენ, რომლის დახმარებითაც მათკენ უნდა ვიაროთ. ეს სტატუსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და როგორმე უნდა დავიმსახუროთ ევროკავშირის წევრობა. არ მაქვს იმედი, რომ 2023 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება, მათი რუპორები ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და მათი სულიერი ძმები და დები ქვეყნის დეოლიგარქიზაციას მოისურვებენ. ეს დაახლოებით ისეთია, ერთ დღეს ყველა ყასაბი ვეგეტარიანელი რომ გახდეს. შესაბამისად, არც იმ დანარჩენი პუნქტების შესრულების იმედი მაქვს, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა. ასე რომ, “ოცნების” გუნდმა ქართველი საზოგადოება ჩიხში შეიყვანა და თუ წინსვლა გვინდა, იმ ჭაობიდან ამოსვლა უნდა შევძლოთ, რომელშიც ამდენი წელია ვართ. სხვაგვარად, არათუ წინ ვერ წავალთ, უკან ვიხევთ.

ახალი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადავრჩეთ და მერე ვიმოქმედოთ. ვინმეს მიმართ პირადი ანტიპათია ან ამოჩემება კი არ მჭირს, ვხედავ, როგორ მივდივართ უკან-უკან. ამაზე მთელი მსოფლიო, საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები მიგვითითებენ და გვიკიჟებენ - გადადგით ნაბიჯი თქვენივე განვითარებისთვისო. ყველაზე მკაფიო გზავნილი ჰქონდა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც ჩვენი მდგომარეობა ერთ ფრაზაში ჩაატია - დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო!.. რასაკვირველია, ქართველი ხალხის ნება იყო და ახლაც არის ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ ამის მენეჯმენტი ცხელ ზაფხულში ძნელი აღმოჩნდა. საპროტესტო მუხტისთვის საჭირო სიჯიუტე, პრინციპულობა, პროტესტის სწორი მიმართულებით წარმართვა, მისი ხანგრძლივობა და ა.შ. სხვადასხვა ფაქტორის გამო ვერ შევასრულეთ. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ შემოდგომიდან საფრთხეებს კიდევ ერთხელ და ყურადღებით გადავხედავთ, შევაფასებთ და ქართველი ხალხი ერთად დგომას შევძლებთ.

- აქციების გამართვას გულისხმობთ?

- არა მხოლოდ აქციების, ვგულისხმობ საზოგადოების აქტიურობას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართული იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ, რადგან “ოცნებას” აზრადაც არ აქვს ქვეყნის განვითარება და ევროატლანტიკური მომავალი... ამიტომ ცვლილებები ხელისუფლებაზე ზეწოლით უნდა მოხდეს; საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის გამოცოცხლებაა საჭირო. ეს მათი საქმეა, მწერლები და პოეტები პოლიტიკურ ამინდსა და დღის წესრიგს ვერ შექმნიან. მათ უნდა დასახონ გეგმა, რომლის გარშემო ქართველი საზოგადოება გაერთიანდება. როდესაც ევროპული მომავლისკენ სავალ გზაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო კურსის განსაზღვრისას, ყველანი ერთნი ვართ.

- თუმცა მუდმივად გვესმის, რომ ქართული პოლიტიკური კლასი დაბალია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობას საზოგადოებაში ავტორიტეტი არ აქვს, რითაც მმართველი გუნდი სარგებლობს.

- სამწუხაროდ ასეა, მაგრამ ყველაფერს პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ. ქვეყანაში წარმოქმნილ თუ დაგროვილ პრობლემებში საზოგადოებამაც უნდა დაინახოს თავისი როლი. პოლიტიკური გუნდისთვის იმპულსის მიმცემი და შემდეგ მისი აღსრულების სტიმული, სწორედ ხალხი უნდა იყოს. თუ არ არის ასეთი ძალა, მაშინ ახალი უნდა გაჩნდეს.

- გვაქვს ამის რესურსი?

- კი, რასაკვირველია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამის რესურსი არ გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფრის პერსპექტივა არ გვქონია... ხელისუფლება მუდმივად მეორე ფორმატის და ზოგადად, ომის შიშზე გვესაუბრება. მუდმივად ომის, მეორე ფრონტის, თავდასხმისა და რაღაც აბსტრაქტულ, თუნდაც ობიექტურ შიშზე საუბრით ცხოვრება შეუძლებელია. მგლის შიშით ფარას ვერ გავწყვეტთ. მუდმივად რაღაცის შიშით, ბარემ სიცოცხლეზე ვთქვათ უარი... საქართველოს დალხენილად არასდროს უცხოვრია, მაგრამ აქამდე მოვედით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, ქვეყნის, სახელმწიფოდ არსებობა ყოველთვის რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან კონფლიქტს შეიცავდა და უარი ვთქვათ მაშინ დამოუკიდებლობაზე, ამით საფრთხეებიც განეიტრალდება. მეტიც, გვარ-სახელზე, იდენტობაზე, ეროვნებაზე ვთქვათ უარი, ასე უფრო მარტივი იქნება, ვიღაცებს თვალში რომ არ გავეჩხიროთ. საერთოდ, შევწყვიტოთ არსებობა და ეს იმით გავამართლოთ, - აბა, ომს ხომ არ დავიწყებდითო?! აბა მითხარით, როგორ შეიძლება საქართველოს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი შიში იყოს, როდესაც ამ პატარა ქვეყანას ათასჯერ მაინც გაუვლია ბეწვის ხიდზე, სისხლიც დაუღვრია, ღალატიც ბევრი უნახავს და ღირსეული გამარჯვებაც მოუპოვებია. როგორ შეიძლება შიშმა რამე შექმნას, ააშენოს ქვეყანაში... აწმყოს დაკარგვის შიშით, უკეთეს მომავალზე ფიქრი და ოცნება ვერ უნდა გავბედოთ?..

rati-amaglobeli-e1562520191456-1661154763.jpg

- ხანდახან ამბობენ, რომ შემგუებელი ერი გავხდით, ეს ნიჰილიზმმა გამოიწვია?

- ნიჰილიზმი უფრო საზოგადოების თვითორგანიზების პრობლემა მგონია. რადგან მიგაჩნია, რომ დამოუკიდებლად ბრძოლა და მუშაობა არ შეგიძლია. გარკვეული შედეგის მისაღწევად, ხანდახან კომფორტის ზონიდან გამოსვლაა საჭირო. ნამდვილად არიან გარშემო ის ადამიანები, რომელთაც ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, განათლება, პასუხისმგებლობა და თავიანთი საქმის სიყვარული, მაგრამ პოლიტიკური ველისკენ ნაბიჯების გადადგმა უჭირთ. ისეთი რეალობაა შექმნილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა. ამით კი, ის ერთი და იგივე სახეები სარგებლობენ და სხვას თავის დამკვიდრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამიტომაც არის პოლიტიკური ველი წარსულზე ორიენტირებული ადამიანებით გაჯერებული. თუმცა, თუ ქვეყნის წინსვლაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში ჯანსაღი აზროვნების, პროგრესული ადამიანები მოვიდნენ. არადა, თუ ყველამ თავი შეიკავა და გვერდზე გადგა, შესაძლოა, სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ და ამ ქვეყანაში ვიღაცის ნასუფრალი, ნაკულტურალი წარმონაქმნი დარჩეს, ბანალური, მაგრამ ტრაგიკული წარწერით, რომ ოდესღაც აქ სახლობდნენ ქართველები და ჰქონდათ სახელმწიფო. თუ ჭკვიანად ვიქნებით, უფლებას მოგვცემენ, გვქონდეს რესტორნები, სადაც ქართული მხოლოდ სამზარეულო იქნება, რუსულ-ქართული მუსიკალური რეპერტუარით... შესაძლოა, ეს ვიღაცას გადაჭარბებული მოეჩვენოს, მაგრამ “რბილი ძალის” პოლიტიკის გეგმა და მიზანი სწორედ ეს არის და თუ ადამიანები იმის შესანარჩუნებლად არ გამოვედით, რაც ჩვენმა და წინა თაობებმა მოიპოვეს, ბევრს დავკარგავთ. ეს გარდაუვალია, რადგან ვერაგი მტერი ქართულ ბუნებას კარგად იცნობს და სწორი ბრძოლის მეთოდებიც აქვს შემუშავებული.

- სხვა თემაზეც გკითხავთ, რადგან ზაფხულია, დასვენებას გვერდს ვერ ავუვლით. წელიწადის ამ სეზონსაც მუშაობას უძღვნით?

- დიახ, ძირითადად თბილისში ვარ და ვმუშაობ, რადგან შემოდგომიდან ლექციები მეწყება. სტუდენტებთან სამუშაოდ მოსამზადებელი დრო ზაფხულში მაქვს და ვცდილობ, გამოვიყენო. ამიტომ, აქტიურ დასვენებაზე უარს ვამბობ, რათა შემოდგომიდან ფორმაში ვიყო.

ლალი პაპასკირი