ვახტანგ კოტეტიშვილის იდუმალი და მისტიკური ვარდი - გზაპრესი

ვახტანგ კოტეტიშვილის იდუმალი და მისტიკური ვარდი

ვახუშტი კოტეტიშვილის ეს მოგონება მისი მამის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს, რომელიც ვახუშტის უამბო სტუდენტობისას ქალბატონმა მარო ციციშვილმა. მოგეხსნებათ, ვახტანგ კოტეტიშვილი გახლდათ ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. ის შეიწირა 1937 წლის რეპრესიებმა.

ვახუშტი კოტეტიშვილი:

“უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე, ჩემი სტუდენტობის დროს მოთავსებული იყო გეოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, რომლის გამგე ბრძანდებოდა უმშვენიერესი ხანდაზმული ქალბატონი მარო ციციშვილი. ორი და იყო, უფროსი - ტასოც ბიბლიოთეკას განაგებდა, ოღონდ სად და რომელს, ზუსტად აღარ მახსოვს. საინტერესო ის გახლდათ, რომ ქალბატონმა ტასომ ჯერ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, შემდეგ სადოქტორო, მაგრამ ბიბლიოთეკას თავს მაინც არ ანებებდა და თავმდაბლურად სჯერდებოდა ბიბლიოთეკარის უპრეტენზიო თანამდებობას. თუმცა გასაკვირი არ არის, როდესაც თვით პროფესორი გიორგი წერეთელიც კი, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მეცნიერი, ჩვენს ახალდაარსებულ უნივერსიტეტში, პროფესორობის პარალელურად თურმე, ბიბლიოთეკის გამგის მოვალეობასაც ითავსებდა.

ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტის დერეფანში გამაჩერა ქალბატონმა მარომ და მთხოვა: ვახუშტი, გენაცვალე, ხვალ ლექციების შემდეგ ჩემთან შემოიარე, ერთი რაღაც მინდა გაჩვენო და გაჩუქო კიდეცო. ეს ისეთი სახით მითხრა, რომ იმწამსვე მივხვდი, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს გულისხმობდა. მაგრამ რა უნდა ეჩუქებინა მოხუც ბიბლიოთეკარს სტუდენტისათვის, თუ არა წიგნი?! ალბათ, ძველი და იშვიათი, შესაძლოა ავტორის ავტოგრაფით ან სულაც, მამას რომელიმე წიგნი საგანგებოდ მოხეული თავფურცლით, რომ აკრძალული ავტორი ავი თვალისგან მიეჩქმალათ და წიგნი გადაერჩინათ. მამაჩემის ასეთ „თავქუდმოგლეჯილი“ წიგნების ხილვას მიჩვეული ვიყავი სხვადასხვა ოჯახში, წიგნების კარადების კუთხე-კუნჭულებიდან რომ გამომიძრობდნენ და სასოებით მაჩვენებდნენ ხოლმე. ახლაც ქალბატონ მაროსგან რაღაც ამდაგვარს ველოდი.

მეორე დღეს, დათქმულ დროს, პალეონტოლოგიურ-კვარცულ-კარსტული დერეფნის გავლით შევაღე ბიბლიოთეკის კარი. ქალბატონმა მარომ სკამი შემომთავაზა და სახეშეფაკლულმა დაიწყო:

- ვახუშტი, შვილო, ეს ამბავი ამ ორმოციოდე წლის წინ მოხდა. მაშინ პატარა გოგო ვიყავი. ჩემი ტასო და იმისი ამხანაგები უკვე ქალიშვილები იყვნენ და ცნობილი ქართველი მეცნიერების არც ერთ საჯარო ლექციას არ აცდენდნენ. განსაკუთრებით იყვნენ მოხიბლულები ვიღაც ვახტანგ კოტეტიშვილით. სულ მასზე ლაპარაკობდნენ, მისი მეტყველების მანერაზე, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე და რა ვიცი, რაზე აღარ. ვეხვეწებოდი, რა იქნება, ერთხელ მეც წამიყვანოთ-მეთქი. შენ ჯერ პატარა ხარ, რა დროს შენი ეგეთი რამეებიაო, - დამიტატანებდნენ და გამეპარებოდნენ. ერთხელ მეტისმეტად შევაბრალე თავი და უარი ვეღარ მითხრეს. კარგი, წამოდი, მხოლოდ იცოდე, თუ ვერაფერს გაიგებ და სმენა მოგბეზრდება, შენი ხმა არ გავიგოთ, ჩუმად იჯექი და ითმინეო. წავედით. მე კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. ხუმრობა ხომ არ იყო, საჯარო ლექციის მოსასმენად მივდიოდი ხელოვანთა სასახლეში, თანაც ვისი ლექციისა, ვისი სახელიც ენაზე ეკერათ ჩემთვის უდიდეს ავტორიტეტებს - ჩემს უფროს და ტასოს და იმის მეგობრებს.

სკოლის ფორმა მეცვა გაქათქათებულ-გახამებული თეთრი წინსაფრით, მაჯის სიმსხო ნაწნავზე კი თეთრი ბაფთა მეჯდა პეპელასავით. ვგრძნობდი, ღელვისაგან ლოყები ისე მიღუოდა, როგორც ნაკვერჩხლები. ტასოსგან ვიცოდი, ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციაზე ძალიან ადრე თუ არ მივედით, მერე შესაძლოა არამცთუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილის მოძებნაც კი გაგვიჭირდესო. ამიტომ ჩვენ, მგონი, ორი საათით ადრე გამოვიჭიმეთ პირველ რიგში, ზუსტად კათედრის წინ და დავიწყეთ ლოდინი. დარბაზი თანდათან ხალხით გაივსო. კარებშიც კი ისეთი ჭედვა იყო, მე ტასოს გადავუჩურჩულე, - ვაითუ ლექტორი ვერ შემოვიდეს-მეთქი. გოგოებმა სიცილით დამამშვიდეს: დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნებაო.

vaxtang-kotetishvili-copy-1661155028.jpg

უცებ სხვანაირი ჩოჩქოლი ატყდა, კარში ხალხი ორად გაიყო და აჩქარებული ნაბიჯებით შემოიქროლა შავგვრემანმა ულამაზესმა ახალგაზრდა კაცმა. მე ასეთად წარმომედგინა ტორეადორი. მაგრამ „ტორეადორს“ ამჯერად ოქრომკერდით ნაქარგი, ზიზილებიანი კამზოლის მაგივრად გაშვებულჯიბეებიანი ხალათი ეცვა, პერანგის გახამებულ, თეთრ საყელოზე დიდი შავი ბაფთა ეკეთა და ხელში დაშნის ნაცვლად ეჭირა უზარმაზარი, შავი, ხავერდოვანი ვარდი; ერთადერთი ვარდი!

დარბაზი ფეხზე წამოდგა და თავის კერპს ტაშის გრიალით შეეგება. მან ხელით გვანიშნა, დაბრძანდითო და დარბაზს თვალი მოავლო. ყველანი მივხვდით, რასაც აპირებდა, ვარდით ხელში ხომ არ დაიწყებდა ლექციას?! იგი აუდიტორიიდან არჩევდა, ვისთვის გაეწოდებინა ეს საოცარი სილამაზის ვარდი, რომელიც ალბათ, რომელიმე თაყვანისმცემელმა შემოსვლისას მიართვა. დარბაზი გაისუსა. ქალების გულებს ბაგაბუგი გაუდიოდა.

და უცებ მოხდა საოცრება, მან მზერა ჩემზე შეაჩერა. გამიღიმა თვალისმომჭრელად თეთრი კბილებით და აუდიტორიას ხმამაღლა მიმართა: ქალბატონებო, მაპატიეთ, მე ეს ვარდი უნდა მივართვა ჩემს ყველაზე პატარა მსმენელს, თვით ამ ვარდზე უმშვენიერეს პატარა ქალბატონს... მოიჭრა ჩემთან, დაიხარა, შუბლზე მემთხვია და ჩუმად მკითხა: რა გქვიაო? - მარო, - ძლივს ამოვილუღლუღე მე.

- ...ქალბატონ მარიამს, - თქვა ეს, გადმომცა ვარდი, ელვის უსწრაფესად ავიდა კათედრაზე და იმწამსვე ისეთი „ცეცხლი აანთო“, რომ აუდიტორიამ გონზე მოსვლა ვერც მოასწრო.

ოდნავ გაბზარული ხმა ჰქონდა, მაგრამ უაღრესად სასიამოვნო ტემბრისა, რაღაც სხვანაირი, არავის მსგავსი. შუა მოხსენებისას ამოიღო პაპიროსი, აუდიტორიას მოუბოდიშა, ნერვიული მოძრაობით მოუკიდა, ხარბად მოქაჩა და განაგრძო შეწყვეტილი საუბარი. მე თავბრუდახვეული დავქროდი სადღაც. ცალკეული სიტყვები კი მესმოდა, მაგრამ აზრს ვერ ვიგებდი. არა იმიტომ, რომ თემა იყო რთული, არამედ იმიტომ, რომ ჩემი გონება სადღაც სხვაგან ქროდა.

ტაშის გრიალმა გამომაფხიზლა. სიზმარი დროებით გაქრა. ჩვენ შინ ვბრუნდებოდით. მე ისეთი სიფრთხილით მომქონდა ჩემი სანუკვარი ვარდი, როგორც ეკლესიიდან ბზობის სანთელი. ტასო და იმის მეგობრები მეხვეწებოდნენ, ცოტა ხნით ხელში დაგვაჭერინეო. მე ვერ ვანდობდი, შორიდან უყურეთ-მეთქი.

ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი საზრუნავი - ვარდი. ჯერ ბროლის ვიწრო ლარნაკში მოვათავსე და წყალს ყოველდღე ვუცვლიდი. ავადმყოფობა მოვიგონე და სკოლაში არ დავდიოდი, რომ ჩემს არყოფნაში ვარდისთვის ვინმეს არაფერი ევნო. ბოლოს, დედა მიმიხვდა და ღიმილით მითხრა: შვილო, მთელი ცხოვრება მაგ ვარდს ხომ არ უნდა შეალიო. ადრე თუ გვიან მაინც დაჭკნება. მე გირჩევ, წიგნში ჩადო და შენ თვითონ გაახმო. თავისებურ სილამაზესაც შეინარჩუნებს და შეგენახება კიდეცო. დედას დავუჯერე. წიგნების თაროდან გადმოვიღე „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემა და ჩემი ვარდი იმაში ჩავასვენე.

გადიოდა წლები. დროდადრო გადმოვიღებდი ხოლმე იმ წიგნს, ფრთხილად გადავშლიდი და ვამოწმებდი ჩემი ვარდის მდგომარეობას, ფერსა თუ სურნელს. რასაკვირველია, ბატონი ვახტანგის არც ერთი საჯარო ლექცია არ გამიცდენია. ყოველთვის პირველ რიგში ვიჯექი. უკვე მიცნობდა. - შენ კიდევ აქა ხარ, ციციაანთ ქალო? - გადმომძახებდა ხოლმე კათედრიდან ხმამაღლა, ყველას გასაგონად და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

შემდეგ უკვე უნივერსიტეტის სტუდენტობაც მეღირსა. ბატონ ვახტანგსაც უფრო ხშირად ვხვდებოდი. ჩემს ლექციებს ვაცდენდი და მას ვესწრებოდი. სუფრაზეც მინახავს, მის ზღაპრულ თამადობასაც შევსწრებივარ. გვისაუბრია კიდეც, მაგრამ ვარდის ამბავს არ ვუმხელდი, ეს ჩემი საიდუმლო იყო. თვითონ ალბათ, აღარც კი ახსოვდა.

აი, ასე სათუთად ვინახე ეს ულამაზესი ვარდი. ახლა ჩემი დღეები უკვე დათვლილია, შვილო და ამ ვარდისათვის შენზე უკეთესი მემკვიდრე არავინ მეგულება. აი, ჩაიბარე, ჩემო ვახუშტი, ამ ვარდს მამაშენის სუნთქვა შეჰხებია. გაუფრთხილდი, - ეს თქვა და სახე მომარიდა. მის მუჭში პატარა, მონოგრამიანი ცხვირსახოცი გასაწური იყო.

მე სასოებით ჩამოვართვი ძველებურ ჭვირნიშიან პერგამენტის ორადგაკეცილ ფურცელში მოთავსებული უზარმაზარი გამხმარი ვარდი. გამაოცა მისმა მოშავო ფერმა და ხავერდოვნებამ. მსგავსი რამ არასოდეს მენახა. რატომღაც მომეჩვენა, რომ ამ ვარდს გამოყოლილი ჰქონდა მამას შავი ბაფთის ფორმა და ის მიბინდულობა, ძველი ფოტოსურათებიდან რომ გვეფინება ხოლმე. ქალბატონ მაროს ხელზე ვემთხვიე, მან კი გულში ჩამიკრა და უკვე მოურიდებლად დამისველა მხარი.

მოვდიოდი და მომქონდა ფრთხილად, როგორც უმძიმესი ტვირთი. ტროლეიბუს-ავტობუსში არ ჩავმჯდარვარ, მგზავრებმა არ მიმიჭყლიტონ-მეთქი, ტაქსის ფულს კი სტუდენტს ვინ მომაქვავებდა. სახლამდე ფეხით ვიარე. წინასწარ წარმომედგინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ ლეილა (ვახუშტის და. - ავტ.) და მამიდა ივლიტა ამ ვარდის ხილვისას...

მოვდიოდი და ვფიქრობდი, სად მიმეჩინა ბინა ამ ვარდისათვის? ალბათ, მამას წიგნში, ვინაიდან ჩვენი ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“ მამას დაჭერისას წაიღეს ტყავისპალტოიანმა ჩეკისტებმა. და ჩემთვის უცებ გაცხადდა რაღაც ფატალური ჭეშმარიტება: როდესაც ვახტანგმა პატარა მარო ციციშვილს ეს ვარდი აჩუქა, მაშინ იგი უცოლო იყო. მარომ ეს ვარდი რატომღაც მაინცდამაინც ქართველიშვილისეულ „ვეფხისტყაოსანში“ ჩადო. ვარდს თითქოს გულმა განგებ გაუწია სწორედ იმ ქართველიშვილებისაკენ, რომელთა შთამომავალს ორიოდ წლის შემდეგ ცოლად ითხოვს ვახტანგი. ეს რომ გავიაზრე, ვარდს თითქოს ახალი აურა გაუჩნდა, იდუმალი და მისტიკური.

ქალბატონი მარო აღარ არის ცოცხალი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სათნო სული. მე მის წინაშე პირნათელი ვერ გამოვდექ, ვერ შევუსრულე თხოვნა, ვარდის პატრონად ვერ ვივარგე - ის ვარდი ჩემს სახლში ჩაიწვა ყველაფერთან ერთად. მაგრამ, ქალბატონო მარო, გული ნუ დაგწყდებათ. ის ვარდი არ გამქრალა, ის ჩემშია თქვენს ცრემლიან ღიმილთან ერთად...”

ნანული ზოტიკიშვილი