ფოთლები ჩანთებზე და პირისპირ შეხვედრა ოსტატთან “ზეიმის ქალაქში” - გზაპრესი

ფოთლები ჩანთებზე და პირისპირ შეხვედრა ოსტატთან “ზეიმის ქალაქში”

ფურცელზე ჯერ ესკიზი იქმნება, მერე ყველა დეტალი ხელით იჭრება და იკერება. მიუხედავად იმისა, რომ ფერებს შორის არჩევანი დიდია, თვლის და მეც ვეთანხმები, რომ ტყავისგან შექმნილ აქსესუარებს შორის, ყავისფერი ყველაზე ეფექტურია და თურმე მომხმარებელთა შორისაც ის ლიდერია...

იოსებ ფურცხვანიძის ხელით შექმნილ ჩანთებს, ქამრებს, საფულეებს, მინიატიურულ “ბრელოკებსა” თუ სხვა ნივთებს ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ფაქტია, უმაღლესი ნედლეულის წყალობით ვიზუალურად შთამბეჭდავი ნივთები მფლობელს დიდხანს ემსახურება.

5-1661757988.jpeg

- ბავშვობიდან ვძერწავ და ვხატავ, თვითნასწავლი ვარ. ერთხანს სპორტით ვიყავი გატაცებული და სამოყვარულო დონეზე ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ მერე სხვა პროფესია ავირჩიე - ბიზნესის მართვა. 5 წლის წინ ერთ-ერთი ოსტატის მიერ დამზადებული საფულე ვნახე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი ტყავისგან უფრო დახვეწილი, დატვირთული და ხარისხიანი ნივთი შემექმნა. ვინაიდან გარკვეული “ბექგრაუნდი” მქონდა და ხატვის თანდაყოლილი ნიჭიც, ნელ-ნელა დავიწყე მუშაობა. აქამდე სულ ჩემით მოვედი და თანდათან დავოსტატდი. თავდაპირველად ბარათების შესანახს, ხურდა ფულის ჩასაყრელს, დანების ქარქაშებს ვაკეთებდი, ანუ - რის საშუალებასაც მაშინდელი ხელსაწყოები მაძლევდა. მეტი იარაღი რომ შევიძინე, უკვე სხვა ნივთებიც დაემატა. ჩემი ნამუშევრები სრულყოფილი რომ გამხდარიყო და მზის სინათლე ეხილა, მანამდე ბევრი უნდა მესწავლა და მეშრომა. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს და მსიამოვნებს.

- ამჟამად ბათუმში იმყოფებით, თუმცა, როგორც გაცნობისას მითხარით, ქუთაისელი ხართ. როგორ მოხვდით ზღვისპირა ქალაქში და როგორ აფასებენ, ტურისტები და ადგილობრივები თქვენს ნაკეთობებს?

- დიახ, წელს პირველად ვარ ბათუმში არა დასასვენებლად, არამედ სამუშაოდ. ჩემი აზრით, ბათუმი ქალაქი-ზეიმია თავისი ზღვით, მზით, ჰაერით, ხალხითა და გარემოთი. ზაფხულის სეზონისთვის მიმიწვიეს, მაგრამ შეიძლება უფრო მეტხანს დავყო აქ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვმუშაობ მშვენიერი უბნის კარგ მაღაზიაში, სადაც შოურუმში საინტერესო ნივთები იყიდება და, რაც მთავარია, იქვე მზადდება ჩემი ნამუშევრებიც. ვფიქრობ, როცა დამთვალიერებელი მოდის და საკუთარი თვალით ნახულობს, როგორ იქმნება ესა თუ ის ხელნაკეთი ნივთი, ამას თავისებური, გამორჩეული ხიბლი ახლავს. რაც შეეხება შეფასებებს, ტურისტების მხრიდან დიდი აღფრთოვანება და განცვიფრება მოდის. ჩვენი თანამემამულენიც დიდი სიხარულით ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ოსტატი იქვეა და შეუძლიათ მასთან ერთად ფერების, დიზაინის, ტყავის შერჩევა. ხალხთან საუბარი და ურთიერთობა ჩემთვის ძალზე სასიხარულია. სამომავლოდ მინდა, ყველა ადამიანმა თავის ნივთს ბოლო შტრიხი თავად გაუკეთოს. მგონია, ასე უფრო მეტად ეყვარება და საერთოდ, მეტადაც დააფასებს ხელნაკეთ ნივთს.

3-1661758002.jpeg

- ბევრი გამორჩეული ნამუშევარი გაქვთ და მათ შორისაა ჩანთები ფოთლებით...

- ფოთოლი ჩანთა (იღიმის). ქუთაისში ბევრი ჭადრის ხეა. მაშინ მცირე ხნით კერძო კომპანიაში ვმუშაობდი, როცა წითელ და ჯაჭვის ხიდის ტერიტორიაზე მომიწია გავლამ. ეს უბანი მუზეუმივითაა, სადაც შემოდგომაზე ტროტუარი თუ ქვაფენილი არაერთი ფერის, ულამაზესი ფოთლებით იყო მოფენილი. რამდენიმე ავკრიფე და შევინახე. მოგვიანებით გამიჩნდა იდეა, შემექმნა ჩანთა, რომელსაც ფოთლებით გავაფორმებდი და მას ჩემი ხელწერა ექნებოდა. ერთი გავაკეთე და იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დღემდე 20-მდე სხვადასხვა ფოთლის თანხლებით, რამდენიმე ვარიანტის ჩანთა მაქვს შექმნილი. მათი მფლობელები არიან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაც ძალიან მახარებს. სულ ახლის ძიებაში ვარ, ჩემი ჩანაფიქრი ყოველთვის იყო და ახლაც ესაა, გამუდმებით ვიმუშაო და განსხვავებული ნივთები შევქმნა, რომლებიც ადამიანებს თავს დაამახსოვრებს და შეაყვარებს.

ანა კალანდაძე