ნაყიდი ჟონგლიორობა... - გზაპრესი

ნაყიდი ჟონგლიორობა...

“ისურვეთ გულწრფელად და აუცილებლად გამოჩნდება რომელიმე დღეს დელფინი, ლამაზი ტრიუკებით - სანახაობა უფასოც იქნება და უფრო ბუნებრივიც. ეს ბევრად მეტია, ვიდრე დელფინის “ნაყიდი ჟონგლიორობა”, - მარიამ გრიგალაშვილი 186-ე სკოლის მოსწავლეა და გამორჩეულად ბუნება უყვარს. მისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა საქმე სამყაროში ჰარმონიულ თანაცხოვრებას შეეხება. მარიამმა მოგვაწოდა ინფორმაცია დელფინებთან დაკავშირებით. ამ თემით მას მერე დაინტერესდა, რაც მისმა თანატოლმა ვაჟებმა არც ისე დიდი ხნის წინ, მალთაყვის სანაპიროდან ზღვაში მოსრიალე, თავისუფალი დელფინი შენიშნეს, რომლის ტრიუკებმაც პლაჟზე მყოფების აღტაცება გამოიწვია...

მარიამ გრიგალაშვილი:

- ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის დიდი მოაზროვნეები აღნიშნავდნენ დელფინების განსაკუთრებულობას. ამ პატარა ინფორმაციაში, რომლის გამოქვეყნებასაც დიდი მოლოდინით დაველოდები, არ ჩამიწერია ბევრი ისედაც ცნობილი დეტალი დელფინების შესახებ. მინდა, რომ მომავალმა თაობამ გავიაზროთ ჩვენი სიამოვნებისთვის დატყვევებული ცხოველებისა და ფრინველების ბედი. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ოქროს ჯაჭვი ვერ სჯობს თავისუფლებას. უფროსებს კი ვეტყვი: ვიდრე შვილებს დელფინების შოუზე შეიყვანთ, მანამდე ამ ინფორმაციას აუცილებლად გაეცანით. უნდა იცოდეთ, რას განიცდიან ეს უსაყვარლესი არსებები. რამდენჯერაც მათ შოუზე შეხვალთ, უნდა გახსოვდეთ, მათი “მოღიმარი” და “გაცინებული” სახების მიუხედავად, რამხელა ტანჯვაა მათ ცხოვრებაში. აქვე დავამატებ, რომ ინდოეთმა, კოსტა-რიკამ, უნგრეთმა და ჩილემ კანონმდებლობით თქვა უარი დელფინარიუმების არსებობაზე!

დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში ის საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, აუზში კი ამდენს ვერ გაცურავს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ადამიანის მიერ მოწყობილი კონსტრუქცია საამისო საშუალებას ვერ იძლევა. შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი წრე უნდა შეკრას დელფინმა ცურვით, რომ სასურველი სიგრძის გავლილი მანძილი გამოუვიდეს?

ბუნებრივ არეალში, ზღვებში დელფინები ცოცხლობენ 25-დან 50 წლამდე, დელფინარიუმში კი მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია 5 წელი. გვიღირს კი ერთი აღტკინებული საღამოსთვის თითქმის ხუთჯერ და ზოგჯერ მეტადაც სიცოცხლის შემცირება საყვარელი დელფინებისთვის?

დელფინები ოჯახებად ცხოვრობენ. დაჭერის დროს ზოგიერთი მათგანი ფსიქოლოგიური შოკის გამო კვდება - ვერ ეგუება ოჯახთან განშორებას. ჩათვალეთ, რომ თითქმის 4-5 წელი დარდობს დელფინი “თავისიანებთან” განშორებას და ეს ხდება ჩვენი ერთი ღიმილიანი საღამოსთვის!

დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. აუზში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი უდიდეს შოკს იღებს. აქედან გამომდინარე: დელფინი მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ცხოვრობს, ჩვენ კი მათ იმ ფულსაც ვამადლით, რომლითაც თევზს ყიდულობენ, რათა გამოიკვებონ და შიმშილითაც არ მოეღოთ ბოლო!

ხშირია შემთხვევა, როცა ტყვეობაში მყოფი დელფინები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ისინი შეგნებულად, მართვით ახორციელებენ ყოველ ჩასუნთქვას. როცა უკვე მათთვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას... დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაზღვეული იყოს ადამიანი. აუზებში სისუფთავეს იცავენ ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო მათი უმეტესობა მოძრაობისას თვალებს ხუჭავს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.

გაინტერესებთ, როგორ იწვრთნებიან ჩვენთვის ცხოველები? შიმშილი და მათი მარტოდ ყოფნაა გაწვრთნის მეთოდი. თვითმკვლელობამდე მისული დელფინის “ღიმილმა” არ მოგატყუოთ, მათ არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად, მიუხედავად მათი ამდენი წამებისა. ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი “ბედნიერი” სახის შემხედვარე.

ერთგან ამოვიკითხე, რომ ინდოელები დელფინებს უწოდებენ “ადამიანს ან პიროვნებას, რომელიც განსხვავდება ჰომო საპიენსისგან”. სხვა ძუძუმწოვრებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომლის დაბადება იწყება კუდით და არა თავით. მათ შეუძლიათ 18 მილზე მეტი დაფარონ ცურვით, ხტუნავენ, ულამაზეს ტრიუკებს აწყობენ და ბუნებრივ გარემოში ამ ყველაფრის ნახვა ბევრად მეტი სიხარულის მომტანია, ვიდრე გამოკეტილ სივრცეში ბილეთების ყიდვით ნანახი “საოცრება”.

მთავარი პრობლემა დელფინებისთვის კლიმატის ცვლილების გამო ოკეანის ტემპერატურის დათბობამ გამოიწვია. მათი საკვების ზოგიერთი ძირითადი წყარო უფრო ღრმა, გრილ წყალში ჩაიტანა. გარდა ამისა, ზღვის სიცხე, რომელიც ასევე გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, უარყოფითად მოქმედებს დელფინების შობადობისა და გენერაციის მაჩვენებელსა და გადარჩენის უნარზე. ნადირობისა და სათევზაო ხელსაწყოებში ჩახლართვის გარდა, მტკნარი წყლის დელფინებისთვის პრობლემაა კაშხლებიც... დელფინების ჯგუფს ბუდე ეწოდება. ეს სოციალური ძუძუმწოვრები ურთიერთობენ ერთმანეთთან, იცავენ ურთიერთს და გუნდურად ნადირობენ საკვების მოსაპოვებლად. ბუდის არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დელფინების დაცვაში ისეთი მტაცებლისგან, როგორიცაა ზვიგენი. ბუდის უმეტესობაში გაერთიანებულია 2-დან 30-მდე დელფინი, სახეობებისა და სიტუაციის მიხედვით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 100 ან თუნდაც, რამდენიმე ათასი დელფინის ქარავანსაც ნახავთ. უმეტესად, ეს დამოკიდებულია გარემოში საკვების რაოდენობაზე. დელფინებს შეუძლიათ მჭიდრო სოციალური კავშირების დამყარება. ცნობილია, რომ დაშავებულ ან ავადმყოფ ეგზემპლარებსაც კი იცავენ, მათ სუნთქვაშიც ეხმარებიან. თუ საჭირო გახდა, ზედაპირზეც ამოჰყავთ და იქნებ, ეს გვესწავლა ადამიანებს მათგან...

garemo-2-1661759474.jpg

ცხოველთა სამეფოს ათასობით წევრს შორის, დელფინები ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებენ ინტელექტის თვალსაზრისით და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მეცნიერები დედა-დელფინსა და მის პირმშოს კალიფორნიის გასართობ პარკში აკვირდებოდნენ. ბიოლოგებმა “მოისმინეს” დედასა და შვილს შორის 80 საათის მანძილზე მიმდინარე “საუბარი”. ახლა კი შეკითხვა: რომელი გასართობი პარკით მიღებული სიამოვნება გადაწონის დედა-შვილის დაცილებით გამოწვეულ დარდს?

იმისთვის, რომ დედამიწაზე ყველამ უფრო ჰარმონიულად ვიცხოვროთ, შვილები წაიყვანეთ ზღვის სანაპიროზე მეტი ხნით. ისურვეთ გულწრფელად და რომელიმე დღეს აუცილებლად გამოჩნდება დელფინი ლამაზი ტრიუკებით - სანახაობა უფასოც იქნება და უფრო ბუნებრივიც. ეს ბევრად მეტია, ვიდრე დელფინის “ნაყიდი ჟონგლიორობა”.

როლანდ ხოჯანაშვილი