როგორ უნდა დავიცვათ გარემო ხანძრებისგან? - გზაპრესი

როგორ უნდა დავიცვათ გარემო ხანძრებისგან?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და თანდათან სოფელ დგვარის ტყესაც მოედო. ოფიციალური ცნობებით, ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა და მრავალწლიანი ხეები დაიწვა. კლდოვანი რელიეფის გამო, ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში მესამე დღეს ჩართეს. სოფელ ქვაბისხევის მცხოვრებთა ინფორმაციით, თავდაპირველად პატარა კერა იყო და მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგ მივიდნენ, როცა ცეცხლი უკვე დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველები ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოებიც დაიწყეს:

“მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება”.

ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება ხელისუფლებამ თურქეთსაც სთხოვა და ქართველ მეხანძრეებს, ჯარსა და სასაზღვროს ავიაციას რამდენიმე დღე ეხმარებოდა თურქეთის ავიაცია...

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ერთი ვერსიით, ეს მეხის დაცემამ გამოიწვია, მეორე ვერსიით შესაძლოა, მონადირეების მიერ დანთებული კოცონიდან გაჩნდა და არც დივერსიას გამორიცხავენ.

სამწუხაროდ, ხანძრები საქართველოში ხშირად ხდება. ამ დღეებში ცეცხლის კერა თბილისთან ახლოს, შავნაბადას მთაზეც იყო, აქაც ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო. ხანძარი იყო ზემო ავჭალასა და სამგორშიც. სამგორსა და ავჭალაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. ცეცხლი გაჩნდა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიის საწყობშიც.

ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მათ დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 2007-2021 წლებში ხანძრის 617 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელმაც საერთო ჯამში 7 244 ჰექტარი ტყე მოიცვა. ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2020 წელს მოხდა, ყველაზე დიდი ფართობი 2017 წელს დაიწვა - 1299.9 ჰა. ასევე, დიდი იყო ზარალი 2008 წელს - 1277.5 ჰა. 2008 წელს ხანძარი რუსეთმა დივერსიის შედეგად გააჩინა და მაშინ დაიწვა ტყეები წაღვერში, ბორჯომსა და ჩარხლისწყალთაში. 15 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჩვენი გმირი მეხანძრეები და მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ და მაშინ 950 ჰექტარი ტყე მთლიანად განადგურდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ტყის ხანძარი იყო ასევე 2017 წელს, მაშინაც თითქმის ორ კვირაზე მეტხანს აქრობდნენ ცეცხლს. ხანძარი 943 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 706 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია იყო.

საქართველოში ტყის ხანძრების საშიშროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონები. ტყეები ხანძრის საშიშროების მიხედვით ხუთ კლასადაა დაყოფილი. ყველაზე მაღალი ხანძარსაშიშროების კლასში შედის ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები და კულტურები. მე-2 კლასშია მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია!

პრემიერმა ბოლო 10 დღეში ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საეჭვოა, ხანძარი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში რომ გაჩნდა. “ეს შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით ან შეიძლება ძალიან დიდი სიცხით იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფერია გამორიცხული, ვინაიდან ვიცით, ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს”, - განაცხადა პრემიერმა და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ხელისუფლება ამბობს, რომ სამ ახალ ვერტმფრენს შეისყიდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაყიდიან წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ერთ ძვირად ღირებულ ვერტმფრენს, რომელიც მისივე შეფასებით, “ფუფუნებისთვის” იყო შესყიდული. საუბარია “სუპერ პუმას” ტიპის შვეულმფრენის გაყიდვაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ძვირად ღირებულ ვერტმფრენს სახელმწიფო იმიტომ ყიდის, რომ ის სხვა საშუალებით ჩანაცვლდეს: “ეს არის კონკრეტული გარიგება კონკრეტულ მწარმოებელთან, რომ ჩანაცვლდეს ეს ვერტმფრენი არა ფუფუნების საგნით, არამედ ისეთი ტიპის საფრენი საშუალებებით, რომელიც გამოყენებული იქნება სამაშველო ოპერაციებში, საგანგებო სიტუაციებში ან სხვა საჭიროებებისთვის, რაც ქვეყანას აქვს. ბევრი სპეკულაცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით - სად არის სახელმწიფო, ვართ თუ არა მომზადებული... მახსოვს, 2017 წლის ხანძრის ქრობის პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, ველზე მომიწია მუშაობამ და მაშინ ქვეყანას მართლაც ბევრი გამოწვევა ჰქონდა: ეკიპირების, წვრთნის, მომზადების და ა.შ. მიმართულებით. იმ ხანძარმა ბევრი რამ შეცვალა სამაშველო სამსახურებში. დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ... ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ...”

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ტყის ხანძრების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

6-41175-1662364049.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი, გარემოს დამცველი, ეკოლოგი:

- ვეთანხმები ბორჯომის მოსახლეობის და სხვა ექსპერტების შეფასებას, დანაშაულებრივი გულგრილობა შეიძლება დავარქვათ იმას, რამაც ბორჯომის ხანძარი ასეთ კატასტროფულ მასშტაბებამდე მიიყვანა. ცალკე საკითხია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღემდე არ ჰყავს არც ერთი სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო ვერტმფრენი, ამიტომაც მასშტაბური ტყის ხანძრების შემთხვევაში ზიანი და ზარალი კოლოსალურია. ასე იყო 2008 წელს, 2017 წელს და ასეა ახლაც. სამივე ბორჯომის შემთხვევაზე ვსაუბრობ. არა მარტო ბორჯომში, სხვაგანაც იყო მსხვილი მასშტაბის ხანძრები. ვერტმფრენის არარსებობის გამო უამრავი ტრაგიკული შედეგი მივიღეთ. უმძიმესია გუდაურის ტრაგედია, რომელიც ამ დიდი პრობლემის ერთ-ერთი მაგალითია. არაშეუსაბამო მასშტაბის და სპეციფიკის ვერტმფრენი გამოიყენეს ვიწრო ხეობაში, რამაც 8 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ჩვენ საბჭოთა სტანდარტებთანაც კი არ ვართ მიახლოებული, არათუ ევროკავშირის სტანდარტებთან, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ასევე სამედიცინო და სამაშველო სამსახურების მომსახურების კუთხით. ეს არის ფაქტი და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა პრემიერის, მთავრობის, შს მინისტრის, რომელსაც ეს საკითხები ეხება. სიმბოლურად საჩივარიც შევიტანეთ პროკურატურაში, მაგრამ კარგად ვიცით, ამას არავინ გამოიძიებს. ადრე თუ გვიან ამაზე პასუხი ვინმეს უნდა მოეთხოვოს, რომ სხვამ ასეთი დამოკიდებულება აღარ გაბედოს. რაც გვაქვს, ეს არის მოდიფიცირებული, მისადაგებული ავიაცია სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის და ისიც კი არ გამოიყენეს დროულად ბორჯომის ბოლო ხანძრის შემთხვევაში. მხოლოდ მეოთხე დღეს ჩართეს ავიაცია, რაც მძიმე ფაქტი და გულგრილობის აშკარა გამოვლინებაა. სწორედ იმის გამო, რომ დროულად არ მოხდა ხანძრის ლოკალიზება, ასეთი კოლოსალური მასშტაბი მიიღო. მხოლოდ მეექვსე დღეს სთხოვეს თურქეთის რესპუბლიკას დახმარება.

- გამომწვევ მიზეზებზე ხომ არ ისაუბრებთ?

- რატომ ჩნდება ხანძრები, ეს ცალკე საკითხია. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა მოიმატებს თუნდაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, დედამიწაზე დიდი ხანია დაიწყო ე.წ. გლობალური დათბობა და გლობალური კლიმატური ცვლილებები, რაც გულისხმობს მშრალი და ცხელი დღეების ზრდას ყველგან. ყველა ნორმალური და ცივილიზებული სახელმწიფო ცდილობს მიესადაგოს ახალ რეალობას, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მზაობის კუთხით, სოფლის მეურნეობის და ტურისტული მიმართულებით ახორციელებს შესაბამის კვლევებს და აღჭურვას. ჩვენ ახალ რეალობასთან შესაბამისობას არ ვცდილობთ. მით უმეტეს, საქართველო მთაგორიანია და მიუხედავად დიდი ზიანისა, რაც ტყეების უკანონო ჩეხით ქვეყანას მიადგა, მაინც ტყიანი, ტურისტული ქვეყანაა. ეკონომიკური კუთხითაც უდიდეს ზიანს ვიღებთ. როცა ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 20 მილიონი თურმე ძვირი ყოფილა ვერტმფრენების შესაძენად, ეს უტიფარი განცხადებაა, რადგან 20 მილიონს ყოველ წელს ხარჯავს ხელისუფლება საკუთარი ფუფუნებისთვის. უახლეს ავტომანქანებზე რომ სხედან და სამთავრობო კაბინეტების რემონტებში ხარჯავენ ფულს და ამ დროს თანხას ვერ პოულობენ თუნდაც ერთი სამაშველო ვერტმფრენისთვის, ეს რას ნიშნავს?.. რაც მოვისმინეთ დღეს ღარიბაშვილისგან, იმავეს გვპირდებოდა ის 8 წლის წინ, რომ “პუმას” გაყიდიან და იმ ფულით რაღაცას იყიდიან. 8 წელია ამას ამბობენ და ყოველ წელს უდიდესი ზარალია სახეზე. სხვათა შორის, ხანძრების საფრთხე არსებობს ქალაქებშიც, რადგან ცათამჯენების მშენებლობა ბოლო დროის გატაცებად იქცა ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესისთვის. ცათამბჯენების ქრობასაც სჭირდება ავიაცია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია საცობებით გადატვირთულ ქალაქებში სამაშველო და სამედიცინო ვერტმფრენების არსებობაც. არა მარტო ტყეში და მიუვალ ბუნებაშია ამის საჭიროება, არამედ დიდ ქალაქებშიც.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ბევრი რამ შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან გვქონდა მსგავსი ფაქტი, დაბომბვა. არც ახლაა გამორიცხული დივერსია ყოფილიყო ან შესაძლოა ბრაკონიერების და უკანონო ჭრის კვალის დაფარვის მიზეზი, ანდა თვითაალება. მიზეზის დადგენას გამოძიება სჭირდება. ფაქტი ერთია, ხანძრები უფრო გახშირდება გლობალურად კლიმატური ცვლილებების გამოც. თუ აზრი აქვს ამ ტიპის ხელისუფლებასთან რაიმეს თქმას, მათ მოვუწოდებ, ჰიპოთეზური გზები კი არ ეძებონ დაფინანსებისთვის, კეთილი ინებონ და სარეზერვო ფონდებიდან საკუთარ ფუფუნებაზე კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში დახარჯონ ფული და შექმნან სამედიცინო, სამაშველო ავიაცია.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, პრობლემაა კატასტროფებზე რეაგირების კუთხითაც. გაუგებარია, 4 დღე რატომ არ ჩართეს თუნდაც ის ავიაცია, რაც არის და რასაც იყენებენ ხანძრების დროს. ყველა ქვეყანას აქვს გაწერილი გეგმა და როგორც ვიცი, საქართველოსაც ჰქონდა. ინსტრუქტაჟის მიხედვით უნდა ემოქმედათ და რატომ იყო მარჩიელობა ამ საკითხზე, მართლა გასაკვირია. დაგვიანებამ ხომ ვნახეთ, რა მასშტაბებამდე მიიყვანა ეს ხანძარი და ეკოლოგიურად სრულ კატასტროფამდე ვართ მისული. სულ მცირე, 150 ჰექტარზეა ლაპარაკი. ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შევახსენებ ტყის ფუნქციებს: ეს არ არის მარტო მერქანი და საკუთარი ცოლებისთვის სასაჩუქრე მიწის ნაკვეთი. გარდა მერქნული რესურსებისა, ტყის ფუნქციებში შედის ჟანგბადის წარმოქმნაც, ჰაერის გაწმენდაც სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერებებისგან. ტყის დაცვა, ნიადაგის დაცვა, რეკრეაციული ფუნქციის შესრულება ტურიზმისთვისაც უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, ტყეს უდიდესი ფუნქციები გააჩნია, უდიდესი მატერიალური ღირებულება. განადგურებული ტყეები საბოლოოდ ასუსტებს ტყის გამწევ ფუნქციებს და თავისთავად ეს, დაბინძურების ხარისხსაც ზრდის...

კიდევ ერთი საკითხი, ეს არის აღდგენა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც 2008 წლის ხანძრის შემდეგ ყოფილა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები ჩატარებული, არც 2017 წლის ხანძრის შემდეგ და ეჭვი მაქვს, არც 2022 წლის ხანძრის შემდეგ იქნება სამწუხაროდ. ტყის აღდგენა ძვირად ღირებული პროცესია, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის. საბოლოოდ შეიძლება დამეწყვრამდე მივიდეთ. არც მოქმედ და არც წინა ხელისუფლებებს პრაქტიკულად არ გაუკეთებიათ არაფერი იმისთვის, რომ მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულიყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ განადგურებული ტყე მხოლოდ თვითაღდგენის გზით სანამ კონდიციამდე არ მივა, ამას უნდა ველოდოთ, ამას კი ათწლეულები სჭირდება და ამასობაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ მეწყრები.

- ხელისუფლება ამ ზაფხულს მოსახლეობას მოუწოდებდა, გამოეჩინა სიფრთხილე და ხანძრის კერები არ გაეჩინათ. როგორ ფიქრობთ, მომხდარს დაუდევრობა გამოიწვევდა?

- ყველა რომ კეთილსინდისიერი, განათლებული იყოს, მაშინ ხელისუფლება არ დაგვჭირდებოდა. იმიტომ გვჭირდება კანონი და ხელისუფლება, იმიტომ ვხარჯავთ დიდ ფულს ამაში, რომ ადამიანებს მიაწოდოს მუდმივად ინფორმაცია და სწორი ქმედებისკენაც მოუწოდოს. თქვენ თქვით მოუწოდებდაო, მაგრამ მე მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია არ მინახავს. ცალკეული განცხადებები საკმარისი არ არის. ნებისმიერ სეზონზე უნდა ტარდებოდეს სრულფასოვანი საინფორმაციო კამპანია. ერთია, სკოლის განათლების ნაწილსაც უნდა მიექცეს ყურადღება, მანდაც უნდა ისწავლებოდეს საფუძვლიანად და არა სიმბოლურად, როგორც ახლა ხდება; გარდა ამისა, სატელევიზიო, საინფორმაციო კამპანია აქტიურად უნდა აწარმოონ, ეს მნიშვნელოვანია. ნაგვის გადაყრამაც რომ შეიძლება გამოიწვის ხანძარი, ეს შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ფოთლის დაწვა რომ არ შეიძლება, ეს უნდა შევახსენოთ. მოსავლის აღების შემდეგ მუშაობა რომ გაიადვილონ, ადამიანები წვავენ მინდორს და ეს ხანძრები ძალიან მასშტაბურია. არ ხდება ადამიანების დაჯარიმება. გააფრთხილებ ორჯერ და კიდევ თუ გაიმეორებს, უნდა დაჯარიმდეს, სხვა გზა არ არის; სახელმწიფომ უნდა აიძულოს, რომ ეს მავნე ჩვევა რამენაირად ამოიძირკვოს. მანქანაში ღვედის გაკეთებაც არ იყო მიღებული, მაგრამ დაინერგა. იცით, რეინჯერების რაოდენობაც მწირია, არადა, პრევენციის კუთხითაც ძალზე მნიშვნელოვანია ტყის მცველთა დაფინანსება. როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა, მკაფიოდ გვეწერა, რომ გარემოს დაცვის მიმართულება უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს დაპირებაც დაირღვა და ხელისუფლებისთვის მეათეხარისხოვანია გარემოს დაცვა, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებისთვის. არადა, გარემოს დაბინძურება სიკვდილიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, მით უმეტეს, ვიმეორებ, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე საკმაოდ რთული ვითარებაა. მოსახლეობის განათლებაზე, ადეკვატურ ქცევაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, ჯარიმებიც უნდა გამოიყენოს, მაგრამ არაფერი კეთდება და რთული ვითარება გვაქვს.

თეა ხურცილავა