რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას? - გზაპრესი

რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?

ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით (სტილი დაცულია).

“ჩემს “ფეისბუკს” გადავხედე და ყოფილი თანაკურსელების ნახევარი თუ არა, სადღაც მესამედი ქვეყნიდან წასული მაინც აღმოჩნდა. არა დასასვენებლად, არამედ ზუსტად სამუშაოდ და უცხოეთში დასარჩენად. ზოგი თავისი პროფესიით, ზოგიც - არა. უმეტესად ოჯახებით. ბევრი გერმანიაში, უფრო მეტი აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთი, ჩეხეთი, და რუმინეთ-ბულგარეთიც). ორიც ბრიტანეთში. მერე ჩემი სანაცნობოდან და სამეზობლოდან გავიხსენე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წასული ხალხი და იქაც ასე შვიდ კაცამდე ავედი (მათი ოჯახის წევრების ჩაუთვლელად). მეგობრებს ვკითხე და იმათაც, ჩვენი სანაცნობოდანაც ბევრი წავიდა, კიდევ მეტი კი აპირებსო. თან გაითვალისწინეთ, რაღაც არაორდინარულად დიდი სამეზობლო, სამეგობრო ან/და საახლობლო წრეც არ მაქვს და მარტო მაგ წრიდან თითქმის 25 (!) კაცი დავითვალე. ამ დროს იმდენი რუსი ჩამოდის, ნახევრად მივარდნილ სოფლებშიც კი ბლომად ჩანან, რუსთაველ-ჭავჭავაძესა და თბილისის სხვა უბნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი უკვე იმდენად აშკარაა, რომ ხელოვნურად უნდა დაიბრმაო თავი, რომ ვერ მიხვდე. სწრაფად იცლება ეს ქვეყანა და ასეთი ტემპებით ხუთ წელიწადშიც კი უკვე უმცირესობა ვიქნებით”;

“სტუდენტური 3-თვიანი დასაქმებით რომ მიდიან გერმანიაში, თვეში იღებენ იმაზე მეტს (2.000 ევროს ხელზე), ვიდრე აქ მთელი წლის მუშაობაში მისცემდნენ. ამას რომ ნახავს სტუდენტი, რატომ მოუნდება საქართველოში დარჩენა? ერთადერთი აიტი სფეროშია შედარებით ადეკვატური ხელფასები. ისე, მარტო ხელფასიც არ არის, უცხოეთში გარემოც აქაურობასავით დაწამლული და ბოღმა-სიძულვილით არ არის სავსე”;

“შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მგონია, ცოტა სიმართლის მარცვალი არის ამაში. აი წარმოიდგინეთ, ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ბედი ეწევა იმ ასიათასობით “ქოცს”, რომელიც ტყუილად არის ბიუჯეტის კმაყოფაზე? ვფიქრობ, რომ მათი ნახევარი მაინც უცხოეთში წავა. ჰოდა, თუ გგონიათ “ნაცების” დროს რამე განსხვავებული ხდებოდა, გეგონოთ. უბრალოდ, დღეს უფრო მასობრივად ხდება ქვეყნიდან ხალხის დაცლა”;

“დიახ, მორჩა! დღეს ყველაზე უკანასკნელისთვისაც კი ცხადია, თუ ვინ და რა მიზნითაა მოსული საქართველოს ხელისუფლებაში. ჰოდა, მიუხედავად ამისა, არაფერიც არ ხდება. ეგ კი არა, არჩევნებზეც მშვენივრად დატანტალებენ და 41-საც მშვენივრად ხაზავენ ფულის, 500-600-ლარიანი დასაქმების, კარტოფილ-ხახვების თუ მეტადონების სანაცვლოდ”;

“მარტო ხელფასზეც არაა. გუშინ ბავშვს ვასეირნებდით ეტლით. ჯერ ხომ ტროტუარი არაა ყველგან და სადაცაა, ვიწროა. ზოგან ხეა ამოსული, ზოგან ჩამოსასვლელი არის და ასასვლელი აღარაა. ჰოდა, კი მაქვს ნორმალური ხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრება მაინც... აი, ახლა ვზივარ ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში. როგორც ამბობენ, აქ 5.000 დოლარი ღირს კვადრატული. შენობიდან რომ გამოვალ, მანქანების ზღვა უნდა გადავლახო, სამშვიდობოს რომ გავიდე. 1 კვირაა “როჟებმა” აითვისეს შენობის წინ მთლიანი მოედანი. მომკითხავი არავინაა. ჩემს კორპუსს ძირი გამოუთხარეს ვიღაცებმა. დეკემბერში იყვნენ შესამოწმებლად. კორპუსის მდგრადობა შეამოწმეს. დასკვნა დღემდე არ დადებულა. კორპუსის წინ ნაგვის ურნები 2 კვირაში ერთხელ მაინც ივსება და არ გააქვთ. ნაგვის წვენი წურწურით გამოდის და ქუჩას მიუყვება. ვაკეშიც კი სადაც დიდი ამბით მიწისქვეშა კონტეინერები დაამონტაჟეს, ჩაშავებულია გზა და ტროტუარი ნაგვის წვენით გაჟღენთილი. წყლის მიწოდება 2 კვირაში ერთხელ მაინც წყდება და მრავალჯერადად. სავსეა ჩემი ტელეფონი ჯივიპის მოწერილი ესემესებით. ქვემოთ საბავშვო მოედანზე ნარკომანები ნახმარ შპრიცებს ყრიან. სულ დებოში და ერთი ამბავია. აუტისტი ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი კორპუსში გაგვიხსნეს და ხალხი გაგიჟებულია - მთელი დღე ბავშვების განწირული კივილის ხმა ესმით. ე.წ. ძაღლთმოყვარეები (ყველაზე არ ვამბობ) ცხოველებს საჭმელს უყრიან და 20-30 ძაღლი მუდმივად მოძრაობს უბანში. სადაც საჭმელს უყრიან, ის ადგილი საკუთარი ტერიტორია ჰგონიათ, ხალხს უყეფენ. კიდევ შემიძლია რაღაცების ჩამოთვლა, მაგრამ შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, რომ ტოქსიკურ გარემოში ვცხოვრობთ და ელემენტარული, ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისთვისაც კი ბრძოლა გვიწევს. მოსაწონს არავინ არაფერს აკეთებს ქვეყანაში. ჰოდა, ერთხელ იბადება ადამიანი. მაქსიმუმ 80 წელი ცხოვრობს და დაიღალა ხალხი... მეორე მხრივ, შეგიძლია წახვიდე სადმე დალაგებულ ქვეყანაში და ამოისუნთქო, იცხოვრო მშვიდად”;

“ეგ თბილისშია მასე, მუმბაის რომ დაამსგავსეთ ქალაქი. ეზო არ გაქვთ, ტროტუარი არ გაქვთ, საცობია ანუ დედის მოკითხვაა სულ ქალაქში. მანდ ხალხი როგორ ცხოვრობს, საერთოდ მიკვირს”;

“არაა ეს ჩემი ქვეყანა, არც აქ ცხოვრების სურვილი მაქვს და არც ამ მიწისთვის ბრძოლის. იმ ნაძირალებმა იბრძოლონ, ვისაც ეს ქვეყანა აჩუქა ქართველმა ამომრჩეველმა. არც უმუშევარი ვარ, არც მიჭირს, ნორმალური ხელფასიც მაქვს, მაგრამ მთავარი მაკლია - იმის შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა ჩემია. თითქოს ლტოლვილი ვარ საკუთარ სახლში. სახელმწიფოს მხრიდან დაცინვის და ფულის პარვის მეტს ვერაფერს ვხედავ და იმიტომ. არანაირი წინსვლა, არანაირი პროგრესი”;

“თუ ნასწავლი ხარ და მიდგები-მოდგები, აქაც იშოვი სამსახურს შედარებით კარგი ანაზღაურებით, მაგრამ ძალიან უინტერესო გახდა აქ ცხოვრება. ასე 10-12 წლის წინ ბევრად საინტერესო იყო აქ ცხოვრება, პოლიტიკას არ ვგულისხმობ. მეტი ურთიერთობები გახლდათ, ხალხიც თითქოს უფრო ლაღი იყო, ურთიერთობებიც უფრო იცოდნენ და ყველაფერი. ტელევიზორშიც ამდენი ნეგატივი არ იყო და მომავლის იმედიც მქონდა. ეს ბოლო რამდენიმე წელია ხალხიც თითქოს ჩაიკეტა, გარეთ გახვალ და ყველა მოღუშული დადის...”

“პოლიტიკაც უინტერესოა ამ ქვეყანაში. პრორუსები მომრავლდნენ, საქმეზე ლაპარაკი არ მიდის, ქვეყანას როგორ უშველონ იმაზე არავინ საუბრობს! ამერიკაშიცაა პოლარიზაცია და ევროპის ქვეყნებშიც, მაგრამ იქ საქმეზე საუბრობენ. აქ კიდევ ვერ გავიგე, რომელ პარტიას რა უნდა, რა ხედვა აქვს. პოპულისტებითაა სავსე მთელი პოლიტიკური სპექტრი”;

“თავისუფალი ბაზარი, ჯანსაღი კონკურენცია, არანაირი მონოპოლიები, მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია, ერთგვაროვანი პრაქტიკა, დავების სწრაფად განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმი, ვალუტის სტაბილური კურსი და ზოგადად სტაბილური სახელმწიფო - ეს იდეალური ბიზნესგარემოა, უბრალოდ ჩვენ ვართ გაუნათლებლები”;

“მობილურზე სულ მესიჯები მომდის - დასაქმდი მაღაზიაშიო. ტიპები კადრებს ვერ შოულობენ, რომ ამუშაონ. მაგათ მათხოვრულ ხელფასზე მომუშავე ხალხი გავიდა უკვე ქვეყნიდან; ვისაც “აპახავებენ” “კაპიკებზე”, მალე ისინიც წავლენ. დღეს რეკლამა ამომიგდო, მექსიკაში გადაყვანას “ფეისბუკზე” არეკლამებდნენ ტიპები - და უამრავი “ლაიქი” ჰქონდა; მარტო ის აინტერესებდა ხალხს, რა ჯდებოდა ეს სიამოვნება...”

“იმ დღეს მაღაზიაში დიდი რიგი იდგა და მარტო 2 მოლარე გოგო გვემსახურებოდა. ერთმა რიგიდან დებოში ატეხა, რამდენ ხანს უნდა დამაყენოთო? მოლარემ შემომჩივლა, გვაქვს ვაკანსიები და არავინ არ მოდის, ყველას ეზარება მუშაობაო. აი, მანდ კი ცდებოდა, კი არ ეზარებათ, არავის უღირს 600-700-ლარიან სამსახურში მისვლა. თავისთავად, კარგი ფაქტია, რომ მონები აღარ იშოვება და მოუწევთ კომპანიებს ჯიბეზე ხელის გაკვრა. შემდეგი ტალღა რატომღაც, ბანკები მგონია. 1 მილიარდ წმინდა მოგებას წერენ ტიპები და მათხოვრულ ხელფასზე “აპახავებენ” ხალხს (აქ ისევ ქართული კუდაბზიკობა შველით, რატომღაც ამ უცნაურ ქვეყანაში ბანკში მუშაობა პრესტიჟთან ასოცირდება, არადა, არაფრით არაა გამორჩეული)”;

“რეგიონებში კატასტროფა ხდება, მასობრივად მიდის იმერეთიდან და სამეგრელოდან ხალხი. აი, მაგალითად, ქუთაისში ახლობელი მყავს, მასწავლებელია და ამბობს: 30 მოსწავლიდან მხოლოდ 3 ბავშვს ჰყავს ორივე მშობელი ქუთაისში, დანარჩენი 27-ის ან დედაა წასული, ან მამა, ან ორივე ერთად და ბავშვებს ბებია-ბაბუები ზრდიანო”;

“გუშინწინ ერთი მეგობარი გავაცილეთ - 2.500 ჰქონდა ხელფასი; უბრალოდ, ტიპმა ერთი ცხოვრება მაქვს და მაქსიმუმ 1.000 ლარით მომემატოს ხელფასი აქ და მთელი ცხოვრება რას შევალიოო? ჰოდა, ადგა და ოჯახით წავიდა. ჩემი საახლობლოდანაც ისეთმა მითხრა, მივდივარო, პირი ღია დამრჩა. ახლა რომ გადავავლე გონების თვალი, ქოც-ალტინფო ნაწილი რჩება აქ, დანარჩენები გარბიან ან უნდათ გაქცევა. ჰოდა, დარჩენილებს რა გვეშველება?..”

pic2-16-scaled-1662365903.webp

***

საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

საქართველოში 1-ლი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. შესაბამისი ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა” საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

როგორც სააგენტოს “საქსტატიდან” აცნობეს, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ის საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო უცნობია.

ამასთან, საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი (2169) მარტში დარეგისტრირდა. კერძოდ, ამ პერიოდში რეგისტრაცია გაიარა 147-მა რუსულმა შპს-მ, 2021-მა ინდივიდუალურმა მეწარმემ და ერთმა უცხოური საწარმოს ფილიალმა.

აპრილში 1601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში - 1370, ივნისში - 1219 და ივლისში - 1100.

გიორგი მეფარიძე