ისტორიკოსი ქალბატონის ხელნაკეთი ნივთები განწყობისა და სეზონების მიხედვით - გზაპრესი

ისტორიკოსი ქალბატონის ხელნაკეთი ნივთები განწყობისა და სეზონების მიხედვით

ისტორიკოსი თინათინ ჩოლოყაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობს, პარალელურად, არაერთი წელია უკვე სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებსაც ამზადებს. ნამუშევრებს უმთავრესად ქალბატონებისა და ბავშვებისთვის ქმნის, თუმცა, რამდენჯერმე მამაკაცისთვისაც შეუკერავს სათვალის ჩასადები, ბიჭუნებისთვის კი ყელზე დასაკიდი საფულეები, მფლობელის ინიციალებით...

4-1662452620.jpg

ბავშვობაში ქარგვა და ქსოვა ბებიამ შეასწავლა. შემდეგ უკვე თავად განავითარა ფანტაზია, ისწავლა, ხელიც გაიწაფა და ჰობი იმ საქმედ აქცია, რომელსაც დღეს მის ყოველდღიურობაში დიდი დრო ეთმობა. განსაკუთრებით ნაყოფიერი პანდემიის საწყისი ეტაპი გამოდგა, მანაც სხვებივით "შინ გამოკეტილმა", საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა შეძლო. "სოციალურმა სივრცემ საშუალება მომცა ჩემი ნამუშევრები "გამომემზეურებინა". შევქმენი გვერდი, რომელზეც ჩემი ნივთები განვათავსე და ნელ-ნელა რეალიზებაც დაიწყო. მეტი მოტივაციისთვის, ამ საქმეს ბიზნესის სახე მივეცი. შეიძლება "ბიზნესი" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, პანდემიის დროს ჩემი ჰობი საუკეთესო განტვირთვის საშუალებად იქცა ჩემთვის და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა"... - მითხრა საუბრის დასაწყისში რესპონდენტმა.

5-1662452631.jpg

თინათინ ჩოლოყაშვილი:

- თავდაპირველად ე.წ. კოსმეტიკის ჩანთები დავამზადე, რომელსაც ხელით ვკერავდი და სხვადასხვა დეტალს ვაქარგავდი. შემდეგ შარფების ქსოვა დავიწყე, ამას საახალწლო სათამაშოები მოჰყვა. ფაქტობრივად, ბევრ რამეს მივედ-მოვედები, გააჩნია რა ხასიათზე ვარ და რისი მუზა მაქვს. ჩემი იდეით ვქმნი კონკრეტულ ნივთს, რომლის პრეზენტაციასაც სოციალურ ქსელებში ვაკეთებ. თუ რეალიზაცია მაშინვე ხდება, შემდეგ მიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ნივთის ფოტოს მიხედვით მსგავსი ნამუშევრის დამზადება სურთ. ბოლო რამდენიმე კვირაა ძალიან ბევრ სათვალის ჩასადებს ვკერავ და სხვადასხვა ნაქარგით ვაფორმებ, ზაფხულის სეზონზე ეს ნივთი ძალზე აქტუალურია. სასკოლო პერიოდში ბავშვის საყელოებზეა დაინტერესება, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე კი შარფებს ვქსოვ. ყველა ნივთს თავისი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ზამთარში შარფები ყველაზე აქტუალურია, საახალწლოდ კი ნაძვის ხის სათამაშოებს ვკერავ. არის პერიოდები, როცა თოჯინებს ვქმნი თეთრეულით, ტანსაცმლითა და სხვადასხვა ნივთით. ამ კომპლექტითაც ბევრია დაინტერესებული. ადამიანები ჩემს ნივთებს სხვადასხვა დღესასწაულზე სასაჩუქრედაც იძენენ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვცდილობ ნამუშევრები ერთმანეთს არ ჰგავდეს, რადგან ასე უფრო საინტერესოა. პირველ რიგში, თითოეული ჩემი ნამუშევარი მე უნდა მომწონდეს, ამიტომ მთელი გულითა და სულით იქმნება.

- თავად თუ ხართ თქვენივე შექმნილი ნივთების მომხმარებელი?

- დიახ, აქტიურად ვატარებ შარფებს. ძალიან ბევრი მაქვს, ინტენსიურად მოვიხმარ და ვცდილობ, ყოველ წელს ჩემს კოლექციას ერთი ახალი მაინც შევმატო. საყელოებსაც ვიყენებ, მაქვს სათვალის ჩასადებიც, ხოლო 2022 წელს ნაძვის ხე მთლიანად ჩემი შეკერილი სათამაშოებით მოვრთე. იმ ნივთების 90%, რომელსაც ვამზადებ, ნატურალური მასალაა. ძაფი და ქსოვილი უნდა იყოს მდგრადი და ხარისხიანი, არ უნდა გასდიოდეს ფერი და ა.შ. შეძენის დროს ნივთის ხარისხს ვაკვირდები. ბუნებრივი, ხელოვნური ქსოვილები არ მიყვარს, არც ვყიდულობ და შესაბამისად, სხვებსაც ხარისხიანი პროდუქტი უნდა შევთავაზო. მაქსიმალური ხარისხი ჩემივე ინტერესებშია, მასალის შერჩევას დიდ დროს ვუთმობ. ახლა ისეთ მასალას ვეძებ, რომლითაც სამომავლოდ პატარა, "გამოსასვლელ" ჩანთებს დავამზადებ. ამ ეტაპზე იდეის დონეზე მაქვს ყველაფერი, მაგრამ უახლოეს მომავალში ალბათ ამ იდეას ხორცს შევასხამ და ჩანთები დღის სინათლეს იხილავს.

ანა კალანდაძე