რომელ ფაკულტეტებზე სწავლა მიაჩნიათ ახალგაზრდებს პრიორიტეტულად - გზაპრესი

რომელ ფაკულტეტებზე სწავლა მიაჩნიათ ახალგაზრდებს პრიორიტეტულად

ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა. სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე აბიტურიენტს ერგო, აქედან 100%-იანი გრანტი 1 000-ზე მეტმა მიიღო, 70%-იანი - 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი 4 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 1 390-მდე გამოსაცდელი ჩაირიცხა და დაფინანსდა 200-ზე მეტი. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, გასული წლის მსგავსად, წელსაც ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1.000-ზე მეტმა მოიპოვა 100-პროცენტიანი გრანტი და მათ რიცხვშია თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თიკო შავლაძე, ჩვენი კოლეგის, ჟურნალისტ ეკა სალაღაიას ქალიშვილი. თიკომ ოცნება აისრულა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ის მომავალი პედიატრია:

- მთელი წელი იმაზე ვნერვიულობდი, შევძლებდი თუ არა 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვებას. ბევრს ვმეცადინეობდი, ძალიან მინდოდა მიზნისთვის მიმეღწია. სანამ გამოცდაზე შევდიოდი, ვნერვიულობდი, მაგრამ იქ უკვე ვახერხებდი მობილიზებას, იქიდან გამოსული კი ისევ ვიწყებდი ნერვიულობას. ძალიან დამსტრესა იმ ფაქტმა, რომ შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელა.

- ექიმობა რატომ გადაწყვიტე?

- მეათე კლასიდან, ჩვენს ცხოვრებაში “კოვიდის” გამოჩენის შემდეგ დავიწყე ექიმობაზე ფიქრი, რადგან მივხვდი, ადამიანისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიას. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მივიღე: ჩემი ბიძა და ბიძაშვილი ავტოავარიაში მოყვნენ. სამწუხაროდ, ბიძა გარდაიცვალა. ბიძაშვილი სერიოზულად დაშავდა, ძალიან დიდხანს აპარატზე იყო შეერთებული... ჰოდა, მაშინ ვთქვი, მე აუცილებლად ექიმი გამოვალ-მეთქი. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია. უკვე სტუდენტი ვარ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვაპირებ პედიატრობას, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს. ოჯახშიც მომიწონეს არჩევანი... ბებიას ძალიან უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი და ამას რომ მეტყოდა, კატეგორიულ უარს ვამბობდი. არაფერი მინდოდა, რაც სამედიცინო სფეროს უკავშირდებოდა (იღიმის). ფაქტობრივად, პანდემიამ მაპოვნინა პროფესია და მიმაღებინა გადაწყვეტილება. ჩემი თანაკლასელებიდანაც ბევრმა გადაწყვიტა სამედიცინოზე ჩაბარება და ჩაირიცხნენ კიდეც. პასუხისმგებლობა მართლა გათავისებული მაქვს. ისიც ვიცი, რომ ბევრი წელი მომიწევს სწავლა, დიდი შრომაა საჭირო, რათა კარგი ექიმი გამოვიდე, მაგრამ ამას შევძლებ. ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი ექიმი ვიქნები.

- რთული იყო ალბათ აბიტურიენტობის პერიოდი, რეპეტიტორებთან სიარული...

- აბიტურიენტობის დროს რთული, დატვირთული რეჟიმი მქონდა. ეს იყო მომაბეზრებელიც: დილით გაღვიძება, მეცადინეობა, მასწავლებელთან წასვლა, მოსვლა, ისევ მეცადინეობა და მქონდა ისეთი მომენტიც, როცა აღარ მინდოდა სწავლა, მაგრამ შევძელი ძალების მობილიზება, სწავლის გაგრძელება და ახლა ჩემი შრომის შედეგით ბედნიერი ვარ.

- წელს რთული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექსტები?

- ჩემი ვარიანტი თითქოს არ იყო რთული. ჩავაბარე ასევე ქიმია, ბიოლოგია, ეს საგნები ჩემმა მასწავლებლებმა შემაყვარეს.

- რა ემოცია იყო, როცა გაიგე, რომ სრული დაფინანსება მოიპოვე?

- აღმოჩნდა, რომ ეს შედეგი მოულოდნელი არ იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის, სჯეროდათ ჩემი და ძალიან გაუხარდათ. ყველაზე მეტად მე ვნერვიულობდი, რადგან საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. შედეგების გაგებამდე ოთახიდან არ გამოვდიოდი, ვიჯექი და ველოდი. როცა ვნახე, რომ 100%-იანი გრანტი ავიღე, საოცარი ემოცია დამეუფლა. ეს პირველად დედას ვუთხარი, მერე დანარჩენებს და ცხადია, ძალიან გაუხარდათ.

- რა რჩევებს მისცემთ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც მომავალ წელს მოუწევთ ამ გზის გავლა?

- წლის განმავლობაში აუცილებლად ექნებათ მომენტი, როდესაც ყველაფერი მობეზრდებათ და მოუნდებათ უარი თქვან მეცადინეობაზე, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. თუ ბევრს იშრომებენ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. არ დაეზაროთ შრომა, ბევრი დრო დახარჯონ მეცადინეობაში. ახლა ბევრი ამბობს, რომ არ დაუფასდა შრომა, მაგრამ მე ამის ბოლომდე არ მჯერა, ალბათ დააკლეს რაღაც... როცა მოსწავლე ხარ, გინდა, დრო მალე გავიდეს, რომ სკოლაში სწავლა დროზე დასრულდეს და მეც ასე ვიყავი, მაგრამ დავამთავრე თუ არა, რაღაცნაირი სიცარიელე ვიგრძენი. აბიტურიენტობა მობეზრებული მქონდა, ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორებთან, დანარჩენი წლები მარტო ინგლისურში ვმეცადინეობდი კერძო მასწავლებელთან. ვფიქრობ, სკოლა აძლევს ადამიანს საჭირო და სათანადო განათლებას. მე სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. ჩემი ბევრი მეგობარი ჩაირიცხა წელს, ბევრს კარგი შედეგი აქვს და ეს მიხარია. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

liza-1662966477.jpg

წელს სტუდენტი გახდა ეკა ბესელიას ქალიშვილი ლიზა გუბელაძე. ის უკვე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია:

- პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე, ჩემი სკოლა, მასწავლებლები და კლასელები ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ერთი სული მქონდა, სკოლას როდის დავამთავრებდი, მაგრამ რეალობის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ამასთან შეგუება გამიჭირდა. თან, ბოლო ორი ფაქტობრივად, სკოლაში არ გვივლია პანდემიის გამო და ეს ცოტა საწყენიც იყო. მიხარია, რომ კარგი ურთიერთობა მაქვს მასწავლებლებთან და მერეც მოვინახულებ ყველას...

პატარა ასაკიდან უკვე ვიცოდი, რომ ხელოვნების განხრით წავიდოდი. საკმაოდ კარგად ვემზადებოდი, რადგან არ მინდოდა სხვა ფაკულტეტზე აღმოვჩენილიყავი. ბუნებრივია, გამოცდებს ღელვა ახლდა, მაგრამ ამაზე დიდად არ ვნერვიულობდი. ჩავაბარე იქ, სადაც მინდოდა.

- შენი მშობლები იურისტები არიან. ამ კუთხით განათლების მიღება არ გსურდა?

- იცით, ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა ადამიანი ხვდები, შენ რა გინდა. მე გადავწყვიტე მესწავლა აუცილებლად საქართველოში და არ წავსულიყავი სასწავლებლად საზღვარგარეთ, რადგან ვთვლი, რომ აქაც გვაქვს რამდენიმე უნივერსიტეტი, სადაც კარგი ცოდნა შეგიძლია მიიღო, მით უმეტეს, იმ განხრით, რაც მე ავირჩიე. მშობლები არასოდეს ჩარეულან ჩემს პროფესიულ არჩევანში; პირიქით, როცა მათ ჩემი გადაწყვეტილება გავანდე, თავიდანვე მხარდაჭერა ვიგრძენი... არც იმას დაგიმალავთ, რამდენჯერმე მოსამართლეობაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს იყო პატარა ასაკში და როცა გავიზარდე, მივხვდი, ხელოვნების სფერო უფრო მიზიდავს.

- როგორც ვიცი, კარგად ხატავ. რა ასაკში დაიწყე ხატვა?

- ზუსტად მახსოვს, პირველად დამოუკიდებლად როდის ავიღე საღებავები - 10 წლის ვიყავი. ოთახში მქონდა გუაშის საღებავები და თაბახის ფურცლები. თაბახი და გუაში ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ მაშინ შესაბამისი ცოდნა არ მქონდა და იმდენად მინდოდა გადამეტანა ფურცელზე ჩემი ხედვა, რომ ეს გავაკეთე. მერე პატარა თაბახიდან მოზრდილ ტილოებზე გადავედი. არასოდეს მნდომებია მესწავლა პედაგოგთან და პროფესიული ცოდნა მიმეღო ხატვაში. მინდოდა, ეს ჩემით გამეკეთებინა და საკუთარ შეცდომებზე მესწავლა. ჩემი ნახატების პირველი შემფასებლები მშობლები იყვნენ. თავიდან არ იყო ისეთი ნამუშევარი, რომლებსაც უცხოებს ვუჩვენებდი. უბრალოდ, გინდა დაიცალო შინაგანად და გადმოსცე ის, რაც გსურს. როცა აბსტრაქტულ ნამუშევარზე აკეთებ არჩევანს, სხვისთვის ძალიან რთულია მისი აღქმა, მაგრამ აი, როცა ტილოზე დავიწყე ხატვა და ეს ნამუშევარი ჩემმა მშობლებმა ნახეს, ძალიან მოეწონათ. ასევე, გამიტაცა ფოტოგრაფიამ. 4 წელია, რაც ფოტოაპარატი ავიღე ხელში და ჩემთვის საინტერესო კადრებს ვიღებ. ეკას საარჩევნო კამპანიის დროს გვინდოდა, პატარა რეკლამები გაგვეკეთებინა და ეს საქმე ჩემს თავზე ავიღე. ეკა დამთანხმდა. ვფიქრობ, ბევრი კარგი პროექტი გამოგვივიდა... არის კიდევ რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელებაც მინდა სწავლის პარალელურად. თუმცა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ამბავი ჩემებმაც არ იციან და მინდა, მათთვისაც სიურპრიზი იყოს...

- პატარა ასაკიდან იდექი სცენაზე. მახსოვს, მოდის კონკურსებშიც მონაწილეობდი. ამან ხომ არ განაპირობა მოდის დიზაინისადმი შენი ინტერესი?

- სიმართლე გითხრათ, ახლა თქვენ გამახსენეთ ეს ამბავი, არანაირ კავშირში არ არის. ბავშვობაში მოდელობა მომწონდა ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღებას სხვაგვარად აღვიქვამდი, მაგრამ საკუთარი ტანსაცმლის შექმნა და ამის სხვებისთვის გაზიარება, ეს ჩემთვის სულ სხვა რამესთან ასოცირდება. პატარა ასაკიდან მქონდა სრული თავისუფლება. ოჯახის მხრიდან დაძალება არ ყოფილა, რომ რაღაც უნდა ჩამეცვა ან არ ჩამეცვა. ვარჩევდი იმას, რაც მომწონდა და ამ თავისუფლებისთვის ძალიან მადლიერი ვარ ეკასი...

- გამოცდებს ახლავს ღელვაც...

- თავიდანვე ფსიქოლოგიურად მოვემზადე, რომ გამოცდები არ იქნებოდა მარტივი. ვფიქრობ, მეცადინეობისას მნიშვნელოვანია, დრო სწორად გაანაწილო. ასევე, უნდა გაიაზრო, რამდენად გინდა იმ მიზანს მიაღწიო, რაც დასახული გაქვს და ამას რომ აცნობიერებ, მეტს შრომობ, მერე კი, თუ ოცნებას აისრულებ და ჩაირიცხები იქ, სადაც გინდოდა, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მარტივი ნამდვილად არ იყო მომზადება, მაგრამ მოტივაცია თუ გაქვს, ამას შეძლებ. ყველაზე ამაღელვებელი იყო ის მომენტი, როცა ჩარიცხულთა სიაში ჩემი სახელი ამოვიკითხე. ცხადია, მოლოდინისას ღელავ, არ გინდა წყალში ჩაიყაროს შენი შრომა... ახლა ველოდები სწავლის დაწყებას და ცხოვრების ახალ ეტაპს.

კიდევ ერთმა გოგონამ აისრულა ოცნება - 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა თელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და 100-პროცენტიანი გრანტიც მოიპოვა. ამბობს, რომ მისი ოცნება სპორტსმენების ექიმობაა:

tiko-shavladze-1662966464.jpg

- სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე 100-პროცენტიანი გრანტით. პატარა ასაკიდან მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, 10 წელი ვიარე და იმ დროიდან მინდოდა, სპორტსმენების ექიმი გამოვსულიყავი. 12 წლისამ ტანვარჯიშის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე, სპორტსმენების ექიმის გარდა, ვერავინ მიშველა და მაშინ გადავწყიტე, მეც ამ პროფესიას დავუფლებოდი. ოჯახში დიდად არ მოეწონათ ჩემი არჩევანი, რადგან სამედიცინოზე სწავლას წლები სჭირდება და ვეცოდები ამხელა შრომისთვის, თუმცა, როცა მიხვდნენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო, მხარში დამიდგნენ და დღეს ჩემთან ერთად იზიარებენ ამ სიხარულს. ბევრი უნდა იშრომო, ბევრი ისწავლო, რომ მიზანს მიაღწიო... წელს გამოცდები რთული არ იყო. ისე, დიდი ღელვა ახლდა ამ ამბავს. ყველაზე მეტად, ფიზიკის გამოცდაზე ვინერვიულე. ჩემი მასწავლებლის ემოციები გადმომედო: ძალიან მამხნევებდა, მაგრამ ვატყობდი, ნერვიულობდა და მეც გადმომედო ეს ემოცია. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფიზიკა, ბიოლოგია. ქართული და უცხო ენა ჩავაბარე. უფრო, 70-პროცენტიან გრანტს ველოდი და ძალიან გამიხარდა, როცა 100-იანი დაიწერა. შედეგები რომ ვნახე, სახლში მარტო ვიყავი. პირველად ბებიას დავურეკე, რომელმაც სიხარულისგან იტირა. ასეთი რამ გავაკეთეთ, მე და ჩემმა მეგობრებმა ერთდროულად ჩავრთეთ მესენჯერები, ერთდროულად გავხსენით ჩვენი გვერდები და მაშინ გავიგეთ შედეგები, ერთმანეთს ემოციები გავუზიარეთ. ყველა კმაყოფილი იყო, ერთის გარდა და მეც ვფიქრობ, მას მართლა უფრო მეტი შედეგი უნდა “დაედო”. იცით, როცა გამოცდაზე გადიხარ, მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ნერვიულობა გაბნევს ადამიანს, თან დრო ისედაც შეზღუდული გაქვს. ყველას ვურჩევ, ასეთ დროს თავი ხელში აიყვანონ და ისე მოიქცნენ, თითოქოს სკოლაში საკონტროლოს წერენ.

- ანა, რა გეგმები გაქვს?

- სწავლაზე ვარ ორიენტირებული, უნდა ვისწავლო. დედა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული და ვფიქრობ, მომავალში მეც საზღვარგარეთ წავიდე ცოდნის გასაღრმავებლად. სიმართლე გითხრათ, უცხოეთში დარჩენა არ მინდა, მინდა საქართველოში ვიცხოვრო, ვისწავლო და ჩემი ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოვახმარო, ჩემს ხალხს დავეხმარო.

- აღნიშნე, დედა წასულია სამუშაოდო. ბებოსთან ცხოვრობ?

- დიახ, 6 წელია დედა წასულია და მე ბებიასთან ვცხოვრობ. მამა გარდაცვლილი მყავს. ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდაში, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია და ჩემი ეს შედეგი მისი შრომის შედეგიცაა. ჩემმა ოჯახმა და მე ერთად მივაღწიეთ ჩემს წარმატებას. ბებო გამოცდებზე სულ დამყვებოდა, დედა იქიდან მგულშემატკივრობდა. ძნელია, მშობელი გვერდით რომ არ გყავს და იმედია, მალე შეძლებს უკან დაბრუნებას. ახლა უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად ვემზადები, ჩემს ფაკულტეტზე ჩემი დაქალიც ჩაირიცხა და წინ დიდი შრომა გველის, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

თეა ხურცილავა