“ქართული მატყლი 20-მდე დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება” - გზაპრესი

“ქართული მატყლი 20-მდე დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება”

“თექის დამზადება შრომატევადია, მაგრამ გულს მითბობს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახარებს მფლობელს”, - ამბობს მაკა ქობალია, რომელიც 14 წელია, ხალხური რეწვის ნიმუშებს ქმნის და მისი სამომავლო გეგმებიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული.

- სამი შვილის დედა ვარ, სპეციალობით ეკოლოგი. ვსწავლობდი ქუთაისის ხალხური მედიცინის კოლეჯში, შემდგომ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, გარემოს დაცვის განხრით. მაქვს როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის ხარისხი, მაგრამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია, რადგან მინდოდა, შვილების გვერდით ვყოფილიყავი. ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე: ვკერავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი და როცა ახლობელმა თექის დამუშავების ანაბანა გამაცნო, ისე მოვიხიბლე, ვეღარ შევეშვი. ვინაიდან მინდოდა, შვილებთანაც ვყოფილიყავი და საკუთარი შემოსავალიც მქონოდა, მეუღლის ხელშეწყობით თბილისში, ჩვენს საცხოვრებელ სახლში პატარა სახელოსნო მოვაწყვე და 14 წელია უკვე ხალხური რეწვის ნიმუშებს ვქმნი: თექის შარფებს, ქუდებს, მოსაცმელებს, პანოებს და ჩემს უსაყვარლეს ყვავილებს. ბუნებისა და მცენარეების სიყვარული ნამუშევრებში გადმომაქვს, ამიტომაა მათი უმეტესობა “აყვავილებული”. პერიოდულად მოსწავლეებიც ამყავს და მათ საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ.

- როგორ იქმნება თქვენი თექის ნამუშევრები?

- თექამ თითქოს საკუთარი თავი მაპოვნინა. თითოეულ ნივთს დიდი სიყვარულით ვამზადებ. ხშირად ესკიზის მოფიქრებისას თავზე დამთენებია. სულ სიახლის ძიებაში ვარ, არავის ვბაძავ და ყველა ჩემი ნამუშევარი საავტოროა. ჩემი ნაწარმის ძირითადი მომხმარებლები ტურისტები არიან, თუმცა პანდემიის დროს შევქმენი “ფეისბუკის” გვერდი და მისი მეშვეობითაც ადგილობრივებისგან შეკვეთებს ვიღებ. დაგროვილმა გამოცდილებამ გამბედაობა შემძინა (ამაში ჩემი სპეციალობებიც დამეხმარა) და სურვილი გამიჩნდა, ჩემი ნაწარმი მეტად მრავალფეროვანი გამეხადა. გადავწყვიტე, წინ წამოვწიო თექის სამკურნალო თვისებები და ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ქსოვილი შევქმნა, რომელიც გაძლიერებული სამკურნალო თვისებებით იქნება გამორჩეული. მეცნიერების დასკვნით, ქართული მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და 20-მდე დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. ბაზარზე არსებული თექის უმეტესობა შეღებილია ქიმიური საშუალებებით. იმისთვის, რომ თექა მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით გაჯერებული იყოს და ქიმიური საშუალებებით არ ჩამოირეცხოს ცხვრის ბეწვზე არსებული ძვირფასი სამკურნალო ნივთიერება ლანოლინი, ვაპირებ, მატყლი ჩემი მოპოვებული სამკურნალო მცენარეებით შევღებო. ასევე გადავწყვიტე დავამზადო სიახლე ქართული ბაზრისთვის - თექის ორთოპედიული ხალიჩები, რომლებსაც მხოლოდ ნეპალში აწარმოებენ. ორთოპედების თქმით, თექის ხალიჩა თავისი რელიეფური ზედაპირით კარგია ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ბურთულები მასაჟორის როლს ასრულებს, ხოლო საკუთრივ მატყლი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. წლების განმავლობაში თექით გატაცება ჩვენს საოჯახო ბიზნესად იქცა, რადგან შეძლებისდაგვარად უკვე შვილებიც მეხმარებიან. პანდემიამ ერთხანს შეგვაფერხა, მაგრამ შემდეგ გავწევრდი მრავალშვილიან დედათა ჯგუფში და მათი მხარში დგომით ისევ გავაქტიურდი. ხელოვან დედიკოებთან ერთად ხშირად გავდივარ გამოფენა-გაყიდვაზე. ოქტომბერში ხელოვნების საერთაშორისო სამიტ “ეთნოფესტი 2022”-ზე გასვლას ვგეგმავთ. წლევანდელი წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან შრომა დამიფასდა და გავიმარჯვე “აწარმოე საქართველოს” საგრანტო კონკურსში. ეს გრანტი დამეხმარება ჩემი მიზნებისა და ჩანაფიქრების განხორციელებაში. ჩემი ოცნებაა, გავხსნა მაღაზია-სახელოსნო, სადაც ხელსაქმეს შევასწავლი და დავასაქმებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, შშმ პირებს და განსაკუთრებით, მოხუცებს თავშესაფრიდან.

ანა კალანდაძე