აქსესუარები ორიგინალური დიზაინით - გზაპრესი

აქსესუარები ორიგინალური დიზაინით

გიგა პავლიაშვილი ფილოლოგია, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. დაახლოებით 6 წლის წინ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში საქმიანობისას საშუალება მიეცა, ხელნაკეთი ნივთების დამზადების პროცესი შეესწავლა. ტყავის მასალასთან იქ “გადაიკვეთა”, მოგვიანებით კიდევ ერთ გამოცდილ ოსტატთან გაიარა კონსულტაციები. მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარი საქმის წამოწყებაში დაეხმარა და მის ნახელავს უკვე არაერთი ადამიანი ატარებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

2-1662970460.jpg

გიგა პავლიაშვილი:

- ხელოვნების სფერო ბავშვობიდან მიტაცებს. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე. ხელნაკეთი ნივთებიც ყოველთვის მიზიდავდა და მას შემდეგ, რაც ტყავზე მუშაობა დავიწყე, აღმოვაჩინე, კიდევ ბევრი რამ მეხერხება. გამიკეთებია ჩანთები ხისა და რკინის დეტალებით და სამომავლოდაც მინდა ჩემი ნივთები რამდენიმე მასალის ერთობლიობით შევქმნა. პირველი ნივთი, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობისას დავამზადე, სმარტფონის ჩანთა იყო, რომელიც მართალია ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, ლამაზი გამოვიდა. ამის შემდეგ ჩანთების ხაზს გავყევი. დავამზადე ზურგჩანთები და ვინაიდან ტყავი ძვირად ღირებული მასალაა, მაღალი ფასი დავადე. როცა აღმოჩნდა, მომხმარებლებს ჩანთები კი მოსწონდათ, მაგრამ ფასი არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი, გადავწყვიტე, იგივე მოდელები ეკოტყავითაც შემეკერა. ამ მიდგომამ გაამართლა. სისტემატურად ვმონაწილეობ ქუჩის მარკეტებში და ჩემი წარმოდგენილი მოდელები მინდა განსხვავებული იყოს, ამიტომ სულ ვცდილობ, ყველა პროდუქტს ამ კუთხით მივუდგე. 1200-ზე მეტი მეწარმეა და ვერ ვიტყვი, რომ ყველას ნამუშევარი ნანახი მაქვს, მაგრამ ვინც ქუჩის მარკეტებში ვმონაწილეობთ, ჩემთვის მათი ნამუშევრები ნაცნობია და აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ მოდელებს, რომლებსაც მე ვქმნი, სხვებთან ვერ შეხვდებით. ამას ტრაბახში ნუ ჩამითვლით, უბრალოდ, მართლა მაქვს განსხვავებული ნივთების შექმნის სურვილი და ყურადღებას ამაზე ვამახვილებ. დღესდღეობით მაქვს ეკოტყავის სერიული პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად და ასევე არასერიული, ექსკლუზიური ტყავის ნამუშევრები. როგორც აღვნიშნე, ვმონაწილეობ ქუჩის მარკეტებში, როგორც დედაქალაქში, ისე ბათუმში და ვცდილობ, ყველა გამოფენაში მივიღო მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, მეწარმისთვის ეს აუცილებელია.

3-1662970446.jpg

- დაინტერესებულებს შორის ტურისტები ჭარბობენ თუ ადგილობრივები? და ასევე საინტერესოა, რომელ თაობაზეა თქვენი პროდუქცია გათვლილი?

- ჩემი ბრენდი ორიენტირებულია თანამედროვე ახალგაზრდებზე და ჩემი პროდუქცია მინდა მათთვის საინტერესო იყოს. ჩემი დაკვირვებით, ადგილობრივი მოსახლეობაც ინტერესდება, რამაც ძალიან გამახარა, რადგან მინდა, ჯერ აქ მოვიკიდო ფეხი და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, საზღვარგარეთაც “გავიდე”. ამჟამად შეკვეთებზე ვმუშაობ. საუდის არაბეთიდან ძალიან ბევრი ინტერესდება ქართული ტყავით. ჩემი ნამუშევრები მარკეტზე ნახეს და 3 ჩანთა შემიკვეთეს. საერთოდ, ქართულ ტყავზე ვმუშაობ, ვცდილობ, ეს მასალა მომხმარებელსაც შევაყვარო, თუმცა მაქვს მიქს-მოდელებიც, რომლებიც ქართული და თურქული ტყავისგან მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე დროა გასული რაც ტყავზე ვმუშაობ, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა ორ კომპანიაში საქმიანობით, სადაც თავდაპირველად დავსაქმდი და შეუძლებელია, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი არ ვახსენო. სამომავლოდ ტყავის ნივთებთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს და ვნახოთ, რა გამოვა - სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით.

ანა კალანდაძე