კობა ხაბაზის თვალითდანახული ფრონტის ხაზი - გზაპრესი

კობა ხაბაზის თვალითდანახული ფრონტის ხაზი

„საქართველოში მეგობრები მეუბნებიან, მანქანას შენ როგორ განდობთო, აქ კი შეიარაღებით დატვირთული, დაჯავშნული მანქანა მანდეს“, - ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მყოფმა კობა ხაბაზმა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უკრაინაში ომის დაწყებიდან ძალიან მალე წავიდა და საომარ მოქმედებებში დღემდე მონაწილეობს. რა ვითარებაა ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, როგორია ქართველი მებრძოლების მოტივაცია, განწყობები, მოლოდინები და რას ფიქრობენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე? - ამის შესახებ კობა ხაბაზი ვრცლად გვესაუბრა.

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ფრონტის ხაზზე უკვე დაიწყო გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ. ოღონდ უკრაინელები რუსებივით ბარბაროსები კი არ არიან და ველურებივით არ იქცევიან. რას ვგულისხმობ?.. რუსები ბომბავდნენ და დროდადრო დღესაც ბომბავენ ყველაფერს, განურჩევლად იმისა, თუ რას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა - სამხედრო ნაწილია, საცხოვრებელი კორპუსი, სამშობიარო სახლი, სკოლა თუ საბავშვო ბაღი. ხერსონი დღეს უკრაინელების ალყაშია მოქცეული, მაგრამ ვიცით, რომ ქალაქში მოსახლეობის 40%-ია ჩარჩენილი და ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ, უმისამართოდ ვერ დავბომბავთ ქალაქს. ჩვენ ახლა „ლენდლიზის“ ამოქმედებას და ზეზუსტ იარაღს ველოდებით, რათა წერტილოვანი დარტყმებით გავანადგუროთ რუსული სამხედრო შენაერთები. ამ ეტაპზე, როდესაც რუსული არმიის კუთვნილი ობიექტების დაბომბვა გვიწევს, წინასწარ გვიხდება იმის შესწავლა, ხომ არ არის სადმე ახლოს დასახლებული პუნქტი, აფეთქება ხომ არ გამოიწვევს ახლომახლო შენობების ნგრევას და ა.შ. ამ ყველაფერს ბევრი დრო და რესურსი მიაქვს. უკრაინის ხელისუფლებას, პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით, ძალიან კარგად აქვს გაანალიზებული, რომ ომის მოგებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეც უნდა დაიცვას. დღეს უკრაინაში ისეთი მოცემულობაა, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ამ ომს უკრაინა მოიგებს. თუმცა, ამაში მაშინაც კი ვიყავი დარწმუნებული, როდესაც რუსები ახალი შემოსულები იყვნენ და ბუჩას, ირპენს ანადგურებდნენ. ახლაც მახსოვს, რამხელა რიგები იდგა კომისარიატებთან, უწვერულვაშო ბიჭები იარაღს ითხოვდნენ მტერთან საბრძოლველად. შეუძლებელია, ასეთი მოტივირებული, ერთ მუშტად შეკრული ერი დაამარცხო.

- თქვენი მოტივი რა იყო, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომში წასვლა გადაწყვიტეთ?

- ჩემი მტრის დამარცხება. მე აქ ვიბრძვი იმ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ქართველებს წაგვართვა აფხაზეთი, ცხინვალი, დაგვიხოცა ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა, ახლა კი მეგობარ უკრაინას დაესხა თავს. რუსი ჩემთვისაც ისეთივე მტერია, როგორიც უკრაინელისთვის. არც ის მავიწყდება, რომ უკრაინელები ძნელბედობის ჟამს ჩვენ გვერდით იდგნენ. კიევთან ახლოს „უნაუსოს“ მებძოლების სასაფლაოა. იქ ძალიან ბევრ საფლავის ქვას ნახავთ, რომელზეც მეომრის სახელისა და გვარის გასწვრივ ამოკვეთილია წარწერა: „ის დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში“. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ჩვენი ვალია, მით უმეტეს, რომ მე მათგან ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოებული.

- უკრაინელებმა ღირსების ორდენით რისთვის დაგაჯილდოეს?

- პატრიარქმა ფილარეტმა დამაჯილდოვა, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც „მეიდანის“ მოვლენებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და უკრაინელი ხალხის პროდასავლური არჩევანი დაიცვეს.

- კონკრეტულად თქვენ რას აკეთებთ - საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობთ თუ რაიმე სხვა სამუშაოს ასრულებთ?

- ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე. ვიღებ ბრძანებებს და ვასრულებ. თუმცა, ამ თემაზე ყველაზე ნაკლებად მინდა საუბარი. მირჩევნია, იმ გმირ ქართველ ბიჭებზე ვილაპარაკოთ, რომლებიც საოცრებებს სჩადიან და საქართველოს ღირსებას იცავენ უკრაინის ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რომ საოცარი ბიჭები გვყავს, ყველასგან განსხვავებულები, ყველას გაოცებასა და აღტაცებას იწვევენ.

koba-xabazi2-1663054995.jpg

- მათზე საუბრის საშუალებას აუცილებლად მოგცემთ, მაგრამ ჯერ თქვენზე ვისაუბროთ. სამხედრო განათლებისა და საომარი გამოცდილების გარეშე იქ არ გიჭირთ?

- სამშენებლო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. შესაბამისად, არ მიჭირს იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არტილერიას სჭირდება. ეს არის: მიმართულებების გამოთვლა, მანძილის დაანგარიშება, კოორდინატების შეყვანა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ მათემატიკა კარგად ვიცი, ძალიან სწრაფად ვანგარიშობ, მონაცემების ანალიზს ვაკეთებ და კუთხეებიც სწორად გამომყავს. ეს განსხვავებული ომია, ტექნოლოგიური იარაღის ჭიდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ჰაიმარსები“ შემოვიდა. ასე რომ, კომპიუტერთან მჯდომი სათვალიანი ბიჭები მეომრებზე ნაკლებად როდი ფასობენ. ჩვენ თვალწინ ახალი მსოფლიო იბადება. რუსეთის დამარცხება მხოლოდ ხერსონის და მარიუპოლის გათავისულებას როდი ნიშნავს. რუსული ბოროტების იმპერიის დამარცხებას ძალიან ბევრი ცვლილება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება მოჰყვება.

- ძალიან იმედიანად საუბრობთ, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები იარაღს ყრიან და ამბობენ, რომ უაზრო ომით დაიღალნენ. ასეთი ფაქტი რამდენად ხშირია?

- მგონი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დასავლურ ორბიტაზე მყოფი ქვეყნებიდან, სადაც ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება. შეიძლება ერთმა, ორმა კაცმა მართლა დააგდო იარაღი, რუსებმა ამით ისარგებლეს და აპოკალიფსური სურათი დახატეს. იქნებ სულაც დადგმული ამბავია?! ან კიდევ, რა გასაკვირია, ამხელა ერში ერთი-ორი მოღალატე ან მშიშარა თუ აღმოჩნდება?! ასეთები ხომ ყველგან არიან?! ცუდი ის არის, რომ ასეთ ამბებს საქართველოში გასავალი აქვს. გარწმუნებთ, მოვა დრო და ძალიან შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის დამარცხებაზე დებენ ფსონს. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ტყუილად აქვთ "რუსეთუმეებს" მოსკოვის გამარჯვების იმედი. უკრაინაზე რუსული ბოროტების იმპერიის გამარჯვებას ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს.

- ახლა შეგიძლიათ ქართველი მებრძოლების შესახებ გვიამბოთ. რითი არიან ისინი სხვებისგან გამორჩეულები?

- რამდენიმე ადამიანის სახელს ვიტყვი - მაგალითად, ნუგზარი და დავითი. ეს ბიჭები საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად სასწორზე დებენ. უშიშრები და თავდაუზოგავები არიან, უკან დახევა არ იციან, რა არის. ისე მოქმედებენ, თითქოს ერთი კი არა, ბევრი სიცოცხლე ჰქონდეთ. რამდენიმე დღის წინ დავითი მეუბნებოდა, რამდენჯერაც ჭურს გავისვრი, იმდენჯერ გიორგი ანწუხელიძის სახელს ვიმეორებო. მე აქ სხვა სამყარო დავინახე, ცოცხალ გმირებს ვუყურებ საკუთარი თვალით. ლაშა შერგელაშვილი, რომლის შესახებაც თქვენ უკვე დაწერეთ, საოცარ გმირობებს სჩადის. ის მოიერიშეა. ამ რამდენიმე დღის წინ ერთი სოფელი მთლიანად გაწმინდეს ოკუპანტებისგან. ახლა კახოვკისკენ მიდის თანამებრძოლებთან ერთად. შეიძლება, ტრაბახი გამომდის, მაგრამ ჩემს თავზე ხომ არ ვამბობ... ქართველებს აქ ისე უყურებენ, როგორც გმირებს. ნიკა ჭურაძე შემიძლია დავიმოწმო. როდესაც საქმეში ქართველები ერთვებიან, უკრაინელები უფრო მოტივირებულები ხდებიან, აქ ძალიან ხშირად გაიგებთ ფრაზას - „ქართველები ჩვენთან არიან!“ გეტყვით იმასაც, რომ არანაკლები გმირები არიან უკრაინელები. ომი რომ დამთავრდება, ბევრ მათგანზე წიგნებს დაწერენ და ფილმებს გადაიღებენ. გული მწყდება, რომ ამ ბიჭების გმირობის ფონზე საქართველოში რუსებს ფეხქვეშ ეგებიან. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, ბონდო თევდორაძემ დამირეკა ქობულეთიდან და მითხრა, ძნელია, ომში წასულ ადამიანს ეს უთხრა, მაგრამ ალბათ უკეთესიც არის, აქ რომ არ ხარ და ამ ყველაფერს შენი თვალით არ უყურებო.

koba-xabazi1-1663054982.jpg

- რას გულისხმობდა?

- იმას, რომ რუსებით გადაივსო საქართველო, ყველგან რუსული ისმის, ყველგან რუსები დადიან. ხელისუფლება მორალს გვიკითხავს და „სტუმარ-მასპინძელს“ გვახსენებს, მაგრამ ის ავიწყდება, რომ რუსი სტუმარი კი არა, შემოჭრილი ოკუპანტია. საკუთარ სახლში რომ კაცი შემოგეჭრას, ორი ოთახი წაგართვას, სრულად მიისაკუთროს, შენ აღარც კი შეგიშვას და მერე შენს საკუთრებაში დარჩენილ ოთახშიც შემოვიდეს მოსასვენებლად და საბაასოდ, შემოუშვებ?!. იმას ხომ არ მიიჩნევ სტუმრად მანამდე, ვიდრე შენი ორი ოთახი აქვს მისაკუთრებული?! ასე არიან რუსებიც. ვიდრე საქართველოს საკუთარ ტერიტორიებს არ დაუბრუნებენ, ისინი აქ სტუმრებად ვერ იქნებიან აღქმულნი. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ადამიანი ვალდებულია, პატივი სცეს იმ ქვეყნის კონსტიტუციას, რომლის საზღვარსაც გადალახავს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა. რუსები მოდიან ჩვენს ქვეყანაში და ამბობენ, რომ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი პოლიტიკურია და მე არ ვიცი, არ მეხება ეს ამბავიო. არა, ბატონებო, ისინი ვალდებული არიან, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და აღიარონ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

- დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფორმით არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

- ჩემი შეხედულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არ დასჭირდება ომი. მას შემდეგ, რაც პუტინის არმია უკრაინაში დამარცხდება, რუსეთი დასუსტდება, თანაც - ძალიან, და ერთადერთი, რაც ასეთ მომენტში დაგვჭირდება, ეს არის ეროვნული ხელისუფლება, სხვა არაფერი.

ხათუნა ბახტურიძე