ამირან არაბული: "ქვეყანა იცლება და ეს არ უნდა დავუშვათ!.."
აგვისტოს ბოლო დღეებში, პოეტი ამირან არაბული ხევსურეთს ეწვია, რათა ადგილზე მოენახულებინა საკუთარ კუთხეზე თავგანწირვამდე შეყვარებული ადგილობრივები, რომლებიც იქაურობას ზამთარშიც არ ტოვებენ და ოჯახის წევრებისგან, ყველასგან მოწყვეტილები, მარტოობას შეჩვეული არიან. "...მაგრამ ყველა ვერ უძლებს და მოდის. ასე იცლება მთა, ისევე, როგორც შემდეგ - ბარი და მთლიანად ქვეყანა", - მითხრა პოეტმა გულისტკივილით, როდესაც სხვა პრობლემებზე ვსაუბრობდით.
- შემოდგომა მოდის და ფუსფუსით ვხვდები, შრომაში, ფიქრში, ჭირნახულის დაბინავებაში. წელიწადის ყველა სეზონს თავისი ხიბლი, ინტერესი, სითბო და სარგებლობა აქვს. ადამიანები მთელი წლის სარჩო-საბადებელს აბინავებენ... ჩვენ დიდი ნაკვეთი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ხან კარგად, ხან ავად, როგორც ამის შესაძლებლობას დედაბუნება გვაძლევს, ისე ვაკეთებთ. წლევანდელი ზაფხულის თვეებმა ისე არ ჩაიარა, როგორც ვისურვებდით, გვალვამ ბუნება დააზარალა. ისედაც, ზაფხული ადამიანისთვის ნაკლებად ნაყოფიერი მგონია, იღლება, იფიტება, ფიზიკური ენერგია ელევა, რასაც შევსება სჭირდება. მე კი დასვენება დიდად არ მიყვარს, ორი-სამი დღით თუ წავალ სადმე. ამისთვის დრო არასდროს მრჩება. იმ დღეებშიც იმაზე მეფიქრება, რომ ამ დროს საქმეს ვაკლებ, თუმცა, დიდი ჭირნახულის აღება არ გამიმართავს. ამხელა მიწის ნაკვეთი არ მაქვს, მაგრამ თავის გასართობად პატარა მიწის ნაკვეთს ვამუშავებთ. ახალი ბაღის ხილის გემო უკვე გავსინჯეთ. მომავალში სხვა რამების მოყვანასაც ვგეგმავთ. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება თავისი საქმის პროფესიონალი ზურაბ შევარდნაძე.
- ახლა ხშირად ამბობენ, რომ ქართველმა კაცმა მიწა გადაიყვარა. ეთანხმებით?
- გააჩნია, კონკრეტულად ვინმეს გულისხმობენ თუ არა. მიწასთან ურთიერთობაზე, მის გადაყვარებაზე ასე ხელაღებით, კრებით ფორმაში ქართველ კაცზე საუბარი უსამართლობა მგონია. მთლიანობაში, მაინც ვფიქრობ, რომ ვიღაც თუ წავიდა, სახლ-კარი დაკეტა, ვიღაც დაბრუნდა კიდეც, თავის წინაპრისაზე თუ არა, ახალი მიწის ნაკვეთი შეიძინა და იქ დაიდო ბინა... ვინც წავიდა, ისინიც იძულებით წასული მგონია, გულის სიღრმეში არავის უხარია გამოკეტილი, ობლად დარჩენილი სახლის ხილვა. სხვისი დაკეტილი ჭიშკრის დანახვაზე გული მეგლიჯება. ყველა ასე მგონია... ვიცი ხალხი, ვინც წავიდა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო, და იმედია, დროებით. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ მიწა ერთიანად გადავიყვარეთ, არასწორი და უსამართლოც კი მგონია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა კუთხის ადამიანშია განსხვავებული დამოკიდებულება შრომის მიმართ და მაინც, რა გზაც უნდა გაიაროს, მარტივი, რთული, წარმატებული თუ მარცხით აღსავსე, ბოლოს მაინც მიწას უბრუნდება, არაპირდაპირი, გადატანითი მნიშვნელობით. მიწა არის ის, რაც გაცოცხლებს, გავსებს და თავისი ნაყოფით სიცოცხლის ხალისს გაძლევს. მასთან სიახლოვეს იგივე ბედნიერება მოაქვს ადამიანისთვის, როგორიც ახალი სიცოცხლის დაბადებას. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, წინაპრებისგან ასე მოდის. ისინი ამ საქმეში შეუდარებლები იყვნენ... მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე ხარ-მარხილით და ურმებით დღე-ღამე იყო შებმული, რაც თავისებური პოეზია გახლდათ. ეს ყველაფერი დიდწილად დაკარგულია. ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის, ბელტის ბელტზე გადაწვენა, ახალმოხნული მიწისთვის სიხარულის ცრემლის პკურება ისეთივე მშობლიური აღარაა, არადა, სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ ასე იყო. რას ვიზამთ, რაღაცები იცვლება ამ სამყაროში, მთავარია, ფესვებიანად არ მოსწყდეს ადამიანი მიწას. ბევრმა რამემ, რაც ჩემი და წინა თაობის ყოველდღიურობა იყო, უკვე წიგნებსა და სატელევიზიო გადაცემებში გადაინაცვლა. ცვლილებები გარდაუვალია. ასეა სამყარო მოწყობილი და ამის შეჩერება შეუძლებელია. კაცობრიობაც ამის ნაწილია, მარტივად ისრუტავს ყველაფერს. ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ იმ მთავარს, სამყაროს, კაცობრიობის, ბუნების მაცოცხლებელს არ უნდა მოსწყდეს, რადგან მიწა ეს არის უნარი, ყველა სულიერს ეხმარება, თავისი ენერგია კეთილ საქმეში დახარჯოს. მხოლოდ ერთი კაცის ოჯახს კი არა, სოფელსა და ქვეყანას ვგულისხმობ.
- ერთმა სოციოლოგმა თქვა - სტუდენტებში გამოკითხვა ჩავატარეთ და ყოველი მესამე მზადაა, ქვეყანა პირველი შესაძლებლობისთანავე დატოვოსო. როგორ ფიქრობთ, ეს ახალი სენია?
- ამაზე პირდაპირი, სწორხაზოვანი პასუხი არ არსებობს. ყველას თავისი მიზეზი აქვს. ამას წინათ ხევსურეთში, არხოტისკენ ვიყავით. სადაც ადრე ხუთი სოფელი იყო, მხოლოდ სამია შემორჩენილი. სოფელს ვამბობთ, თორემ ერთ და ორკომლიანი ოჯახებია. ორში ზამთარ-ზაფხულ თითო ადამიანი ცხოვრობს, მესამეში კი - სამი-ოთხი, ვინც ზამთარშიც იქ რჩება. ეს არის საქართველოს უნიკალური წარსული, უდიდესი ისტორიის მქონე თემი და სოფლები, რომლის მსგავსსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სხვაგან ვერ წავიკითხავთ. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინაა, ხელისგულზე გვიდევს და არ ვკითხულობთ, არ გვაინტერესებს. სხვა, ხელოვნურ პრობლემებს ვართ გამოკიდებული... არადა, იმ უნიკალური ადგილების გაცოცხლებით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. მათი პირობებით არავინ ინტერესდება, არც წყალია, არც გზა... ვიყავით ისეთ ადგილას, სადაც დღემდე იახსარისა და ხოგაის მინდის სახელებს ფიცულობენ. გზა არ მიდის სოფლამდე, მაგრამ ერთი-ორი კაცი მაინც რჩება იქ. გვითხრეს, რომ არხოტის ახალი გზის პროექტში შედიოდა გზის გაყვანა ახიელის მონაკვეთიდან ჭიმღის მთამდე, მაგრამ არავინ იცის, რატომ არ გაიყვანეს. 3 საათის სავალი მთის ციცაბო ბილიკებით გადავიარეთ. საცქერლად კარგია, ცხენები და ძროხები მთის მწვერვალებზე რომ ბალახობენ და ადამიანები ზეკაცებივით დადიან, მაგრამ იქ ცხოვრება, უგზოობაში, უმკაცრეს ზამთარში, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება, გმირობაა. რამდენჯერაც ხრამისკენ დაგვიცდა ფეხი, იმდენჯერ ვიფიქრე, რომ ამ კუთხის ანგელოზები არ გაგვიშვებდნენ ხელს. არხოტისკენ და უკვე არხოტში ამოვაღწიეთ დიდი წვალებით. გზა რომ იყოს, იქ ხალხი ავიდოდა და ულამაზეს საქართველოსაც ნახავდა, ვიღაცას დარჩენა მოუნდებოდა, და ასე, ნელ-ნელა ერთმანეთის იმედად და ხალისით თუკი შეივსებოდა, მობევრდებოდნენ, მოძლიერდებოდნენ... იქ დარჩენილები, უკვე შემოდგომა-ზამთრის სრული მარტოობისთვის ემზადებიან. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახურ სასტუმროში, არაჩვეულებრივ პირობებში ვიყავით. მათ ხომ ბევრი მიემატებოდა, მაგრამ ყველას არ აქვს იმხელა რისკი, ის გააკეთოს, რაც იმ ულამაზესმა წყვილმა მოახერხა.
მე და ჩემი მეგობრები ხევსურეთში, არხოტთან ახლოს, ქარაფიდან გადაჩეხილი გერმანელი ექიმის, ელპიდე კურელას საფლავს ვეძებდით. წელამდე ბალახით დაფარული სავარაუდო ადგილები მოვიარეთ, მაგრამ - ამაოდ! გზის გაჭრასა და შედეგად წარმოქმნილ მცურავ ქვანაყარს შესამჩნევად შეუცვლია იქაურობა. რელიეფიც, ცოტა არ იყოს, მესხვაფერა და მდინარისპირა "ნაფლეთებით" ჩავაღწიე შუქიაურების ნასოფლარ კვირიწმინდამდე, სადაც თანამგზავრები - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მელოდებოდნენ... მეოთხე დღეს, არხოტიდან უკან რომ ვბრუნდებოდით, ირაკლი ნაროზაულმა, შიო ოჩიაურმა და გურამ ნაროზაულმა გამოგვაცილეს. მათი მახვილი მხედველობითი მეხსიერების წყალობით ადვილად მივაგენით ტირიფის კორომით დაჩრდილულ მყუდრო ადგილს, სადაც 1957 წლის ზაფხულში ტრაგიკულად დაღუპული გერმანელი ექიმის, მწერალ ალფრედ კურელას ცოლის - ელპიდე კურელას ნეშტი განისვენებს.
- როგორ აღმოჩნდა იქ, ექსპედიციაში იყო?
- წლების წინ, კურელების ოჯახმა და მათმა ახალგაზრდა გამყოლმა აკიათ გიგლამ (გიგლა არაბულმა) ცირცლოვან, არხოტის წყლის ნაპირას სამოგზაურო კარვებში ღამე გაათიეს. დილით, საუზმის შემდეგ დაღმართს დაუყვნენ და სწორედ ამ დროს დატრიალდა უბედურება - ელპიდე ცხენზე იჯდა, რომელსაც პატრონი "ალის" ეძახდა, წითელი კომბინეზონის დანახვაზე დაფრთხა და ოღროჩოღროზე პირთავქვე დაეშვა. ელპიდეს ცალი ფეხი უზანგში ჩარჩა და ცხენის სადავის მართვის უნარი დაკარგა. ბილიკის ჩასწვრივ მიმოფანტულ ბასრ ლოდებს ეხეთქებოდა. დაფეთებული ცხენი მაშინღა გაჩერდა, როცა მხედრის მოშვებული სხეულის სიმძიმე იგრძნო. ეს ყველაფერი წამებში სამი ადამიანის - ალფრედ კურელას, სტეფანე კურელასა და გიგლა არაბულის თვალწინ მოხდა...
გიგლამ მეორე ცხენით არხოტისკენ გაქუსლა, ოჩიაურის სახლს მიადგა და დამხვდურთ შეატყობინა, რაც მოხდა. იქ გურამ რჩეულიშვილი ყოფილა, გიგლას სიტყვები ბოლომდე არ ჰქონდა მოსმენილი, ცხენს უნაგირზე გადაევლო და ცირცლოვანისკენ აიღო გეზი... სხვებიც დაეწივნენ. ახიელაში მიცვალებულის ჩასვენების შეთავაზებაზე ალფრედმა თავაზიანი უარი უთხრა სტუმართმოყვარე ხევსურებს - მომდევნო დღეს ათენგენობა თენდებოდა და არ უნდოდა, მედღეობეთათვის დისკომფორტი შეექმნა... ამასთან, ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული: თუ რომელიმე მათგანი მთაში მოგზაურობისას დაიღუპებოდა, იქვე დაკრძალულიყო. არსებობს კიდეც ალფრედის მიერ გადაღებული, უჩვეულო დაკრძალვის ამსახველი შავ-თეთრი ფოტოსურათი: ახალგათხრილი სამარის პირას წერაქვი აგდია. სამარეს გარს უვლიან ბაიჭაურთ ხთისო, გურამ რჩეულიშვილი, ვაჟა გიგაშვილი და ექიმ გზირიშვილის ექსპედიციის წევრები...
სამოცდახუთი წელია, უმოწყალოდ აწვიმს, ათოვს, აქუხს და ელვა ანათებს მარმარილოს შელახულ, მტვერჩამკვდარ ფილას, რომელზედაც ლაპიდარული, მშრალი ინფორმაციის შემცველი გერმანულ-ქართული წარწერაა ამოკვეთილი გერმანელ ექიმ ქალზე. ეტყობა, ციცაბო ფერდობზე დაგორებული ლოდი დაეცა მემორიალურ დაფას და ოთხ თანაბარ ნაწილად გატეხა. მის საფლავზე 28 აგვისტოს, მარიამობას ავედით და ველური ყვავილებით შევამკეთ.
სამოცი წლის წინ, კლდე-ქარაფების კალთაში მიაყარეს მიწა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გერმანელი ქალბატონის დაფლეთილ სხეულს.
ხანდახან, მინდა თუ არა, მაინც მეფიქრება, ეს სულისშემძვრელი ამბავი რომ არ მომხდარიყო, გურამ რჩეულიშვილის "სიკვდილი მთებშიც" ხომ არ შეიქმნებოდა, როგორც ქართული პროზის ბრწყინვალე ნიმუში!
- მითხარით, რომ იქ დარჩენილებს უგზოობის გამო ძალიან უჭირთ.
- ეს სიტყვა არ გამოხატავს მათ მდგომარეობას. ელემენტარული ყურადღებაც სჭირდებათ, და მათი შემხედვარე, სხვებიც მოისურვებენ დაბრუნებას, სოფლის მეურნეობას მიჰყოფენ ხელს. არხოტის ერთ-ერთ თემში, ციხე-სოფელ ამღაში ვიყავით. ქვითკირებითა და ციხეებით აშენებული მიწურბანიანი სოფელია. მისი მსგავსი საქართველოში უკვე აღარ მოიძებნება. იქ ერთი ოჯახი ვნახეთ, პირდაპირ მიწის იატაკზე ცხოვრობენ, ჭერიც მიწაა, მთელი ზაფხული ტკეპნიან, ზამთარში წვიმა რომ არ ჩამოვიდეს და ოთახებში წყალი არ ჩაუვიდეთ. განსაკუთრებით გაზაფხულობით ჩნდება ბზარებიო, მითხრეს. სხვა დროს მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობს, მაგრამ ზამთარში მხოლოდ ოჯახის უფროსი დიასახლისი რჩება - 80 წელზე მეტის სანდუა წიკლაური, ხევსურეთის ნამდვილი მემატიანე, უამრავი ამბის მომსწრე და მოზიარე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს! მისი წასვლის შემდეგ, ის სოფელიც ნასოფლარად დარჩება. ახლა გზა ერთ სახლამდე რომ მიდის, ისიც დიდი იმედია... ზაფხულობით, მოხუცთან ერთად, შვილი, რძალი და შვილიშვილები არიან, ზამთარში კი ისინი ბარში ჩადიან. შვილი არხოტის დაბლა ჭალაზე მესაზღვრეა, აკითხავს და ყურადღებას აქცევს დედას, მაგრამ ოქტომბრიდან იქ გზა იკეტება და მარტო რჩება. ამგვარი პირობების გამო წავიდა იქიდან ყველა.
უფრო შეგნებული სახელმწიფოს მიდგომა რომ იყოს, ის უნიკალური მხარე ასე თითოოროლა ენთუზიასტის ამარა კი არ იქნებოდა, ხალხის დაბრუნებაზე იზრუნებდა. იქ რამე საქმე თუ არ გააკეთეს, ვერავინ გაძლებს. ყველა ხელმძღვანელობა ჰპირდებოდა, რომ ბევრ რამეს შეცვლიდა, არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლება რომ ხარ, ადამიანს თუ შეჰპირდები, სიტყვას რომ მისცემ, უნდა გააკეთო, ტყუილი დაპირება არ უნდა მისცე. შინამდე მისასვლელ სამანქანო გზას ითხოვენ, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ზამთარ-ზაფხულ რისკზე მიდიან, შინ რომ რამე მიიტანონ, სურსათის მარაგი. არც აფთიაქია, არც ექიმი. ერთი ამბულატორიაა, რომლის ექიმიც ხანდახან გამოჩნდება. იმანაც რა ქნას იმ უგზოობაში, ძალიან დაბალი ანაზღაურების ფასად ბარიდან მთაში როგორ იაროს?! მთის გულშემატკივრობა მოჩვენებითი კი არ უნდა იყოს, სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს და შედეგი უნდა ჩანდეს.
თუმცა, რაც შეეხება იმ ზოგად სენს, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია - ზოგი, მართლაც უსახსრობის გამო მიდის, სხვა გამოსავალი არა აქვს და იმიტომ, ზოგიც - წინდაუხედავად: ჰგონიათ, რომ იქ უკეთესი პირობები დახვდებათ, ადვილად იშოვიან რამეს, ბევრად იაფად, ზოგს ჰპირდებიან და ატყუებენ, რომ იქ ყველაფერი ბევრად იოლია, შემდეგ კი, გაწბილებულს, უამრავ უბედურებაგამოვლილს, ისევ სამშობლოში უწევს დაბრუნება და ცხოვრების ხელახლა დაწყება. უცხოეთის ქვეყნებიც ვეღარ იტევენ უკვე ამდენ ემიგრანტს და ვფიქრობ, რომ ერთხელაც, ეს მიგრაცია შეჩერდება. ეს დრო კი შორს არ არის. მათაც აქვთ რაღაც ლიმიტი და მხოლოდ ჰუმანური იდეებით, პროექტებით ამ ხალხის გამოკვება და დაკმაყოფილება შეუძლებელია. მანამდე კი, სამშობლოდან გაქცევის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ქვეყანა იცლება. ასეთ მდგომარეობაში, "პოზიცია"-ოპოზიციის გარჩევა და დაუსრულებელი კინკლაობა კი არა, პრობლემის სათანადოდ გააზრებაა საჭირო, რადგან ყველას ერთიანად გვეხება. ვიწრო პოლიტიკას გადაყოლილებს, ამისთვის არ სცალიათ. ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, მათთვის ხელის მოსამართად კი არაფერი კეთდება. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ქვეყანა იცლება და ეს არ უნდა დავუშვათ.
ლალი პაპასკირი