დავით ჭიჭინაძე: “ეკონომიკა მარტო ყიდვა-გაყიდვა არ არის” - გზაპრესი

დავით ჭიჭინაძე: “ეკონომიკა მარტო ყიდვა-გაყიდვა არ არის”

საქართველოს მთავრობა გვარწმუნებს, რომ ჩვენი ეკონომიკა დუღს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური წინსვლაა, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ მოსაზრებას ხშირად აკრიტიკებენ. მათ შორისაა პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე, რომელიც დღეს ჟურნალ “გზის” სტუმარია:

- ბატონო დავით, რას შეადარებდით ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას დღეს, როცა ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა?

- დავიწყებ იმით, რომ ეკონომიკა მარტო ყიდვა-გაყიდვა არ არის. საოპერაციოში დაჭრილი ადამიანი რომ შეჰყავთ, მის ორგანოებს არ ყიდიან. ამ დროს ქირურგმა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, სასწრაფო ოპერაცია გააკეთოს და პაციენტს დროზე უშველოს, აი, ასეთ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ეკონომიკა - მას დახმარება სჭირდება, მაგრამ მის გადარჩენას კი არ ცდილობენ, პირიქით, მის გულს, ფილტვებს და სხვა ორგანოებს ყიდიან.

- თუმცა, წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა ნორმალურად ჩაიარა და ჩვენი ეროვნული ვალუტაც გამყარდა. ეს მხოლოდ ტურიზმის დამსახურებაა?

- ჩემი აზრით, ეს “ამოსუნთქვა” ტურისტულ სეზონთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ეს პროცესი უფრო იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან წამოვიდნენ. როდესაც სადღაც მიდიხარ, ცდილობ, ფულიც თან წაიღო. ამ ადამიანებმა ქვეყანაში სოლიდური თანხა შემოიტანეს, მაგრამ ფულის ნაკადი თანდათან შემცირდა და კლების ტენდენცია ისევ გრძელდება. როდესაც ქვეყანაში ამხელა თანხა შემოდის, რა თქმა უნდა, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ამის პარალელურად, ქვეყნიდან გამსვლელთა ნაკადი გეომეტრიული პროგრესიით თუ მატულობს, ეს კარგის ნიშანი არ არის. არადა, საქართველოს ტოვებენ აქტიური ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ან თავისი ბიზნესი აქვთ. რჩებიან პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კლავს და ჩვენს ეკონომიკას ცუდ მომავალს უქადის. რატომ? - ცოტა ხანში საკმარისი რაოდენობით მუშახელიც კი არ გვეყოლება. თუ ეს ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა ქართველი ხალხისთვის გვინდა, ცოტა სხვა მიდგომაა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენი ხალხის ჩანაცვლებას უცხოელებით ვაპირებთ, ეს სხვა ამბავია...

- ერთი მხრივ, კარგია, რომ მათ აქ ფული შემოაქვთ და ხარჯავენ...

- დიახ, მაგრამ ეს მოკლევადიანი პროცესია: თუ ეს ხალხი საქართველოდან გასვლას დაიწყებს, ამას ფულის დიდი მასის გადინება მოჰყვება, რაც ჩვენს ეკონომიკაზე კატასტროფულად აისახება. ასეთია სურათი, რომელიც ჩვენთან ბოლო თვეებში შეიქმნა. რაც შეეხება საკურორტო სეზონს: იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს, ისინი დასასვენებლად საქართველოში წამოვიდნენ, რასაც ხანმოკლე ეფექტი მოჰყვა. საერთოდ, ტურიზმის შემოსავალი დროებითია, ამიტომ, მომსახურების სფეროს მოწინავე ქვეყნებში იმხელა მნიშვნელობას არ ანიჭებენ, როგორც წარმოების სფეროს, რადგან თუ ქვეყანა არაფერს აწარმოებს, თუ რეალურ სამუშაო ადგილებს არ ქმნის, ეკონომიკურ წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია; მით უმეტეს, როცა ქვეყნიდან აქტიური ადამიანები გადიან, ამ ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა მყიფეა, ამიტომ, არ შეიძლება ხელისუფლებამ ეს წარმატებად მიითვალოს. თუმცა, ქართველი ხალხის ქვეყნიდან გასვლა ხელისუფლებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია: ყველას გვახსოვს მათი ლიდერის განცხადება - იაფი ბილეთები აიღეთ, ჩვენს ეკონომიკას მაინც არაფერი ეშველება, ამიტომ, წადით და უცხოეთში ოფიციალურად იმუშავეთო. შედეგიც მივიღეთ - ვხედავთ, სად და როგორ პირობებში ცხოვრობენ დღეს ემიგრანტი ქართველები! - ეს არის კატასტროფა! ისიც შემაშფოთებელია, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითად შემოსავალს სწორედ ემიგრანტების გზავნილები წარმოადგენს, ამას კი სათავისოდ იყენებენ ბანკირები და მათთან დაახლოებული პირები.

- როგორ?

- თუნდაც, ლარის კურსის ცვალებადობით. ლარი გამყარდა, მაგრამ ფასები არ შეცვლილა. ვალუტის კურსის გამყარება მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც ქვეყანაში რაღაც იაფდება. ამიტომ, ლარის კურსი თუ მყარდება, მაგრამ ყველაფერი ძვირდება, ეს ცხოვრების დონეს კიდევ უფრო აუარესებს და მხოლოდ ერთი მუჭა ხალხის გამდიდრებას იწვევს. ეს კატასტროფული სიტუაციაა, რომელსაც მომავალში ძალიან ცუდი შედეგი ექნება, ამიტომ, თანხა, რომელსაც ემიგრანტები აგზავნიან, ეროვნული ბანკის მიერ უნდა იყოს დაცული. თუ ფასების სტაბილურობას ვერ აღწევენ, ეს მაინც შეძლონ! ლარის გამყარება კარგია მაშინ, როცა ფასები ძველ ნიშნულს უბრუნდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ვერ ხერხდება, რადგან კურსის მერყეობას ეკონომიკასთან კავშირი არა აქვს.

- რის მიხედვით იცვლება ქართული ვალუტის კურსი და ვინ სარგებლობს ამით?

- ეს სპეკულაციური პროცესია. ვის შეუძლია ამ ტიპის სპეკულაცია? - ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს! ლარის კურსის ცვალებადობით სწორედ ისინი და მათთან დაახლოებული მცირე ჯგუფი სარგებლობს. ისინი ერთმანეთთან ფარულ გარიგებაში არიან, რადგან არ შეიძლება ყველა ბანკს ერთნაირი კურსი ჰქონდეს. ქვეყანაში ყველაფერი ფიქტიური გარიგებების და მანიპულაციების ხარჯზე ხდება და ერთეულებს დიდი მოგება რჩებათ. მაგალითად: შარშან, მხოლოდ კონვერტაციის გზით, ბანკებმა 400 მილიონი ლარი მოიგეს. როდესაც ბანკი ამხელა მოგებას ნახულობს, ეს რიგითი მეწარმეების და ხალხის გაღატაკებას ნიშნავს, რადგან ეს ფული სწორედ ჩვენი ჯიბეებიდან ამოდის და ქრება. ამ მხრივ, საქართველოში აბსოლუტური უკონტროლობა და განუკითხაობაა. საინტერესოა, რით ამაყობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - იმ არაქართული და არაპატრიოტული პოლიტიკით, რომელსაც ყველა კარგად ვხედავთ?! მთავარი გამოწვევა დღეს ბანკების უკონტროლო ქმედებებია, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ისინი თავის ნებაზე მიუშვა, ამით მოსახლეობის 1% სარგებლობს. სწორედ ეს მცირე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ჩვენი ეკონომიკა წარმატებით ვითარდება.

- ბატონო დავით, ალბათ, თქვენც გიფიქრიათ - რატომ მიდიან ჩვენი ქვეყნიდან რეალიზებული, დასაქმებული ადამიანები?

- ეტყობა, ჩვენი “აყვავებული” ეკონომიკიდან “დაქცეულ” ქვეყნებში გარბიან. ხელისუფლება ხომ გვიმტკიცებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ყვავის და დუღს? ეს ხომ ნონსენსია! ნონსენსია ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 5-6 წელი ისწავლა, აქ სამუშაო ვერ იპოვა და ახლა ფული უნდა იშოვოს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდეს. უცხო ქვეყნებში კი, მათი განათლება და დიპლომი არავის აინტერესებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ცოდნას და განათლებას არ აფასებენ. აქ ყველაფერი ახლო ნათესაობის და გარიგებების ხარჯზე წყდება, ყველაფერი სახელმწიფოს გატყავებას ემსახურება. პატიოსანი ადამიანი, რომელიც ამ კორუფციულ გარიგებებში არ შედის, აღარ სჭირდებათ, რადგან ასეთი ხალხი მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ჩვენთან აბსოლუტური უმეცრება უფრო ხელსაყრელია. რატომ? - მინისტრს გაუნათლებელი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები უნდა ჰყავდეს, რადგან არ შეიძლება ხელქვეითმა უფროსზე მეტი იცოდეს. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა და როგორი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, სადაც ყველაფერი ნეპოტიზმის საფუძველზე წყდება? ყველა, ვინც ამ “წესრიგს” არ ემორჩილება, ქვეყნიდან მიდის, რადგან მათ ქვეყნის სამსახურს კი არა, ვიღაცის პირად მსახურებას სთხოვენ. მთელი ვერტიკალი მონებითაა დაკომპლექტებული. მონები კი, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ქმნიან. საბედნიეროდ, ჩვენმა ემიგრაციამ უკვე დიდი გამოცდილება მიიღო და როგორც კი აქ უკეთესი პირობები იქნება, ყველა დაბრუნდება. ერთი პატარა ბიჭის - ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება როგორ უხარიათ და წარმოიდგინეთ, მთელი ქვეყნის წარმატება როგორ გაახარებთ. ეს ხალხი ამჟამინდელ სიტუაციას გაერიდა, რადგან ყველას სურს, საკუთარი თავის წინაშე იყოს მართალი.

- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სოფლის მეურნეობაზეც: ამბობენ, ამ სფეროში მილიარდები ჩავდეთო. თუ აგრარულ სექტორში ამხელა თანხა დაიხარჯა, ქართველ გლეხს რატომ არ ეშველა?

- ადრე სოფელი ძლიერი იყო, რადგან იქ ადამიანი არ შიმშილობდა, მას შეეძლო თავიც ერჩინა და დანაზოგიც ჰქონოდა. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველგან მონოპოლიებს ქმნის, რომ სოფლებს მიწებს ართმევენ, სათიბებს და საძოვრებს არასასოფლო დანიშნულების მიწად აფორმებენ და მერე ყიდიან. სოფელი უმიწოდ ვის გაუგია? ამბობენ, დიდი ფული დავხარჯეთო - ეს არის ამათი მიდგომა - მთავარია თქვან, რომ დახარჯეს, მაგრამ შედეგი სად არის? - რატომ არ ჩანს? გამოდის, რომ სესხად აღებული ფული გადაინაწილეს, ანუ მოიპარეს?! ჩვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანები გვყავს სოფლის მეურნეობაში, თუნდაც, პაატა კოღუაშვილი ან დავით გალეგაშვილი რომ დავასახელოთ... არიან ადამიანები, რომლებსაც ამ დარგზე წლობით აქვთ ნაფიქრი, კარგად იციან ამ დარგის საჭიროებები, მაგრამ მათ არავინ უსმენს და ყველაფერი ასე მდორედ, სპონტანურად მიედინება. სახელმწიფოს როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მე ვერ ვხედავ. მათი პროგრამებიც კი სამარცხვინოა. ეს ხალხი პარლამენტში გამოდის და არ იცის, რაზე ლაპარაკობს. სოფლის მეურნეობა მათ მხოლოდ ფულის დატაცების და გამდიდრების წყარო ჰგონიათ. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა კანონით დაუშვებელია, მაგრამ მისი გადაყვანა არასასოფლო დანიშნულების მიწად, ძალიან იაფი და ადვილია. ამ გადაყვანის შედეგად, ყველა შეზღუდვა იხსნება და მიწა უცხოელების ხელში გადადის, რაც მე დაუშვებლად მიმაჩნია: ქართული მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი ბარაქით ამ ქვეყნის შვილები უნდა სარგებლობდნენ. დიახ, მიწა უცხოტომელებზე არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, ქრთამები აიღონ და მიწების გაყიდვით უზარმაზარი ფული იშოვონ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ აბა, ერთი გადახედეთ, სასოფლო-სამეურნეო მიწები როგორ და რა გზითაა ოკუპირებული. მე სულ ვიმეორებ, რომ ეკონომიკა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა არ არის, ეს არსებული ფინანსური რესურსების გონივრული, მაქსიმალური გამოყენებაა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს ან ვინ უნდა ილაპარაკოს, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი “ოცნებასთან” შეხმატკბილებულია? ასე მივიღეთ ურყევი, უძრავი, სტაბილური პოლიტიკური ელიტა, რომელიც ხალხის გასაჭირზე არც ფიქრობს და არც ლაპარაკობს.

- ამ სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- ახალ არჩევნებში, რომელიც ახალი, შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, ოღონდ, ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება უნდა მისცენ. ამ არჩევნების შედეგად, სათავეში უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკა და ქართველი ხალხის შინ დაბრუნება იქნება. მთავრობის გვერდში დგომა ძალიან სჭირდება ჩვენს ხალხს და ქართველ მეწარმეებს. ქვეყნის დოვლათი ნათესაური კავშირების გამო რომ ნიავდება და ნადგურდება, ეს თუ არ შევცვალეთ, საერთოდ არაფერი შეიცვლება. არადა, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ რეგიონში წამყვანი ადგილი დაიკავოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

- ხომ შეიძლება ელექტრონული არჩევნები ვინმემ გააყალბოს?

- დამერწმუნეთ, ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან ბლოკჩეინი ყველაფერს აკონტროლებს. ერთი ხმის გაყალბებაც კი ძალიან ძვირი ღირს - დაახლოებით 30-40 ათასი ლარი ჯდება, ამხელა ზარალზე კი არავინ წავა.

ხათუნა ჩიგოგიძე