რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს? - გზაპრესი

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს?

გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის პანდემიის გავლენის შედეგი და მსოფლიო ტრენდის ნაწილია.

ამ თემაზე ძალადობის მსხვერპლ ქალს ვესაუბრეთ...

- ისევ მოკლა ქალი ყოფილმა ქმარმა შვილის თვალწინ (საუბარია ოზურგეთის ბოლო ტრაგიკულ შემთხვევაზე. - ავტ.). ვფიქრობ, იმიტომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა მოძალადის მხარესაა ან ცდილობს, მის საქციელს ახსნა/გამართლება მოუძებნოს, ემხრობა მის აზროვნებას. კანონის გამკაცრების გარეშე, ვერც არსებული სამართლებრივი ბერკეტები იმუშავებს. ვერ დავიცავით ქალები მოძალადისგან. ფაქტია, ვერ ვიცავთ მომავალ მსხვერპლებსაც და რაც ყველაზე საშინელებაა - ვერ ვიცავთ ბავშვებს. მოგეხსენებათ, ასეთი შემთხვევები პატარებზე ძალზე ტრაგიკულად აისახება...

საზოგადოებასთან მაქვს კითხვა: როგორ დამიცავთ, როცა მორიგი მსხვერპლი შეიძლება მეც გავხდე? ვერაფრით. ჰოდა, სიტყვასაც არ დავძრავ ძალადობის წინააღმდეგ; არავის გავუმხელ, ისევ ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტები და ავიტან. დაფიქრებულხართ, რამდენი ქალისთვისაა ასეთი შემთხვევა შიშის საფუძველი? მოძალადე მამა მომავალ თაობაზე ხვდებით ხომ, რა კვალსაც დატოვებს?

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა?

- რა უნდა გააკეთო და ცნობიერება შეცვალო. ზოგისთვის ცოლი ლამის მონაა და რასაც უნდა, უზამს. ვფიქრობ, სანამ ეკლესია ქალის უფლებებზე არ ილაპარაკებს, მანამდე ეს უბედურება გაგრძელდება. ქალმა დაცულად რომ იგრძნოს თავი და თავისი გასაჭირის გამხელის არ შეეშინდეს, ამისთვის რა კეთდება? თვითონ ვარ ძალადობის მსხვერპლი და გეტყვით, რომ რეალურად, არაფერი კეთდება. პირიქით, ასეთი შემთხვევების შემდეგ ქალმა ხმა თუ ამოიღო, ყველა ფსიქოლოგიურად სტრესავს; ეუბნებიან, შვილების მამას ნუ დაიჭერ (დააჭერინებ), შემდეგ ბავშვები ვერ გაგიგებენ, არ გაპატიებენ და ა.შ. აი, ჩემი ქმარიც დაიჭირეს და 2 თვეში გამოუშვეს. მისცეს პირობითი და ვინაიდან ერთი სახლი გვაქვს, ისევ მასთან მომიწია ცხოვრებამ. ხვდებით, რა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი? ასეთ დროს ქალს არავინ ეხმარება.

მოძალადესთან მოსალოდნელ სასჯელზე ვისაუბრე - თუ მომკლავდა, რა ელოდა და იცით, რა მიპასუხა? შენ ხომ მიწაში იწვები, როცა გამოვალ, მე ავუხსნი ჩემს შვილებს, რატომაც მოგკალიო. გაიგებენ, ქართული მენტალიტეტით გაიზრდებიან და მიხვდებიან, ბოლოს და ბოლოს კაცები არიანო. საიდან ეს ფიქრები, თუ არ აქვს განცდა, რომ ან არ დაისჯება, ან მსუბუქად გამოძვრება? ხვდებით, რომ აქ რეალურად მოდერნიზებული “თალიბანი” გვაქვს? ფაქტია, დავაჭერინე და ისევ გარეთაა. დაუსჯელობის სინდრომი და ის, რომ საზოგადოება მას გაამართლებს, აძლიერებს...

როცა ძალადობაზე ავლაპარაკდი, მეზობლების გარდა, ყველამ გაიოცა: რას ამბობ, არ გვჯერა, ასეთი კარგი ადამიანი იზამდა ამასო?.. გგონიათ მე ვაცნობიერებდი, როგორ ვხდებოდი ნელ-ნელა მსხვერპლი? ვერც გავიაზრე, აქამდე როგორ მივედი!

ძალადობდა, დავრეკე 112-ში, მოვიდნენ და, - ან აქამდე როგორ უძლებდიო? როცა გაიგო, რომ პოლიციაში მე დავრეკე, მითხრა, მანამდე უბრალოდ მინდოდა მეცემე, მერე კი ჩემი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.

ერთ ჭკვიან კაცს აქვს ნათქვამი: მომაკვდავი საზოგადოება აგროვებს კანონებს ისე, როგორც მომაკვდავი ადამიანი აგროვებს წამლებსო. რა აზრი აქვს ამ კანონებს, მერე მათ გამკაცრებას, თუკი ვერც ერთს ვერ აღასრულებ? ანდა, როგორ გგონიათ, ქალმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლეს, რამდენჯერ მიმართა სამართალდამცავებს დახმარებისთვის? და ისიც დაამატეთ, რამდენმა ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი. “გაშორდეს და ეგ იქნება” - არ შველის საქმეს.

sheachere-1663569685.jpg

- თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის?

- საზოგადოება იმ აზრამდე უნდა მივიდეს, რომ მიზეზების ძებნა არაა საჭირო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ვერ მოგიყვებით დეტალებს ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ დაოჯახების მერე გაშორებაც არაა მარტივი, თავდაცვის რეჟიმში ყოფნა ცალკე ჯოჯოხეთია...

როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ახლა მაქვს გასაქცევი და გავრბივარ, მაგრამ ბევრს არც ამის ფუფუნება გააჩნია. თქვენ არ იცით, როგორ ამუშავებს მოძალადე მსხვერპლს ფსიქოლოგიურად... იცით, უცხო კი არა, დედაჩემი მეუბნებოდა, რატომ დარეკე პოლიციაშიო? ხვდებით, სად არის პრობლემა? და მეც რომ მოვეკალი? დედაჩემმა თქვა და რამდენმა უთქმელად გაიფიქრა? ასეა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. პრობლემა რომ კარზე მოგიკაკუნებთ და შეგეხებათ, მერე ისაუბრეთ სხვანაირად...

კანონი ცვლის აზროვნებას. რომ ეცოდინებათ, უმკაცრესად დაისჯებიან და ნორმალურ მომავალსაც დაკარგავენ, ასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ნაბიჯს გადადგამენ. ციხე თუ არაფერს ცვლის, მაშინ რატომ იჭერენ საერთოდ მკვლელებს? რა აზრი აქვს? თანადგომას არავის ვთხოვ, მე ჩემი აზრი გამაჩნია და იმას ვითხოვ, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც ვიფიქროთ. ვერ დამაჯერებთ, რომ ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. აღსრულებაცაა საჭირო და გამკაცრებაც (თუნდაც დროებით), რადგან გახშირდა ასეთი ფაქტები და თუ დარჩება განცდა, რომ არაფერი შეიცვალა, დანაშაულიც დარჩება.

გიორგი მეფარიძე