"პირველი, რაც ნარკოზიდან გამოსულმა გავიგონე, იყო - "ცოცხალი ხარ" - გზაპრესი

"პირველი, რაც ნარკოზიდან გამოსულმა გავიგონე, იყო - "ცოცხალი ხარ"

სერტიფიცირებული პერსონალური მწვრთნელი, ჯგუფური მიმართულებების და იოგას ინსტრუქტორი ნინა ილურიძე თავისი ვებგვერდის საშუალებით გვასწავლის, როგორ უნდა გახდეს ჯანსაღი ცხოვრება და ჯანმრთელი წესები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და რამდენად სასარგებლოა ეს ყველაფერი. ონლაინტრენერი 2 წიგნის ავტორიცაა, "გონების ტუსაღები" და "როგორ კლავენ ქალები წონას", სადაც ამოიკითხავთ არაერთ სწორ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ ენერგია და მოტივაცია, როგორ ავირჩიოთ სწორი დიეტა და რეჟიმი, რის მიხედვით შევარჩიოთ სავარჯიშო პროგრამა და ა.შ. ეს პრობლემები კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში.

- ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების "მსხვერპლი" ძალიან პატარა ასაკში გავხდი, როდესაც მამამ ექიმებთან ურთიერთობა მწარე იმედგაცრუებით დაასრულა და მისმა მეგობარმა მკურნალობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ახალი მეთოდების შესახებ მოუთხრო, ეს იყო იოგა და ნატუროპათია. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობდით და მაშინდელი წყობა დევნიდა ყველა არატრადიციულ მეთოდს და სიახლეებს, რომელთა შემოდინებაც "გარყვნილი დასავლეთიდან" ხდებოდა. თითქმის ყველა ექსპერიმენტმა ჩემზე, ძალიან არასპორტულ და ზარმაც ბავშვზე გადაიარა. მაიძულებდნენ მევარჯიშა იოგაში, მერბინა წრეებზე, ერთი პერიოდი ვეგეტარიანელიც ვიყავი, შემდეგ ამნისტიით კვირაში 2 დღე გვქონდა უფლება ოჯახში ხორცი გვეჭამა, არ ვიყენებდით შაქარს, ყოველდღე მწვანილს ვჭამდი, იმ დროს, როცა ჩემი ტოლები ნაირ-ნაირ შოკოლადს მიირთმევდნენ.

წამოვიზარდე და ბუნებრივია, ცხოვრების ამ რეჟიმზე უარი ვთქვი. რა თქმა უნდა, წონაში მოვიმატე და იძულებული გავხდი, ცოტა ხნით მაინც მომეთოკა არანორმალური რეჟიმი. ყველაზე რთული პერიოდი კი გათხოვებისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დამიდგა. კატასტროფული სისწრაფით მემატებოდა კილოგრამები, რასაც გენეტიკა წარმატებულად უწყობდა ხელს. ჩემი ტანსაცმელი თანდათან ფართოვდებოდა, ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინა თავი, 2 სართულის ავლაც მიჭირდა, მტანჯავდა წელის აუტანელი ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ამის ფონზე დამემართა დეპრესია, უხასიათობა, ნევროზი და ა.შ.

მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა და ეს საკუთარი თავი იყო, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ვარჯიში, ჯანსაღად კვება ვამჯობინე. დავიცავი დიეტა სწორი კვების პრინციპების მიხედვით, დავიკელი და არაჩვეულებრივ ფორმაში ჩავდექი, ვიზუალურად ასაკიც კი მომაკლდა, გავხდი ენერგიული, ჯანმრთელობის პრობლემებიც მოგვარდა. რაც მთავარია, აღმოვაჩინე, რომ ვყოფილვარ სპორტული და ძალიან მომწონს ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ ერთ საღამოს ყველაფერი შეიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გავხდი. ფაქტობრივად, მანქანამ გადამიარა. საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. პირველი სიტყვები, რაც ნარკოზიდან გამოსულმა გავიგონე, იყო - "ცოცხალი ხარ". ხელ-ფეხის ოდნავი განძრევაც კი არ შემეძლო, ქსოვილებმა დაიწყო კვდომა და თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდებოდა, ამპუტაციის საშიშროება დგებოდა!

ტრავმებთან ერთად, ცალკე დიდი ფსიქოლოგიური შოკი იყო ის მომენტი, რომ ამხელა შრომა წყალში ჩამეყარა და ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა საუკეთესო ფორმაში ვიყავი.

როცა ერთი თვის შემდეგ წამომაყენეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, "დამდგეს", მივხვდი, ბევრზე ვერ ვიოცნებებდი. თითოეული ოდნავი ნაბიჯისმაგვარი მოძრაობა არაადამიანურ ტკივილად მიჯდებოდა. დაახლოებით 2 თვეში კედელ-კედელ მოძრაობა შევძელი, 5 თვის შემდეგ კი ჩემმა ბოლო ჭრილობამ პირი შეკრა. ნორმალურად სიარული კვლავ არ შემეძლო, ვკოჭლობდი და უკეთესობისკენ არანაირი პროგრესი არ ჩანდა.

მახსოვს, ზუსტად მეორე დღეს, როცა ბოლო სახვევისგან გავთავისუფლდი, დარბაზს მივაშურე ვარჯიშის დასაწყებად. 1 თვე ვიარე. ვერ ვიტყვი, რომ რასაც ვაკეთებდი, ვარჯიში ერქვა, ამას ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა - ასე უფრო ჯანმრთელ ადამიანად ვგრძნობდი თავს. მეორე თვეს დარბაზს თავი დავანებე და გავედი ღია ცის ქვეშ, დამოუკიდებლად ვარჯიში დავიწყე. მიზანი მხოლოდ ერთი მქონდა - მინდოდა ნორმალურად, გამართულად სიარული მესწავლა, აღარ მეკოჭლა.

გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც და პროგრესი მცირე იყო. არ ვჩერდებოდი, ბევრს ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი ჩემს ორგანიზმს, ვცდილობდი მეგრძნო, სად იყო შეტევა საჭირო და სად უკან დახევა, ვეძებდი სუსტ წერტილებს, დაზიანებულ უბნებს; ვსწავლობდი, ვაგროვებდი მასალებს და ვარჯიშის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დაუჯერებელი შედეგი იყო. მიუხედავად იმ დეფექტებისა და iarებისა, რაც ოპერაციებმა დამიტოვა, სხეულმა სრული რეაბილიტაცია შეძლო. მქონდა საუკეთესო ფორმები, ვიდრე ოდესმე მქონია; იმაზე უკეთესი, ვიდრე ავარიამდე; უფრო მეტი და დიდი დატვირთვების ატანა შემეძლო, ვიდრე ოდესმე; უფრო ძლიერი ჯანმრთელობა მქონდა და სრულად რეაბილიტირებული ჯანსაღი ფსიქიკა...

შედეგს მივაღწიე, მაგრამ დამიგროვდა უამრავი მასალა და ცოდნა, რომელიც აღარ მჭირდებოდა, გადასაყრელად კი მენანებოდა. მახსოვს, როცა ეს ინფორმაციები მე თავად მჭირდებოდა, ქართულ ინტერნეტსივრცეში ვერც ერთ სერიოზულ მასალას ვერ მივაგენი. ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავი მომეყარა და ინტერნეტში ამეტვირთა, იქნებ ვინმეს რამეში გამოსდგომოდა - აი, ასე გაჩნდა ჩემი გვერდი და უკვე შემდეგ, - წიგნებიც. თუ ამით ვინმეს დავეხმარე, მიხარია.

ხშირად მწერენ კომენტარებში, თქვენს გვერდზე ვეძებე ფოტოები, რომლებშიც ვნახავდი თქვენი სხეულის ფორმებს და ვერ ვნახე, ვარჯიშს რომ ვიწყებთ, მინიმუმ თქვენი პრესი გვაინტერესებს, რა შედეგი გაქვთო. არ მიყვარს ჩემი ისტორიების მოყოლა (ამ ერთი ავარიის გარდა, იყო მეორე ავტოავარიაც და კიდევ, საკეისროს დროს არასწორად გაკეთებული ნაკერებიც), მით უმეტეს, როცა პირადულს ეხება, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიწევს ვუპასუხო დამცინავ და ნიშნის მომგებ მესიჯებს. ფიტნესი მარტო იმისთვის არ გვჭირდება, რომ კუნთი და პრესი ვაჩვენოთ; გვჭირდება იმიტომ, რომ უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვოთ, ენერგია გვქონდეს, კარგად გამოვიყურებოდეთ და ამ ყველაფრის ფონზე, წარმატებულებიც ვიყოთ.

- როგორც მითხარით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა წონასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, ჩაგეწერათ ვიდეოპროგრამები, გამხდარიყავით ონლაინტრენერი.

- ასეა და ახლა "ფეისბუკის" დახურულ ჯგუფში ყოველ დილით იტვირთება 35-45-წუთიანი სავარჯიშო ვიდეოები, რომლებიც რჩება ჯგუფში, შეგიძლიათ ივარჯიშოთ დღის ნებისმიერ დროს; ვიდეოები იყოფა 3 ჯგუფად და კვირის განმავლობაში იცვლება, მაგალითად, ერთი დღე კარდიო+პრესი, მეორე დღე - კარდიო+ფეხები, მესამე დღე - ხელები/ზურგი და ა.შ. ვიდეოები იცვლება დღეებისა და კვირების მიხედვით, პროგრესის პრინციპით; კვირაში 1 დღე ისვენებთ, ჯგუფში გხვდებათ დიეტის რამდენიმე ვარიანტიც.

- რა არის სახლში ვარჯიშის უპირატესობა?

- ამის შესახებ ხშირად მეკითხებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ეფექტური მხოლოდ დარბაზში ვარჯიშია. ეს არასწორი შეხედულებაა, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, მთავარია, რას აკეთებ და რამდენად სტაბილურად. ერთადერთი, ვისაც სიმძიმეებით ვარჯიში სჭირდება, მან აუცილებლად უნდა მიაკითხოს სატრენაჟორო დარბაზს. დაინტერესება დიდია, რადგან ონლაინვარჯიშმა ბევრის პრობლემა გადაჭრა. დროს არ კარგავ, არ გჭირდება პერსონალური ტრენერის აყვანა, რაც ძვირი სიამოვნებაა, ვიდეოებში დეტალურად მაქვს ახსნილი ყველაფერი, მაგრამ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მკითხონ ის, რაც აინტერესებთ.

პირველი დონე განკუთვნილია მათთვის, ვისაც არასდროს უვარჯიშია, მოდუნებულია, მაღალი წონა აქვს, ვარჯიშების რაოდენობა ცოტაა და ადვილია. გათვალისწინებულია, რომ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ შეიძლება, არც იცოდეს, მაგალითად, ხერხემლის. ამიტომ ვარჯიშები არ უნდა იყოს რთული. ისინი შემდეგ თვეებში, ეტაპობრივად რთულდება...

- რამდენ ხანშია შესაძლებელი შედეგის მიღწევა, ალბათ ამასაც ბევრი გეკითხებათ?

- ამ კითხვაზე პასუხია, აკეთებ მაქსიმუმს და იღებ შენს მაქსიმუმს. ვიღაცამ 12 დაიკლო, ვიღაცამ - ერთი, რომელს გაეჯიბრები? ერთი თვე რომ ივარჯიშებ ჩემთან, მაშინ გეტყვი ზუსტად, რამდენს დაიკლებ. საერთოდ, პირველ თვეს უფრო იკლებ, მერე - თანდათანობით.

305486385-609267134058263-6892119805938133749-n-1663660520.jpg

- რა ასაკიდანაა დასაშვები აქტიური დატვირთვა და დღის რომელ მონაკვეთშია შედეგიანი?

- დაშვებულია ნებისმიერ ასაკზე, ანუ ფიზიკურად შეეფერებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ 10 წლის ბავშვი დისტანციურად ყველაფერს სწორად ვერ მოისმენს და გააკეთებს. 14-15 წლიდან ამის პრობლემა აღარ არის.

რაც შეეხება დროს, თეორიულად ითვლება, რომ სჯობს დილას, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, შედეგისთvის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ისე ადრეც არ უნდა ივარჯიშო, რომ გეძინოს და არც ისე გვიან, რომ ვეღარ დაიძინო. შეგიძლიათ დღეში ორჯერაც ივარჯიშოთ.

- ალბათ ქალბატონები უფრო მოტივირებულები არიან, რაკი საქმე წონის კორექციას და გარეგნობას ეხება?

- სხვათა შორის, ადრე კაცები უფრო ზრუნავდნენ საკუთარ თავზე, ახლა ქალბატონები აქტიურობენ, მაგრამ კაცები გაცილებით პასუხისმგებლიანები არიან, იშვიათად, რომ გააცდინონ, ქალებს კი მიზეზი არ ელევათ, ხან საქმეს იმიზეზებენ, ხან - ბავშვებს, ხანაც ვერ ვგრძნობ თავს კარგადო. კაცები უსიტყვოდ აკეთებენ რასაც ვავალებ, ალბათ ქალი ტრენერის რცხვენიათ, რომ იწუწუნონ. ვიდეოს უწყვეტ რეჟიმში ვწერ და 10 ჩაჯდომაზე ან აზიდვაზე უკვე ცუდად არიან, მაგრამ ხმას არ იღებენ და უკეთეს შედეგსაც დებენ. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ: თავად ჩვენ ვართ მიზეზი იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით და რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში; ჩვენი ბრალია წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, მიღწევებიც და იმედგაცრუებებიც, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში, ჩვენს ბედნიერებაში და ზედმეტ წონაშიც კი...

ნინო ჯავახიშვილი