ანზორ მეხრიშვილის ფოტოგრაფია და ლაშქრობები ოჯახის თანხლებით - გზაპრესი

ანზორ მეხრიშვილის ფოტოგრაფია და ლაშქრობები ოჯახის თანხლებით

ანზორ მეხრიშვილის ფოტოგრაფიით გატაცება ლაშქრობისას დაიწყო. შესაბამისად, მის ფოტოებში ლანდშაფტები და პეიზაჟები ჭარბობს პორტრეტებს. "დადგმულ სცენებს" მასთან ვერ შეხვდებით, ყველაფერი "ნატურალური" და ბუნებრივია.

პროფესიით ეკონომისტი, ბოლო ათი წელია, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს და, როგორც კი დროს გამონახავს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს და ხშირად ასეთი ტური მათი თანხლებით იმართება.

- ფოტოგრაფიით ჩემი გატაცება 2012 წელს, ლაშქრობებით დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად დავდიოდი. 2013 წლიდან კი ასეთმა გასვლებმა უფრო სისტემატური ხასიათი მიიღო. სწორედ ლაშქრობები აღმოჩნდა იმის "ინიციატორი", რომ ფოტოაპარატი მეყიდა, რადგან მინდოდა, რასაც ვნახულობდი, ის ადგილები აღმებეჭდა. პირველი ფოტოაპარატი იყო "კენონ 1 200 დე", ნახევრად პროფესიული, რომელიც დღემდე მაქვს, თუმცა აღარ ვიყენებ. შემდეგ "ნიკონი" შევიძინე. 2018 წელს სვანეთში ლაშქრობისას "ჩეპე" მომივიდა: ღამით მდინარეში ჩავვარდი, პირადად მე მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია, მაგრამ მთელი ჩემი ტექნიკა წყალმა წაიღო. გამიმართლა, მდინარეში გაჩერება რომ მოვახერხე, ჩქარი დინება იყო, მაგრამ - არა ღრმა. მართალია გვიანი იყო და არ ვჩანდი, მაგრამ ქედზე მყოფ მეგობრებს ხმა როგორღაც მივაწვდინე, ისინი დამეხმარნენ. იმ დროს ვფიქრობდი, აღარაფერს გადავიღებ-მეთქი, მაგრამ მეგობრებმა დიდი სტიმული მომცეს, გარკვეული თანხა შეაგროვეს, მეც დავამატე და აპარატი შევიძინე. შარშან "ფუჯიზე" გადავედი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის მხრივ ამ საქმეში საკმაოდ დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული, ფოტოგრაფია არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა და არც შემოსავლის წყარო; დღემდე ჰობია.

- ალბათ საქართველოს დიდი ნაწილი მოვლილი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ძალიან დაკავებული ხარ, მაინც ახერხებ სხვადასხვა ტურის მოწყობას. დღეს რის მიხედვით გეგმავ მარშრუტს?

- იმ ჯგუფს, რომელთან ერთადაც თავიდან სიარული დავიწყე, დავუმეგობრდი, თუმცა, როგორც "სალაშქრო ჯგუფი", აღარ არსებობს. დღესდღეობით უმთავრესად მე და ჩემი მეუღლე ან რამდენიმე მეგობარი დავდივართ, ვინც ერთ მანქანაში ვეტევით. მრავალრიცხოვან ჯგუფთან და უცხო ხალხთან სიარული არ მიზიდავს, ამის აღარც სურვილი მაქვს, რადგან გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილო. ზოგჯერ შეიძლება გათენებამდე ვიღებდე ვარსკვლავიან ცას, სავსე მთვარეს და როცა ჯგუფთან ერთად ხარ, დილით შეიძლება 6 საათზე ვერ ადგე. უფრო კომფორტულია იმათთან ერთად მოგზაურობა, ვისაც ვიცნობ, ვენდობი და მთაში სიარულშიც გამოცდილი მყავს. ეს მეტ თავისუფლებას მაძლევს. სადაც მინდა, იქ დავბანაკდები, როცა მინდა, მაშინ გავიღვიძებ, დავიძინებ და გადაღების დროსაც არ ვიქნები შეზღუდული. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, ბევრგან სამ-ოთხჯერ და სადღაც მეტჯერაც ვარ ნამყოფი. არა მაქვს ნანახი არხოტის ხეობა და მთიანი აჭარა. ზოგჯერ კონკრეტული ადგილი, თუნდაც ერთი სეზონის განმავლობაში, შეიძლება იმდენად შეცვლილი დაგხვდეს, რომ ფოტოგრაფიის თვალსაზრისით, ყველა ჩასვლაზე სულ სხვადასხვა შტრიხი და ნიუანსი დაიჭირო. მარშრუტები დამიგეგმავს მთვარის ფაზების გათვალისწინებით ან კონკრეტული მოვლენის ჭრილში - მაგალითად, ბოლო ხანს ვიყავი ჭაუხებში, ბავშვების მეგობართან ერთად, და ორი მწვერვალი გადავიღე, რომლებიც მანამდე არ მქონდა გადაღებული. ლაშქრობა არ დამიგეგმავს სეზონის მიხედვით, მაგრამ თუ წყლის გადაღებას ვაპირებ, წყალუხვ სეზონს ვამჯობინებ, განსაკუთრებით - მაის-ივნისის პერიოდს. არის ადგილები, რომლებიც კონკრეტულ სეზონზე უნდა ნახო. მაგალითად, სვანეთში ოქროსწყლის ტბაა, რომელიც აგვისტოში მაქვს ნანახი და ივლისის დასაწყისშიც, როცა გაყინული იყო. როცა ტბის გადასაღებად მივდივარ, მირჩევნია, ის გამლღვალი ან ნახევრად გაყინული იყოს და - არა სრულად, ზამთარში ტბების გადასაღებად არ დავდივარ. ძალიან მიყვარს ჯავახეთი და სულ ვცდილობ ვნახო ბუღდაშენისა და მადატაფას ტბები, სადაც გადამფრენი ფრინველები ბუდობენ. საქართველოს რეგიონებს შორის სვანეთი ჩემთვის ნომერ პირველი ადგილია, სადაც ყოველ წელს ჩავდივარ, მინიმუმ - ერთი კვირით. ათი წელია, ფაქტობრივად შვებულების ნახევარს იქ ვატარებ და ეს რეგიონი ვერ ამოვწურე. ბევრი საფეხმავლო მარშრუტი მაქვს გავლილი. წელსაც მქონდა ერთი "აღმოჩენა" და ეს სოფელი იელი იყო, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შედარებით უყურადღებოდ მიტოვებული სოფელია, რომელიც ცენტრალურ გზაზე არ არის და წყნარი, კომფორტული ადგილია.

- წელსაც იყავი სვანეთში, ბევრი ფოტო გადაიღე. ამჯერად იქ რამდენ ხანს დარჩი?

- სვანეთში 2 კვირა ვიყავი. ამ ადგილზე ვგიჟდები. საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი ფოტო გადავიღე. წელს საინტერესო იყო ერთი ფაქტიც. სამი შვილი მყავს: სალომე, სოფიო და ალექსანდრა. ჩემი უფროსი შვილი - სალომე 9 წლის არის და ვიყავი ადგილზე, სადაც პირველად მაშინ ავედი, როცა ლაშქრობა დავიწყე და ისიც ჩემთან ერთად იყო. მაშინ მხოლოდ ერთი შვილი მყავდა და მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, სადაც მივდიოდით, ბავშვიც თან წაგვეყვანა. ერთხელ "კენგურუში" ჩავსვით და წავედით ყაზბეგში. საკმაოდ დამღლელი, 5-საათიანი აღმართი ხელში აყვანილი ვატარეთ. იგივე მარშრუტი გავიარეთ 7 წლის შემდეგ, მაგრამ ცხადია, ამჯერად სალომემ უკვე თვითონ იარა, ყოველგვარი წუწუნის გარეშე.

- როგორც ვაკვირდები, შვილები სულ თან დაგყავთ ამა თუ იმ კუთხეში. ფაქტია, მეუღლე შენი თანამოაზრეა. ანა ლაშქრობისას ხომ არ გაიცანი?

- არა, თუმცა ლაშქრობებში სიარული ერთად დავიწყეთ. ვცდილობთ, შვილები თან ვატაროთ. სხვადასხვა წელს ცალ-ცალკე მყოლიან. მაგალითად, უფროსი გომის მთაზე მყავდა, შემდეგ - შუათანა. წელს მე და ჩემმა მეუღლემ შუათანა და უმცროსი ჭაუხებში წავიყვანეთ, სადაც კარვით, ღამისთევით ვიყავით. ივნისი იყო, მაგრამ საკმაოდ ციოდა და გარშემო თოვლი იდო. ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო. განსხვავებული ადგილები მოინახულეს და უჩვეულო რელიეფსა და პირობებშიც ეძინათ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გახლდათ თითოეული ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, იმ ასაკში, რომელშიც ჩვენი შვილები არიან, იგივე პირობები და საშუალება ჩვენც რომ გვქონოდა, ალბათ სხვანაირები გავიზრდებოდით. პატარ-პატარა წესებით, თამაშებით ისეთი დეტალები ამახსოვრდებათ, რომლებიც შეიძლება ბევრმა უფროსმაც არ იცოდეს, თუ მსგავს რაღაცებთან შეხება არა აქვს.

- შენი აზრით, მრავალფეროვანი და ჭრელი შემოდგომა განსაკუთრებით ლამაზი რომელ კუთხეში ან ადგილზეა?

- ჩემი აზრით, სადაც ვყოფილვარ, იმ ადგილებს შორის, შემოდგომისას ძალიან ლამაზია რკონის ხეობა, რომელიც თბილისთან ახლოსაა. ასევე, ძამას ხეობა, ბატეთის ტბით. ულამაზესია რაჭა, განსაკუთრებით, უღელტეხილით საჩხერიდან რაჭის მხარეს დაშვებისას, ძალიან შთამბეჭდავი ხედებია. სვანეთში შემოდგომით ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სხვა ფოტოგრაფების სურათებში რაც მინახავს, ეს ადგილი შემოდგომისას ულამაზესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლს ჩამოყრის შედარებით დაბალ მწვერვალებზე და, შემოდგომისთვის დამახასიათებელ ფერებთან ერთად თეთრიც გხვდება - არაჩვეულებრივი კონტრასტია. აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, დედოფლისწყაროს რაიონში. ფაქტობრივად, აქ შეგიძლია ნახო ქართული უდაბნო, თავისი დამახასიათებელი ლანდშაფტით, ფრინველებით და, თუ გაგიმართლა, ცხოველითაც. წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ ვეცდები, ამ ზამთარს ბორჯომ-ხარაგაულში წავიდე.

2anzori-da-salome-1663660795.jpg

- საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ან პირადად შენს უცხოელ სტუმარს, უწინარესად რომელი კუთხის მონახულებას ურჩევდი? რას გაუწევდი რეკომენდაციას?

- გააჩნია, დრო რამდენი აქვს, თუმცა პირველ რიგში, ალბათ მაინც კახეთით უნდა დაიწყო და მერე ანახვო სტუმარს მთაც. შეიძლება ეს იყოს სვანეთი, თუშეთი ან პირიქითა ხევსურეთი, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული რელიეფი და ისტორია აქვს. შატილი, მუცო, არდოტი, სადაც მართალია, ინგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია კოშკები. ვისურვებდი, გზების თვალსაზრისით უკეთესი ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იმ ქვეყნებს ვგავდეთ, სადაც ნებისმიერ "მიუდგომელ ადგილას" გზა გადის და არ არსებობს რისკი იმისა, რომ ხევში გადაიჩეხები და დაშავდები.

- დაბოლოს, შენი გადაღებული ფოტოებიდან რომელია შენთვის ყველაზე ძვირფასი?

- გამორჩევა გამიჭირდება, მაგრამ იყო ფოტო, რომელმაც იმაზე პოპულარული გამხადა, ვიდრე ვიფიქრებდი. ესეც ისევ და ისევ სვანეთს უკავშირდება, სადაც ცხენების ფოტო გადავიღე. ამ შავ-თეთრმა კადრმა მობილური კავშირის კომპანიის კონკურსშიც გაიმარჯვა. რამდენიმე ფოტო სხვადასხვა საიტიდან მაქვს გაყიდული, სხვადასხვა გამომცემლობას აქვს შეძენილი სავიზიტო ბარათებისა და ილუსტრაციებისთვის და თითქმის ყველგან ცხენების ეს ფოტო გამოვიყენე. სანამ ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა, ჩემთვის ერთი რიგითი ფოტო იყო, მაგრამ იმდენად პოპულარული გახდა, მეც სხვა თვალით შევხედე (იღიმის). ფაქტობრივად, ხალხი განსაზღვრავს, შენი გადაღებული ფოტოებიდან რომელია რეალურად ყველაზე კარგი.

ანა კალანდაძე