რა ეგონა გოდერძი ჩოხელს ჯადო და რას ნიშნავს სიტყვა "ნიგაძიაი" - გზაპრესი

რა ეგონა გოდერძი ჩოხელს ჯადო და რას ნიშნავს სიტყვა "ნიგაძიაი"

გოდერძი ჩოხელის მოთხრობებში, ლექსებსა და ფილმებში ერთდროულად არის სევდა და იუმორი, სიყვარული და ადამიანების თავისებურად დანახვა, ფიქრი სიცოცხლესა და სიკვდილზე... ამჯერად, მისი მოგონებების ღიმილიან ნაწილს შემოგთავაზებთ წიგნიდან "გუდამაყრული იები" (ავტორი ლელა ჯიყაშვილი), რითაც კიდევ ერთხელ გავიხსენებთ თავისი შემოქმედებით გამორჩეულ ხელოვანს.

ჯადო

"ვაჟი გოგი დედაჩემის ძმა იყო, ვაჟი თვითონ დაირქვა - ვაჟკაცი ვარო... ძალიან უყვარდა რადიო. ცხვარი რომ მოჰყავდა და ორჯონიკიძეზე გამოივლიდა, აუცილებლად იყიდდა რადიოს და ბურსაჭირში ამოიტანდა. ეს იყო დღესასწაული. ყოველ გაზაფხულზე ვაჟი გოგის ველოდებოდი, გამოჩნდებოდა მისი ფარა და გავეგებებოდი, ისიც რადიოს ამოიღებდა ჯიბიდან. შემოდგომაზე რომ წავიდოდა, ძველ რადიოს მე მჩუქნიდა. ერთხელ წვიმდა. მოვისხი ვაჟი გოგის საწვიმარი და ცხვრისკენ გავიქეცი. რო მოვატრიალე ცხვარი და შინისკენ წამოვედი, ხელი ჯიბეში ჩავიყავი. რაღაც მომხვდა. ამოვიღე მოყვითალო თვალებდაჭყეტილი რაღაც, კუდით კი ჰგავდა თევზს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ თევზი იყო. მდინარეში თევზი როგორ არ მენახა, კალმახს ხომ ვიჭერდი ხოლმე, მაგრამ ჯიბეში რაც ვნახე... გავიხადე ლაბადა და მოვისროლე თავის ჯადოიანად. შინ გაწუწული შევედი. ვაჟი გოგიმ მკითხა: საწვიმარი რა უყავიო? გადავაგდე, ჯიბეში რაღაც საშინელი იყო-მეთქი. რა იყოო? გაბრტყელებული, თვალებდაჭყეტილი, თევზივით კუდიანი რაღაც-მეთქი. ეგა, დისშვილო, "კაფჩონი" თევზია, მაგას ლუდთან ერთად არაფერი სჯობიაო".

"მოდი და ნუ გაგეცინება..."

"პარტისტორიის ლექტორმა დამიძახა ერთხელ: ჩოხელო, შემოდიო. შევედი. საიდან ხარო? - მეკითხება. დუშეთის რაიონიდან-მეთქი. თქვენთან რა დღესასწაულები იცითო? ჩამოვუთვალე: აღდგომა, ახალი წელი და პირველი მაისი... რა ჰქვია მაგ პირველი მაისის დღესასწაულსო? რა ვიცი, პირველმაისობას ვზეიმობთ-მეთქი. კარგიო და, ახლა დუშეთში დაურეკა ვიღაცას: როდის გაქვთ საპირველმაისო დღესასწაული? - ეკითხება სერიოზულად. იქიდან უთხრეს, პირველ მაისსო... მოდი და ნუ გაგეცინება..."

"ნიგაძიაი"

"სტუდქალაქში სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული სტუდენტები ცხოვრობდნენ - იყო აფხაზეთის ჯგუფი, ჩეჩნების, ყარაჩოელების... შემიყვარდა აფხაზი გოგო. ისეთ დღეში ჩავვარდი, ისედაც სიფრიფანა ვიყავი, სულ სიფრიფანა გავხდი. დილით გავდიოდი ვაკის პარკში, ვკრეფდი ყვავილებს, მომქონდა და იმის კართან ვაწყობდი. იცოდა, რომ მიყვარდა. მეკითხებოდა ხოლმე, - რატომ არ მელაპარაკებიო? ვერ ველაპარაკებოდი, ცუდად ვხდებოდი. ერთი ბიჭი იყო, ამისი "შებმა" უნდოდა. ერთხელ დავინახე, ეს ბიჭი მოსულა თეატრალური ინსტიტუტის გაჩერებაზე, ელაპარაკება ამ გოგოს. ვიფიქრე, უკვე გაჩარხული აქვთ საქმე-მეთქი. კიდევ რომ მკითხა, რატომ არ მელაპარაკებიო? ვუთხარი: შენ რომ ალექსი გიყვარს, იმიტომ-მეთქი. - ალექსი ნიგაძიაიო, - თქვა. მე მეგონა, ნიგაძიაი კარგ ბიჭს ნიშნავდა, ამაზე სულ გადავირიე... კიდევ კარგი, მალე დაამთავრეს აფხაზებმა თბილისში სწავლა და წავიდნენ".

კაზინოში

"მოსკოვში "მიჯაჭვულ რაინდებს" რომ ვახმოვანებდით, რამაზ ჩხიკვაძემ კაზინოში წამიყვანა. ფული რო წააგო, კინაღამ გავგიჟდი. თვითონ ისე იქცეოდა, თითქოს ყოველდღე აგებდა ფულს და არაფერი იყო. მე რო შემატყო ცუდად გავხდი, მკითხა:

- რა იყო, გოდერძო?

- რამდენი წააგე-მეთქი? - ვკითხე შეშინებულმა.

- მაინც რამდენი?! - მომიბრუნდა ხალისიანად. - მაგდენი ფული განა რამდენ ცხვარს იყიდდა?!

- რა ვიცი, ალბათ, 1500 ცხვარს.

- მერე მაგდენი ცხვრის ყურებას, ამ კრუპიეების ყურება არ გირჩევნიაო? - მითხრა სიცილით".

c467894894f4c68a8363eca4a955816d-1663661058.jpg

გამომსახველი მკვდარი

"გადაღებებია, რომელ ქისტს ჩააწვენ კუბოში და გადაუღებ, ვითომ მკვდარია... არც ერთი არ დამთანხმდება... ბერტა ხაფავა ავიყვანე მკვდრის როლზე. მომერიდა, როგორ მეთქვა, მარტო მკვდარი იქნები-მეთქი... ამიტომ ვატყუებდი, ეს ფინალია, როლში მერე გადაგიღებ-მეთქი. მერე, როცა დავასრულეთ ყველაფერი, მკითხა, მაინც რატომ ამიყვანე მკვდრის როლზეო? შენნაირი გამომსახველი მკვდარი სხვა არავინ იყო-მეთქი. იცინოდა, ამ ამბავს ყველას უყვებოდა. ფილმში ვიღებდი ირაკლი მარსაგიშვილს - პატარა ბიჭს. უყურებს ირაკლი - ბერტა მოკვდა, დავმარხეთ. მერე ისევ ადგა... წასულა, დედამისისთვის უთქვამს: არაფერი დაიჯერო, რასაც კინოში ნახავ. მკვდარი იყო, დაასაფლავეს, ადგა და სიგარეტს ეწეოდაო".

ორი ჯუზი

"ჩემს მეგობარს ძაღლი ჰყავდა - ჯუზი, კოკერ-სპანიელი. ნახევარზე მეტი ამ ჩემს მეგობართან ვიყავი ხოლმე. იმისი ცოლიც - მარინა ჩემი მეგობარი იყო. მივლიდნენ, გადასხმებს მიკეთებდა, როცა დავლევდი. ერთხელაც ძალიან ცუდად ვიყავი. ჯუზი სულ დარდობდა ხოლმე, შემოვარდებოდა-გავარდებოდა. ცოტა შვება რომ მომეცა და კარგად ვიგრძენი თავი, დავუძახე: მარინა, მოდი, ავდგები.

- რატომ, კარგად გახდი?

- კარგადა ვარ, ლოგინი აალაგე, ვუთხარი.

აალაგა, ჩამოვჯექი. ვხედავ, შემოვარდა ერთი ჯუზი, შემოჰყვა მეორე ჯუზი. გავა ორი ჯუზი, შემოვა ერთი, გავა ერთი - შემოვა ორი ჯუზი.

- მარინა, მარინა! - ვუყვირი.

- რა იყო?

- გაშალე ლოგინი, ცუდად ვარ!

- რა მოგივიდა, ახლა არა თქვი, კარგადა ვარო?

- რა კარგად, ჯუზი ორად მეჩვენება, - ვუთხარი.

დაიწყო სიცილი. თურმე წინა კორპუსში დედალი კოკერ-სპანიელი ჰყავდათ. ჯუზი მამალი იყო და ის დედალი მოუყვანეს. მე კი მეგონა, გაორება მქონდა თვალებში..."

choikhel-1663661032.jpg

პანღურები

"ბაკურხეველ ხევსურში" ჩემი ძალოები არიან გადაღებული. არ მთანხმდებოდნენ ფილმში თამაშზე. დედაჩემმა სთხოვა და იმას უარი ვერ უთხრეს, მერეღა დამთანხმდნენ. ვაცეკვე, ვათამაშე, ვარბენინე. იმ ადგილას რომ მივედით, კაცისთვის პანღური უნდა ამოეკრათ, ეხლა, ოოო! ეხლა, არაო! - რატომ-მეთქი? სად გაგონილა, ქალმა კაცს წიხლი ამოარტყასო. დედაჩემს ვათხოვნინე ისევ. ხათრის გამო ყველა დამთანხმდა, კოტორაათ ქალი კი - არა. გავიყვანე გვერდით, ვუთხარი: ბები, შენ ხომ მაინც იცი, გამოვლილი გაქ მსახიობობა ("ადგილის დედაში"), ყველაფერი მართალი კი არ არი, მართლა კი არ ამოარტყამ, ვითომ არტყამ-მეთქი.

- მაგიტო არ ვამბობ უარსა, შვილოო.

- აბა, რატო არ გინდა-მეთქი.

- მაგ კაცსო ცოლი ჰყავსო?

- კი, ჰყავს-მეთქი.

- რო ამიცდეს ფეხი და ისეთ ადგილას ამოვარტყა, კაცობა დავაკარგვინო, სად მიდიხარ მერეო.

სინამდვილეში პანღურის ამოკვრა ერიდებოდა. ბოლოს, ვუთხარი: ნუ გეშინია, იმ ადგილას "ჟეშტები" მაქ ამოკრული მაგ კაცისთვის-მეთქი და დამთანხმდა.

საოცარი კი ის იყო, რო ის კაცი, ვისთვისაც პანღური უნდა ამოერტყათ, ვაჟა ჯალაღონია გახლდათ - ჩემი ფილმის მხატვარი. იმას ცოლიც თან ჰყავდა წამოყვანილი. მე უარს ვეუბნებოდი, არ წამოიყვანო-მეთქი. ის გვეხვეწებოდა, - წამიყვანეთო. ის კი იცოდა, მის ქმარს რო ვიღებდი, მაგრამ ვდარდობდი, რო ნახოს თავის ქმარი, სუ პანღურებს რო ურტყამენ, ვაითუ პროტესტი განაცხადოს-მეთქი. მეც მაწუხებდა კოტორაანთ ქალივით ეგ ამბავი".

მანქანა

"მანქანის ტარება ახალი ნასწავლი მქონდა. ბეჭები მტკიოდა, ისე დაძაბული დავდიოდი. მანქანაც ახალი ნაყიდი მყავდა, კარგად არ ვიცოდი ტარება. წავედი ჩოხში მარტოკა. მივედი და გავაჩერე. გამოვიდნენ ჯღუნა, ბერი, ჩემი ძალოები, მომილოცეს მანქანა... ვილაპარაკეთ, დედაჩემი ბურსაჭირში იყო, ვერა ვნახე. უკან უნდა წამოვსულიყავი, დავემშვიდობე იმათ და... არ გინდა წამოხვიდე? მანქანის მოტრიალება არ ვიცოდი. უნდა გენახათ, მთელი სოფელი როგორ ატრიალებდა ჩემს მანქანას - როგორც მარხილს. აი, ესე წამოვედი, მშვიდობაში და მზით გაცვითეო, - მომაძახეს გზაზე დამდგარს. მეორე ამბავიც მახსოვს: ფასანაურში ვარ. მანქანაზე სიგნალიზაცია მქონდა დაყენებული, გამომირთავს თურმე. ვქოქავ და არ იქოქება. გაფუჭდა მანქანა და ეგ არის, ვფიქრობ... მაინც, როგორღაც მინდა ავამუშაო. ჩემი ძალოები აწვებიან და აწვებიან, დაიხოცნენ. ერთი კილომეტრი რაღაცნაირად ვაგორეთ. მერე ბალღმა მკითხა: შენაო, სიგნალიზაცია ხო არ გაქ დაყენებულიო. დამარტყა თავში... აღარა ვთქვი, შემრცხვა. ჩავრთე და დაიქოქა. გაეხარდათ ძალოებს: გაკეთდა, გაკეთდაო, - ყვიროდნენ".

ინსპექტორები

"ერთხელ მანქანას კარები არ ეღებოდა გარეთიდან, შიგნიდან - ეღებოდა. ჩემ მხარეს ღიას ვტოვებდი, თუ იქვე ვიყავი, თუ არადა, საბარგულის კარს ვტოვებდი ღიად. იქიდან გადავძვრებოდი და გავაღებდი. გამაჩერა ინსპექტორმა, გამომართვა საბუთები. უფროსი მოსკვიჩში იჯდა ცოტა მოშორებით, მაშინ ხო ეგრე იყო... ამიშარდა, შენაო, ნასვამი ხარო. არა ვარ-მეთქი. წაიღო საბუთები მეორე ინსპექტორთან, მოშორებით ჩრდილში მანქანაში რო იჯდა. - უფროსო, მთვრალიაო, უთხრა. უფროსმა შემომხედა და გაუბრაზდა, - შენა, არ უნდა იცნობდე ხალხსა, არ უნდა იცოდე, რო ეს კაცი გოდერძი ჩოხელია?! მიეცი ჩქარა საბუთებიო. ამან გაბრაზებულმა წამოიღო საბუთები, მანქანაში შეყარა და კარი მიმიჯახუნა. დავრჩი გარეთ. რა უნდა მექნა... გავაღე საბარგულის კარი და მივძვრები. იმისი სახე და ღრიალი უნდა გენახათ: უფროსო, უფროსო! ნახეთ, თუ მთვრალი არ არის, საიდან მიძვრება მანქანაშიო!"

ნანული ზოტიკიშვილი