ცხოვრება დერუსიფიკაციის შემდეგ... - გზაპრესი

ცხოვრება დერუსიფიკაციის შემდეგ...

ნახევარწლიან სასტიკ და უთანასწორო ბრძოლას, რომელსაც რუსეთი 24 თებერვლიდან უკრაინაში აწარმოებს, ათასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ასობით ბავშვი შეეწირა... თუმცა, ბოლო დღეებში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმდენად წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს, რომ მოკლე ხანში ოკუპანტებისგან ათობით ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. დასავლეთში უკვე არც კი ჩნდება ეჭვი, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა დემორალიზებულ რუსულ ჯართან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უბრძოლველად ტოვებს დაკავებულ ტერიტორიას. სამხედროებს ხშირად ერთმანეთთან კომუნიკაციაც არ აქვთ, ამიტომ შეუთანხმებლად ტოვებენ დასახლებებს, სამხედრო მასალებს, ტექნიკას, შეიარაღებას, ასევე ტოვებენ დაჭრილებსა და დაღუპულებს...

ადგილობრივების თქმით, გამარჯვების გზაზე დასადგომად, მათ უმძიმესი პერიოდის გავლამ მოუწიათ. იყო დღეები, როდესაც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას, ცის დანახვასა და მშვიდ დროს ნატრობდნენ, როდესაც განგაშის სიგნალი არ ირთვება და სახლებიდან გამოვარდნა არ მოუწევთ.

მარია ჰურგოვსკაია ჟურნალ "გზასთან" საუბარში ჰყვება იმ მძიმე დღეებზე, როდესაც სარდაფებსა და სხვადასხვა შენობაში მიცვალებულებსა და დაჭრილ ადამიანებთან უწევდათ ყოფნა, ჭამდნენ უშუქოდ, ეძინათ მორიგეობით შუაცეცხლთან, ძველ სკამზე ან პირდაპირ ბეტონზე, მიწაზე, ასფალტზე, დაბომბვისგან ჩამოყრილ ნარჩენებზე... მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ, ისინი არ წყვეტენ სარაკეტო შეტევებს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ამიტომ, წინსვლის მიუხედავად, მშვიდად ყოფნის საფუძველი ჯერ მაინც არ აქვთ.

ukraiana-3-1663661467.jpg

- ზამთრის პერიოდს რომ ვიხსენებთ, იმასთან შედარებით ახლა ბედნიერად ვცხოვრობთ, მაგრამ იმ მწარე დღეებს ვერასდროს დავივიწყებთ... დასალევად სუფთა წყალი, ადამიანური ძილი და სიმშვიდე, ცხელი ჩაი და ყავა გვენატრებოდა. მშურდა იმ ადამიანების, ვინც ძილში ან უეცრად, წვალების გარეშე დაიღუპა. ვუყურებდი ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ვისთან ერთადაც გავიზარდე და მიკვირდა, როდის გახდნენ ასეთი მამაცები, შეუდრეკლები და თან, ცივსისხლიანები. ოჯახის წევრს, ნათესავს, მეზობელს დავმარხავდით და ცხოვრებას ვაგრძელებდით. ბოსტნისთვის მიწას ვამუშავებდით, მერე კი მოსავლის ასაღებად ვემზადებოდით; დაბომბილი სახლებიდან ნარჩენები გაგვქონდა და რაღაცებს ვარემონტებდით; დამწვარ ან დამსხვრეულ კარ-ფანჯარას ვცვლიდით, ან ტენტებს, ბრეზენტს ვაფარებდით, ცხოვრების გაგრძელება რომ შეგვძლებოდა. დაბომბილი ადგილებიდან მიწა მოგვქონდა და ეზოში ჩამოვარდნილი ჭურვისგან გაჩენილ ორმოებს ვავსებდით... ჩამონგრეული შენობებიდან ცხედრები გამოგვყავდა, ჩვენ-ჩვენს მიცვალებულებს ვპოულობდით, ხის ჯვარს დავუსვამდით, ჭიქას წავუქცევდით, ტირილით გულს ვიჯერებდით და საქმეს ვუბრუნდებოდით.

ჩემს მეზობელ კაცს, ფრონტის ხაზიდან შინ მომავალი შვილი გზაში მოუკლეს. ჭურვი აფეთქდა და ნამსხვრევმა იმსხვერპლა. არადა, რამდენიმე დღით გამოუშვეს, ავადმყოფ დედას მძიმე ოპერაცია გაუკეთეს და უნდა მოენახულებინა. სახლიდან რამდენიმე მეტრში მოუკლეს შვილი. ნაოპერაციევი ცოლი, რომელიც გადარჩა, პალატაში გადაიყვანეს და ისიც დაბომბვას ემსხვერპლა. პოსტოპერაციული განყოფილება მთლიანად დაბომბეს და ამას სამი ექიმი, 10-ზე მეტი პაციენტი შეეწირა. დაბომბვისას დაზიანდა სისხლის ბანკიც, რასაც დამატებითი მსხვერპლი მოჰყვა, რადგან ავადმყოფებს, დაჭრილებს, პაციენტებს სისხლით ვერ დაეხმარნენ. რუსებმა, კოლაბორაციონისტების დახმარებით, ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მხოლოდ იარაღით კი არა, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით გვებრძოდნენ. ბომბავდნენ სურსათის მაღაზიებს, საწყობებს, საავადმყოფოებს, ადმინისტრაციულ შენობებს, სკოლებსა და ბაღებს... მათი რუპორები გვეუბნებოდნენ, უთხარით, მოსთხოვეთ, აიძულეთ თქვენი ხელმძღვანელობა, რომ წინააღმდეგობა შეწყვიტონ, ყველაფერი დაუზიანებელი დარჩება და ძველებურად ძმურად ვიცხოვრებთო. მიაჩნიათ, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ, საერთო წარსულით. შემდეგ დავიწყეთ სხვა ენაზე ლაპარაკი, რომელიც სინამდვილეში თურმე რუსულია და ხელოვნურად ჩაამატეს რაღაც ბგერები, სიტყვები... მოკლედ, ხარკოვის ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა პროპაგანდას ეწეოდნენ. ზოგიერთს ჩანთაში ან მაგიდის უჯრაში წითელი, ნამგალი და უროიანი დროშაც კი ჰქონდა. ასევე, პლაკატები, რომ რუსეთი სულ ჩვენთან არის, იყო, იქნება, რომ ის მოძმეებს არასდროს ტოვებს და მსგავსი ამაზრზენი სისულელეები, რომლისაც თავადაც არ სჯეროდათ... მუდმივი დაბომბვების, სროლების, აფეთქებების, სნაიპერული ჩასაფრებების ფონზე, ასეთი ქმედებები ისტერიკაში გვაგდებდა. რუსი სამხედროები მშიერ-მწყურვალი, გამოხეული ჩექმებითა და ჭუჭყიანი, ორი ან სამი ზომით დიდი სამხედრო ტანისამოსით დადიოდნენ, მაგრამ უკრაინულზე რუსულად გადასაწერი საშუალებები, რუსეთის ან საბჭოთა კავშირის დროინდელი დროშები და რაღაც სიმბოლიკები სულ ჰქონდათ. მინჯღრეულ-მონჯღრეული სამხედრო სატვირთო მანქანიდან გადმოვიდოდნენ, რუსულ წარწერიან ბანერს გააკრავდნენ, დროშას გადმოფენდნენ ან ბოძზე ააფრიალებდნენ, როგორც "უძლეველი ქვეყნის" სიმბოლოს და ახლომახლოს თუ ვინმეს თვალს მოჰკრავდნენ, პურსა და არაყს სთხოვდნენ.

მე ხარკოვში ვცხოვრობ, დედაჩემი ხარკოვის ოლქის შევჩენკოვის რაიონში, სოფელ ველიკი ხუტორში. მან ბევრად მეტი საშინელება ნახა. მე, ჩემი მეუღლის დამსახურებით, რომელიც სამხედრო პირია, იქაურობა დავტოვე და შედარებით უსაფრთხო ადგილას გავედი. დედა, დეიდა, ბებია და მისი ახლობლები რამდენიმე თვე სარდაფში იმალებოდნენ, რადგან რუსმა სამხედროებმა იქაურობის აღების შემდეგ, საშინელებები დაატრიალეს. როდესაც ბუჩასა და ირპენზე ჰყვებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, ჩრდილოკავკასიელებმა, კაზაკებმა, ჩეჩნებმა, ბურიატებმა არაადამიანური სისასტიკეები ჩაიდინეს, სულ მახსენდებოდა დედაჩემის მონაყოლი - როგორ არ მისცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღაზიის გასაღები ოკუპანტებს, რის გამოც მთელი ოჯახი, სადღაც წაიყვანეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ...

- დღემდე არ იცით, იმ ოჯახს რა მოუვიდა?

- არა, არაფერი ვიცი. ორი არასრულწლოვანი გოგონა ჰყავდათ, 14 და 16 წლის, ერთი ეტლით დადიოდა. ერთი ვერსიით, მთელი ოჯახი რუსეთში გადაიყვანეს, ე.წ. ფილტრაციის ბანაკების შემდეგ კი, სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანეს. ახლა, როდესაც ხარკოვის ოლქის დეოკუპაცია გვეღირსა, უამრავი ტრაგიკული ამბის შესახებ ვიგებთ - "მოკლეს", "აწამეს", "ჩაცხრილეს", "გააუპატიურეს", "დაიკარგა" - ამ ფრაზებით იხსენიებენ გარშემო ნაცნობებს... ქალაქში საშინელი სუნი ტრიალებდა, რასაც თანდათან შევეჩვიეთ. რომელიმე დაბომბვის შემდეგ ჩამოქცეულ შენობასთან გავივლიდით თუ არა, უცნაური სუნი გვცემდა, დამწვრის და კიდევ რაღაცის, ეს რაღაცა ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნივთები იყო, კვირაობით ან თვეობით სარდაფში მყოფი ადამიანებისა, რომლებმაც მასირებული საარტილერიო შეტევებისას ან სარაკეტო თავდასხმებისას თავშესაფრიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს... ახლაც, რუსების გაყრის შემდეგ, იპოვეს ადამიანები, მოხუცები, ოჯახები, რომლებიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რუს სამხედროებს რამდენიმე თვის განმავლობაში სარდაფებში ემალებოდნენ. კადრები, რომლებიც ვნახეთ, ძალიან ჰგავდა ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ სხვადასხვა ქალაქში გადაღებულ ეპიზოდებს. ხალხს ეუბნებოდნენ, - აქაურობა გაწმინდეთ, თორემ ეს სუნი ქალაქში დიდხანს დარჩებაო. ასეთ დროს, საკუთარი უმწეობისგან ვიხრჩობოდი.

ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცი, მაგრამ ის, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩემს ქვეყანაში ჩაიდინეს, თავად ვნახე... საღამოობით დალევდნენ და ამა თუ იმ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში გახსნილ სამხედრო შტაბში, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიდნენ. არაორგანიზებულობა, დემორალიზებული, შეშინებული, მშიერი, გადაღლილი და უმოტივაციო ჯარისკაცები ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდნენ...

- რა ხდება ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქალაქში?

- თავიდან სხვაგვარი რიხითა და მოტივაციით იყვნენ: შეეგუეთ, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ევროპასა და ამერიკას მალე მოჰბეზრდებათ კონფლიქტები, ზამთარი კარს მოგვდგომია და გაზის, კომფორტის გარეშე ევროპელი ვერ გაძლებს, რუსი უკრაინელი კი არ არის. იცოდეთ, რუსული არმიის დამმარცხებელი ჯარი ჯერ ნატოსაც არ შეუქმნიაო... შემდეგ თანდათან შეცვალეს ტონი, აღარ იწუხებდნენ თავს ჩვენს გადასაბირებლად. თავიდან, შენობის ნანგრევები გაჰქონდათ, დაწყვეტილ ელექტროსადენებს აერთებდნენ, ბოძები ჩასვეს, შემდეგ ესეც მოჰბეზრდათ და ჩუმად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ "ზელენსკი არ მოისვენებდა და ხელახალი შეტევისთვის ემზადებოდა". ამაზე ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ საუბრობდნენ და გვიკვირდა. ჩვენ ხომ რუსული საინფორმაციო საშუალებისგან ვისმენდით ახალ ამბებს, სადაც ყველაფერი კარგად იყო, რუსები გმირულად მიიწევდნენ წინ, მაგრამ ბოლო ხანებში მათი რუპორები გასაქცევად გზებს ეძებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ყველაფერი კარგად არ ჰქონდათ... ჩვენებს საკმარისი იარაღი არა აქვთ და ცოტა ამოსუნთქვა, ახალი სისხლი, გონივრული გადაჯგუფება, სტრატეგიული სიახლეები გვჭირდება, - გვესმოდა ბოლო დღეებში და ვხვდებოდით, რომ შორს არ იყო მათი წასვლის დრო, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავით, რომ ეს დღე დადგებოდა.

ინტერნეტით გავიგე, რომ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, 11 სექტემბერს, უკრაინამ 20 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისინი იღებენ ზომებს აღნიშნულ დასახლებებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თუმცა, მოსახლეობას მოგვიწოდეს, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობდა შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხეები და შედეგმაც არ დააყოვნა, მაგრამ ქაოსურად ისროდნენ და სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ პუნქტებს აზიანებდნენ. ერთი კაზაკის ნათქვამი გამახსენდა: კიდევაც რომ წავიდნენ ახლა რუსები აქედან, ერთი ხელის გაწვდენაზე ხართ და უკრაინას ერთი დღეც არ ექნება მშვიდი, ხან ერთი მხრიდან დაიბომბებით, ხან მეორიდან, ხან ჰაერიდან, ხან ზღვიდან. წყალქვეშა ნავები არც კი გამოუყვანიათ ჯერ, შორ დისტანციაზე რაკეტებზე რომ არაფერი ვთქვათო...

უცნაური შეგრძნებაა, როდესაც შენი პატარა ქვეყნის არმია ისეთ სახელმწიფოს უგებს, რომელსაც თავისი არსებობის განმავლობაში თითქოს, იარაღის შექმნის მეტი არაფერი უკეთებია, თუმცა საბოლოოდ, სანუკვარი ოცნების ასახდენად, "საბჭოთა კავშირი 2-ის" შესაქმნელად, მაინც ჟანგიანი ტანკებითა და იარაღით შემოვიდა სხვა ქვეყანაში...

- რა განცდა გქონდათ, როდესაც თქვენი სამხედროები დაინახეთ?

- როდესაც ბრძოლები მიმდინარეობდა, ჩვენ იქ არ ვიყავით, მაშინ დავბრუნდით, როდესაც ქალაქსა და მთლიანად ხარკოვს უკვე ჩვენები აკონტროლებდნენ. თუ მტრის, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცს დანახვისთანავე ვეკითხებოდით - რა გინდათ, პური თუ წყალიო? ჩვენმა ბიჭებმა აქეთ გვკითხეს, - რა გჭირდებათ, რით დაგეხმაროთო?.. ეს საოცარი განცდა იყო. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრების თვალებზე ცრემლი არ მინახავს და ამის გაგონებაზე ყველას ცრემლები მოგვადგა. ნუ გეშინიათ, აქ ვართ, თქვენთან, უკვე ყველაფერი კარგად არისო, - გვამშვიდებდნენ და გვეკითხებოდნენ: როგორ გაძელით, როგორ მიხვედით აქამდეო? პასუხი არ გვაქვს, მართლა არ ვიცით, როგორ გავძელით. არც მახსოვს, რამდენჯერმე მინატრია სიკვდილი - უეცარი, წამიერი, უმტკივნეულო, მაგრამ ბოლო დღეებში, როცა იმედი გაგვიჩნდა, ძალიან მომინდა იმ კოლაბორაციონისტების სახე დამენახა, ვინც ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი მოსახლეობის, უდანაშაულო ბავშვებისა და ქალების სიკვდილში ჩვენ გვადანაშაულებდა, - დასავლეთმა "ნაცისტებად" გაქციათ და ამის შედეგია, რაც ახლა უკრაინაში ხდებაო... ვაღიარებ, როცა ჩემი ნათესავის სახლიდან მოკლული 5 წლის ბავშვის კუბო გამოიტანეს, გულში ვთქვი, რომ აღარაფერი მინდოდა რუსეთის განადგურების გარდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლებოდა. ყოველდღე რომ თითო ბავშვი მოგვიკლან, შევირყევი, ვერ გავუძლებ, - ვამბობდი ოჯახის წევრებთან... შემდეგ სიკვდილი, მათ შორის ბავშვებისაც, სტატისტიკად იქცა და ამ ჯოჯოხეთში გავაგრძელეთ ცხოვრება.

ბოლო დღეებში საინფორმაციო გადაცემებმა გაგვახარა: "უკრაინის ძალებმა დაიწყეს წინსვლა ხარკოვის, არა მხოლოდ სამხრეთითა და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთითაც და 50 კმ-ზე მიუახლოვდნენ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს" - ეს იყო სიტყვები, რომელმაც სიცოცხლის ძალა და სურვილი დაგვიბრუნა. რამ უნდა დაგვამარცხოს, არაფერმა!.. ამ გამარჯვებას შეწირული ადამიანების წინაშე უკვე ვალდებული ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ, უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ, ღირსეული თაობა აღვზარდოთ და მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ თანადგომას ვიმსახურებდით და ყველას სიკეთე გვახსოვს. უკრაინა არასდროს დაიჩოქებს!

ლალი პაპასკირი