რას ფიქრობდა სიკვდილზე მიშა გომიაშვილი - გზაპრესი

რას ფიქრობდა სიკვდილზე მიშა გომიაშვილი

12 სექტემბერს, 61 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი გარდაიცვალა. ბოლო დროს მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც უმტყუნა გულმა...

მსახიობების ოჯახში გაიზარდა და სხვა პროფესია თუ არსებობდა, ვერც წარმოედგინა. მამას მხოლოდ მიზანდასახულობაში არ ჰგავდა. ამბობდა, რომ მშობლებმა სიყვარული, ზრდილობა და ერთგულება ასწავლეს. მიუხედავად არაერთხელ დანგრეული ოჯახისა, თვლიდა, რომ ერთგულია... მსახიობი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა და ყველა მისი ნამუშევარი თეატრსა თუ კინოში მაყურებელს ხიბლავდა, მისი კინოროლები საერთაშორისო ფესტივალებზე ჟიურის უყურადღებოდ არ რჩებოდა და ცხადია, ჩვენს არქივშიც მისი არაერთი ინტერვიუ ინახება.

გთავაზობთ ამონარიდებს მიხეილ გომიაშვილის ინტერვიუდან:

"საშინელი ბავშვი ვიყავი, ცელქი და მავნე, ყველაფერს ვაფუჭებდი რაც ხელში მომხვდებოდა, სახლშიც და სტუმრადაც. არავის შიში და რიდი არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ სათანადოდ არ მიწყრებოდნენ. მეც ჩავთვალე, რომ სწორად ვიქცეოდი და... დედა უფრო მკაცრი იყო. სხვა საკითხია, ვუჯერებდი თუ არა. თუმცა უზრდელი არასდროს ვყოფილვარ, თან სიგიჟემდე მიყვარდა დედაჩემი. მამა უფრო ლოიალური იყო. ვერაფრით ვიტყვი, რომ მშობლებმა ცუდად გამზარდეს. იმიტომ არა, რომ საკუთარი თავით აღფრთოვანებული ვარ. პირველ რიგში, უზრდელი არ გახლავართ. ამ ასაკშიც კი ვიცი უფროსი და უმცროსი. წიგნი მიყვარს, ერთგული ვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მშობლები მეგობრები, ოჯახი. ესეც მშობლების დამსახურებაა, თუმცა არ მახსოვს, როგორ და რა მანქანებით ახარხებდნენ ამას. არ უთქვამთ, შვილო ესე მოიქეცი და ასე - არაო. მამაჩემი მეუბნებოდა, მე მაკარენკო არ ვარ, უყურე, როგორ ვურთიერთობ ხალხთან, როგორ ვმეგობრობ, როგორ მიყვარს, როგორ მძულს, როგორ ვეფერები, როგორ ვმუშაობ და რაც მოგწონს, მიიღეო..."

"მამას ვგავარ თუ არა? - ძალიან. ერთადერთი, რაშიც არ ვგავარ, მიზანდასახულობაა. ამიტომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ეცადა მამა ჩემს გადაბარგებას ბიზნესში, არ გამოუვიდა. საერთოდ არ მაინტერესებს ეს საქმე. მამაჩემს რომ ვაკვირდებოდი, არ მესმოდა, როგორ შეიძლება, ღამის 4-5 საათამდე იჯდე კაზინოში, სუფრასთან ან გრიალებდე ქალბატონებთან, მერე მოხვიდე სახლში 2 საათი დაიძინო და გამთენიისას უკვე კაბინეტში იჯდე. ასე გაატარა მან მთელი ცხოვრება და ამით მიაღწია იმას, რასაც მიაღწია..."

"51-ე სკოლა მაქვს დამთავრებული ვერაზე, ჯერ 53-ეში ვსწავლობდი, მერე მოსკოვში გადავედით მთელი ოჯახი და რომ დავბრუნდით, ვერაზე, ჩვენს სახლთან ახლოს 51-ე სკოლაში მიმიყვანეს. მეოთხე კლასში ვიქნებოდი ალბათ. კარგი სკოლა იყო, მარტო ჩემი კლასი არა, მთელი სკოლა სანიმუშო იყო. შატალოზე არ დავდიოდით. დირექტორი გვეხვეწებოდა, სკოლაში ნუ მოხვალთ და 4-იანების ატესტატს მოგცემთო, მაგრამ არ ვაცდენდით გაკვეთილებს. ძალიან ცელქები ვიყავით, მაგრამ ძალიან ზრდილობიანები მასწავლებლების მიმართ. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა. ყველაზე მეტად ბიოლოგიის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი აიონა ქავთარაძე მიყვარდა. კარგი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ მაინც ყველას ვუყვარდი...

სკოლის კარიდან რომ გამოვდიოდით სულ სხვა ადამიანები ვხდებოდით... ვისაც ქუჩის აკადემია არ გაუვლია, არასწორად ესმის ეს განსაზღვრება. დღეს აღარ არის ასეთი აკადემია და ამიტომაცაა განუკითხაობა უბნებში, მკვლელობა, დაჭრა. იქ ჩვენ ზრდილობას, ვაჟკაცობას ვსწავლობდით. დღეს ვიღაცა გოგოს თანდასწრებით რომ იგინება, ის ჰგონია ვაჟკაცობა. გამოივლის გოგონა ქუჩაში, დგას 4-5 ბიჭი და ისეთი სიტყვებით იგინებიან, ყურები მეწვის. ჩვენ დროს ასეთი რამ არ ხდებოდა. დავდიოდით კიროვის ბაღში ფეხბურთზე, საქმესაც ვარჩევდით, ვჩხუბობდით კიდეც ერთი-ერთზე, ჩხუბის მერე ვრიგდებოდით და "საპონჩკეში" მივდიოდით. გულში ბოღმას არავინ არ იდებდა. გვზრდიდნენ ის უფროსი ბიძები, რომლებიც ასევე ქუჩაში იდგნენ, ჩვენს შემთხვევაში, სასტუმრო "საქართველოსთან".

bf3464532e9d5b5b1c65570c91858318-1662963511-1663663098.jpg

"მსახიობების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მთელი ჩემი ბავშვობა მამასთან ერთად გასტროლებსა და გადაღებებზე მაქვს გატარებული. არც მიფიქრია, რომ სხვა პროფესიაც არსებობს ამ ქვეყანაზე..."

"პირველი სიყვარული? - სკოლაში, მეოთხე კლასში მე და ჩემს კლასელ ალეკო კვაშალს ერთი გოგო გვიყვარდა. ისიც ჩვენი კლასელი იყო, მარინა ლეგრანი, ახლა ვმეგობრობთ მე და მარინა. მისი გულისთვის ალეკოს საცემრად დავხვდი მიწისქვეშა გადასასვლელში, მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როცა სუნამო აჩუქა ჩემს რჩეულს. იყო ასეთი პოპულარული სუნამო იმ დროისთვის - "მოჟეტ ბიც", სხვათა შორის, ძვირად ღირებული. ამან გამაგიჟა. ბიძამისთან ერთად ჩამოვიდა ალეკო მიწისქვეშა გადასასვლელში, ძალიან ზორბა კაცი იყო ბიძამისი. იმ დღეს აღარაფერი ვუთხარი, მეორე დღეს კი დამავიწყდა ეგ ამბავი..."

"ჩემზე ერთგული ადამიანი არ გეგულება ამ ქვეყანაზე. მე ვარ ერთგული იმ ადამიანის, ვის გვერდითაც ვცხოვრობ... არიან ქმრები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ ქალთან ცხოვრობენ და 352 საყვარელი ჰყავთ. მათი არ მესმის. როგორ უნდა იყო ერთ ქალთან და ფიქრობდე სხვაზე. ვიღაცის საწოლიდან ადგე და ცოლის საწოლში ჩაწვე. მე არასდროს მიღალატია ცოლისთვის!..

ხან ესე იყო და ხან - ისე, ხან ჩემი საბაბით ინგრეოდა ოჯახი, ხან თვითონ მივდიოდი. როცა აღარ გიყვარს იქ რაღა გინდა?!."

"საქმის მეორე დღისთვის გადადებაც ჩემი სტილია, თუნდაც ამით საქმე ფუჭდებოდეს.

დილით 7-8 საათზე ვიღვიძებ. გადაღება რომ არ მაქვს, მაინც ადრე მეღვიძება. ეტყობა, ასაკის ბრალია. ადრე მიყვარდა ძილი, 1-2 საათამდე მეძინა. ახლა ალბათ დავბერდი უკვე (იცინის)..."

"მქონია რთული დღეები, მაგრამ გზა იმედისკენ, ღვთის წყალობით ყოველთვის ჩანს ხოლმე, ბოლომდე ხელი არასდროს ჩამიქნევია... რომ გითხრათ, არაფრის მეშინია-მეთქი, მოგატყუებთ, მარტო გიჟს არ ეშინია არაფრის, მაგრამ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

- სიკვდილზე გიფიქრიათ?

- მიფიქრია. ეს ისეთი რამაა, ყოველთვის ფიქრობ, ყველა ასაკში, მაგრამ იმის შიში რაც არ უნახავს, ადამიანს ყოველთვის აქვს. ეს ნორმალურია. შიში გაქვს პირველად წყალში შესვლის, პირველი სექსის, პირველი სიმთვრალის, რადგან არ იცი, მერე რა იქნება და იმიტომ..."

234376943-0-107-2048-1259-1920x0-80-0-0-31523e7fc23f3270e8294bccdb7c3a04-1663663087.jpg

ცნობისათვის:

მიხეილ გომიაშვილი 1961 წლის 23 მარტს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო). მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი", რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვა.

მიღებული აქვს "ოქროს ნიღაბის" საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში "მამა" და "არტ-ხელოვნება".