აზარტული თამაშები ისევ პრობლემად რჩება - გზაპრესი

აზარტული თამაშები ისევ პრობლემად რჩება

ყველამ იცის, როგორი სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში აზარტული თამაშები. სტატისტიკა ამ მხრივ მართლა საგანგაშოა: წლების მანძილზე თამაშმა უამრავი ადამიანი, უამრავი ოჯახი დააზარალა, ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლეც შეიწირა. მუდმივად მიდის საუბარი პრობლემის გადაჭრის გზებზე. დიდი ბრძოლის შემდეგ კანონიც მიიღეს, რომელსაც მილიონ 400 000 ადამიანი უნდა ამოეყვანა იმ წუმპიდან: 1-ლი მარტიდან ავტომატურად დაიბლოკა კონკრეტული კატეგორიის მომხმარებელი და მათმა უმრავლესობამ კანონის არსებობაზე მაშინ გაიგო, როცა შესაბამის საიტებზე შესვლა ვეღარ შეძლეს.

ცნობილია, რომ 25 წლამდე ასაკის მოზარდები ვერ ითამაშებენ კაზინოებში, ასევე სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, მათთან გათანაბრებული პირები, ასევე, ის მოქალაქეები, რომლებიც თავად მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, და ისინიც, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მათი ოჯახის წევრების მოთხოვნით.

პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე კონტროლის გამკაცრებასა და ასაკობრივი ზღვრის დადგენას სფეროს სპეციალისტები საკმარისად არ მიიჩნევენ. ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ მოზარდები აზარტულ თამაშებში, მათ შორის “ხელზე” თამაშებში, 11 წლიდან არიან ჩართულები, რაც მართლა საგანგაშოა. არ არის გამორიცხული, მარტიდან ამოქმედებული კანონი მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდეს. როგორც ჩანს, სათამაშო ბიზნესი და სიაში შეყვანილი ადამიანები მაინც ახერხებენ ონლაინ თუ კაზინოში თამაშს.

სამოქალაქო მოძრაობის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე წლებია, ამ პრობლემის წინააღმდეგ იბრძვის და კარგად იცის ის ხარვეზები, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ გამოჩნდა.

tamari-1664173420.jpg

თამარ ჯაფარიძე:

- სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა, ხელისუფლება კანონის შესრულებაზე სათანადოდ არ რეაგირებს. ეტყობა, ეს მხოლოდ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროზე არაა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა საქართველოსთვის სერიოზული რისკების და ზიანის მომტანია, სფერო ბიზნესში ლიდერია, ტოპათეულშია, ამიტომ, მისი უზარმაზარი კაპიტალბრუნვიდან გამომდინარე, სიღრმისეულად გაბმულია ფესვები ნებისმიერ უწყებაში და ამას რომ მოერიო, მართლა ურთულესია. ჩვენ იმის ილუზია არ გვქონდა, რომ კანონის ამოქმედებიდან 6 თვეში პრობლემა მთლიანად ამოიძირკვებოდა, მაგრამ ჩემთან დღესაც მოვიდა მესიჯებად კონკრეტული დარღვევის ფაქტები, რომლებიც სათამაშო ბიზნესში ისევ ხდება. ამ ბიზნესის ხელმძღვანელებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, ეს არის არალეგალური საიტები; ჩვენ გაფრთხილებდით, რომ შესაძლებელია გაიპაროს, უფრო მომრავლებულიც იქნება და უფრო მეტად უკონტროლოო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ბიზნესის მკეთებელია თვითონ ბიზნესოპერატორი, ის ამ არალიცენზირებულ საქმიანობას აუცილებლად გააპროტესტებს, მივა და მაგალითებს დაუდებს შემოსავლების სამსახურს. ეჭვი მეპარება, რომ ამ კანონმა რეზონანსული ძვრები მოახდინოს, რასაც პირადად ველოდი ამ შვიდი წლის მანძილზე, სანამ კანონს მიიღებდნენ. მეც ნამდვილად გამიცრუვდა იმედი და იმ ადამიანებსაც სახელისუფლებო გუნდიდან, ვინც მხარს გვიჭერდა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. კანონის აღსრულებას სერიოზული მუხრუჭები ეღობება. ჩვენს ორგანიზაციას ფინანსთა სამინისტროში ჰქონდა საუბარი ამ თემაზე. არ ვიცი, საკანონმდებლო ორგანო რამდენად გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს, მაგრამ აუცილებელია, უფრო გამკაცრდეს რეგულაციები და თუ სათამაშო ბიზნესი არღვევს კანონს, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

სათამაშო ბიზნესმა მეტი შავი ხვრელი იპოვა. მათ აქვთ წვდომა ბაზასთან და კარგად იციან, ვინ არის ამ განრიდების სიაში შეყვანილი, მაგრამ მაინც ურეკავენ და სთავაზობენ ისევ თამაშს. აცოცხლებენ ამ ადამიანებში მიძინებულ დაავადებას. არაერთხელ გამოვავლინეთ დარღვევა. მაგალითად, ვაგზალზე განთავსებული სათამაშო დაწესებულება ორჯერ დაჯარიმდა ჩვენი ჩარევის შემდეგ. ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ადამიანებს შიგნით უშვებდნენ. ვნახეთ, სოციალურად დაუცველებიც რომ დებენ ფსონებს. სრული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს გადავეცით. ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ეს სათამაშო ობიექტი 10.000 ლარით დააჯარიმეს, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული, მაგრამ იმავე საღამოს, როდესაც ჩვენ უკვე მეორე წრეზე გავუშვით ჩვენი წარმომადგენელი გადასამოწმებლად, იგივე დარღვევები აღმოვაჩინეთ. ისინი მზად არიან გადაიხადონ ჯარიმა, ისევ ჩაიდინონ დარღვევა და ამ ადამიანებისგან ეს თანხა უკან ამოიღონ. კანონში უმნიშვნელოვანესი დეტალია ჯარიმები და ვითხოვთ, ისინი დარღვევისთვის არა 10.000, არამედ 100.000 ლარით დაჯარიმდნენ... კანონში წერია, რომ ეკრძალებათ 10 კვადრატულზე მეტ ფართობზე სარეკლამო დაფების განთავსება, მაგრამ ყველა სათამაშო დაწესებულება გარე რეკლამას დარღვევით ახორციელებს... თუ ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინა და მხარი დაგვიჭირა, კანონპროექტი კანონად აქცია, მაშინ დღეს რატომ ხუჭავს თვალს?! სათამაშო ბიზნესი სრულიად გათავხედდა. მაგალითად, დღეს ასეთი მესიჯები დაუგზავნეს ადამიანებს, რომლებიც განრიდების სიაში არიან: თუ შენ განრიდების სიაში ხარ და შემოხვალ, მონიტორი აღმოგაჩენს ჩვენს ობიექტში, მაშინ შენ გადაიხდი იმ 10.000-ლარიან ჯარიმასო!.. თავი ვალდებულად ჩავთვალე, დალუქული კონვერტით, დაზღვეული წერილი გავუგზავნო პრემიერ ღარიბაშვილს, სადაც მოყვანილი იქნება ფაქტები და იქნებ დაინტერესდეს - ეს მისი პრესტიჟის ამბავიცაა, მისი მხარდაჭერილი კანონია და მან უნდა იზრუნოს ამ კანონის აღსრულებაზე.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანია თვითგანრიდებით მოხვედრილი სიაში?

- 2000-მდეა. ეს არის მინიმალური რაოდენობა. ეს გამოიწვია იმან, რომ არ მოგვეცა საშუალება ამ საქმის რეკლამირებისთვის. ამას სჭირდება მედიისგან აქტიური გაშუქება. არც ერთი არხი ამ საკითხს არ აშუქებს და ახლა დავდექით რეალობის წინაშე, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან განრიდების სიაში, ისევ შედიან, ისევ თამაშობენ, ისევ აგებენ და სუიციდის ფაქტებიც ისევ მომრავლდა. ერთი კვირის წინ დეპრესიულ ფონზე 24 წლის ბიჭმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა... ფაქტობრივად, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც მოხდა, მოზარდები შეძლებისდაგვარად არიან “გამორთულები”, და ეს კარგია.

მონიტორინგი ევალება შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ევალება იმ შემთხვევაში, თუ მე, არასამთავრობო ორგანიზაცია ან კონკრეტული პირი მივაწვდით მასალას კონკრეტული კანონდარღვევის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფოსგან გვჭირდება ფინანსური დახმარება: ჩვენი აზრით, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ამ დარღვევებს გამოავლენს. მივიღეთ კანონი, მაგრამ თუ ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯი აღსასრულებლად, არაფერი გამოვა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ონლაინთამაშების გაკონტროლება ევალება, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. ეს არის ბიზნესი, რომლის საცეცები მიწისქვეშაცაა ჩასული და ამის ამოძირკვა მარტო თამარ ჯაფარიძეს ან მის ორგანიზაციას ნამდვილად არ შეუძლია. არადა, რამდენი უბედურება ხდება: მაგალითად, წინა კვირას სათამაშო ბიზნესისგან დაზარალებული, ლელა ზ-ის ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით გამოასახლეს ბინიდან. 35 წლის ნაშრომ-ნაწვალები სახლ-კარი დარჩა კერძო იპოთეკარს... წლების მანძილზე იბრძოდა, მაგრამ ვერ მოერია. ჩვენ ვითხოვთ, სათამაშო ბიზნესით დაბეგრილი თანხა შევიდეს ბიუჯეტში და ამ თანხის 10 პროცენტი ჯანდაცვის სისტემის მეშვეობით მოხმარდეს სარეაბილიტაციო კურსებს. უმძიმესი მდგომარეობაა რეგიონებში: მეხმიანებიან ბათუმიდან, ქუთაისიდან. შევხვდი დეპრესიაში მყოფი უამრავი ადამიანის ოჯახის წევრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა იმდენად ძვირად ღირებულია, რომ ამ თანხების გადახდა წარმოუდგენელია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ 2000-მდე ადამიანია რეგისტრირებული განრიდების სიაში. სასამართლოს გზით პრობლემები იქმნება თუ სხვა მიზეზით არ რეგისტრირდება მეტი ადამიანი?

- 2000 ადამიანია და აქედან 23 იყო სასამართლო წესით მესამე პირის მიერ განრიდებული, დანარჩენი თვითგანრიდების გზითაა. სასამართლოში დგება ორი სია: თვითგანრიდების და სასამართლო წესით მოთამაშის განრიდების. სიმცირის მიზეზი მაინც ის მგონია, რომ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში, არა აქვს ინფორმაცია ამ კანონის შესახებ. ზოგჯერ ოჯახის წევრები სრულყოფილ სასამართლოს სრულყოფილ დოკუმენტაციას ვერ აწვდიან. ესეც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია. ოჯახის წევრის განრიდება რომ მოითხოვოს პირმა, მას აუცილებლად სჭირდება ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პირადობის ასლი ორივე პირის, მეილები, ტელეფონის ნომრები, აუცილებლად უნდა იყოს განცხადებაში ფაქტი მოყვანილი. უნდა წარადგინონ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ადამიანს პრობლემა აქვს ბანკთან, რომ არსებობს, ვთქვათ, თვითმკვლელობის რისკი და ა.შ.

mixalis-iremadze-1664173443.jpg

იურისტი მიხალის ირემაძეც ამბობს, რომ აზარტულმა მოთამაშეებმა გზები გამოძებნეს და პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას:

- მას შემდეგ, რაც კანონი ამოქმედდა, ყველა კომპანია, რომელიც ამ სფეროშია დაკავებული, ცდილობს, თავისი იურისდიქცია არ მოაქციოს საქართველოს იურისდიქციაში და ჰქონდეს საზღვარგარეთის იურისდიქცია. შედეგად, მთავრობას არც ვალდებულება აქვს და ვერც აკონტროლებს მათ საქმიანობას, ამიტომ არეგისტრირებენ ონლაინთამაშებს, რაზეც ყველა ასაკის ადამიანს მიუწვდება ხელი და ამას ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. ეს არის დღეს ყველაზე აპრობირებული მეთოდი და დაახლოებით 150-ზე მეტი ასეთი კომპანიაა შემოსული. ასევე, “იატაკქვეშ” გადაინაცვლა თამაშებმა. სამწუხაროდ, კანონმდებლებმა არ გაითვალისწინეს, რომ შეიძლებოდა ამ გზისთვის მიემართათ და ეს კიდევ უფრო ქაოსურს ხდის აღნიშნულ ბაზარს. რეგულაციები არსებობს, მაგრამ ეს რეგულაციები უნდა იყოს შესრულებადი და მოქალაქეებზე მორგებული. ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ ახალგაზრდას რომ დაველაპარაკოთ, გეტყვით, რომ მაინც ახერხებს თამაშს. ხშირი შეხება მაქვს ასეთ ადამიანებთან. 25 წლამდე ასაკის შეზღუდვის გამო პირდაპირ ვერ რეგისტრირდებიან, მაგრამ ახერხებენ ვითომ გერმანულ, ფრანგულ საიტებზე დარეგისტრირებას. მათ უკან კი რეალურად, ქართველები დგანან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, რაოდენობრივად შეიძლება ნაკლები ადამიანი თამაშობს ოფიციალურად, მაგრამ მერწმუნეთ, უმეტესობა გადასულია არაკანონიერი გზების მოძიებაზე, რაც ვფიქრობ, უფრო მეტი პრობლემის მომტანი იქნება. როცა ოჯახი განრიდებას ითხოვს, მან უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლო გამოითხოვს ამ პირზე არსებულ ინფორმაციას, თუნდაც ბანკიდან, მაგრამ სასამართლოში საკითხის გადაწყვეტა დროში გაწელილი პროცესია. სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულება დიდხანს არ იხილავს საქმეებს და ამასობაში შეიძლება ოჯახმა ლუდომანი შვილი დაკარგოს. მნიშვნელოვანი მგონია “იატაკქვეშეთის” ამოქმედება, რადგან ეს კიდევ მეტ კრიმინალს წარმოშობს.

ჩვენი რესპონდენტი ის ადამიანია, რომელმაც ამ სენისგან მეუღლის დახსნა სცადა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლო.

ნინო:

- როგორც კი ეს კანონი ამოქმედდა, მაშინვე მივმართეთ შემოსავლების სამსახურს. ჩემი მეუღლე წლებია თამაშობს და ძალიან ბევრს ვწვალობთ, რომ ამ სენს როგორმე თავი დააღწიოს. მე სასამართლოსთვის მიმართვა არ დამჭირვებია, რადგან თავად მოაწერა ხელი განრიდებას. მართალია, “გააშავეს” და წესით ვერსად ვერ უნდა შესულიყო, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და მაინც შევიდა რამდენიმე კაზინოში, ზოგან პირადობის გარეშე, ზოგან - სხვისი პირადობით. მსგავსი დარღვევა ხშირია, როცა სხვისი პირადობით შედიან ან თავიანთ სანაცნობოს იყენებენ. არის შემთხვევები, როცა უცნობი პირები ეხმარებიან: სამორინეების, ტოტალიზატორების შესასვლელებთან ეს განრიდებული ადამიანები დგანან და თუ თვითონ არ შეუშვეს, მაშინ ეძახიან ან შიგნით მყოფს, ან შემსვლელს და მას ადებინებენ თანხას. ამ კანონმა შედეგი 70 პროცენტით გამოიღო. არის ბევრი კაზინო, სადაც აღარ უშვებენ, მაგრამ არის კაზინოები, სადაც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. ამასაც თუ მიხედავს სახელმწიფო, კარგი იქნება. პრობლემაა ონლაინკაზინოებიც: მართალია, ადამიანი იქ დაბლოკილია და თავისი მონაცემებით ვერ შევა, მაგრამ შეუძლია შევიდეს სხვისი მონაცემებით. უფრო მეტიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ინტერნეტში აღმოვაჩინე ახალშექმნილი საიტები, სადაც შეგიძლია რეგისტრაცია პირადობის ნომრის გარეშეც გაიარო. ეს საიტები შექმნილია 2022 წელს, სავარაუდოდ - კანონის მიღების შემდეგ. აპლიკაციას ტელეფონში იწერ და თამაშობ უპრობლემოდ. ესეც სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს. ნარკომანიაზე უარესი დაავადებაა. ჩემი მეუღლე მონასტერშიც წავიდა, მერე რამდენიმე თვე არ მიდიოდა სათამაშოდ, მაგრამ... ფსიქოლოგებთანაც სულ დადის, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამის საშუალება კი ბევრს არა აქვს. ახლაც, ფსიქოლოგი და მოძღვარი ეხმარებიან. ძალიან ცდილობს დაანებოს თავი, მაგრამ რა გამოგვივა, არ ვიცით. არასდროს გამოდიხარ იქიდან მოგებული. როგორი თანხაც უნდა მოიგო, ისე შედიხარ აზარტში, რომ შენთვის დრო არ არსებობს და თამაშობ მანამ, ვიდრე არ წააგებ. იქ უქმნიან მაქსიმალურ პირობებს, სთავაზობენ სასმელს, ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩეს. ფული რომ გაუთავდება, მერე ლომბარდში გარბის... სახლში რომ მოდის, აგრესიული არაა, მაგრამ ყოველთვის ეტყობა, რომ დაღლილი და ნანერვიულებია. არასოდეს იტყვის, რომ ითამაშა. ეს გრძელდება მანამდე, სანამ არ დაურეკავს მევალე და არ მოითხოვს თანხას. მერე იწყება წრიალი ფულის საშოვნელად... საახლობლოში ყველამ იცის, რომ ფული არ უნდა ასესხოს, მაგრამ ბევრი ნაცნობი ჰყავს და ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც თუნდაც მინიმალური თანხით დაეხმარება, 10-20 ლარით და ამით იწყება მერე ჩვეულებრივად თამაში... ამ ადამიანების დახმარება არ არის იოლი. ბევრი რეაბილიტაციას უფულობის გამო ვერ გადის: 2.500 დოლარი ღირს, 3 თვე რომ გიმკურნალონ. 2.000-3.000 ლარზე ნაკლები არც ერთი არ ღირს. ასეთ ადამიანს ფსიქოლოგთან ვიზიტი კვირაში 3-4 ჯერ სჭირდება და თითო ვიზიტი 100 ლარი ან მეტი ღირს. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ასეთ პაციენტებთან მუშაობაზე ხშირად უარსაც ამბობენ, რადგან სპეციფიკური მუშაობა ესაჭიროებათ - იმაზე მეტად, ვიდრე ნარკოდამოკიდებულს... კანონი კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური უნდა გახდეს. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პრობლემა როგორმე მოგვარდეს და ამდენი ლუდომანი და წამალდამოკიდებული არ იყოს.

თეა ხურცილავა