“ხშირად უმიზეზოდ, სახით კედლისკენ ატრიალებდნენ ადამიანებს და ესროდნენ...” - გზაპრესი

“ხშირად უმიზეზოდ, სახით კედლისკენ ატრიალებდნენ ადამიანებს და ესროდნენ...”

ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვების კვალდაკვალ, ადგილობრივები მათი არაადამიანური სისასტიკის კვალს ხშირად პოულობენ - ნაწამებ, ხელფეხშეკრულ და დახვრეტილ ადამიანებს, თვეების განმავლობაში სარდაფში ჩაკეტილ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გამოზოგილი, სიცოცხლის რისკის ფასად ღამით ნაპოვნი პურით, წვიმის წყლით ცდილობდნენ გადარჩენას... ვიღაცას გაუმართლა და გადარჩა. სამწუხაროდ, ასობით სამოქალაქო პირის საერთო საფლავი, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან ახლოს, ტყეში იპოვეს.

უკრაინულმა და დასავლურმა მედიამ, ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით, არაერთი მასალა მოამზადა რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ საშინელებებზე. უკვე ამბობენ, რომ იზიუმში და ზოგადად, ხარკოვის ოლქში რუსული არმიის განდევნის შემდეგ არსებული სურათი ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს ბუჩაში, ირპენში და კიევის მიმდებარე ქალაქებში იყო.

ადგილობრივების თქმით, ზოგიერთი მათგანი სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლა, თუმცა, უფრო მეტი, “ღალატის საფუძველზე”, “ნაცისტებისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის”, “საეჭვო ნივთების აღმოჩენის” ფონზე, ქუჩაში გამოიყვანეს და დახვრიტეს.

კიეველი პოლიტიკური მიმომხილველი, ოლესია იახნო “გზასთან” საუბარში ამბობს, რომ ყველა ქალაქი და დასახლება, რომელიც ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტობრივად განადგურებულია:

- დამწვარია სახლები, საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, ბაღები... რაც ყველაზე საშინელებაა, ჩვენი სამხედროები და პოლიცია, ლამის ყველა შენობაში პოულობს ცხედრებს. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში საშინელი სუნია, რადგან დამწვარი და ჩამოქცეული შენობებიდან ცხედრების ამოყვანა რთულია. უნდა მოხდეს შენობების დემონტაჟი, ჩამოქცეული კედლებიდან და სხვა ფრაგმენტებიდან, დაბომბვისას სარდაფში ჩატანილი ადამიანების ცხედრები რომ ამოიტანონ... ამას კი დრო სჭირდება. ანუ ჩვენი ადამიანური დანაკარგი, მხოლოდ ტყეში ნაპოვნი მასობრივი საფლავებით არ შემოიფარგლება. უკრაინის პოლიციას ყოველდღე აკითხავენ ადgილობრივები და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრების, ახლობლების, მეზობლების, ნათესავების მონაცემებს აწვდიან. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 47 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სარაკეტო დარტყმისას დაბომბეს. ვერც ერთი მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა. ჰოდა, ეს არ არის სამხედრო დანაშაული?..

- ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ?

- დიახ, ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩამოსული... მხოლოდ დაღუპული ან დაკარგული ადამიანების მოძიებაზე კი არა, მათთანაც მუშაობენ, ვინც ეს პერიოდი სარდაფში გაატარა, მცირეწლოვან ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ადამიანები ცდილობდნენ, სახლში დარჩენილიყვნენ და ქუჩაში გამოსულიყვნენ, “რაშისტებს” რომ ზედმეტად თვალში არ მოხვედროდათ... ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მშიერი რუსები დადიოდნენ და უკრაინელების დაკეტილ სახლებში საკვებს ეძებდნენ, იპარავდნენ კარტოფილს, კვერცხებს, რძის ნაწარმს, თაფლს, წყალსაც კი... ჯერ სახლს ამოწმებდნენ, ვინმე იყო თუ არა: ერთი დარაჯად იდგა, დანარჩენები შედიოდნენ და იქაურობას ძარცვავდნენ...

ადგილობრივებს არ ჰქონდათ დენი, წყალი. ქუჩაში მოგროვილ ნივთებს აგროვებდნენ და ისე ანთებდნენ ცეცხლს, რადგან რუსები ტყეში არ უშვებდნენ. ეშინოდათ, ყველა მათგანში მტერს და “დივერსანტს” ხედავდნენ. ხშირად უმიზეზოდ, სხვებისთვის რომ სამაგალითო ყოფილიყო, სახით კედლისკენ შეატრიალებდნენ და ესროდნენ. განსაკუთრებით ნადირობდნენ სამხედროებze da maTi ოჯახის წევრებზე. ბოლო ხანებში ისე იყვნენ შეშინებული, ტყვედაც კი არავინ აჰყავდათ, როგორც კი ხელში ჩაუვარდებოდათ, მაშინვე ხვრეტდნენ...

საერთო საფლავებში არაერთი ხელებშეკრული სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს, უკრაინული სიმბოლიკებით... ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებს ინფორმაცია არ ჰქონდათ, რას შვრებოდნენ ჩვენები, რა ელოდათ, რამდენ ხანს მოუწევდათ საკუთარ სახლში ქურდებივით ცხოვრება. ზამთარი იყო მომდგარი და სარდაფში ვერ გაჩერდებოდნენ. როგორც კი დაბომბვები გახშირდა და გაძლიერდა, მიხვდნენ, რომ ჩვენები შეტევაზე გადავიდნენ და უამრავმა მათგანმა პოზიცია დატოვა, ასევე საბრძოლო მასალა და ტექნიკა. ამ ომში რუსეთის ბედი გადაწყვეტილია, მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს აღარაფერი ეშველება.

ლალი პაპასკირი