როგორ შეიქმნა სანდრო გოცირიძის “ომარიკო და მისი ოჯახი” - გზაპრესი

როგორ შეიქმნა სანდრო გოცირიძის “ომარიკო და მისი ოჯახი”

“ტიკტოკის” ქართულენოვან მომხმარებლებს ალბათ, ერთხელ მაინც უნახავთ ვიდეო ომარიკოს და მისი ოჯახის შესახებ. ამ კონტენტის შემქმნელი სანდრო გოცირიძე გახლავთ, რომელიც ყველა პერსონაჟს თავად ასახიერებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს...

- “ტიკტოკის” კონტენტის შექმნა არ დამიგეგმავს. თითქოს ეს ავტომატურად მოხდა: თავდაპირველად, საყოფაცხოვრებო ვიდეო გადავიღე, მაგრამ ბავშვის - ომარიკოს პერსონაჟს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე, რა თქმა უნდა, ბავშვს ოჯახი სჭირდებოდა. ამიტომ შევქმენი ომარიკოს დაც, დედაც... ვიდეოებს უბრალოდ, გასართობად, ჩემთვის ვიღებდი და “ფეისბუკზე” მეგობრებს ვუზიარებდი. როცა უკვე “ტიკტოკზეც” დავდე, სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ცოტათი მეშინოდა, თუ როგორი გამოხმაურება ექნებოდა... პირველივე ვიდეოს ისეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ვიფიქრე, ამ ტიპის ვიდეოების გადაღება უნდა გამეგრძელებინა.

- პირველი ვიდეოს შექმნის ამბავი მოგვიყევით...

- შინ რემონტი მქონდა, რაც 2 თვეს გაგრძელდა. სტრესული სიტუაცია იყო. მინდოდა, სტრესს გავქცეოდი. პირველი ვიდეო ზუსტად რემონტის თემაზე იყო: მეზობლები შემოდიოდნენ და აფასებდნენ, რაც სახლში ხდებოდა... სწორედ ამ ვიდეოში იყო ბავშვის პერსონაჟიც, თავისი ქუდითა და სათამაშოთი. ასე შეიქმნა ომარიკო, რომელიც ახლა, 1 წლის შემდეგაც ძალზე პოპულარულია.

- ერთი წლის განმავლობაში, ომარიკოს ხასიათის თვისებები, საუბრის მანერა გამოიკვეთა. რეალური პროტოტიპი ჰყავს?

- არა, ომარიკოს გარდა, რეალური პროტოტიპი ყველა პერსონაჟს ჰყავს - კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები. რეალურად მათ ვიცნობ. ვიდეოებში მათ სახეს წარმოვაჩენ. მაგალითად, ომარიკოს დედა - ინგა ცოტათი ეგოისტი მშობლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ცოტათი ძუნწებიც არიან; ანასტასია (ომარიკოს და) დღევანდელი გოგონების ნაწილის სახეა, ვინც ბევრ დროს ატარებს ქუჩაში, “ბესედკაში” და ა.შ. მოკლედ, ყველა პერსონაჟი გარკვეული სოციუმის სახეა. მაგალითად, ეკლესიის “სკეტჩებს” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასში წარმოჩენილია მრევლის სახე, რომელსაც ალბათ, ყველა ეკლესიაში შეხვედრიხართ: სხვებს შენიშვნას რომ აძლევენ, განიკითხავენ, თავად კი იმავეს აკეთებენ. ასეთი ხალხი ჩემ გარშემოც საკმაოდ ბევრია, ამიტომ მინდა “გავაშარჟო” და ვiდეოებში ცოტათი სოციალური საკითხებიც შევიტანო, იუმორისტულად ავსახო...

- დღეს თქვენს ცხოვრებაში “ტიკტოკს” რა ადგილი უჭირავს?

- გარკვეული ადგილი მართლაც უჭირავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ის არის, რითაც ვცხოვრობ. “ტიკტოკი”, მისი პასიური მომხმარებელი ხარ თუ აქტიური, არც ერთ შემთხვევაში, შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი არ უნდა იყოს, რადგან ცხოვრებაში ბევრად ღირებული რაღაცებიც არსებობს, მაგალითად - პროფესია, განათლება... ჩემი ვიდეოების გამოქვეყნების ინტერვალებსაც თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ “ჩავარდნებიც” არის, 2-3 დღე არაფერს ვდებ. ვცდილობ, “ტიკტოკს” საერთოდ არ გავეკარო, რადგან სხვა რაღაცებისთვისაც ბევრი დრო დამრჩეს.

- მგონი, უკვე 12 პარიკი გაქვთ, არა? ყიდულობთ ხოლმე?

- თავდაპირველად, მხოლოდ 1 პარიკი მქონდა, რომლის საშუალებითაც ანასტასიას ვასახიერებდი. მოგეხსენებათ, მაშინ სულ რაღაც 3-4 პერსონაჟი მყავდა. ანასტასიას პარიკი სახლში შემთხვევით ვიპოვე: დღემდე არ ვიცი, საიდან გაჩნდა. უმცროსი და მყავს და შესაძლოა, ბავშვობაში მას ეკუთვნოდა. მოკლედ, რაღაცების ძებნისას, შინ შემთხვევით პარიკი აღმოვაჩინე. ვიფიქრე, ამით ცალკე პერსონაჟის შექმნა შეიძლებოდა. ამ პარიკით 2 პერსონაჟი მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ როცა “სკეტჩებში” სხვა პერსონაჟების შემოსვლის საჭიროება გაჩნდა, ახალ-ახალი პარიკებიც გამიჩნდა. თავად მხოლოდ 1 პარიკი ვიყიდე - შავი, ხუჭუჭა... ერთ-ერთ მაღაზიაში გადავაწყდი. კონსულტანტი გაოცებული მიყურებდა. პარიკის საფასურიც გაკვირვებულმა გამომართვა. ხანში შესული ქალი გახლდათ. ვუთხარი, - ვიდეოებისთვის მინდა-მეთქი. დაიჯერა თუ არა, დღემდე არ ვიცი... დანარჩენ პარიკებს ჩემი მაყურებლები თბილისიდან, რეგიონებიდან ფოსტით მიგზავნიან, რადგან ხედავენ, თითო პარიკში თითო პერსონაჟი იქმნება. სიამოვნებით ვიღებ საჩუქრებს (იცინის).

- თავად პარიკები თუ გამხდარა პერსონაჟის შექმნის ინსპირაციის წყარო?

- რა თქმა უნდა. 3 გამოუყენებელი პარიკი მქონდა. ფაქტობრივად, ამან “მაიძულა”, ახალი პერსონაჟები შემექმნა. ახლახან ბაზრობის “სკეტჩი” გამოვაქვეყნე. ჩემი ახალი პარიკები სწორედ ამ ვიდეოს გადაღებისას გამოვიყენე - გამყიდველები განვასახიერე.

img-3548-1664174088.jpeg

- სანდრო, კიდევ რით ხართ დაკავებული? თქვენ შესახებ გვიამბეთ...

- თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პროფესიით არ მიმუშავია, რადგან არ მომწონს. ვფიქრობ, ჩემს პიროვნებასთან შეუთავსებელიც კია, მაგრამ ამას ცოტათი გვიან მივხვდი. ამჟამინდელ საქმიანობას რაც შეეხება, ქსელურ კომპანიაში ვარ, საკუთარი ბიზნესი მაქვს და გაყიდვებით გახლავართ დაკავებული. სამომავლოდ ვაპირებ, სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი გავხდე. ხაშურში ვცხოვრობ. მინდა, ჩემი რესურსი ამ რაიონს მოვახმარო.

- მსახიობის ან რეჟისორის პროფესია რატომ არ აირჩიეთ?

- ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა. ყოველთვის ვამბობდი ან მომღერალი გავხდები (ვმღერი კიდეც), ან - მსახიობი-მეთქი, მაგრამ ფაქტობრივად, გარშემო მყოფებმა გადამაფიქრებინეს - მსახიობობით შემოსავალი არ გექნებაო... ჩემთვის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა არავის დაუძალებია, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები, ვის აზრსაც იმ დროს ვითვალისწინებდი, იმდენს მელაპარაკებოდნენ, იურისტობა სცადეო, რომ ეს პროფესია ავირჩიე... შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმე, რაც მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ამ სფეროში მიღებული ცოდნა ისე გამოვიყენო, როგორც მასწავლებელმა.

- რეალურად, “ტიკტოკზე” იმ საქმეს მაინც აკეთებთ, რომლის შესახებაც გეუბნებოდნენ, რომ შემოსავალი არ გექნებოდათ და შემოსავალიც გაქვთ, არა?

- კი. მაშინ მსახიობის პროფესიას ცოტათი სხვაგვარად უყურებდნენ, რადგან ამდენი სოციალური ქსელი არ იყო. “ფეისბუკიც” ახალი გააქტიურებული გახლდათ. ხალხი ვერ აცნობიერებდა, სოციალური ქსელები რამხელა რესურსი იყო. დღესდღეობით, ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე - ასე თუ ისე, მსახიობი ვარ. რა თქმა უნდა, შემოსავლიანიც არის, ბევრი კომპანია მიკავშირდება, პროდუქტის რეკლამირებას მთავაზობს და ა.შ.

- თქვენი რეალური ოჯახი გაგვაცანით...

- ოჯახში სულ ხუთნი ვართ: დედა ხელოვანია - ძალიან კარგად ხატავს. ინგლისურის მასწავლებელიც იყო. ამჟამად თოჯინების თეატრში მუშაობს. შემოქმედებითი უნარი მისგან გამომყვა. დედაც მღერის... მამას მცირე ბიზნესი აქვს. ჩემი და სკოლის მოსწავლეა (13 წლისაა). ხასიათი ახლა უყალიბდება - რთულ პერიოდშია... ვცდილობ, ანასტასიას არ დაემსგავსოს (იცინის). ასევე, მყავს ბებია, რომელსაც ჩემი კუთვნილი წიგნების კითხვა ძალიან უყვარს (დიდი ბიბლიოთეკა მაქვს). ოჯახის ყველა წევრთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.

- უცნობი ადამიანები რომელი პერსონაჟის სახელს მოგაძახებენ ხოლმე?

- “ომარიკო” უკვე ბრენდირებულია (იცინის). საბედნიეროდ, უკვე ბევრი ადამიანი მცნობს: ეს ბუნებრივია, როცა “ტიკტოკზე” დიდი აუდიტორია გყავს. ვერ ვიტყვი, რომ ხალხის ყურადღებისგან ვწუხდები. არის სიტუაციები, როცა გაოცებულები მიყურებენ და “ომარიკოს” იძახიან, ზოგი გულწრფელად მესალმება, რაც ძალიან მიხარია. ხვდებიან, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ. ვფიქრობ, ამ საქმის კეთება უნდა გავაგრძელო. უცნობი ადამიანები მოდიან, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ... სიმართლე გითხრათ, ცუდი გამოხმაურება არც “ტიკტოკ”-კომენტარებში მქონია და არც - რეალურ ცხოვრებაში, პირიქით - ჩემი დანახვა ყველას სიამოვნებს. ეს მოტივაციას მაძლევს.

- რატომ დაინტერესდით მასწავლებლის პროფესიით?

- უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოწოდება სწავლებაა. ყოველთვის კარგად გამომდიოდა. სამსახურებრივ საქმიანობაშიც, პრეზენტაციებს რომ ვატარებ, პირველ კომპლიმენტად ამას მეუბნებიან, - გადმოცემის კარგი უნარი გაქვსო. ჩემს პროფესიულ ინტერესზე ამან მოახდინა ზეგავლენა. ასევე - იმან, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ძალიან მიყვარს. მათთან საერთო ენის გამონახვა მარტივად შემიძლია, მით უმეტეს - ჩემი “ტიკტოკერობის” შემდეგ. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ჩემს რეგიონს და საერთოდ, საქართველოს ახალგაზრდა მასწავლებლები ძალიან სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი სახით, რეგიონში 1 ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა იყოს: იურისტად არასოდეს შევდგები, მაგრამ არ მინდა, ამ სფეროში მიღებული ცოდნა დამეკარგოს - მსურს, სხვა მხრივ “დარეალიზდეს”. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ვხდები, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. მინდა, ჩემი ცხოვრებისეული ცოდნა ახალგაზრდებს გავუზიარო. თან, ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა. მათთან საერთო ენას ყველაზე უკეთ გამოვნახავ. თანამედროვე სტანდარტებს და გამოწვევებსაც უკეთ მივიღებ, რომლებსაც უფროსი ასაკის მასწავლებლები ფეხს ვეღარ უწყობენ. პლუს, სახელმწიფოც ხელს უწყობს ახალგაზრდებს, რომ მასწავლებლის პროფესიის დაუფლების მოტივაცია ჰქონდეთ (შემოსავალს ვგულისხმობ)...

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ ოჯახი, მეგობრები და პროფესიაა. საბედნიეროდ, სასიყვარულო ურთიერთობები არ მაქვს და ჯერ არც ვაპირებ. შეკითხვების დასმა უკვე დაიწყეს, - ცოლი როდის უნდა მოიყვანოო? ეს მაღიზიანებს. ალბათ, მსგავსი კითხვები ყველას აღიზიანებს, ვინც დაოჯახებაზე ჯერ არ ფიქრობს. მიმაჩნია, რომ სანამ ადამიანი პროფესიულად, პიროვნულად არ შედგები, დაოჯახებაზე ფიქრიც სისულელეა.

- ხაშურში ახალგაზრდები როგორ ერთობით? როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?

- ხაშურში განსაკუთრებული არაფერია - ისაა, რაც ყველამ იცის. ვცდილობთ მეტი მრავალფეროვნება იყოს. ამბობენ, - სექტემბრიდან კინოთეატრიც იქნებაო. შენობა გარემონტებულია, ყველაფერი მზადაა. როგორც ვიცი, ტექნიკურ დეტალებს აგვარებენ... აქტიური ქალაქი არაა. ხანდახან კონცერტი იმართება. საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია, გარშემო ბევრი სოფელია, მათ შორის - დაბა სურამი, რომელიც პოპულარულია. აქაურობას სახელმწიფოს ყურადღება სჭირდება. სიტუაციას მხოლოდ ახალგაზრდები ვერ მოვაგვარებთ.

ეთო ყორღანაშვილი