"რათა განათლებული და ჯანსაღი თაობა გვყავდეს" - გზაპრესი

"რათა განათლებული და ჯანსაღი თაობა გვყავდეს"

ჯანსაღი ცხოვრების სტილის აქტიური მიმდევრებისთვის ცურვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული აქტივობაა. თუ გსურთ სხეულის გაკაჟება, ზედმეტი კილოგრამების მოშორება ან უბრალოდ სტრესისგან გათავისუფლება, შეგიძლიათ, თქვენც სცადოთ, გვიანი არასდროსაა. ცურვისა და წყალბურთის მწვრთნელი დავით ხავთასი ცურვის უპირატესობების შესახებ გვესაუბრა.

- დაახლოებით 9-10 წლის ვიყავი, წყალბურთით რომ დავინტერესდი. ბორის მარგიევი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. ცურვა ძალიან მიყვარდა და ალბათ ამანაც განაპირობა სპორტის ამ სახეობით გატაცება. თანაც, იმ პერიოდში წყალბურთი პოპულარული იყო, სახელოვანი წყალბურთელები გვყავდნენ. 90-იან წლებში, გასაგები მიზეზების გამო, სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, დღეს კი სპორტსმენებს დიდი ხელშეწყობა აქვთ. ახლახან დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრების წყალბურთელებმა ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენეს, საუკეთესოთა შორის მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდნენ. მიხარია, რომ მომავალი თაობა ინტერესდება, ყველა წყალბურთელი თუ ვერ გახდება, ცურვას მაინც ისწავლიან და ჯანსაღად იცხოვრებენ.

- რამე განსაკუთრებული მონაცემები სჭირდება ბავშვს, ვინც წყალბურთის გაყოლას მოისურვებს?

- ცურვის ოთხივე სტილს კარგად უნდა ფლობდეს, მერე თანდათან უვითარდება ფიზიკური მონაცემები. საბოლოოდ, თვითონ გადაწყვეტენ, სურთ თუ არა დაოსტატება სპორტის ამ სახეობაში.

306524144-428069726089698-8295718230105291599-n-1664265450.jpg

- კიდევ ერთხელ გვითხარით ცურვის სიკეთეების შესახებ, რას უწყობს ხელს?

- ბევრს ვსაუბრობთ, რომ ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ტონუსსა და განწყობას. ვინც რეგულარულად ცურავს, მას ჯანსაღი ძილი, კარგი განწყობა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს. ცურვა კარგია წონის დასაკლებადაც, წვავს კალორიებს, მთავარია, სწორი მიმართულებით წარმართო ვარჯიში. ცურვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მთლიანად ამუშავებს სხეულს; ისე ზრდის გულისცემას, რომ სხეული ზეწოლას არ განიცდის, კუნთები ტონუსშია, გემატებათ ძალა. ცურვა სისხლის წნევის შემცირებასა და სისხლში შაქრის დონის მართვასაც უწყობს ხელს. კარგია მათთვისაც, ვისაც ტრავმები, ართრიტი, ხერხემლის და სხვა დაავადებები აწუხებს, შეიძლება ტკივილიც კი შეუმსუბუქდეთ. წყალი უვნებელია და ბევრნაირ დაავადებას შველის. ამიტომ მოდიან ასაკიანი ადამიანებიც, ვისაც სურს, ჯანსაღად იცხოვროს. ცურვა ყველასთვის კარგია.

- პედიატრები ფიქრობენ, რომ ბავშვი ფიზიკურად 4-5 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ, თქვენ მრავალწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება გაქვთ, რას გვეტყვით?

- აუზზე 3 წლის პატარებიც გვყავს. წყალბურთს რაც შეეხება, რაც პატარა ასაკიდან განვითარდება, მით უმჯობესია, დაახლოებით 7-დან 10-წლამდე, მერე დაგვიანებულია. პატარა ასაკიდან რომ დაიწყებს ვარჯიშს, შეუყვარდება კიდეც წყალბურთი და კარგი შედეგიც ექნება.

- როგორ უნდა დავძლიოთ წყლის შიში?

- თუ თქვენ თვითონ არ გადალახეთ, მწვრთნელი ვერ დაგეხმარებათ. ბევრია ასეთი, ვინც მოდის და გვეუბნება, რომ წყლის შიში აქვს. საიდან მოდის ეს შიში? გამიგია, რომ ვიღაცას პატარაობისას ხელი ჰკრეს და ღრმა წყალში ჩააგდეს ან ეჭიდავნენ წყალში. ამ დროს შეიძლება ვერ ამოისუნთქო და ცუდად დამთავრდეს ეს თამაში. დაუშვებელია, თუკი ეშინია, იძულებით ჩაიყვანო წყალში, შეიძლება გული გაუსკდეს ან შიშისგან, მაგალითად, დიაბეტი დაემართოს. დიაბეტიანი ბავშვებიც მოდიან ექიმის რეკომენდაციებით, მეც მყავდა ასეთი ბავშვი. ხშირად მეკითხებიან, საშუალოდ რა დროა საჭირო ცურვის სასწავლებლად? პატარები უფრო მალე სწავლობენ, ვისაც სამოყვარულო დონეზე უნდა სწავლა, მათაც პროფესიონალი მწვრთნელი ასწავლის და ინდივიდუალურია, ვინ რამდენ ხანში შეძლებს.

278501033-3265202563766367-793282999008506412-n-1664265463.jpg

- ხშირად მშობლები ზამთარში ერიდებიან აუზზე ბავშვების ტარებას, რადგან გაცივების ეშინიათ.

- არასწორი აზრია, რომ ზამთარში ბავშვი გაცივდება, პირიქით, სხეული რომ გაუკაჟდება და მიეჩვევა ცურვას, გამორიცხულია, ავად გახდეს. მწვრთნელისთვისაც რთულია, ასწავლის, ფიქრობს, რომ წყალბურთზე გადაიყვანოს და ამ დროს გაცივების შიშით 3 თვე რომ აღარ ატარებენ, შრომა წყალში გეყრება. სადაც მიმუშავია, ყველა აუზზე სისუფთავეა, მისაღებია დეზინფექციის მეთოდები, წყლის ტემპერატურა, საშხაპეებში დაცულია ჰიგიენის ნორმები...

- თქვენი კლუბის, "იმედის" სამომავლო გეგმების შესახებაც მითხარით?

- ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის, 2 ასაკობრივი გუნდი გვყავს, 12-14 წლისები. რომ უყურებენ ჩვენი წყალბურთელების წარმატებებსა და შედეგებს, უფრო მოტივირებულები ხდებიან ბავშვებიც და მათი მშობლებიც. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. სპორტი და ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია დიდებისა და პატარებისთვის. ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა ივარჯიშონ, ირბინონ და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ისწავლონ კიდეც, რათა განათლებული და ჯანსაღი თაობა გვყავდეს.

ნინო ჯავახიშვილი