ზღვის კაცი
ფოთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქუჩაზე ერთობ უჩვეულო სახლი დგას. თეთრი ქვით აშენებულ სახლს, ფანჯრები და სახურავი უჩვეულო და არასტანდარტული აქვს, თუმცა ჟურნალი "გზა" ამ შენობით და მისი მეპატრონის ვინაობით მხოლოდ ამ მიზეზით ნამდვილად არ დაინტერესებულა. სახლში შესვლისთანავე საოცრების მხილველი ხდებით. ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარებისგან შექმნილი ფარდები, ზღვის მარილიანი წყლისგან გაპრიალებული ხის ტოტებით, ქვებით დამზადებული ავეჯი და უამრავი იდუმალი, ხელნაკეთი ნივთი - ეს ყველაფერი ბორის პაპასკუამ სხვების დაუხმარებლად, საკუთარი ხელით ააშენა, გამოძერწა, შექმნა... უჩვეულო სახლის უჩვეულო ეზოს, ასევე უჩვეულო ჭიშკარი ამშვენებს. უფრო ვრცლად იდუმალ სახლსა და მის მეპატრონეზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბორის პაპასკუა:
- ამ სახლს 20 წლის განმავლობაში, შიშველი ხელებით ვაშენებდი. ყველაფერი მარტომ გავაკეთე; ქვა-ღორღი იყო, სილა-ცემენტი, აგური თუ ხის მორები ან ტოტები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე, დავამუშავე...
- ასეთი სახლის აშენების ინსპირაცია რა გახდა?
- ზღვიდან გამორიყული საინტერესო ნივთები. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ზღვაზე ვიყავი. ზღვის კაცი ვარ, ზღვაზე შეყვარებული. ყოველთვის ჩვევად მქონდა ზღვიდან რაიმეს, ძირითადად კი კენჭების წამოღება. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცების აწყობა, გამოძერწვა... აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. ქვემო ბარღებში ვცხოვრობდი, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში.
აფხაზეთის ომი რომ დამთავრდა, იძულებული გავხდი, მეც დამეტოვებინა სახლ-კარი. ზღვას ვერ შეველიე, შორს ვერ წავედი, ფოთში ჩამოვედი და რუსისგან ძველი, თითქმის დანგრეული, ცალ ფეხზე მდგარი სახლი ვიყიდე. კედლები თავიდან ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე.
- აფხაზეთში თქვენი სახლის შესახებ რა იცით?
- ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული, სახლი კი - მიწასთან გასწორებული. არადა, ერთ დროს ისეთი ლამაზი იყო, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო... ხშირად მახსენდება საკუთარი თავი, ზღვის ნაპირზე ფერად კენჭებს რომ ვაგროვებდი და მერე ათასგვარ ნივთებს ვამზადებდი... ჩემს წარმოსახვაში ამ სურათს რომ ვხედავ, ცრემლები მომდის. ზღვა ჩემი მასაზრდოებელი იყო და არის. მისთვის სევდის გაზიარებაც შემიძლია და სიხარულისაც. ფოთშიც იმიტომ ვიყიდე სახლი, რომ ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი. დღე არ გავა, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით რომ არ გავიარო. ვაკვირდები, რა ხდება სანაპიროზე, ზღვამ რა გამორიყა ან უკან რა წაიღო, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული. მისი სიმშვიდეც ინსპირაციას მაძლევს და მღელვარებაც. მასთან კავშირი ძალას და სიცოცხლის აზრს მაძლევს. ველოსიპედი ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, მანქანით კი სწრაფად ჩაიქროლებ, ჩაივლი და შენში არაფერი რჩება, ვერაფერზე დაკვირვებას ვერ ასწრებ.
- ხელოვანი ხართ?
- დიახ, მხატვარ-მოქანდაკე ვარ, ოღონდ - უდიპლომო.
- უდიპლომოდ როგორ დარჩით?
- უკრაინაში, კიევში ვსწავლობდი. ზღვისგან, ჩემი სახლისგან შორს ვეღარ გავჩერდი... რომ ჩამოვედი, უკვე ეროვნული მოძრაობა იყო დაწყებული და მეც ამ ამბებში ჩავერთე. თავისებური ახალგაზრდა ვიყავი. ვფიქრობდი, რომ დიპლომი აუცილებელი არ იყო...
- ახლა სად მუშაობთ?
- არსად, უდიპლომოდ არსად მამუშავეს, არც სკოლაში, ბავშვებთან არ მიმიშვეს, მაგრამ მეგობრებმა გამოფენა კი გამაკეთებინეს. სავარძლები, ტახტი, ნიჟარებისგან გაკეთებული ნივთები გავიტანეთ, კოლხური კულტურის ნიმუშებიც მქონდა... ყველაფერი გავაკეთე, რასაც ჩემი წარმოსახვით ძველ კოლხეთში იყენებდნენ. საბოლოოდ საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა, „მედეას მზერა“ დავარქვით.
- თქვენს სახლში ბევრი მინიატიურული ქანდაკება შევნიშნე.
- მიყვარს მინიატიურულ ქანდაკებებზე მუშაობა. პერსონაჟები ხშირად ჩემი ახლობელი ადამიანები არიან: მამა, დედა, მეგობრები, გუძა...
- გუძა ვინ არის?
- მეგრელი კაცი იყო, რომელსაც აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში მდინარეზე ნავით გადაჰყავდა და გადმოჰყავდა ხალხი და ამით პურის ფულს შოულობდა. ყველა იცნობდა გუძას.
- აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ სევდას დღემდე ატარებთ?
- ვერ გავთავისუფლდი ამ ტკივილისგან. ჩემი მშობლების საფლავები იქ არის, ჩემი ბავშვობა და ყმაწვილობა - ყველაზე ლამაზი წლები იქ მაქვს გატარებული. მეუღლეც სოხუმელი მყავდა. ბოლო დღემდე არ დაგვიტოვებია სახლი.
- იბრძოდით?
- არა, იარაღი ხელში ვერ ავიღე... საკვები დამქონდა მოხუცებისთვის და ვისაც როგორ სჭირდებოდა, ისე ვეხმარებოდი. ცოლ-შვილი გურიაში ჩამოვიყვანე ნათესავებთან, მე მშობლებთან ერთად დავრჩი და რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი.
- აღნიშნეთ, რომ ეროვნულ მოძრაობაში იყავით ჩართული. პოლიტიკით არასდროს დაინტერესებულხართ?
- არა! ხომ გითხარით, თავისებური ახალგაზრდა ვიყავი. ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრობდი, მაგრამ მივიჩნევდი, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი საქმე, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რუსეთისგან გათავისუფლება მინდოდა, სხვა არაფერი მაინტერესებდა... ერთხელ სამხატვრო აკადემიაში რაღაც ინციდენტი შემემთხვა და რომ არა ეროვნული მოძრაობის ლიდერები, შეიძლება საგიჟეთში დამესრულებინა სიცოცხლე.
- რა მოხდა?
- დაკლებული ქულა გავაპროტესტე. მისაღებ გამოცდებზე რამდენჯერაც გავედი, ყოველ ჯერზე თითო ქულას მაკლებდნენ. მაშინ პროტექცია, ჩაწყობა იყო მოდაში, მე კი უფულო, უბრალო ოჯახიდან ვიყავი და ჩემი შრომით ვერაფერს გავხდი. ეს ამბავი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ყურამდე მივიდა, ზვიად გამსახურდიამ და ანზორ გვარამიამ აკადემიის რექტორს წერილი მისწერეს - ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელი შეუწყვეთო. მაინც არ მიმიღო კომუნისტურმა საზოგადოებამ და საქმე იქამდე მივიდა, რომ საგიჟეთში გამომწყვდევით დამემუქრნენ. ამის მერე წავედი უკრაინაში, მაგრამ იქაც ვერ გავჩერდი. ჩემი აფხაზეთი და ზღვა მოსვენებას არ მაძლევდა. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი დადებითი შედეგიც მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით გავიზარდე, ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ქართულ სკოლა ძლიერი იყო, ქანდაკების კუთხით. ამაშუკელისა და ბერძენიშვილის სადარი მოქანდაკეები პოსტსაბჭოთა სივრცეში არ იყო. აქ ნასწავლს უკრაინაში მიღებული ცოდნაც დაემატა და ვფიქრობ, ძალიან გავიზარდე ჩემს პროფესიაში. გული მწყდება, რომ ძველი დიდება თანდათან ქრება, ნელ-ნელა ნადგურდება ყველაფერი. ჯერ კიდევ მსოფლიო მნიშვნელობისაა ჩვენი ქართული ქანდაკების სკოლა, მაგრამ ისე უყურადღებოდაა მიგდებული, რომ თუ არაფერი შეიცვალა, სიკეთეს ნამდვილად არ ველი.
- ომის შემდეგ აფხაზეთში აღარ ყოფილხართ?
- კი, როგორ არა! სიდედრ-სიმამრი, მშობლები ბოლომდე იქ ცხოვრობდნენ და იქვე დავასაფლავე. იქ გადასვლის პრობლემა არასდროს მქონია. აფხაზებიც მაფასებდნენ. მათი საფლავების გასაწმენდადაც ჩავსულვარ.
- მაშინ, რატომ დატოვეთ თქვენი სახლი?
- იმიტომ, რომ აფხაზებმა არჩევანის წინაშე დამაყენეს. მითხრეს, პასპორტს მოგცემთ, შენ კი უნდა წახვიდე სამინისტროში და ასეთი განცხადება გააკეთო: "უარყოფს ქართულ დროშას". ეს არ გავაკეთე, არ შემეძლო. მირჩევნია, ჩემი სახლის მონატრებით მოვკვდე, ვიდრე ჩემი ქვეყნის დროშა უარვყო.
ხათუნა ბახტურიძე