ნაღმზე მჯდარი ქვეყანა... - გზაპრესი

ნაღმზე მჯდარი ქვეყანა...

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება რიგში მდგომი ათასობით რუსეთის მოქალაქის ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ცდილობენ და ზოგჯერ რიგში რამდენიმე დღეც დგანან.

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთმა ქვეითებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა - მანამდე მათ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანითა და ველოსიპედით შეეძლოთ. ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, ფეხით მოსიარულეებს საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ნება დართეს. ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის “ეფესბეს” სასაზღვრო კონტროლის პრესსამსახურის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პროცესის დასაჩქარებლად მიიღეს.

ხალხის თქმით, მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოსახლეობამ ექვსთვიანი პასიურობის შემდეგ მხოლოდ იმიტომ გამოიღვიძა, რომ ომი მათ სახლებშიც შევიდა. ყველაზე კარგად მათ იციან, რა ხდება რუსეთის არმიაში, იქ მოხვედრა ომის გარეშეც ჯანმრთელობის, ფსიქიკის, მომავლის დანგრევას ნიშნავს.

mobilizacia-4-1664782375.jpg

ვერიკო მილდიანი, ქართველი ემიგრანტი:

- ერთი დღე ჰქონდათ საპროტესტო გამოსვლა, ისიც - “ეფესბეს” ყურადღების გადასატანად, ამასობაში ვიღაცებს გაქცევა რომ მოეხერხებინათ... ყველაზე ვერ ვიტყვი, ნაწილს მართლა სურს პუტინის რეჟიმს მოშორდეს, ამისთვის სიცოცხლესაც კი წირავენ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან და ისინიც ძირითადად, ან ციხეში ხვდებიან, ან იზოლატორში ხანგრძლივი დროით, იქიდან კი - ფსიქიატრიულში მოხვედრის პერსპექტივით... ახლა, ბოლო საპროტესტო გამოსვლისას ვინც დააკავეს, ყველას გაასამართლებენ “ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით”, “დასავლეთთან სახიფათო კავშირებით”, “რუსეთის არმიის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიების” ბრალდებით და უამრავი აბსურდული მუხლით. ჰოდა, მათ 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. იმედია, პუტინის რეჟიმი ამდენ ხანს ვეღარ იარსებებს, მაგრამ რამდენიმე თვე რუსეთის ციხეში ყოფნა ნიშნავს, რომ იგივე ადამიანი არ იქნები, ვინც მანამდე იყავი...

ჩემი ახლობლები სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არიან და ჰყვებიან, რომ ყველა დაკავებული სასტიკადაა ნაცემი “ეფესბეს” ან “როსგვარდიის” თანამშრომლების მიერ. “როსგვარდია” უკრაინაში იბრძოდა. მათ კარგად იწვნიეს უკრაინელებისა და მათ უკან მდგომი დასავლეთის ხელი და ახლა იმ ადამიანებს, ვინც გაქცევას ცდილობს ან ომის წინააღმდეგია, პირად მტრებად აღიქვამენ. ამიტომაც, ხალხს დაუნდობლად უსწორდებიან. ბოლო აქციაზე ქალებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა გოგონებს თვალი აქვთ დაკარგული ან კიდურები - დამსხვრეული. იმავე საღამოს მათ სახლში შეუცვივდნენ “ეფესბეს” თანამშრომლები და გაჩხრიკეს. აფრთხილებდნენ - ერთი პატარა ნიშანი, თუნდაც პერსონალურ კომპიუტერში ჩუმად დარეგისტრირებული სოციალური ქსელიც რომ უპოვონ, რომელიც რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე აკრძალეს, მაშინვე ციხეში გადაიყვანდნენ და რამდენიმეწლიანი პატიმრობა არ ასცდებოდათ. ვიღაცებს უპოვეს კიდეც, რადგან არაერთი ადამიანი “შემოვლითი” გზით, მაგრამ მაინც იყენებს თუნდაც “ფეისბუკს” ახლობლებთან დასაკავშირებლად... აქ აქციების მეტი რა გვინახავს, მაგრამ ახლა, ჩვენ თვალწინ პირდაპირ ნაცისტების ფილმის კადრებს ვუყურებთ - დასავლეთი მტერია, რუსეთი მას მარტო ებრძვის, უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად და ვიღაცები, ანუ დასავლეთის, ამერიკის მოსყიდულები, მათ ეხმარებიან.

- ასეთია პუტინის რეჟიმის არგუმენტი?

- დიახ, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, 80%-ზე მეტი. არც ქვეყნიდან წასულები არიან ომის წინააღმდეგი, უბრალოდ, თავად არ უნდათ მასში მონაწილეობა, თორემ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, რისი იმედიც უკვე ძალიან ცოტას აქვს, სიამოვნებით დაბრუნდებიან, თან იმ ქვეყნიდან დაიწყებენ რუსეთის დროშის ფრიალს, სადაც გაიქცნენ... მობილიზაციის გამოცხადებამდე, ის ხალხი, ვინც ახლა შავი დღისთვის შემონახული ფულით, ნაცნობობით, დაპირებებით, იმავე ღამეს ახლობელ ექიმთან გაკეთებული ყალბი სამედიცინო ცნობით, თითქოს უცხოეთში მკურნალობდა და ახლა მის გასაგრძელებლად მიდის, უამრავი წვალებით ქვეყანას ტოვებს, ირწმუნებოდა, რომ პუტინს სხვა გზა არ დაუტოვეს. პირადად ვიცნობდი ოჯახს, რომელიც მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ფინეთში გაიქცა, თუმცა მანამდე აქციებზე იმიტომ დადიოდა, რომ მისი მონაწილეებისთვის ეთვალთვალა, მათი და ოჯახის წევრების მონაცემები ჩაენიშნა და შემდეგ “ეფესბესთვის” გადაეცა. ახლა ხომ სამსახურებისთვის, შემოსავლისთვის ნადირობაა დაწყებული და ვიღაცები ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად ყველაფერს აკეთებენ. ცხადია, არიან ისეთები, ვისთვისაც მიუღებელია ეს ომი. ასევე ვიცნობ ოჯახს, რომელსაც თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა და შემოსულ თანხას რამდენიმე თვე უკრაინელებს ურიცხავდა. ასევე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალით, ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაყვანილ უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს პოულობდნენ, ვითომ საჩუქრები მიჰქონდათ, ადმინისტრაციას ეჭვი რომ არ აეღო და თან, მათ მონაცემებს ინიშნავდნენ; მერე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე რამდენიმე პატარა გამოითხოვეს, თავდებში ჩაუდგნენ და სანდო ოჯახებში გააშვილეს. რუსეთის რეჟიმის პირობებში ეს იოლი არ არის: ქვეყანაში ბევრი რამ მოშლილია, მაგრამ “ეფესბე” მუშაობს. უთქვამთ, რომ მათთვის აქციის დაშლა ადრენალინია, რომელიც სჭირდებათ... არმიის არ იყოს, არც იქ მსახურობენ მოსკოველები, პეტერბურგელები და სხვა დიდი ქალაქების მკვიდრნი, იქაც ჩრდილოეთკავკასიელები არიან - ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, შუა აზიის რესპუბლიკებიდან. იქ, სადაც შრომის ანაზღაურება დაბალია, წამოსვლას ცდილობენ, შემდეგ კი შეიარაღებულ ძალებში მიდიან კონტრაქტორებად ან “როსგვარდიაში”. ამიტომაცაა ამ რაოდენობის მსხვერპლი დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში - კაცი აღარ დარჩა რეგიონში, ან მკვდარი ჩამოასვენეს, ან ამპუტირებული კიდურებით. რამდენიმე მილიონი რუბლის კომპენსაციას ჰპირდებოდნენ, მაგრამ “კაპიკებს” აძლევენ, სამაგიეროდ, სიგელები მისცეს... ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდნენ მოსკოველი, პეტერბურგელი, სოჭელი თუ როსტოველი რუსები. ეგონათ, მალე ყველაფერი დასრულდებოდა, უკრაინის ნახევარს მაინც, აღმოსავლეთ ნაწილს წაიღებდნენ და იქაც მიზერულ ფასად დაისვენებდნენ ან უბრალოდ იამაყებდნენ, რომ რუსეთი ფართოვდება (ეს მათი საყვარელი ფრაზაა), მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, თავად დადგნენ ომში წასვლის საფრთხის წინაშე. რამდენიმეს გავეხუმრე, - ჩემს ქვეყანაში მიდიხართ, რომლის ნაწილიც ოკუპირებული გაქვთ-მეთქი. - ოსებსა და აფხაზებს დავეხმარეთ, რომელთაც თქვენ ჩაგრავდითო, - მიპასუხეს... ექიმებსაც, განურჩევლად სქესისა, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. ამის შესახებ რამდენიმე დღეში ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ანუ ნაწილობრივიდან სრულ მობილიზაციამდე ნახევარი ნაბიჯია. ძალიან ბევრი დაღესტნელია მოსკოვში. მათ დაღუპულ ნათესავებზე ადგილობრივები ეუბნებოდნენ, სამშობლო ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს, რაც მეტი მტერი ჰყავს, ადამიანური დანაკარგიც დიდია და ყველას სამოთხე ელოდებაო...

აქ საზოგადოებრივ აზრს უფროსი თაობა ქმნის, მათ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვთ და მიაჩნიათ, რომ მისი დანგრევა ამერიკის დამსახურებაა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩემმა მასაჟისტმა, რომელიც აქამდე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი მეგონა, მითხრა: მსოფლიო მანამდე არ დაწყნარდება, ვიდრე რუსეთი, ჩვენი პრეზიდენტი, თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც, საბჭოთა კავშირს არ აღადგენსო. ეს არის იდეა, რომლისთვისაც შეუძლიათ დაიხოცონ, - დიადი საბჭოთა კავშირი, რომელიც არ უნდა დანგრეულიყო... ასე რომ, ის სუსტი პროტესტი, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთში მოჰყვა, პუტინის რეჟიმს ვერ შეცვლის.

iulia-golami-1664782357.jpg

იულია გოლამი, რუსეთის მოქალაქე:

- ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ტერორისტივით იქცევა. ზოჯერ მგონია, ეს ყველაფერი საშინელი სიზმარია, რომელიც არა და არ სრულდება. ჩემი ოჯახი წლებია, გერმანიაში ცხოვრობს, ერთ-ერთ ორკესტრში უკრავენ, თან კლასიკური მუსიკის მასწავლებლები არიან. ექვსი თვეა, “ეფესბე” ჩემს ზარებს უსმენს. რა უნდა ველაპარაკო ჩემს 71 წლის მამას, რომელსაც თავის სიცოცხლეში ვიოლინოზე დაკვრის მეტი, არაფერი უკეთებია? მშვიდობა მინდა ჩემს ქვეყანაში. მსურს, მსოფლიოს არ ვძულდეთ, ოკუპანტად, აგრესორად, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადედ არ აღგვიქვამდნენ, მაგრამ - არა, ჩვენი ხელისუფლება არ ჩერდება, ახალ-ახალ საშინელებებს სჩადის... მე და ჩემმა ოჯახმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დევნა და შევიწროება. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები ნავალნის აქციებზე სიარულის გამო ბევრჯერ დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოუშვეს.

- თავად რატომ არ დატოვეთ ქვეყანა?

- იმიტომ, რომ შშმ პირი ვარ. სამსახურებრივი ტრავმა მაქვს და ჩემი გადაადგილება ადვილი არ არის. ასე რომ არ იყოს, თებერვლის ბოლოსვე წავიდოდი აქედან. გაქცევა საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ რუსი საზოგადოება ჯერ მზად არაა პოლიტიკური ცვლილებებისთვის და პუტინის რეჟიმთან ბრძოლას მცირე ნაწილი ეწირება, მასები კი ისევ კრემლის პროპაგანდით იკვებებიან: ზიუგანოვი, პატრუშევი, მიშუსტინი, შოიგუ გმირები ჰგონიათ, პუტინი კი - წმინდანი. ისტორია იტყვის სიმართლესო, - ამბობენ ხოლმე და პირჯვარს იწერენ. არსებობენ კიდევ უფრო რადიკალური ადამიანები, რომლებიც ამბობენ, - მხოლოდ ჩვენ გვყავს დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და ფულის გარეშე მოსული პრეზიდენტი, რომელიც ყველას ერთნაირად ეხმარება, მაგრამ მასონები მართავენ მსოფლიოს, მათ ჩვენი დაშლა უნდათ, ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ნავთობი, სიწმინდეები რომ მიისაკუთრონ, ერთ რელიგიაზე მოაქციონ ან თუნდაც, რწმენა წაართვან ადამიანებს; რუსეთი კი ცდილობს, ეს არ დაუშვასო...

ახლა, ვისაც არმიაში სამსახურის ეშინია, ქვეყნიდან წავა, მათ ოჯახებზე კი ნადირობა დაიწყება. ისედაც ყველასთან მიდის “ეფესბე”, კარდაკარ, მონაცემებს იწერენ და ეკითხებიან, ვის უჭერენ მხარს? სიცოცხლე კი ყველას უნდა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება ყოველ წუთს იცვლება, დაძაბულობა მატულობს, თუმცა ეს საპროტესტოს მუხტს ვერ ანელებს, პირიქით... დაღესტანი, რომელიც ოპოზიციური მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, უკრაინის ომში დაღუპულთა შორის ლიდერობდა, პუტინის განცხადების შემდეგ, პროტესტის კერა გახდა. რუსულმა სამთავრობო მედიამ მათ უკვე “არასტაბილური რეგიონი” უწოდა.

ჩრდილოკავკასიელი ბლოგერი, “ანზორ კავკაზეცი” სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ დაღესტანში პროტესტის დაწყების შემდეგ, 200-მდე ქალი და ამდენივე მამაკაცია დაპატიმრებული. ძალოვანები რამდენიმე დღეა ეძებენ და აკავებენ პროტესტის ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს, ასევე, ბლოგერებს, რომლებიც ანტისახელისუფლებო მოსაზრებებს ავრცელებენ.

ერთ-ერთი დაღესტნელი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბრისას ჰყვება, რომ “ასობით დაკავებულის ადგილსამყოფელი უცნობია... არავინ იცის, რით დასრულდება დაღესტანში დაწყებული პროტესტი, მაგრამ ახლა ჩრდილოეთ კავკასიის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს - რეგიონის აფეთქება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის ომს გადარჩენილ კაცებს, 17 წლის ზევით ბიჭებს, ისევ ომში უკრავენ თავს, ეს კი ერის განადგურებას ნიშნავს”.

ლალი პაპასკირი